თეთრი ხმა(ური)

ორ ცხოვრებას შორის უამრავი ცხოვრებით ვცხოვრობ. აი, მაგალითად, ერთ-ერთ ცხოვრებაში ისტორიის მასწავლებელი ვარ და თავმოძულებულ მოზარდებთან ვაგვარებ სწავლასთან და სხვა სასიცოცხლო საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებს; მეორე ცხოვრებაში მაგა ვარ, მწვანე ველოსიპედი მყავს და უჩაფხუტოდ ვსეირნობ თბილისის უპასუხისმგებლო მძღოლებით გადატვირთულ ქუჩებში; სენტიმეტებს ვაგროვებ; ზოგჯერ მეტროში ადამიანებს ავედვნები და იქამდე ვაკვირდები, სანამ ლიმონივით არ გამოვწურავ მათგან სხვადასხვა ფერებს, ცხოვრებას, ხასიათებს. ისინი ვერასდროს მამჩნევენ, – არ გამოვყოფ სხეულიდან ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანებს ცხოველებივით იზიდავენ. ეს ზოგჯერ სასარგებლოა და მიცავს იმ საფრთხეებისგან, რასაც მათგან ველი ხოლმე. თუმცა, ზოგჯერ მინდა ხოლმე, რომ ადამიანმა, რომელმაც შემთხვევით გამკრა ხელი მატარებლის გაჩერებისას, ძლიერად მომხვიოს ხელები და მიწილადოს სითბო საკუთარი სხეულის.

სხვა ცხოვრებაც მაქვს , – სახლში ჯდომის, ქუჩის კატის ოთახში შემოშვების, მასთან ერთად ძილის და ცხელი აბაზანის. წყალი მამშვიდებს. ზღვა მენატრება ხოლმე და ზოგჯერ მხრებზე შეჩენილ წვეთებს ვილოკავ, იქნებ ერთხელაც მლაშე აღმოჩნდეს. ჰო, ზღვიური ცხოვრებაც არსებობს, _ ბათუმში როცა მივდივარ ორთოდონტთან, რომელიც მოტორამას უსმენს. მეც ვუსმენ მოტორამას და ამიტომ, სხვანაირ პაციენტად აღმიქვამს. მას ველოსიპედიც ჰყავს და ტუჩებსაც სულ უცნაურად ამოძრავებს, როცა ჩემი პირი ფართოდ მაქვს გაღებული; მერე ზღვასთან ვსეირნობ, ფოტოებს ვიღებ, ვისუნთქავ, ვიხსენებ და არასდროს მცივა. ეს ის შემთხვევაა, როცა ზღვიდან ჩემი საყვარელი მთები ჩანს და მე მათი თანაარსებობით ვტკბები.

ეს კი დღეევნდელი ცხოვრებაა, _ საწოლში გარინდული სხეული და გარეთ ყურისწამღები ქარი, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის, რა გაუაზრებლად და უსაზღვროდ მიყვარს.

„ზარდახშისთვის სულერთია, დაშლიან მას თუ ააწყობენ.”

თვალმოჭუტული ვკითხულობ ჩაკეცილი გვერდის ბოლო წინადადებას მარკუს ავრელიუსის „ფიქრებიდან“. ამაღამ მრისხანე მოხუცის სახე აქვს ჭერზე გაფანტულ ბზარებს. ჩემი სული კი უცვლელად ინარჩუნებს თავის სფეროსებრ ფორმას. „ხვალინდელი უარესისთვის უნდა მოვემზადო“ – ვამბობ . ეს მსაზღვრავს რეალობაში და მე სულ მზად ვარ.

როცა გავიგე, რომ ურსულა კ. ლე გუინი მოკვდა, აღმოჩნდა, რომ არ ვიყავი მზად. რადგან უკვე მერამდენედ გავიფიქრე წარსულის დღეებში, რომ ეს ქალი ჩემი უკანასკნელი სიყვარულია ქალთა შორის; რომ მე გულს მიჩუყებს მისი ადამიანურობა; რომ მისი სიკეთე ყოველთვის მცვლის უკეთესობისაკენ: რომ ზღვამიწეთის თუ მიწათმიწეთის სიყვარული ასეთი სულისშემკვრელი მხოლოდ ურსულასთანაა; რომ მხოლოდ მას შეუძლია, ადამიანებს  მისცეს ყველაფრის ხელახლა დაწყების შანსი. ეს ჩემი ურსულაა და ეს ჩვენ ვართ – მისი ჯადოქრები. სწორედ ამ ცხოვრებაში მცვლიან წიგნები, მწერლები და მათი უსაზღვრო ნებისყოფა შემოქმედებისთვის.

ერთხელ, როცა ღმერთებზე ვსაუბრობდით, სხვა ღმერთის მსახურმა თქვა: _“განა ვინმემ იცის რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ალბათ, არაფერი. ეს იქნება უსასრულო სიზმარი“._ თქვა და ხელები აიქნია. მას მერე ბევრი სიკვდილი იყო , მაგრამ არც ერთი არ ჰგავდა უსასრულო სიზმარს, – ყველა იყო იმდენად მტკივნეული და ერთნაირი, რომ მერჩივნა ისევ ცოცხალ აჩრდილებს ავყოლოდი. მხოლოდ ყველა ეს ერთნაირი სიკვდილი იყო საერთო ჩემი ყველა ცხოვრებისთვის. თუმცა , ერთ-ერთ ცხოვრებაში მეგობარიც მყავს და  მეუბნება, რომ უნდა ვცხოვრობდე ჩემი ყველა ცხოვრებით; რომ ძალიან უყვარს, როცა მე ვცხოვრობ ოთახში, ვრეცხავ თეფშებს, ვამზადებ ვახშამს, ვუყურებ ფილმს და ვუსმენ მას ჩუმად .

მგონი, მხოლოდ ესაა ის, რასაც აქ ვაკეთებ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s