ფინალი

2018 წლის 26 მაისია. ფინალი. სავარძელში ვზივარ და ჩემს ორთოდონტიულ ნამოქმედარში გაჩხერილ თხილზე ვფიქრობ. სალაჰი მიწაზე გორავს, რამოსმა დიდი ალბათობით, მხრის ძვლები ჩაუმსხვრია. მე კი მაინც იმ თხილზე ვფიქრობ, რომელმაც კბილები მატკინა. ვიცი , რომ ასეთ გასართობებთან მიახლოება არ შეიძლება, მაგრამ დაძაბულობისგან დაუფიქრებლად გადავუშვი. სალაჰი მოედანს ტოვებს. თვალები ცრემლებით მევსება. კარგია, მე ეს მაღელვებს. ნამდვილი წითელი ვარ.

არც კი ვიცი, ფინალამდე როგორ მივედით,. ყველაფერი ისეთი თავბრუდამხვევი იყო. იმედი მომეცა, ლივერპული ფინალშია, რაღაც შეიცვლება. ჩემი და ლივერპულის ცხოვრება ხომ ასე გამაოგნებლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ იმედს ვებღაუჭები. ახლა მართლა შეიცვლება ყველაფერი. ამ უწონადო მოთენთილობას თავს დავაღწევ და მიზნებს დავისახავ. ახალი ოცნებები მექნება, ახალი სურვილები, ახალი იდეები. მე ხომ არ უნდა დავნებდე. ნამდვილი წითელი ვარ.

ლივერპულის თავგამოდებული ქომაგი, გოჩა თანდარაშვილი ერთი თვეა მთხოვს, რომ ფინალისთვის თბილისში ჩამოვიდე და სქაუზერების პატარა ჯგუფმა ერთად ვუყუროთ ფინალს, სადმე წყნარ ადგილას. კიევში წასვლა რატომღაც არ მოისურვა. დავთანხმდი და გოჩას ბინაში  გოჩა, მე , რეზი, მისი გოგო და კიდევ ერთი ბიჭი, რომლის სახელიც ვერ დავიმახსოვრე, ერთად ვუყურებთ ბოლო დროის ყველაზე უცნაურ ფინალს. გარეგნულად არ მეტყობა, რომ ვღელავ. ის აუცილებლად წავა კიევში ფინალზე. მერე რა, რომ მისი გუნდის ყველაზე მოსისხლე მტერია ფინალში. ვიცი, რომ იქ იქნება. ხუთი თითივით ვიცნობ. პირველი ტაიმის პირველ ნახევარს არაჩვეულებრივად თამაშობენ. შემადგენლობა იდეალურია. სათადარიგო სკამზე კი არავინაა ისეთი, თმაშის ბედის შეცვლა რომ შეეძლოს. არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება, იმედს არ ვკარგავ. ნამდვილი წითელი ვარ.

თბილისში ჩამოსვლა ყოველთვის ტრავმულია. სამსახურის სასწრაფო საქმეებს ვიშორებ და მერე ბინაში ვიკეტები. მეორე გზაცაა – შემიძლია ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელი გადავჰკრა და მერე ნებისმიერ მეგობარს დავთანხმდე შეხვედრაზე, რასაც ცხადია, მერე არ ვნანობ. ისინი ძალიან კარგები არიან . მე კი მათთვის ალბათ, ერთი მხიარული,თავისებურად მომხიბვლელი გოგო ვარ, ძალიან ბევრი წიგნებით და უცნაური ახირებებით.  თუმცა, პირველი რაც ჩემთან დაკავშირებით ახსენდებათ, ეს ლივერპულია. მე ხომ ნამდვილი წითელი ვარ.

სალაჰის მოედნიდან გასვლის შემდეგ, ლივერპული იშლება. ჩემს გუნდს ვეღარ ვცნობ. ქუთაისელები რამოსს აგინებენ, გოჩა დროდადრო ჭკვიანურ რეპლიკებს გვთავაზობს , მე ჩუმად ვარ და ვსვამ. თვალები ცრემლებით მევსება. ეს ფინალი ხომ ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ნეტა რას გრძნობს, როცა კიევში ლივერპულის თამაშს უყურებს? ფიქრობს ჩემზე? ამ დროს კი, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, რომ ის კიევშია. შეიძლება, სულაც თავის პატარა ოთახში ტელევიზორთან ძალიან ახლოს იდგეს და თითების მტვრევით უყურებდეს ყველაზე არასასურველ ფინალს. მაგრამ გული მიგრძნობს კიევშია. იქაა და შეიძლება ისიც კი გაიფიქრა, რომ მეც იქ ვარ. მაგრამ ხომ მე უკვე ერთ წელზე მეტია , თბილისშიც კი აღარ ჩამოვდივარ, არც კონცერტებზე დავდივარ და არც სამოგზუროდ. უწონადობა. ვფერმკრთალდები.

მატჩი სრულდება. ლივერპული ფინალში აგებს მადრიდის რეალთან. ჩვეულ მდგომარეობას ვუბრუნდები. ისევ ისე ვიფანტები დროსა და სივრცეში. არაფერი იცვლება, მაგრამ იმედი ხომ მქონდა. მე კი ჩემს არც ერთ იმედს არ ვნანობ, რაც კი მქონია ცხოვრებაში. ისინი სიცოცხლეს მიხანგრძლივებდნენ . ნამდვილი წითელი ვარ.

დილით ყველაფერი უფრო მტკივნეულია. იურგენ კლოპის მერამდენედ წაგებული ფინალი და ისევ თავიდან გასავლელი გზა. სხვა ცხოვრებით რომ გვეცხოვრა, ალბათ ერთად ვიქნებოდით ყველა ფინალზე. მე ჩუმად ვუგულშემატკივრებდი მის გუნდს, ის კი ისევ ისე დამცინებდა ლუზერპულზე. ვსვამ და ყველაფერი სხვა ფერებს იძენს. ისეთი მშვიდი და მომთმენი ვარ, როგორც არასდროს. უკვე ძალიან ბევრი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლო ოცნებებმა, მიზნებმა თუ სურვილებმა ამ სიმშვიდეში დალიეს სული. ზოგჯერ რაღაც რომ მთავრდება, არაფერი იწყება პირქუში , უსასრულო ტრამალების გარდა, საიდანაც უკვე გაქრნენ ჩემი ბიზონები.

ასეთიც კი, მაინც ყველაზე წითელი ვარ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s