Happiness only real when shared…Not on Facebook

9781877008467

1. არდაშეარებული ფილინგები

ეს სათაური სერიალ “Black mirror”-ის ნახვამ, “Into the Wild”-ს წაკითხვამ, “Facebook”-ის გაუქმებამ და წუხანდელმა სიზმარმა მიკარნახა. თამ–ს ვეუბნებოდი ადრე, რა სასაცილო იქნებოდა ალექს სუპერტრემპი, გალაქსი ან რამე მსგავსი რომ წაეღო თავისი ამერიკულ–ალასკური ხეტიალისას და იქიდან რომ დაეშეარებინა საკუთარი ბედნიერებათქო. სიამოვნებით შევქმნიდი ასეთ ალექსს, თუმცა, მსგავსი გამასხარავებისთვის და the dark side of life and technology–ის ჩვენებისთვის “Black mirror”-იც სრულიად საკმარისია. ვისაც უნახავს ეს შოკისმომგვრელი სერიალი, ადვილად დამეთანხმება.

თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ სოციალურ ქსელზე ჩემ პროფილს დეაქტივაციის ფუნქცია დავაგემოვნებინე. არც თუ ისე უსაფუძვლოდ. არ გეგონოთ, რომ მარკ ცუკერბერგის ძაგებას დავიწყებ და იქ დაკარგულ დროზე წუწუნს; ან მიზეზების ჩამოთვლას, რამ გადამადგმევინა ეს ლამის „თვითმკვლელობის“ ტოლფასი ქმედება. არავითარ შემთხვევაში. მე იქ შევიძინე ბევრი ისეთი მეგობარი, რომლებსაც „დეაქტივირებულიც“ ვუყვარვართ და სხვა თუ არაფერი, მხოლოდ ამის გასაცნობიერებლად ღირდა ეს „ლამის ორი თვე“. არც იმას გამოვრიცხავ, რომ როცა მეტი თავისუფალი დრო მექნება, დავბრუნდე კიდეც. პრობლემა ჩვენშია და არა მარკ ცუკერბერგში. ის ერთი ნიჭიერი ბიჭია, რომელმაც სწორად შეარჩია დრო და ადგილი თავისი გრანდიოზული იდეის ხორცშესხმისთვის.

ახლა ამ სოციალური ქსელის არსებობა ჩემი დის გახსნილი ფანჯრიდან თუ მახსენდება ხოლმე. მეც ყველაზე მონატრებულებს სულ ერთი წუთით თვალს შევავლებ და ელდანაკრავივით ვშორდები ხოლმე მის ლურჯ ფონს, იმდენად უცხოა უკვე იქაურობა ჩემთვის – იქაური „ფილინგები“; იქაური გამუდმებული თვითპრეზენტაციები; ე.წ. თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლები. ღამეც რომ იყოს, ამ დროს მინდა, რომ შეშლილივით გარეთ გავვარდე, მიწაზე დავწვე, ბალახი მოვკვნიტო, მიწა ავღო და დავსუნო, ხის ფესვებს ჩავეხუტო, ციდან ვარსკვლავები მოვწყვიტო…აღარ გავაგრძელებ ჩემი და ბუნების ვნებიანი და ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიის ვინმესთვის თავსმოხვევას.

მე სულაც არ მინდა ამაზე საუბარი. ეს ყველაფერი ვახსენე მხოლოდ იმიტომ, რომ ე.წ. შედეგებზე, იმ წიგნებზე, იმ ფილმებზე, იმ მულტფილმებზე, იმ გრძნობებზე, იმ სურვილებზე მესაუბრა, რომელიც ამ ნაბიჯმა მომიტანა და რომლებსაც შეძლებისდაგვარად, ჩემს ვორდპრესისეულ კუთხეში ვათავსებ ხოლმე. ვორდპრესის დამფუძნებლები მეთ მულენვეგი და მაიკ ლითლი მეტად კეთილსინდისიერები არიან იმისთვის, რომ იმაზე ხშირად გაგიჩინონ საკუთარი „ფილინგების დაშეარების“ სურვილი, ვიდრე მარკ ცუკერბერგმა.

This slideshow requires JavaScript.

(ნიკოლოს ძაღლები ძალიან უყვარს. მარჯვენა ხელზე კი არ ვიცი რა სჭირს 🙂 )

2. ნიკოლო, როგორც ასეთი

სწორედ ამიტომ, ახლა და სწორედ ამ მდგომარეობაში მომინდა მწველი მზის ქვეშ გაზრდილი ის მოკლეშარვლიანი, იტალიელი ბავშვი გამეხსენებინა, რომელთათვის არც მარკი არსებობდა იმ დროს, არც მეთი და მაიკი, მაგრამ იმაზე უკეთ კი ახერხებდნენ საკუთარ ბედნიერების თუ მწუხარების გაზიარებას რეალურ ცხოვრებაში, ვიდრე ჩვენ ვახერხებთ ჩვენს გახუნებულ ვირტუალურ სამყაროში.

