იენს ბიორნებუსეული ნორვეგიული თავისუფლება

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი “ანოტაცია”. პირველი დავალება.

1276953_736440436372226_1634860132_o

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი “ანოტაცია”. პირველი დავალება.

ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი საიდან და როგორ დამეწყო იენს ბიორნებუსეულ თავისუფლების მომენტზე წერა. იქნებ მისი ზღვრული გამოცდილებებიდან. მაგალითად , საპნის ბუშტების ადრეული ბავშვური ხსოვნა რომანის მეორე ნაწილში:  “პატარა ბავშვი ვიყავი და ქვეყნიერების ყველა ფერსა და მთელ სინათლეს ვსწავლობდი… “ ან იქნებ აქედან:   “მივხვდი, რომ მზის დაბნელების ჟამი დადგა. ჩიტები აღარ ჭიკჭიკებდნენ, ბალახს ნაცრისფერი დასდებოდა ყველგან, სადაც გასისხლული არ იყო , მდინარეები სავსე იყო ექსკრემენტებით, გახრწნილი შიგნეულობით და მოგლეჯილი კიდურებით, სწორედ ისევე, როგორც ეს საზოგადოებრივი ბანაკების საკანალიზაციო არხებში ხდებოდა ამ … მოცარტის სამშობლოში “ .

მაგრამ არა…ვფიქრობ არ შევაშინო მკითხველი, რომელიც ელის რაღაც არგამოვლის და არაექვივალენტურს ამ ყველაფრისა. იქნებ, საერთოდაც არ ღირს წერო იმ ეჭვებსა და სიზმრისეულ ბოდვებზე, რომელსაც ბიორნებუ თავს გახვევს დაუნდობელი გულწრფელობით. ეს ხომ მისი თავისუფლების მომენტია. ზოგჯერ სიტყვების ფურცელზე გადმოსვლა თვითგანადგურების ტოლფასია. მაგრამ ეს ის მსხვერპლია, რომელსაც თავისუფლებამდე მისასვლელი გზა მოითხოვს . იქნებ ბიორნბოსთვისაც წერა იყო თავისუფლების ის გაელვება, წამი, რომელიც უნდა მოეხელთა და რომელსაც უნდა ჩასჭიდებოდა.

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ძალიან რთულია გადმოვსცე ქვეყნიერების ჩემეულ-შინაგანი სურათი, ეს ერთგვარი აპოკალიფსი, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ ვიცი საიდან დავიწყო. ქვეყანა ხომ ხან საპნის ბუშტებით იწყება, ხან მზის სხივებით, ხან ვარსკვლავებით და ხანაც ექსკრემენტებით. ასე უფრო ადვილი სათქმელია   “დაწყება დასაწყისიდან  “. მაგრამ ეს ბრჭყალებში ჩასმაც როგორ უცნაურად მოქმედებს ადამიანზე. თითქოს რაღაც გამოუთქმელად ორაზროვანს ყალბფსკერიანსა და კუზიანს აწებებ სიტყვას. მე არ ვენდობი ასეთ სიტყვებს.

მაგრამ მაინც….იქნებ დაიწყო იქ, როცა გავიგე რომ არსებობს ერთი ასეთი ნორვეგიელი მწერალი იენს ბიორნებუ და არსებობს ერთი ასეთი წიგნი თავისუფლების მომენტი. ან იქნებ ისაა დასაწყისი, როცა ხელში პირველად ავიღე ეს წიგნი. ან იქნებ სულაც ისაა დასაწყისი, როცა ამ წიგნის ბოლო სიტყვები წავიკითხე :  “ბედნიერია, ვისაც თავისი ოთახი აქვს  “.

იქნებ მე არ ვარ ბიონრბოსავით სიტყვის დიდოსტატი, რომ მასავით გადავლახო წინააღმდეგობები, რომელიც აბრკოლებს ჩაწერის პროცესს.  ან გამოვიყენო ის მრავალი ხრიკი და და ფანდი, რომელსაც ის იყენებს წერის პროცესში და რომლითაც ქმნის კიდეც წიგნის მამოძრავებელ ენერგიას. ან იქნებ ძალიან რთულია, ისეთი სიღრმისეული კონსტრუქცია მივანიჭო ჩემს განცდებს, როგორც ამას ბიორნბო აკეთებს თავის უსახელო პერსონაჟთან მიმართებაში.

ამ უსახელო გმირისთვის, მთავარი არის, იმ სოციოპოლიტიკურ გარემოში, სადაც უწევს ცხოვრება, შეინარჩუნოს ბოროტების ატანის უნარი, რომელიც შემდგომ ზებუნებრივ ძალმოსილებად იქცევა იმ ძველმოდურ, პატარა, პირქუშ, ცუდად განათებულ სასამართლო დარბაზში, სადაც ის მუშაობს და სადაც ყველაფერი მარადიულ და წმინდა უსამართლობას ექვემდებარება.

