LA MAGA

1116213_10151543527681400_2122070678_o

მე მაგა ვარ. დიახ, ერთხელაც თვალების ფშვნეტით გავიღვიძე, ცოტა ხანი მოკუნტული ნამძინარევი ვკრუტუნებდი, შემდეგ გაბზარულ ჭერს ავხედე ძილისგან გამოყოლილი გაოგნებით და მივხვდი, რომ მაგა ვიყავი. არ გეგონოთ, რომ ამ დროს ოთახში ბორიალი, საკუთარი სხეულის აღტაცებით თვალიერება და ხელის გულებით მკერდის სირიულ სტატუეტივით აწევა დავიწყე სარკის წინ. მხოლოდ ეგაა, რომ გამაღიზიანებელი უწესრიგობა და გაუსაძლისი სისულელე დამჩემდა. მაგრამ მერე რა. მე ბედნიერი ვარ ამ ოთახში, სადაც მაქვს უფლება ყველაფერზე, რასაც შევეხები და რაც არსებობს ჩემთან ერთად : თევზი წყალში, ფოთოლი ხეზე, ღრუბელი ცაში, სახე ლექსში, თევზი, ფოთოლი, ღრუბელი, სახე, სწორედ ასეა, მხოლოდ….

როგორც უკვე გითხარით, იმ საბედისწერო დილის მერე დავრჩი ასე – პარიზიდან გამოყოლილი არგენტინული ხასიათით , თბილისის ყვითელ ქუჩებში. მერე რა , რომ არც პარიზის ქუჩებში მიხეტიალია და არც ლათინოამერიკული ცეკვები მისწავლია ოდესმე. ბედნიერი კი გავხდი, რაც მთავარია – შემეძლო მერწმუნა, სანამ დავინახავდი და ერთიანად ვიყავი შერწყმული ცხოვრების უწყვეტ დინებასთან.

ისე არაფერი კლავს ჩვენში ადამიანს, როგორც იმის აუცილებლობა წარმოაჩინო შენი სამყაროო. ვინმე ჟაკ  ვაშეს მიუწერია ეს სიტყვები ანდრე ბრეტონისთვის. სწორედაც რომ ასე მეგონა სულ, მგონია ყოველ ახლა სიტყვებთან ერთად ნელ–ნელა ვკლავდი ჩემში იმ ადამიანს, რომელიც ვიყავი. ხომ იცი რომ დედამიწა მრგვალია, დანარჩენი სულ სისულელეა. ჩემო სიყვარულო, ყველაფერი სისულელეა.

მაშ, რატომ ვიხსენებ ამ ყველაფერს? აგიხსნით. ერთხელაც , ერთი უცნაური გოგონა გაბრაზდა – მაგა? რაიუელა? მაგა რაიუელა? ღმერთო, რა არის იმაში ასეთი გასაოცარი, რომ მაგა იყო ან უბრალოდ, მაგა რაიუელა. თან როგორ გინდა საკუთარ თავზე დაწერო, როცა საკუთარი არსებობის შემჩნევის გარდა ყველაფერის დანახვა შეგიძლია.

მაგრამ როგორ არ უნდა გამახსენდეს საკუთარი თავი, როცა გარეთ ქარი დაძრწის ხეზე ალაგ–ალაგ შერჩენილ ყვითელ ფოთლებში. მეც ვიღვიძებ ისე, როგორც მაგას შეეფერება და გარეთ გავდივარ. არც კი ვიცი, სად უნდა წავიდე. რა საჭიროა ამის ცოდნა, გზა ისედაც ყველგან მიდის.ფოთლები, ფოთლები, ყველგან ფოთლები. აუტანლად მტკივნეულია ის ბედნიერება, რასაც განვიცდი. სიამოვნებისგან თვალები მიფართოვდება და გადაჯვარედინებულ ხელებს ვიფარებ ულიფო მკერდზე. ეს მაინც თბილისია. მერე რა, რომ მაგა ვარ და პარიზიდან ჩამოტანილ არგენტინულ ხასიათს  ვატარებ ცხელი სხეულით.

