კედელი

DiewandGroot

იყო ასეთი გერმანული ფილმი „Die wand” – კედელი. იმ ბარიერზეა საუბარი, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდება ქალის საკუთარ სამყაროსა და გარე სამყაროს შორის , პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. ეს ის კედელია, რომელთანაც რაღაც მთავრდება და ამავდროულად, რაღაც იწყება. და როცა კედელთან დგახარ, ან განწირულიხარ, ან მეომარი. ერთი შეხედვით, თითქოს ასეა.

და როცა ქალი ერთხელაც წავა მთაში და უკან დაბრუნებას განიზრახავს , აღმოაჩენს, რომ მის წინ უხილავი კედელი აღიმართა და დრო გაიყინა. თავად კი ამ სივრცით და დროით კაფსულაში გამომწყვდეულმა უნდა განაგრძოს ცხოვრება. აღარ იარსებებს მისთვის ნივთები, რომლებზეც ადრე იყო მიჯაჭვული; არც ის მანქანა, რომელიც კედელს იქით დარჩა; არც ის კაბები, რომლებიც მანქანაში იყო. ყველაფერი იმდენად სუბიექტური ხდება, რომ კითხვაც ისმის – არსებობდნენ კი ისინი საერთოდ? ოდესმე? და ეს კედელიც უკვე აღარაა წინააღმდეგობა, – ის ან ცდომილებაა, ან ილუზია, ან სინამდვილის რეალურ წინააღმდეგობათა ანარეკლი.

ქალი, რომელიც დარჩა მარტო უცხო სივრცეში,  ვერ ზემოქმედებს ვერც გარემოზე და ვერც იქ მყოფ ადამიანებზე. ისინი  გაიყინენ და ქალიც ვერ ახერხებს შეიცნოს სამყარო. ეს სუბიექტივიზმის მსხვერპლობას ჰგავს , უხილავ კედელთან შეჯახება კი – ამისთვის სანიმუშო დასჯას. თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება – მოდის ძაღლი, კატა, ძროხა და ქალიც ნელ-ნელა იწყებს საკუთარი გარსიდან გამოსვლას. და იმისთვის, რომ თავის-უფალი იყო და ასევე თავისუფალი საკუთარი თავისგან, სულაც არ არის აუცილებელი გარეშე კედლების გადალახვა. აუცილებელი არ არის გარემომ შეგიქმნას ხელოვნური ბარიერები იმისთის, რომ საკუთარი თავისგან განიძარცვო და სამყარო შეიცნო (?)

არ ვიცი რეჟისორმა რა ჩაიფიქრა, რა იდეას ატარებს ეს ფილმი, მაგრამ საინტერესო კი არის. სასაცილო ის იყო, რომ ეს ფილმი იმ ფილმების კატეგორიაში აღმოვაჩინე, რომლებიც ძირითადად თვითგადარჩენას და სასტიკ ფიზიკურ პირობებში მარტო ცხოვრებას ეხებოდა. შეიძლება ასეც იყოს. ეს ფილმიც სწორედაც რომ სახლში მარტო დარჩენამ გამახსენა. თბილისში მარტო ცხოვრებას მიჩვეული ვიყავი. ბინის კარს ჩავკეტავდი და იქ გარე სამყარო გარეთ რჩებოდა. მაგრამ აქ , სოფელში, ამხელა ეზოში, ამხელა სახლში მარტო მგონი პირველად დავრჩი. უცნაური შეგრძნება იყო ჩემზე დამოკიდებული ამხელა სივრცე, სადაც ვერაფერს ვერ ჩაკეტავ და ვერაფერს ვერ დატოვებ გარეთ – გარემო იჭრება შენს პერსონალურ სივრცეში.

