ჩერნობილის ლოცვა

“ხელოვნების ცოდვილობის, მისი ბუნების ზნედაცემულობის განცდაა, სხვის ცხოვრებაში ჩახედვის ვნება, მაგრამ მან , როგორც უვარგისმა დვრიტამ, შეიძლება სხვისი გამოცდილებისგან დაგვიცვას. ჩერნობილი – ეს დოსტოევსკის თემაა. მცდელობა, გაამართლო ადამიანი . და იქნებ ყველაფერი ძალიან მარტივადაა: ფეხისწვერებზე დამდგარი გახვიდე სამყაროში და ზღურბლთან შეჩერდე?

გაოცდე ამ ღვთაებრივი სამყაროთი…და ასე იცხოვრო…” / ალექსანდრ რევალსკი, ისტორიკოსი/ “ჩერნობილის ლოცვა”, სვეტლანა ალექსიევიჩი

მიტოვებული და უკაცრიელი ადგილებისადმი ბავშვობიდან ლტოლვას განვიცდიდი. როგორ ფორმირდება სივრცე, როცა ადამიანი გადის იქიდან? როგორ იცვლება საყარო, როცა ადამიანი მიდის , მაგრამ ტოვებს კატასტროფის გამოუსწორებლად მძიმე შედეგებს? როგორ მკურნალობს ბუნება საკუთარ თავს , როცა მარტო და ხეულხლებელი რჩება? ამ ყველაფერზე ფიქრი და ნგრევის ყურების სურვილი იმდენად მძაფრია ხოლმე ადამიანებში, რომ ისევ მიისწრაფვიან და ცდილობენ შეაღწიონ იგივე სივრცეში.

მეც მიყვარდა ჩერნობილი. მომწონდა მისი უკაცრიელობა , მაგრამ არაფერი ვიცოდი იქაურობაზე. ახლა როცა ბევრი რამ ვიცი, იქ წასვლის სურვილი აღარ მქვს, _ჩემს ვნებებზე ბევრად მძაფრია ის ტკივილი, რასაც განვიცდი ჩერნობილის ადამიანური ტრაგედიების გაგების შემდეგ. ვფიქრობ, არ მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც ახალი და ძლიერი შთაბეჭდილებებისთვის ბირთვული ტურიზმით ინტერესდება. არადა, როგორც სვეტლანა ალექსიევიჩი ამბობს, ცხოვრება მოსაწყენი ხდება. ამ დროს რაღაც მარადიული გვჭირდება…

2024 წელია. 38 წელი გავიდა ჩერნობილის კატასტროფიდან და ჩემ წინაშე მხოლოდ ახლა წარმოიმართა ჩერნობილის შემდეგი სამყაროს კატასტროფულობა. ვფიქრობ, რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ადამიანებმა ეს ყველაფერი დაივიწყონ? ძალიან მიყვარს ტყე, ბალახზე წამოწოლა, ყვავილებში ჩაფლული ხელები, ცაში ყურება, მაგრამ ახლა მგონია, რომ ამ ყველაფერს სხვანაირად შევხედავ, – ისე , როგორც რიგითი ჩერნობილელი 1986 წელს. მათი ტყე ისევ ისეთი ლამაზი იყო, მოცხარით სავსე , მზეზე სიხარულით ელავდა მწვანე ბალახი, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, – ყველაფერი ადგილზე იყო და ისევ ისე , როგორც ადრე, მაგრამ უხილავი მტერი გაჩნდა, რომელიც მათ წინ სხვა სახით აღიმართა. მათ სამყაროში სიყვარულიც შეიცვალა და სიკვდილიც. ყველგან სხვანაირი სიკვდილი იმალებოდა. ახალ ნიღაბში და ახლებურად შემოსილი.

ადამიანებმა ეს ადგილები სამუდამოდ დატოვეს. მათ ყველაზე ნაკლებად ესმოდათ , რა მოხდა. არასდროს დაეტოვებინათ თავისი ეზო, საკუთარი მიწა. იბადებოდნენ, უყვარდებოდათ, პურის არსობისას საკუთარი ოფლით მოიპოვებდნენ, გვარს აგრძელებდნენ, შვილიშვილებს მოესწრებოდნენ…მაგრამ მალე სხვანაირი ომის დრო დადგა.

ადამიანები ასეთ ომს არ იყვნენ შეჩვეულები, არც ასეთ მტერს. მტრის ხატი შეიცვალა და ადამიანები ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. მათ ყველაფერი სხვანაირად ასწავლეს. მათ არ იცოდნენ, როგორ გადაერჩინათ თავი ისეთ ბლანტ სამყაროში, სადაც ბოროტება არაფერს გიხსნის, საკუთარ თავს არ გასცემს და არანაირ კანონს არ სცნობს. ყოველ შემთხვევაში, მათთვის ნაცნობ კანონს. ისინი ხომ საბჭოთა ილუზორული სამყაროს შვილები იყვნენ, საბჭოთა იდეისა და აღზრდის სისტემის მსხვერპლნი.

