თეთრი კბილები

„ჩემი სისხლი გსურს?“

როგორ კენჭი – ნაპირზე;

როგორც წვიმის წვეთი – ოკეანეში;

როგორც ნემსი – თივაში;

ისე იკარგები ზეიდი სმითის  ადამიანებში.

რადგან მას , ისევე როგორც მის პერსონაჟ ალსანას , არ ეშინია ახლოდან დააკვირდეს მოვლენებს; არ შეეშინდეს თვალებში პირდაპირ და პატიოსნად ჩახედვის – გულის სიღრმემედე, იქიდან ძვლის ტვინამდე და ძვლის ტვინიდან – ფესვებამდე კვლევისა და ძიების.  მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია თვალის მოფარებულ კუთხე-კუნჭულებში საიდუმლოდ ნაჩურჩულევი ფრაზები; დავიწყებული საუბრები; მედლები და ფოტოები; ნუსხები და სერტიფიკატები; გახუნებული ფურცლები და ზედ გადღაბნილი თარიღები.

ამ მწერალმა უმოქმედობით თვითმკვლელობას არჩია ჩვენთვის მოეთხრო  ფერადი ადამიანების ერთი შეხედვით უფერული ისტორიები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ცხოვრება მართლა კორპორაციული საჩუქარი საშობაო საჩუქარი არაა, რომელსაც დღესასწაულამდე აგზავნიან, თანაც – ზუსტად სხვების მსგავსს. როცა მგონია, რომ ზეიდი საკუთარ პერსონაჟებს ვერ აკონტროლებს და თითოეული მათგანი ხელიდან უსხლტდება , ის მაშინვე კრავს და  რთავს მათ სიმართლის ძიებაში დაკარგულ და მოტყუებულ ადამიანთა ფერხულში.

მამები

„მე ოფიციანტი არ ვარ. ვიყავი სტუდენტი, მეცნიერი და ჯარისკაცი. ჩემს ცოლს ალსანა ჰქვია. ვცხოვრობთ სამხრეთ ლონდონში და გვინდა გადავიდეთ ჩრდილოეთში. მუსლიმი ვარ, მაგრამ ალაჰს დავავიწყდი, ანდა შეიძლება მე თვითონ დავივიწყე ალაჰი, ზუსტად არ ვიცი. მეგობარი მყავს, სახელად არჩი. მყავს სხვა მეგობრებიც. ორმოცდაცხრა წლის ვარ, მაგრამ ქალები თვალს მაინც მაყოლებენ. ზოგჯერ“.

ეს სამადის სასურველი პლაკატია, რომელიც უნდა რომ ყველას დასანახად ხელში დაიჭიროს.

ყველაფერი არჩიბალ ჯონსის და „არც ეგეთი შავკანიანი“ კლარა ბოუდენის მეორე და უცნაური ქორწინებით იწყება, მათ მალე შემოუერთდებათ სამად და ალსანა იკბალები, რომლებიც ასევე არ არიან „არც ეგეთი ინდოელები“. ისინი საერთოდაც ბანგალადეშელები არიან და ოთხი შესახვევის იქით ცხოვრობენ უილდსენ ჰაი როუდის საპირისპირო მხარეს.

თავიანთი არაფრისმთქმელი ცხოვრების მიუხედავად, მათ უნდათ იცხოვრონ აბსოლუტური რწმენით, რომ მათი ქმედებები რჩება. ეს იცოდნენ მათმა წინაპრებმა და ეს უნდა იცოდნენ მათმა შვილებმაც ( ალბათ სწორედ ამიტომ ამოკაწრავს სამად იკბალი საკუთარ სახელს მერხზე), თუმცა, მათ ჯერ არ იციან, რომ მათი შეცდომები შეიძლება მათი შვილების ბედისწერა გახდეს.

„როგორ ცხოვრობ ადამიანთან, რომელზეც არ გაქვს განცდა, რომ დასაბამიდან იცნობ?“

საუბრობენ ქალები, რომლებმაც არაფერი იციან საკუთარ ქმრებზე, ისევე როგორც მათ არ იციან არაფერი საკუთარ ცოლებზე. ქვას უფრო გამოადენ წვენს, ვიდრე თანამაცხოვრებელს დასცინცლავ რამეს საკუთარ თავზე, ისედაც ხომ მათზე მხოლოდ იმდენი სიმართლის ცოდნაა საჭირო, რომელთან ერთად ცხოვრებაც შესაძლისი იქნება.

ისინი ინგლისში ცხოვრობენ. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოეხეტნენ და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია აქ ცხოვრობენ, თითოეულ მათგანს აქვს შეგრძნება იმისა, რომ ჯერ კიდევ მორალურ გზაჯვარედინზე დგანან: როგორ მსოფლიოში გაზარდონ შვილები? რა გააკეთონ მათი მომავლისთვის? რწმენა თუ განათლება? ან იქნებ ორივე ერთად?

