ანტიგონე

9780413308603

“მე მარტო მივდიოდი გზაზე , ჩემი ფეხის ხმა ყრუდ გაისმოდა სიჩუმეში, მე კი მრცხვენოდა, რადგან ვიცოდი, ის არ ვიყავი, ვისაც უცდიდნენ”.

მოსთქვამს ანტიგონე და მიდის იმ საზოგადოების წინააღმდეგ, რომელსაც არწმუნებენ , რომ მაღალი იდეალები კაცების საქმეა და ამ იდეალებსაც ისინი უნდა შეეწირონ.

“შენ კი გოგო ხარ !”

მივარდება ისმენე ანტიგონეს და არწმუნებს , რომ მარტო ხელის გაწვდენაა საჭირო იმ ბედნიერების მოსაპოვებლად, რომელიც ცხვირწინ უდევს.

“ჰო, გოგო ვარ. განა ცოტა ვიტირე ამის გამო?”

კბილებში გამოსცრის ანტიგონე და თითქოს აღარაა მისთვის საკმარისი ჩვეულებრივი, ადამიანური უბედურება.

ის მზადაა, არ გადარჩეს და ვერც ვერავინ აიძულებს მას, მათ შორის ვერც მეფე კრეონტი, რომ გადარჩეს. მისთვის ანტიგონე ის ბავშვია, რომლისთვისაც მთავარია , თქვას “არა” და მოკვდეს. ეს მისი როლია და ის ვალდებულია, ბოლომდე ითამაშოს თავისი როლი.

ასე იქცევა ეს გამხადარი, შავგრემანი და გულჩათხრობილი გოგო იმ გმირად, რომელიც მარტო გამოვა მთელი ქვეყნის, თვით მეფე კრეონტის წინააღმდეგ.

ეს ის სამყაროა, სადაც ყველა “სასიკვდილოდაა დაჭრილი”; სადაც მეფეც კი უძლურია პატარა გოგოს წინააღმდეგ ბრძოლაში; სადაც სიმართლე მხოლოდ ის არის, რაზეც არ ლაპარაკობენ.

მიყვარს ეს მეამბოხე ანტიგონე, რომელსაც უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ მაინც ცდილობს გაიგოს რისი გაკეთებაა საჭირო ბედნიერებისთვის. ეძებს, მაგრამ მხოლოდ ამ “საზიზღარ ხალხს” ხედავს გარშემო, რომლებთანაც იძულებული ხარ , რომ გიყვარდეს, რანაირიც არ უნდა იყვნენ ისინი.

“თუ ძალიან მომთხოვნი არ იქნები, შეიძლება გაინაღდო ყოველდღიური პაწაწინა ბედნიერება! არა, მე ყველაფერი მინდა, თანაც ახლავე!”

ყვირის ანტიგონე და კრეონტიც მთელი ძალისხმევით ცდილობს გააჩუმოს ის გოგო, რომლისთვისაც სილამაზე და სიმშვიდე სიმართლეშია.

ეს ნამდვილი ასიმეტრიული ომია, ძალაუფლებასა და ნებისყოფას შორის; ვინ შეძლებს ბოლოს ადამიანად დარჩენას? არის კი იმის დრო ამ სამყაროში, რომ იყოყმანო? იქნებ უნდა აიღო პირველივე ხელში მოხვედრილი ფიცრის ნატეხი, რომ როგორმე შეაჩერო წყალი, ხომალდის გამოგლეჯილ კედელში რომ მოთქრიალებს. სწორედ ამ წყალს ჰგავს ანტიგონე, რომელიც ისე შეიჭრა კრეონტის სახელმწიფოს სამზარეულში, სადაც ყველაზე დიდი ტყუილები ითითხნება.

ის არწმუნებს ანტიგონეს, რომ იბრძოლოს სისცოცხლისთვის, ბედნიერებისთვის, მაგრამ არ იცის, რომ ანტიგონესთვის ბედნიერებაც და სიცოცხლის გაგრძელებაც სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი არა, მისთვის თავგანწირვაშია.

იქნებ ცხოვრება ისეთი არაა, როგორიც გვეგონა?

“ის თითებს შორის წყალივით იპარება”

ამბობს კრეონტი, რომლისთვისაც სიცოცხლე  მარტივი და მკვრივი საგანია, რომელიც შეგვიძლია უდარდელად ვაკნატუნოთ მზეს მიფიცხებულმა. მაგრამ ანტიგონეს არ აკმაყოფილებს სიცოცხლის ამგვარი გააზრება. ის არაა მორიდებული, დამჯერი და მოწყალე ადამიანი. ასეთი ადამიანების მართვა გაცილებით რთულია, რადგან ისინი არ გვანან იმ ცხოველებს, რომლებზე ოცნებობენ ხოლმე მეფეები.

მგონია, რომ ანტიგონე არც არსებობს. იქნებ ანტიგონეც კრეონტია. იქნებ მეფე თავის თავს ელაპარაკება_ თავის მეორე მეს? რადგან არ არსებობს არანაირი იმედი იქ, სადაც სამყარო თავზე  ენგრევა.

იქნებ მხოლოდ ისღა დარჩენია კრეონტს, რომ კი არ იკვნესოს, არამედ მთელი ძალით იყვიროს და ამისთვის სჭირდება მას ანტიგონე, – ის ადამიანი, რომელიც ხვდება , რომ არანაირი იმედი არ არსებობს ამ უბედურებისგან თავის დაღწევის; რომ ეს ბრძოლა კიდევ ერთი უაზრო და უპერსპექტივო პოლიტიკური დაპირისპირებაა.

ტრაგედიაში ყოველთვის ამაოდ იბრძვიან.

 

Advertisements

One response to “ანტიგონე

  1. ფემინისტური ანტიგონე ჯერ არ წამიკითხავს. მეგონა ამ მითში მაინც არ ჰქონდა სქესს მნიშვნელობა. რელიგიური წეს-ჩვეულებების და ახალი პოლიტიკის დაპირისპირება იყო. მაგრამ თვითონ ამ პროცესზე ვგიჟდები, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად როცა აღიქვამს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s