პეტრას #1

როცა ამ შუშის გალიაში საკუთარი ხმისაც კი გეშინია, მეილის ყრუ ერთხმოვნიანი ჩაკვნესებაც კი შეიძლება საკმარისი გახდეს დასაფრთხობად და ძლივსმოპოვებული სიმშვიდის დასარღვევად.

ამ დროს სააბაზანოში ვიყავი, სადაც არათუ სარკე, ერთი ისეთი ნივთიც არ არის რომელმაც შეიძლება ამირეკლოს. უჩვეულოდ ავწრიალდი, – ბოლო დროს მეილებს მხოლოდ შიზუკუსგან და მაქსისგან ვღებულობ.

შიზუკუ ჩემი ახალი თანამშრომელია, – როცა პირველად შევიძურწე მომავალ სამსახურში და ღებინების შეგრძნება გამიჩნდა (როგორც ყოველთვის), მაშინვე გადავუხვიე მთავარ დერეფანს და პირველივე პატარა კარებში შევედი, რომელიც სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით სავსე აღმოჩნდა. ამ დროს ის ათასფრად აჭრელებულ ვედროებს შორის იჯდა და რაღაც მწვანე ფერის მასას ილუკმებოდა. ჩემს დანხვაზე კედელს აეკრა და თვალები თაგვივით აუელვარდა.

შემდეგ  ყოველ შესვენებაზე მასთან ერთად ვიჯექი და მის დამზადებულ მწვანე სიბლანტეს შევექცეოდი, რაც სიმართლე გითხრა, ორმაგად მიძლიერებდა ღებინების შეგრძნებას, თუმცა შიზუკუსთვის ეს არასდროს მითქვამს. საერთოდაც, ჩვენ მხოლოდ ამ სახით და ელექტრონული ფოსტის საშუალებით ვეკონტაქტებით ერთმანეთს.

ეს ხდება დაახლოებით საღამოს შვიდიდან რვის ნახევრამდე ,- მუშაობას ექვსის ნახევარზე ვასრულებთ. შიზუკუსთვის , ისევე როგორც ჩემთვის სახლამდე მისასვლელად  საათნახევარია საჭირო. შიზუკუსთვის კი თხუთმეტი წუთიც საკმარისია შინაურ შიზუკუდ გარდასასახად. შემდეგ კი ჩემთვის მოწერის ვალდებულება აიძულებს მაშინვე მიუჯდეს საწერ მაგიდას და კლავიატურა ააჩხაკუნოს. ამ დროს ის მიყვება იმ ადამიანებზე, რომლებიც შეხვდნენ სამსახურიდან სახლში მისვლამდე. მის საპასუხოდ დრო ხუთი წუთი მაქვს. ასეთია ჩვენი ერთფეროვანი თანაცხოვრების სრული სურათი.

მაქსი ჩემი დროით საღამოს რვა საათიდან ცხრის ნახევრამდე მწერს. თუმცა, არასდროს მიკითხავს ამ დროს რა დროა ედინბურგში. ჩვენი საუბარი მხოლოდ ჩემ მიერ მასთან დატოვებულ კატა მაგას და მისი კვების გრაფიკს ეხება.

ახლა კი ღამის თერთმეტი საათი სრულდება და მოულოდნელად მესმის ხმა, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ შიზუკუ და მაქსისთან ასოცირდებოდა. წყალი გადავკეტე. მხოლოდ საკუთარი გულისცემა მესმის. სველი ფეხებით გავდივარ სამზარეულოში, ბოლთას ვცემ, უკვე მეორედ ვიკბინე მაჯაზე; ხელის თითები მიკალნკალებს, – სიგარეტს რამდენიმეწუთიანი ჩხაკუნის შემდეგ ძლივს ვუკიდებ. ძველი ლეპტოპისკენ გახედვაც კი შიშს მმგვრის.