„ასე შეიძლება მოვკვდე. ნიკოლო ამანიტი “მე არ მეშინია”. ერთი ამოსუნთქვით. გული გამიჩერდა. და მეზიზღება ადამიანები.“ – ამ სტატუსს ადრე მოვკარი თვალი სწორედ თავშიხსენებულ სოციალურ ქსელზე და მაშინ ამ ადამიანის განცდებმა უფრო შემაშფოთა, ვიდრე თავის დროზე ამ წიგნის წაკითხვამ.

ვერ გეტყვით , ასე როგორ უნდა შეგაძრწუნოს ნიკოლო ამანიტის ამ წიგნმა. თუმცა, როგორც ყოველთვის, ეს „ჩავიხვიე“, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მე ამანიტამდე ლორან გოდეს „სკორტების მზეც“ მქონდა წაკითხული, რომელთანაც ჩემი შეძრწუნების მთელი მარაგი ამოვწურე.

ლორან გოდე მაშინვე მოგაგონებთ ნოკოლა ამანიტის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ამის შემდეგ, რაც “გადავწყვიტე”, რომ ეს ასეა, ბევრგან მოვკარი ინტერნეტ–სივრცეშიც თვალი ამ მსგავსების შესახებ საუბარს და გამიხარდა კიდეც, რომ ცოტა თვალი გამწაფვია ლიტერატურულ ლაბირინთებში. ლორან გოდეზე და მის „ადამიანურ ლაქებზე“ საუბარი არც მინდა, ისევ ნიკოლოს დავუბრუნდები – ინტროვერტული თინეიჯერებისადმი თავისი ემპათიური დამოკიდებულებით განთქმულ ახალგაზრდა იტალიელს.

ნიკოლო ამანიტი ახალგაზრდა, ერთობ მომხიბვლელი მამაკაცია დიდი ცისფერი იტალიური თვალებით და ვნებიანი ღიმილით 🙂 რომ შეხედავ ჰოლივუდის ვარსკვლავი ან ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი უფრო გეგონებათ, ვიდრე მწერალი ასეთი სევდიანი და შავ–თეთრი ნაწარმოებებისა. 1966 წელს დაიბადა, სულ რაღაც ოცი წელი გავიდა და უკვე ორმოცდაოთხ ქვეყანაშია გამოცემული მისი წიგნები. მოკლედ, ნიკოლო იმ მწერალთა რიგს მიეკუთვნება, რომელებსაც სიცოცხლეშივე გაუმართლათ თავიანთ შემოქმედებით კარიერაში და წარმოუდგენელი წარმატებაც ხვდათ წილად.

სამართლიანი რომ ვიყო, იმასაც დავამატებ, რომ მის ამ წარმატებებს , მისივე წიგნების მიხედვით გადაღებულმა ფილმებმაც შეუწყო ხელი. იქნება ეს 2003 წელს რეჟისორ გაბრიელ სალვატორესის მიერ გადაღებული „მე არ მეშინია“ თუ ბერნანრდო ბერტოლუჩის მიერ ბოლოს გადაღებული „მე და შენ“, რომელიც ვნახე კიდეც თავის დროზე და რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბერტოლუჩი დაბერდა. ეს იმდენად მოსაწყენი ფილმი იყო, რომ….მე ჩამეძინა 😦 ქეთ, მაპატიე და მრცხვენია, რომ ასეთი საძაგელი მეწყვილე ვიყავი იმ საღამოს. თუმცა, ფაქტია, რომ ნიკოლოს დიდი რეჟისორები სწყალობენ.

ადრე ვკითხულობდი სადღაც, ნაბოკოვს ჰკითხეს ერთხელ, დიდი წიგნებზე რას ფიქრობო, იმანაც , როგორც სჩვეოდა, უკან არ დაიხია და – ხანდახან უნდა გეყოს სიმამაცე, ადგე და ფანჯრიდან გადაუძახო სულ ყველასო, ვითომ იმიტომ, რომ ლიტერატურა მხოლოდ ფილოსოფია და მსოფლმხედველობა არ არისო.

ნიკოლოც ალბათ ასე ფიქრობს – ეშმაკობს, მაიმუნობს, ხულიგნობს, მარტივ სიტყვებს დაუდევრად ათამაშებს; არ მორალისტობს;  ფეხებზე ჰკიდია მთელი ფილოსოფიები , მსოფლმხედველობები, ლიტერატურული ჩარჩოები. თითქოს ტვინის ჭყლეტაც ეზარება; მაგრამ დაუნდობლად, ზუსტად და სევდიანად გვაწვდის თავის სათქმელს. ალბათ, თავისი ახალგაზრდული სიმამაცე და შემართება აძლევს ამის შესაძლებლობას.

