Notre-Dame de Paris

56994142_636640200093662_6514608065315078144_o

ყოველივე ქარია და ჩვენება!
ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია…
მარადია ერთადერთი: შვენება.

(გალაკტიონი)

ბავშვობაში ხშირად ვიტყოდი ხოლმე, ცა ნაცრისფერია, ახლა ალბათ იწვიმებს-მეთქი. ამოვიჩრიდი ჩემს კატას და სახლში შევიძურწებოდი, – ახოხოლავებულ ნივთებს შორის მივეყრდნობოდი კატის მფეთქავ მუცელს. ყურებზე მელამუნებოდა მისი მოკლე ბეწვი და მის რიტმში ვიწყებდი სუნთქვას ასაფეთქებლად შემზადებული ცის მომლოდინე. და იწყებდა რხევას კედლები, კარადის კიდეებს გამოკიდებული წიგნები, სახურავიდან კი წვიმა ლამობდა ჩამოქცევას. ვხედავდი კიდეც, როგორ ირღვეოდა ჭერზე სითეთრე მონაცრისფრო ლაქებით , კატა კი ისევ ისე თვლემდა  ჩემი პატარა მკლავების სითბოში.

ნაცრისფერი ციდან წყალი იღვრება მუდამ. ნაცრისფერ ცაზე რა უნდა ნაცარს. არასდროს მიფიქრია, რომ თუ მიწიდან ცამდე ცეცხლი გაიკვალავდა გზას, ცასაც ისევე შერჩებოდა ნაცარი, როგორც მიწას; არ მეგონა, რომ ერთხელაც ციდან ფერფლი დაეშვებოდა. მაშინ კატის სიმყუდროვეს თანაზიარი , ვერ დავუშვებდი , რომ შეიძლება , ერთხელაც, მიწამ ცაში ფერფლად აიტანოს ბავშვობის მოგონებები.

სიტყვა არის ჩემი სახლი და სიტყვები ქალაქია…

ერთ-ერთი წლის მარტის თვეს, როცა უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და სხეულით შემოსაზღვრული სიცარიელით და უმოწყალო მოგონებებით პარიზში წავედი , ვიფიქრე, რომ ერთხელაც სადღაც არ დავიგვიანე. იმ დილით , პატარა ზურგჩანთით , ზურმუხტისფერი, მელიებიანი კაბით და ღია ფერის თმებით, ვიდექი პარიზის ერთ-ერთ პატარა ხიდზე, საიდანაც მოჩანდა ათასჯერ თვალარიდებული ეიფელის კოშკი და ვბუტბუტებდი, _”ჯანდაბა, ლამაზი ყოფილა”. ისე ჩავიძირე ქალაქის ვრცელ აურზაურში, რომელიც იყო პასუხი ყველა კითხვაზე. ვცხოვრობდი უამრავსართულიანი შენობის სხვენზე, ფეხებს ხან ჭერს , ხან ფანჯრებს ვაყრდნობდი, საიდანაც ყველაფერი თბილისს მაგონებდა, მეორე მხარეს კი ეიფელი იყო, რომელიც სულ ასაფეთქებლად გამზადებულ სატყუარას ჰგავდა. მაგრამ ჯანდაბა, _ლამაზი იყო.

პარიზის კედლებში ჩამწყვდეული პარიზი დრტვინავს.

(“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”;  ჰიუგო )

შემდეგ კი ყველაფერი ჰგავდა ერთ გრძელ სიზმარს, სადაც ისტორიებით და ამბებით სავსე ბავშვობის მოგონებები, ხატებად აღმართული, განივთებული ისტორიის წინაშე დაბრმავდნენ და ძველი იდუმალება დაკარგეს. ეიფელის კოშკი, მყუდრო კაფეები, ფრანგული ხმიანობა, კორტასარი, ლუვრი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი , სენა და მუზეუმად ქცეული ქალაქის არტერეა, – კატის თბილ მუცელს მიყრდნობილი ბავშვის წიგნებისეული ისტორიები აზვირთდნენ და ყველაფერი გახდა იმდენად ცხადი, რომ ვფიქრობდი, -” მე ეს ყველაფერი მინახავს, მე სულ აქ ვიყავი; რეალური ცხოვრება იყო აქ და არა სხვა ნაცრისფერი ცის ქვეშ გათენებულ დღეებში, როცა ზაფხული იყო მზიანი, თბილი, ჩახუთული და მთრთოლვარე , ჰაერში მორიალე ბუზებით; როცა მთელ ეზოში , კიბეების მოაჯირებზე გადაკიდებული ლეიბების და საბნების სუნი იდგა ; როცა კაკლის ხეები იყო სიგიჟემდე მწვანე, ღამით კი ციცინათელები გვინათებდნენ დაფნებს შორის გზას .

ისევ ნგრევა, ისევ ისე შენება
მოსაწყენი, მგლოვიარე ზარია,
ყველაფერი ქარია და ჩვენება.

როცა ჩემი ბავშვობის წიგნი იწვის, და მასთან ერთად ის ერთადერთი მოგონება, რომელსაც შეუძლია ცხოვრებას სურვილი დამიბრუნოს,  ვხვდები, რომ ერთადერთი საყვარელი მომენტი არა დასასრული, არამედ თავად სურვილები იყო.

–ჟეან! ჟეან!–შენ გელის მწუხარე დასასრული.

–სამაგიეროდ დასაწყისი იყო კარგი.

(“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”;  ჰიუგო )

ადამიანებს შეუძლიათ მშვიდად უყურონ, თუ როგორ ინგრევა სამყარო. ეს მათთვის ნორმალურია. მაგრამ როგორია “ზეცის ნგრევა, მიწის გადაფერდება”, თუ არა გააზრება იმისა, რომ ერთ დღესაც შეიძლება ჩვენი ბავშვობის წიგნები დაიწვას;

რომ ერთხელაც წარსული ბალღამად მოედოს აწმყოს;

რომ ერთხელაც ნაცრისფერი ციდან წვიმის ნაცვლად, ფერფლი დაეშვას;

რომ ერთხელაც დაგცინებენ ქვებში გამომწყვდეული ურჩხულები და წმინდანები;

რომ ერთხელაც წაიშლება საზღვარი სიზმარსა და რეალურს შორის;

რომ ერთხელაც აღმოვაჩენთ, რომ “ცეცხლი უფრო ცის არი” .

57936079_10215333086945802_1496989268810137600_n

Advertisements

4 responses to “Notre-Dame de Paris

    • მადლობა თინ…
      მინდოდა ერთგვარი პასუხი ყოფილიყო შეფასებაზე “ფოტო-არქივი ხომ დარჩა, რა წიოკი ატეხეთ” :))
      და თურმე, რამდენი სიტყვა უნდა აწონ-დაიწინოს ადამიანმა, რომ ადამიანის სულის სიმები უხეშად არ შეარხიოს …მეც ვისწავლი ჭკუას .

  1. მაგა, დღეს როცა დავწერე ნოტრ- დამზე მერე ვნახე შენი პოსტი და ერთნაირი განცდებით გვიცხოვრია ეს დღეები♥️

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s