თქვენ შეხვდებით კი მაგას? მას შეიძლება არ ეძებდეთ, მაგრამ იცით, რომ ამ ხეტიალში ადრე თუ გვიან მაინც შეიყრებით. იქნებ სულაც შეხვდით უკვე ლათინური კვარტლის რომელიმე ეზოში, მაწანწალა კატების მყუდრო კუთხეში. შეიძლება, უხალისოდაც გაჰყვეთ უკან და ფიქრობდეთ, რა თავქარიანი და გაუზრდელიაო. ამ დროს ისეთი განცდა შეგიპყრობთ , თითქოს გამაყრუებელ სიჩუმეს შეეჯახეთ, ბროლის ნატეხივით ბასრ სიჩუმეს.

მაგრამ მალე მიხვდებით რომ მაგას თვალთმაქცობა არ შეუძლია. უბრალოდ, შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ და ისეთი ნახოთ,როგორიც გინდოდადთ რომ ყოფილიყო. თავდაპირველად საათობით უნდა უცქიროთ ყვითელ ვარსკვლავებს და მხიარულ წითელ შხეფებს. ასე ნელ–ნელა შეაღწევთ მაგას სამყაროში, სადაც სუფევს სრული უწესრიგობა და დაბნეულობა, მაგრამ იქვეა კლეეს ობობას ქსელი და გვიმრები, მიროს ცირკი, ვიეირა და სილვას ფერფლშეფრქვეული სარკეები, სამაყარო, სადაც მოძრაობ ჭადრაკის მხედარივით, რომელმაც შეიძლება ეტლის სვლა კი ჩაიფიქროს, მაგრამ კუს სვლას გააკეთებს.

მაგას შეუძლია ყველგან იყიალოს ჯიბეგაფხეკილმა, შეუძლია მოულოდნელად გაჩერდეს შუა ქუჩაში, რომელიმე სადარბაზოში შევარდეს, სადაც არაფერია სანახავი, მაგრამ მერე უცებ რაღაც სხვას მოჰკრავს თვალს და ეზოში გაძვრება, სადაც ზოგჯერ ძველ ქანდაკებებს გადააწყდება, ან ჭას, სურო რომ შემოხვევია, ან სულაც არაფერს, შეიძლება მრგვალი ფილებით მოგებული და გაქექილი იატაკი ნახოს, ობმოკიდებული კედლებიც, მოხუცი, ჩრდილში რომ მიყუჟულა სადღაც კუთხეში, და კიდევ კატები, მხოლოდ კატები, ფისო–ფისო, მიაუ–მიაუ, ნაცრისფერები, თეთრები, შავები, წყალსადინარების მზით  გამთბარი ფილების ბატონ–პატრონები, მაგას ერთგული მეგობრები. ისიც მუცელზე უღიტინებს, ელაპარაკება რაღაც სულელურ, გაუგებარ ენაზე, თანხმდება როდის და სად შეხვდება, რაღაცას ურჩევს.

შეიძლება გაგიკვირდეთ თქვენ რატომ დადიხართ მასთან ერთად,მაგრამ რა აზრი აქვს რომ გაუბრაზდეთ, – ლუდის კათხას აუცილებლად გადმოაყირავებს, ფეხს მაგიდიდან ისე გამოსწევს, რომ მიმტანს ფეხს წამოჰკრავს და მიმტანებიც კარგად გაკიცხავენ ხოლმე. მერე რა , რომ გამუდმებით გაღიზიანებთ თავისი დაუდევრობთ, მას მაინც არაფერი ენაღვლება, მის აღტაცებას საზღვარი არ აქვს და სულ ბედნიერია. მერე ისევ ისე გაჩერდება შუა ქუჩაში და ყველაფერს სუნთქვაშეკრული აკვირდება. და ასე და ამგვარად ხდება ყველაფერი.

შეიძლება იფიქროთ, რომ მის თავში ჩიტია, ან ჰაერი, ან ნეტარება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ცუდად ასათვისებელი კი არის. მას ცენტრი თავში არ ექნება. ის თვალდახუჭულიც კი პირდაპირ მიზანში მოარტყამს. მიზანში კი იმიტომ ახვედრებს, რომ არანაირი სისტემა არ იცის, უბრალოდ არაფერი გაეგება. მისთვის ყველაფრის ახსნა უაზრობაა, გიყურებთ ფართოდ გახელილი თვალებით, ბოლოს კი თავს აჯერებს, რომ ვითომ ყველაფერი გაიგო და დაღლილივით ამოიხვნეშავს. ზოგჯერ მოდიან ხოლმე ადამიანები, რომლებსაც მისი სჯერათ და ეუბნებიან, რომ ნუ სწავლობს ამდენ სისულელეებს, რადგან თვლიან, რომ არ უნდა გაიკეთოს ის სათვალე, რომელიც არ სჭირდება.