სამადისთვის რწმენაა მთავარი-მისთვის სისულელეა ისეთი მეცნიერება, რომელსაც სურს მომავალი აკონტროლოს, საჯიშე ადამიანები გამოიყვანოს ქათმებივით  და წინასწარ გათვალოს ყოველი დეტალი . მთავარი მხოლოდ რწმენაა, მხოლოდ ალაჰი. ოღონდ ტაძარი , მათი ღმერთის ჩანაფიქრით, არც მხიარული თავშეყრის, არც სიმღერის, არც ტაშისცემის და არც ფეხების ბაკუნის ადგილია. რწმენას ვერავითარი რაციონალური აზრი ვერ შეებრძოლება. არავითარი რთული ნააზრევი, მტკიცება და თავდაცვა. არადა, თავად მას ვერასდროს გამოუნახავს საამისო ძალა, რომ რელიგიური იყოს. ამის მიუხედავად კი, აუღელვებლად ამუნათებს ჯონსს, რომ ის არც რწმენისთვის გაწირავს თავს, არც პოლიტიკისთვის, არც საკუთარი ქვეყნისთვის .

„ალბათ , ვერასდროს ამოვხსნი, როგორ შეძლეს შენაინებმა ჩემი ხალხის  დაპყრობა. არარაობა ხარ ჯონს. ასე არ არის?“ – ამბობს სამადი.

„ინგლისელები ერთადერთი ხალხია, ვისაც სურს თან გასწავლოს, თან წაგართვას“- ამბობს ალსანა.

მაგრამ სამადისთვის ჯერ არაა აშკარა ერთი რამ: შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზი გქონდეს ცოდვისთვის, მაგრამ ამით ცოდვა უმნიშვნელო არ ხდება. და ისიც სცოდავს „უმნიშვნელოდ“ მუსიკის მასწავლებელთან. მაგრამ მაინც ბორძიკობს, – მორალური არჩევანის წინაშე დგას. ვერ ხვდება რა ემართებათ საკუთარ შვილებს ამ ქვეყანაში და ვერ ხვდება რა ემართება თავად მას. მისი თვითგამორკვევის პროცესს მისი ერთ-ერთი შვილი ეწირება, რომელიც უნდა დაუბრუნდეს სამშობლოს და ეზიაროს მშობლიურ კულტურას, „დედამოტყნულ ფასეულობებს“.

„არასდროს ხარ ისე ძლიერი, როცა ზღვარს გადააბიჯებ და გაღმა, სასოწარკვეთის ნაპირზე გახვალ.”

და ასე ჩნდება უსისხლო, მაგრამ ღრმა ჭრილობები. რადგან ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ სამშობლოში დასაბრუნებლად აღარ ვარგიხარ, შვილებიც უცხოებივით გაგიზრდია და ახლა შენი ადგილიც აღარსად არის. რადგან ერთი კონკრეტულ სივრცესთან კუთვნილების , შენი ადგილის პოვნის იდეა თავიდანვე განწირულია.

რადგან ეს ერთი დიდი ბინძური ტყუილია და სრულიად შემთხვევით იბადები იქ, სადაც იბადები.

რადგან ერთხელაც უბრალოდ ყელში ამოგივა , რომ ჩაის ქვეყნიდან ჩამოსულს წესიერი ჩაი ვერ დაგილევია.

რადგან ერთხელაც აღმოაჩენ, რომ შენს შვილებს ღმერთმა დარდით გულგასიებული, დანაშაულის გრძნობით ჭკუიდან გადამცდარი, ღარიბი გამოშტერებული ცალხელა ოფიციანტი არგუნა; კაცი, რომელმაც მრავალი წელი იცხოვრა უცხო მიწაზე და ერთ მერხზე ჯიბის დანით ამოფხაჭნილ წარწერაზე უფრო დიდი კვალი ბრიტანეთს ვერ დაამჩნია.

ასე ეკარგება აზრი ყველაფერს.

შვილები

სოციალური ქამელეონები. ათასი როლით, რომელთა მიღმაც არასდროს უნელდებათ , არც უცხრებათ ლამის თანდაყოლილი ბრაზი და ტკივილი; მწარე განცდა იმისა, რომ, რომ არსად მათი ადგილი არ არის . ამასობაში კი, საკუთარ თავს ვერსად პოულობენ. ისინი ბაბილონიდან არიან – სამოცდაშვიდი სხვადასხვა აღმსარებლობის და ას ოცდასამ ენაზე მოსაუბრე ბავშვებს შორის სწავლობენ . მათ მამებს კი უნდათ, ისინი წესიერ მუსლიმებად გაზარდონ; ან წესიერ ბუდისტებად; ან წესიერ ბაპტისტებად და ა.შ.