შიშველ ტანზე გრძელი შავი პალტო გადავიცვი და ქვემოთ ჩავდივარ – მიწისკენ, რომელიც არც ჩემია და არც არავისი. თუმცა, მას წამში მინიმუმ სამი ადამიანი ტკეპნის სწრაფად სიარულის დროს, – დაკვირვებული ვარ. ყველაფრის დათვლა და ყოვლად უსარგებლო სტატისტიკების შეგროვება ჩემი ბავშვობისდროინდელი აკვიატებაა. შემიძლია გითხრა, რამდენჯერ ვახამხამებ თვალს ორმოცდამეორე სართულიდან პირველ სართულამდე ლიფტის ჩამოსვლისას, რამდენი ყუთი მოაქვთ ყოველ დილით ჩემი შენობის წინ მდებარე საკვების მაღაზიის მფლობელისთვის და ყოველკვირეულად რამდენ საჭმელ პაკეტს ყდულობს ერთი ჭაღარა ქალბატონი თავისი პატარა ძაღლისთვის.

წვიმს, მაგრამ ქოლგისთვის  ისევ ასვლა და ისევ იმ წყეული ლეპტოპის ნახვა ამ შემთხვევაში ჩემს ძალებს აღემატება. როგორც მორიგი ნერვული აღგზნების დროს , ახლაც ქუჩის ბოლოს მარცხნივ ვუხვევ, საკანცელარიო ნივთების მაღაზიის გასწვრივ ქუჩის მარჯვენა მხარეს ისუკუს ბისტროს ვუახლოვდები. ვიცი, რომ ჩემი ნახვა ამ დროს ძალიან გაუკვირდება, – დიდი ალბათობით არც სცალია. კარებთან ვწრიალებ და იგივე გზით უკან ვბრუნდები, ბინაში ავდივარ და მაშინვე ვხსნი მეილს.

ჩვენი ბოლოდროინდელი მიმოწერის შემდეგ დიდი დრო გავიდა. არა, პირიქით – დრო გაჩერდა, გაიყინა და ჩემი ყველა ქმედება უდროო და უწონადო სივრცეში ფუსფუსს დაემსგავსა. ყველაფერი მაინტერესებს შენზე. თავი გამისკდა ფიქრისგან, – რას გულისხმობდი აღარ ყოფნა მიჩენს საფიქრალსო? ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან რთული გასაგებია. შენც ხომ ყოველთვის მეუბნებოდი, გრძნობების და სიყვარულის აზრზე არ ხარ, ერთი ჩვეულებრივი რობოტი ხარო. მაშინ ვიცინოდი, მაგრამ აქ არ ვიცინი, – ყოველშემთხვევაში , არავინ მეუბნება რომ ვიცინი. რომ მხედავდე, ალბათ შემახსენებდი.

მიუხედავად იმისა, მზად ვიყავი მუდამ “დამრიგებლური” ტონით მოლაპარაკე რობოტად დავრჩენილიყავი შენთვის. ახლა კი არ ვიცი როგორ ვარ, ვინ ვარ და რას ვაკეთებ – ძნელია საკუთარი თავისი იდენტიფიკაცია მოახდინო ტოკიოს ორმოტრიალში. მართალი ხარ, ზოგჯერ კლუბებშიც დავდივარ, – გამომწვევად ვიცვამ, თმებს ვივარცხნი, ტუჩებზე უფერულ პომადას ვისვამ , მხრებზე იმ შავ გრძელ პალტოს მოვიცვამ ხოლმე და კიდევ უფრო ვკარგავ საკუთარ თავს. ზოგჯერ ხდება, რომ სხვებთან ვრჩები, – ძირითადად კაცებთან, რომელთაც არანაირი კითხვები არ უჩნდებათ.  დილით ფეხაკრეფით მოვიპარები, რომ საკუთარ შუშის გალიაში ნახევარსაათიანი შხაპი მოვასწრო. ამის შესახებ ცხადია შიზუკუსაც არ ვუყვები.

ფანჯრებისკენ გახედვაც არ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთით მთელი კედელი შუშისაა. იქ ძალიან იშვიათად ვდგავარ ხოლმე, – შენ მახსენდები , ამის აღიარებას კი მირჩევნია ისევ ის მეწამული ფარდა ჩამოვაფარო მთელ კედელს.

ტოკიოში შენს გამო გამო გავიქეცი და ალბათ მხოლოდ შენს გამო დავბრუნდები. თუნდაც დიდი ხნის შემდეგ.

ლეა

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s