ალბათ ყოველ თქვენგანს მოგიკრავთ თვალი ტორეროსა და ხარის ბრძოლისთვის. ჭეშმარიტების მომენტი დგება მაშინ, როცა თავშექცევა და თამაში მთავრდება,როცა ქვიშა რკინად იქცევა და ცა არენის ზემოთ სპილენძად,როცა კაცი ნიღაბს იხსნის და და ხარი უნდა მოკვდეს. ტრორერო და მოსამართლე, არენა და სასამართლო დარბაზი. ეს არის სწორედ ის განმანთავისუფლებელი შეჭმარიტება , რომელიც იშვება უსამართლობისგან.

ის ქვეყანა , სადაც ჩვენი უსახელო პერსონაჟი ცხოვრობს, არ არის დოსტოევსკისეული იერუსალიმი, რამეთუ ის უკვე დავიწყებულ არს. ეს არის ქვეყანა, სადაც ვერც ერთი კეთილგონიერი კაცი ვერ იცხოვრებს, თუ არ ექნება უნარი , სიცილით შეხვდეს ხეიბრობას, სნეულებასა და ტანჯვას. იცინოს იმ ცხოველებზე და ბავშვებზე , რომლებსაც ცუდად ექცევიან. მე ვიცი რასაც ვლაპარაკობ. გინდ წესრიგი გიძებნია ასეთ ქვეყანაში, გინდა თივაში -ნემსი.

ხოლო ის რაც დარჩა სიცრუისგან გაფცქვნილი სამყაროსგან , ეს იყო ნანგრევების სამყარო. მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ქვეყნიერების შესახებ ამ ჭეშმარიტების სახებამ თავისუფლების ისეთი განცდა შეიძლება მოგანიჭოს, როგორიც შეიძლება არასდროს გქონია. მთავარია ამოირჩიო შენთვის ყოველი წამი, გარშემოუწერელი სიმარტოვის წამი მიწასა და ვარსკვლავებს შორის და ხელი ჩაავლო. რადგან ეს იქნება ამოცნობის მომენტი, როცა ციდან თუ მიწიდან, ვერავინ ვერაფერში დაგეხმარება.

ეს არის ბიორნებუსეული ჭეშმარიტება, რომელიც მხოლოდ მან იცოდა და რომელიც მისი სახელდავიწყებული გმირის წყალობით ჩემეული ჭეშმარიტებაც გახდა. წამიკითხავს სელინის “მოგზაურობა ღამის დასალიერში“, ფილიპ კლოდელის “ბროდეკის ჩანაწერები“, მაგრამ ჭეშმარიტების და თავისუფლების არსის ასეთი მტკივნეული ძიება ნანგრევების სამყაროში, ისე როგორც ბიორნბო შეეცადა, ჩემთვის სრულიად ახალი საფეხური იყო.

როცა წიგნი დავხურე, მივხვდი, რომ ეს იყო საკუთარ თავთან შეუსაბამოდ გახდომის მომენტი. და თუ იენსს დავიმოწმებთ, გაუცხოების სწორედ ამ საფეხურით იწყება თავისუფლება. ალბათ , სწორედ ეს არის ბავშვობისეულ საპნის ბუშტებთან, ფერებთან და სინათლესთან დაბრუნების ერთ-ერთი გზა.

თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ თავზარდამცემი ემოციებისთვის მოემზადოთ.

10 responses to “იენს ბიორნებუსეული ნორვეგიული თავისუფლება

  1. ის დღე გამახსენდა ეს წიგნები რომ მოგეცი, ან დამიბრუნე, ვერ ვიხსენებ და მერე ბულგარული წიწაკა რომ იყიდე. ბიბლიოთეკაში რამდენიც ბიორნებუს დავინახავ იმდენი ის წითელ–მწვანე ბულგარულები მახსენდება :დ

  2. ახლა დავხურე მესამე ტომის ბოლო ფურცელი… რამე, რომ არ დავწერო, ალბათ, ვერ გადავიტან.

    • უნდა დაწერო.
      მეც ასე ვიყავი, ბოლოს არაფერი არ გამოვიდა, მაგრამ უნდა დაწერო რამე.

  3. თავისუფლების მომენტი მოვრჩი გუშინ. პ.ს. რა მაგის პასუხია და ფრეირეს “ჩაგრულთა პედაგოგიკა” წაიკითხე? 🙂

    • კარგია, კარგი წიგნისთვის რომ მოიცალე 🙂
      არა, ჯერ არ წამიკითხავს, ძალიან დიდხანს შემომრჩა სხვა წიგნების ფონზე ქარენთლი რიდინგებში :დ

      • :დდ ბიორნებუს ძალიან კარგად გავუგე. პ.ს. საინტერესო ცხოვრება ქონდა პაულო ფრეირეს

Leave a reply to Augusto Perez Cancel reply