და ამ დროს სცენაზე გამოდის ერთი ჩვეულებირივი ოჯახი ჩალფენებისა, მთელი თავისი ჩალფენიზმით, დიდებული ლოგიკით, თანაგრძნობის უნარით და ინტელექტით. ერთ დღესაც მათ ცხოვრებაში ბაბილონის შვილები შეაბიჯებენ. წესით, ამდენ სანახევრო სიმართლეების დაფარულ ნაწილს ფარდა უნდა აეხადოს. ჩემი აზრით, მეორე წიგნი იწყება აქ და ასე.

„,მეიფლაუერის მგზავრებს ჰგავდნენ, თვალები გადმოცვენაზე რომ აქვთ ჰორიზონტის თვალიერებაში, მაგრამ ხმელეთის ნატამალსაც ვერ ხედავენ. პილიგრიმებსა და მოგვებს ჰგავდნენ, ოღონდ უცხო და აღმოსაჩენი ქვეყნების გარეშე“.

ასეთი დაკავშირება კი , უბრალოდ, შედეგია – ცხოვრების, ოკუპაციის, ემიგრაციის, იმპერიების, ექსპანსიის, ერთმანეთის გულისჯიბეში შეყუჟვისა და იქ მოკალათების. ვიღაცას უკავშირდები და მერე ახალ, ისევ დროში გაწელილ ბრძოლას იწყებ – როგორ გაწყვიტო ეს კავშირი.

მოძრაობ გაუნძრევლად . მიდიხარ არსაით.

ქალები

„როცა კედლები ჩამოირღვევა; როცა ცა ჩამობნელდება; მიწა კი ფეხქვეშ აზანზარდება. აი, რასაც გავაკეთებთ ეგეთ მომენტებში, ეგ განსაზღვრავს ჩვენს რაობას. სულ არ აქვს მნიშვნელობა, ამ დროს ვინ დაგცქერის ზემოდან – ალაჰი, იესო, ბუდა თუ არავინ. სიცივეში ადამიანი ხედავს საკუთარ სუნთქვას, სიცხეში – ვერა. სუნთქვით კი ორივე შემთხვევაში სუნთქავს.“

ძალიან დამღლელია;

ეკლესიაში სულ იმას მიმეორებდნენ, რომ ქალი ხარ და განათლება გაკლიაო;

ყველა ცდილობს რაღაც გასწავლოს და შეგაგნებინოსო;

ჩვენი ოჯახის ქალებს სულ ეს პრობლემები ჰქონდათო;

ყველა თავს გვაჩვენებდა, ვითომ მხოლოდ ჩვენი ცოდნა აინტერესებდათო;

ყოველ ჯერზე თავიან სურვილებს გვახვევდნენ თავსო;

მაგრამ ახლა: მოდი ჩემი ცოდნა გადმოგცე, გაგანათლოო, ვერავინ გამიბედავს. სხვების განათლებაზე ზრუნვა ჩემი საქმე გახდება. წესებს მე თვითონ დავადგენ და სხვების აზრს აღარ მოვუსმენ.

მაგრამ ახლა: მაქვს უფლება, მერქვას მუდამ მართალი.

მაგრამ ახლა: მხოლოდ მე ვბედავ ვთქვა, რომ ღამით შემოპარულ ქურდს ჰგავს ეგ შენი ღმერთი, მარტო წაგლეჯაზეა, ფუ მაგის…მარტო წაგლეჯაზე.

მაგრამ ახლა: მხოლოდ მე ვოცნებობ იმ დროზე, როცა ფესვები მნიშვნელობას დაკარგავს; როცა ზოგიერთი საიდუმლო საიდუმლოდ დარჩება; როცა ისე უსაშველოდ დაგრძელდებიან და აიხლართებიან ფესვები, რომ დაკარგულ კვალს ვერავინ მიაგნებს; როცა შეუდრეკელად შევხვდები განსაცდელს.

მაგრამ ახლა: მე ვამბობ, სანამ თქვენ უამრავ დაჯგუფებებში, ორგანიზაციებში და სხვა უფრო ძლიერი მანიპულატორების გავლენის ქვეშ ექცევით, ჩვეულებრივი ცხოვრება თქვენგან შორს მიედინება.

მაგრამ ახლა: მხოლოდ მე ვყვირი, აკეთე რაც გინდა, მთავარია ჯანმრთელი იყო და კიდევ – ბედნიერი; არავითარი სხვენი. არავითარი ცოდვები. არავითარი ჩონჩხები კარადაში. არავითარი დიდი ბაბუები. არავითარი შინაგანი ბრძოლები  იმაზე, როგორები იყავით უწინ და როგორები გახდით; როგორები გინდოდათ რომ ყოფილიყავით და როგორები ხართ; არავითარი თავის შეცოდება; რადგან არავინ ფლანგავს დროს ცხოვრების გართულებაში;

„უბრალოდ, ყველაფერს ეგუებიან ეგ იღბლიანი ნაბიჭვრები. ეგ დედამოტყნულები!“

მაგრამ ახლა: მე ვიცი, როგორ წავიკითხე ეს წიგნი .

Zadie-Smith.jpg

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s