თითქოს ყველაფერი სანიმუშოდ შევასრულე – კატებს ვაჭამე, ოთახები მივალაგე, სამი ვედრო თხილი მოვაგროვე, ეზოში ფურცელები მოვხვეტე, კარტოფილი შევიწვი, ქათმებს სიმინდი დავუყარე, სურათები გადავიღე (რატომღაც), სამ ფილმს ვუყურე, მეზობელს გავუმასპინძლდი ყავით (მხოლოდ მაშინ ვაკეთებ ასე, როცა მეც მინდა ხოლმე ყავა), ღამის ორ საათამდე ფეისბუქში ვიჭორავე, დავწექი, დავიძინე, დილით ისევ დავუყარე სიმინდი ქათმებს, კატებს ვერაფერი ვაჭამე (პური არ მქონდა), ერთი ვედრო თხილი მოვაგროვე, ყავა და ჰემატოგენი მივირთვი (ჰემატოგენი სიგარეტის „პონტია“ ვითომ), ორი ჭიქა წყალი დავლიე, ყვავილებს წყალი დავუსხი (იმასაც კი, რომელიც ალერგიას მაძლევს მთელ სხეულზე, უნდა გავარკვიო რა მცენარეა), მუხლიდან ტკიპა მოვიშორე, ლეპტოპი ჩავრთე და ინტერნეტიც გაითიშა.

შიგნით კოღოებმა შემაწუხეს და ბაღში ჩამოვჯექი. მე რომ მიყვარს ისეთი ამინდია – მსუბუქი ქარი, ოდნავ მოღრუბლული; ყრუ, დაგუბებული ჰაერი, – ვთვლემ და ბავშვობის დროინდელი მოგონებები იშლება, სახლი მაშინ სხვანაირი იყო, თუმცა არც ახლა მეჩვენება ურიგოდ, – ვფიქრობ იმაზე, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე. იმაზეც, რომ ეს სახლი ოდესღაც ბაბუაჩემმა ააშენა. ერთ დღეში ეს ყვითელი ყვავილი გაიზარდა  – წასვლამდე დედაჩემმა შენიშნა, რომ ყვითელი პირი აქვს , ახლა რომ მოვა, უფრო მაღალი, ტანადი და ყვითელი დახვდება. კაკლის ძირში ქათმის ბუმბული ფარფატებს, მიხარია, რომ ჯერ არ შიათ და ჩემს წინ არ დაბორიალობენ. კატა ზის და უსასრულოდ გაჰყურებს სივრცეს – ამ დროს მისი ყვითელი თვალები უფერულდება; მგონია რომ ჰაერით ევსება. ამ ყველაფერს რომ ვაკვირდები, ვფიქრობ რომ აქაურობაა ჩემი კაფსულა. მხოლოდ აქ თუ შემიძლია ვიპოვო და განვთავისუფლდე საკუთარი თავისგან.

8 responses to “კედელი

  1. სხვა გრძნობებსა და ფიქრებთან ერთად, მონატრება მოვიდა ჩემთან ამ პოსტის მერე :დ

    ძალიან მომნატრებიხარ :// :**

  2. რა კარგი ადგილია.
    და პოსტი, განწყობა, ემოცია,
    კარგი მაგა.

  3. მგონი, ადრეც დაგიწერე, შენი პოსტების წასაკითხად მაშინ შემოვდივარ, როცა განსხვავებულ განწყობაზე ვარ ხოლმე (ზუსტად როგორზე, ვერ აგიხსნი).
    დღესაც ასეთი დღეა (თუ ღამეა).

    ჰოდა, აქ კომენტარის დატოვებაც მომინდა, რადგან მარტო დარჩენა ძალიან მიყვარს ხოლმე. აი, ისე, როგორც შენ აღწერე, მაგრამ ჩემთან თითქმის არასდროს ვრჩები მარტო და ამიტომაც ვიძინებ ხოლმე ყველაზე გვიან ოჯახში. ყველანი რომ შეიკეტებიან თავიანთ ოთახებში და იძინებენ, მეც მარტო ვრჩები იმ სახლში, სადაც გავიზარდე და 24 წელი გავატარე. ღამით საერთოდ სხვანაირია ხოლმე ჩემი სახლი და მეც სხვანაირი ვხდები.

    შეიძლება ცოტათი ავცდი შენი პოსტის თემას, მაგრამ ამის თქმა მომინდა და გითხარი

    • მე კი რატომღაც მგონია, რომ ძალიან კარგად მესმის ხოლმე შენი ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ტიპაჟები ვართ…
      და ასე გვიან ვორდპრესიდან ბევრი შეტყობინება თუ მომდის, ყოველთვის ვგრძნობ, რომ შენ ხარ ❤
      მიყვარხარ თამთა ეგეთი მელანქოლიურიც და მხიარულიც. რადგან ეს ყველაფერი ძალიან გულწრფელია.

Leave a comment