ზოგჯერ მოიწყენს ხოლმე, აიღებს ტროტუარიდან ფოთოლს და მას ელაპარაკება, დაიდებს ხელის გულზე, გადაატრიალ–გადმოატრიალებს, ხელს გადაუსვამს, გაასწორებს, გამოაცლის რბილ ნაწილს, მარტო ძარღვებს დატოვებს. ბოლოს ფოთოლი აბლაბუდასავით გამჭვირვალე რომ გახდება, ქარი წაართმევს ხოლმე. ამ დროს მაგა დაირცხვენს და დამნაშავესავით მიიხედ–მოიხედავს ხოლმე გარშემო.

მაგრამ ყველაფერი ეპატიება. ის ხომ მაგაა. უბრალოდ მაგა რაიუელა.

girl with yellow scarf

Advertisements

26 responses to “LA MAGA

      • ბევრი ვეცადე და რაღაცის თქმაც მოვახერხე მაგაზე….

  1. ახლა სიცხე მაქვს ; თვალებთან რაღაც მდაღედ მაწვება , მაგრამ მაგას სამყაროში თბილმა ნიავმა გამომაფხიზლა; მადლობ რომ კარგი ხარ; !

  2. ამ მუსიკას გავხარ,საინტერესო,ქაოტური,ამოუცნობი და როგორც ამ მუსიკის ყოველი მოსმენისას ახალ რამეს იგებ.

  3. მაგა მომწერე რა შენი მეილი გთხოვ 🙂 ჩემი მეილი ხომ იცი ბლოგის თავშია 🙂 მადლობა!!!

  4. ლა მაგა რაიუელა – უცნობო – აღფრთოვანებული ვარ – რომენ გარ, ცხოვრება წინაა! იქნებ ამ მეილზე მომწერო შენი მეილი შეთავაზება მაქვს – gelaebanoidze@gmail.com

  5. მაგა, როგორც კი შემოვდივარ ხოლმე ფერები მხვდება თვალში, არაჩვეულებრივი დიზაინია. პოსტებზე ვერაფერს ვიტყვი, მე თვითონ ბევრ რამეს ვსწავლობ იქიდან.
    მიხარია, რომ ვიპოვე აქაურობა.. ძალიან მიხარია..
    http://1234friends.wordpress.com/ქალაქი-სუპერმაწანწალები/

  6. სიამოვნებით წავიკითხავდი თუ კი რომანს დაწერდი . მომწონს როგორც წერ, ალბათ ყველას მოსწონს.. მიყვარს ისეთი ბლოგების აღმოჩენა, რომლების წაკითხვაც მიხარია ^_^ წარმატებები შენს და შენს ბლოგს !

    • მადლობა ანა, ყველას ალბათ არ მოსწონს, თუმცა ეს ალბათ არცაა მთავარი…
      მე დიდიხანია აღმოგაჩინე, მიყვარს შენი რაციონალური, გააზრებული ბლოგპოსტების კითხვა.
      თან ასეთი ლამაზი ხარ… ))) ^_^
      შენც სიკეთე.

      • ვაიმე დიდი მადლობა :* მიხარია შენნაირ ნიჭიერ გოგოს ჩემი პოსტები რომ მოსწონს ❤

  7. ბედის ირონიით (არ ვიცი, იცით თუ არა) “მაგას” ბერძნულად მაგარ ვინმეს ნიშნავს, ღირსეულს, თამამს და … ცოტა თავხედსაც კი (აი ქართულად რომ “ძველ ბიჭს” ვგულისხმობდით ხოლმე), რაიც არ ვიცი, რამდენად გამოსადეგარი ინფორმაციაა სუსტი სქესის წარმომანდგენლისთვის, მაგრამ მაინც გაწვდით, ტუნდაც ანაის ნინის გამოკვლევის გამო…
    ხერეტე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s