“შეიძლება ხედავდე ხეს და არ იყო ბედნიერი? “- თავადი მიშკინი

იყო მხოლოდ რწმენა და არაფერი რწმენის გარდა.

იყო რწმენა იმისა, რომ ყველანი ლამაზად და სამართლიანად ცხოვრობდნენ. ამ რწმენის ჩამოშლა კი ბევრისთვის თვითმკვლელობით დასრულდა , ან ინფარქტით. მხოლოდ აკადემიკოსი ლეგასოვის სიცოცხლე არ დასრულებულა გულში ტყვიით…იყვნენ ბავშვებიც, რომლებიც არ იღიმოდნენ, რომლებიც თავს იკლავდნენ და რომლებიც თავად ჰგავდნენ სიკვდილს სიცოცხლეშივე.

“იმიტომ, რომ როცა რწმენას კარგავ, რწმენის გარეშე რჩები, შენ უკვე მონაწილე კი არა, თანამონაწილე ხდები და არანაირი გამართლება არა გაქვს”.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ომის შემდეგ დაიბადა, სრულიად აუხსნელად ეცნობოდათ საომარი გამოცდილება. შეეძლოთ წარმოედგინათ , როგორ ტოვებდნენ სახლს, როგორ წავიდოდნენ ბავშვებთან ერთად, რომელ ნივთებს წაიღებდნენ, რას მიწერდნენ დედას. ამას თითქოს მეხსიერება კარნახობდა მათ, რადგან ისინი ყოველთვის შიშში ცხოვრობდნენ.

მათ იცოდნენ როგორი იყო შიშში ცხოვრება. ეს იყო მათი არსებობის სივრცე.

და მაინც…მათ არავინ ასწავლა ამ ომში გამარჯვება. გადარჩენა. ისინი მოატყეს, რომ სამ დღეში დაბრუნდებოდნენ საკუთარ სახლებში, სადაც დატოვეს ბაღები, ავეჯი, ახალი ქურქები, ველოსიპედები, კონსერვის ქილები, ახალგაშლილი ყვავილები. ომის გაგება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ამის არა. ეს ხომ ხანძარი იყო, უბრალოდ ხანძარი. არაფერი განსაკუთრებული…როგორც გორბაჩოვი ამბობდა. და მათ სჯეროდათ. არადა, ამხელა ტყუილი, რასთანაც ჩერნობილი ასოცირდება, მხოლოდ სტალინის დრო თუ იყო.

“ეს ცნობიერების კატასტროფაც იყო. ჩვენი წარმოდგენებისა და ღირებულებების სამყარო აფეთქდა.” / ავტორის ინტერვიუ საკუთარ თავთან ისტორიის აცდენებისა და იმის შესახებ, როგორ აყენებს ჩერნობილი ჩვენი სამყაროს სურათს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ვკითხულობ წიგნს, სადაც არის გოდება, აღტკინება, ყვირილი, ტკივილი, ბრაზი, ზიზღი, მაგრამ ამავდროულად, გესმის ისეთი გამაყრუებელი სიჩუმე, რომელიც თავზარს გცემს. რადგან ეს იყო ხმა იმ ადამიანების შიშისა, რომელთაც თვითგადარჩენის ინსტიქტი გამორთული ჰქონდათ, რადგან ჰქონდათ მხოლოდ მაღალი ვალდებულების გრძნობა. მათი აღტკინებაც შიშისგან იყო შობილი, – მზად იყვნენ თავი გაეწირათ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდნენ. ასეთი იყო საბჭოთა ხასიათი. და ასეთი იყო საბჭოთა ადამიანი. ისინი თავისუფლები იყვნენ, მაგრამ არც ესმოდათ, რომ ვიღაცას შეიძლება მათი თავისუფლება მონობად ჩაეთვალა.

“მე ჩემი დროის ადამიანი ვარ. მე – დამნაშავე არ ვარ”.

როგორია ლორკასეული “ყვირილის შავი ფესვი” ჩერნობილელისთვის? ლიკვიდატორის ცოლისთვის? დაბადებამდე განწირული ბავშვისთვის? მეცნიერისთვის, რომელმაც იცოდა რასთან ჰქონდათ საქმე და მის სიმართლეს ყველგან დევნიდნენ? როგორია ყვირილი უხმოდ?

როგორია ჩერნობილის სიყვარული, როგორც ცხოვრების ახლად ნაპოვნი საზრისი? ტანჯვის საზრისი. როგორც ომი. როგორია იყო ერთდროულად ჩერნობილის მსხვერპლი და ქურუმიც?

Leave a comment