ცხადია, რომ ეს ყველაფერი „მუშაობს“ და დღეს მე, ერთი ძალზე შორეული გოგო, ვწერ მასზე, როგორც ერთ ახლობელ ადამიანზე, რომელმაც მე – სოციალურ ქსელებს მოწყვეტილი, თუნდაც რამდენიმე საათით, ოქროსფერ მინდვრებზე დამაბრუნა იტალიური მწველი მზის და თვალისმომჭრელად ლურჯი ცის ქვეშ.

936full-i'm-not-scared-screenshot

( კადრი ფილმიდან “მე არ მეშინია” )

3. მე არ მეშინია

რომანი „მე არ მეშინია“ ( IO NON HO PAURA) პირველად 2001 წელს გამოიცა ტურინში. ის დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე გატაცებული ბიჭის შესახებ. მოქმედება სამხრეთ იტალიაში, 1978 წელს ვითარდება. მთავარი გმირი, მოზარდი მიშელ ამიტრანო იმ დროის ამბავს მოგვითხრობს, როდესაც 9 წლის ასაკში სოფელში ცხოვრობდა, სადაც მხოლოდ ოთხი ქოხი იდგა.

მოქმედება ვითარდება ზაფხულში, გაუსაძლისი სიცხის დროს. მიშელი ზემგრძნობიარე ადამიანია და მისი გაუაზრებელი ლოგიკა, დანარჩენებისგან საგრძნობლად განასხვავებს. „თავის ქალა“ ყველას მოუწოდებს ლიდერის უპირობა პატივისცემისკენ, რომელიც ბრიგადის წევრებს დაუმსახურებელ ჯარიმებს უწესებს, მიშელი კი ამაში მონაწილეობას არ იღებს, რადგან თვლის, რომ ეს ტირანიის ერთ–ერთი ფორმაა. ბიჭი მიტოვებულ სახლს ნახულობს და მის შესწავლას იწყებს. ერთხელაც, შენობაში იგი რაღაცას აღმოაჩენს, რაც მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის და ბავშვობიდან მოზრდილი ადამიანის პრობლემურ ცხოვრებაში შეუმზადებლად გადაისვრის.

ეს ნაწარმოები მშვენივრად გვიხსნის, რომ მოზრდილთა ცხოვრებაში გადასასვლელად თუ ზოგადად იმისთვის, რომ ცხოვრება გააგრძელო, მხოლოდ ბავშვური ჩვევების დავიწყება არ არის საკმარისი. მთავარია, რაღაც განსაკუთრებული გამოცდილება შეიძინო, რომელიც შეგძრავს, შეგაცბუნებს და სარკეში საკუთარი თავის მიღმა სხვა სამყაროსაც დაგანახებს.

ხო…ადრე როცა „იმ“ სოციალურ ქსელზე ვიყავი, რაღაც ტესტი გავაკეთე და აღმოჩნდა, რომ მე იტალიაში უნდა დავბადებულიყავი 😀 არ ვიცი, სად ღირდა დაბადება და სად არა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ინტერნეტმიჯაჭვულობას, ისევ მიშელისნაირი გამოცდილებების შეძენა ჯობია ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ შემთხვევაში.

immagine_io-non-ho-paura_8496

12 responses to “Happiness only real when shared…Not on Facebook

  1. ძალიან კარგი პოსტია.)))….განვმეორდები და ვახსენებ ყოველმხრივს…დაშეარებული ფილინგებიდან დაწყებული ნიკოლოთი გაგრძელებული და მეარმეშინიათი დამთავრებული.) რა კარგად წეერ….)
    პ.ს. ბერტოლუჩის ფილმების ჩემი უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად მეც მოვიწყინე კინოში “მე და შენ” ზე…

    • მადლობა , ცაცია.
      აი, ხომ მეთანხმები? აუტანლად მოსაწყენი ფილმი იყო და 12 საათისკენ უკვე ტკბილად მეძინა მეგობრის მხრებზე 😀

  2. როგორ მომწონს შენი ბლოგი და როგორ მომწონხარ შენ 🙂 !

  3. ღამეც რომ იყოს, ამ დროს მინდა, რომ შეშლილივით გარეთ გავვარდე, მიწაზე დავწვე, ბალახი მოვკვნიტო, მიწა ავღო და დავსუნო, ხის ფესვებს ჩავეხუტო, ციდან ვარსკვლავები მოვწყვიტო…- ზუსტად ეს მემართება მეც, გული მერევა სოციალურ ქსელზე და უფრო მეტად საკუთარ თავზე, როცა საათობით უაზროდ ველოდები რაღაცას, რას მეც არ ვიცი://////

    ფილმს ვნახავ. იტალია სამყაროს ცენტრია ჩემთვის.

Leave a comment