მედუზას დაღუპვა

დაუკითხავად ვიკავებ ადგილს ავტომობილის წინა სავარძელზე და გაგულისებული ვიცინი_ორი საათია ველოდები მცხუნვარე მზის ქვეშ პატარა მტვრიან ქალაქში. ახლა დამსახურებულად დაისჯები. გარუჯულ მკლავებს გაგკრავ ხოლმე შემთხვევით, სიცხისგან ავარვარებულ ბარძაყებთან ოფლს მოვიწმენდ და ტუჩებთან მიგიტან; შემდეგ წიგნს ამოვიღებ ჩანთიდან და აღარც გამახსენდები, სანამ ზღვიური სილაჟვარდე არ შემეგებება.

გილბერტ ადერის მეოცნებეებზე ვფიქრობ და ლუვრის დერეფნებში მივქრივარ – ცხრა წუთი და ოცდაათი წამი; ჩადენილი გმირობით გამოწვეული ეიფორია.

დაბნეულია და დაძაბული აკვირდება გზებს. გასავლელს. ახლა უკვე ჩავლილს. შეუძლებელია ყველაფერს გვერდიდან უყუროს. ყველაფრის შეცვლა უნდა. სასიცოცხლოდ სჭირდება მისადმი მტრულად განწყობილი ქმედებები. ბრძოლებში რომც დამარცხდეს, ხელახლა იბადება. La Liberté guidant le peuple!

და ნაკაწრებიან ფირფიტაზე მბრუნავი Charles Trenet, Que Reste-T-il De Nos Amours.

„უბედურების ერთ-ერთი სახე არის შეუძლებლობა, მიიღო ზუსტად ის, რაც ბედნიერებისთვისაა აუცილებელი“ .

ვკითხულობ და მუხლებზე ვასვენებ წიგნს. არაა ლამაზი და საინტერესო. მაგრამ ბერტოლუჩი გენიოსი აღმოჩნდა _ სახელიც კი შეუცვალა ამ წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმს: „წმინდა უცოდველები“ „მეოცნებეებად“ იქცა და მას შემდეგ: დავდივართ პარიზში, ვუსმენთ ფრანგულ მუსიკას, ვკითხულობთ სამოციანი წლების მოვლენებზე, დავრბივართ ლუვრში, ვეწევით პოლიგამიურ და უცნაურ ურთიერთობებს, ვეთაყვანებით ხელოვნებას, ვებრძვით სისტემას.

„საკუთარ სამყაროს ქმნი ყველგან, სადაც არ უნდა იყო“, _მეუბნება. ეჭვიანობს. მე კი მეშინია, რომ ერთხელაც მეოცნებეების მსგავსად, რიგითი, კანონმორჩილი ადამიანების სამყარო , რომელსაც თავს ვარიდებ, ჩემი სამყაროს ზღურბლთან არ შეჩერდება, შიგნით შემოიჭრება და ყველა კუთხე-კუნჭულს მოიცავს.

„თვალები გაახილეს. ასტრონავტებივით, რომლებიც უწონადობის გადალახვას ცდილობენ, ბარბაცით წამოდგნენ.“

ვჩერდებით. გავრბივარ ზღვისკენ, არ ველოდები. გზადაგზა ვიხდი ტანსაცმელს და ტალღებში ვუჩინარდები.

Leave a comment