რაც

Monk by the Sea (1808-10) by Caspar David Friedrich.

ისე აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ათი ლარი შემომრჩა საფულეში. ხელფასამდე ჯერ კიდევ შორია. ვისთვისაც შეიძლებოდა უხერხულობის განცდის გარეშე მეთხოვა, ადრევე ვითხოვე. არ აღმოჩნდა საკმარისი. საწვავი გაძვირდა, საკვებიც. გასართობად და სამოგზაუროდ ისედაც არ დავდივარ, რემონტსაც შევეშვი დროებით , საჩუქრებითაც არავის ვანებივრებ, მაგრამ მაინც ასე მოხდა, _ ხელფასამდე 11 დღით ადრე ათი ლარი მაქვს საფულეში. ვერ ვიტყვი, რომ უცხო გამოცდილებაა. შესაბამისად, პანიკაში არც ახლა არ ვარ.

პირველ რიგში მაცივარი და კარადები შევათვალიერე, _ ოსპი, ბრინჯი, მაკარონი, სიმინდის ფქვილი, ყველი, ნაღები, ხახვი, სალათის ფოთლები, კვერცხი, ცოტაოდენი კარტოფილი, მურაბა, სტაფილოს ერთი კონსერვი და რაც მთავარია, ყავა. პური ძალიან მიყვარს (სამწუხაროდ) და ჩემი ათი ლარი , ცხადია, ამისთვის გავითვალისწინე , პირველ რიგში. კატის საკვებიც მაქვს, თუ არ მეყო, ყველს და კვერცხს მივცემ. გავიფიქრე, რა სამწუხაროა, რომ საქართველოში ძალიან ცოტას თუ აქვს დანაზოგი. თუ ძალიან მომინდება ნაყინი , ან რამე განსაკუთრებული, შემიძლია ველოსიპედი გავყიდო ))

ძირითადად, სახლში ვარ, _ დილით აივანზე ვჯდები და ყავას ვსვამ. შუადღით სადილს ვამზადებ, საღამოს ვკითხულობ/ ვმუშაობ , სერიალებს ვუყურებ და შემდეგ ისევ აივანზე ვუყურებ ღამის შეხვედრას დღესთან. მეგობრებს არ ვხვდები, სიმართლე გითხრათ, არც მაქვს სურვილი. ალბათ იმიტომ, რომ არ მინდა აღვნიშნო, ლუდის საყიდი ფული რომ არ მაქვს . ამასთან ერთად, ის უხერხული შეგრძნება მეუფლება, რომელიც მათთვის ზემოდან ყურებას მაიძულებს უქონლობის გამო. უცნაურია, მაგრამ ბევრს გამოუცდია ალბათ. მართალია , ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ არ შეიცვალა , მაგრამ ბევრი რამ ისევ ისე არ დარჩენილა:_ შევიძინე მანქანა , ბინა…; ვსწავლობ დოქტორანტურაზე იქ და იმ მიმართულებაზე, რაც მინდოდა; ვცხოვრობ მარტო; გამოვიმუშავებ საქართველოსთვის ნორმალურ ანაზღაურებას;

ადრე, როცა აივანზე ვისხედით და ღამის ხედით ვტკბებოდით, მეგობარმა აღნიშნა, რომ წესით ძალიან ბედნიერი უნდა ვიყო. იმ უკრაინელ გოგოსთან შედარებით ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომელიც დღეში შეიძლება რამდენჯერმე გარბის სირენის ხმაზე თავშესაფარში. რატომ ვწერ ამას? უბრალოდ, მინდა ყველაფერი მახსოვდეს. მახსოვრობა კი, ბოლო დროს ხშირად მღალატობს.

One response to “რაც

Leave a comment