მთების ჩრდილი

თავიდან იმას ვიტყოდი, რომ აქაურობა მომენატარა – ადგილი, სადაც ცუდად ყოფნის, ამაზე საუბრის, მიზეზების აღმოჩენის და რეაბილიტაციის საშუალება გაქვს. ეს სივრცე არც პასუხს მოგთხოვს, არც თავს დაგიკრავს ყველაფერზე და არც ხელს ჩაიქნევს შენზე შენი შეცდომებით შეშფოთებული. იღებს ყველაფერს, შემოხეტიალებული სტუმრების ჩათვლით, რომლებიც ან გაგიზიარებენ, ან არა. მათ მიმოსვლას ვერც შეამჩნევ და ვერც გული დაგწყდება.

ამ ხნის განმავლობაში, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემგან ელოდნენ, რომ მე დავწერდი ბევრ რამეს. უფრო სწორად , იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ არასდროს გამომელეოდა დრო და ისტორიები, იმ სივრცის გათვალისწინებით, სადაც მე ვიყავი. ფიქრობდნენ, რომ მექნებოდა ენერგია და შემართება ამ ყველაფრის მოსაყოლად. მაგრამ დრო გავიდა, თავში დაბუდებული სიტყვები ნელნელა მოკვდნენ და უამრავი ფურცელი ისევ ისეთი ცარიელი დარჩა. შავი დღიური და თეთრი კალამი კი, ისევ ხეულხლებელი დევს.

თუმცა, მინდოდა ოდესმე შემეჯამებინა ჩემი ორი განსხვავებული წელი, თუ არის შესაძლებელი მსგავსი რამ, – თავი მოუკრა იმ ყველაფერს , რაც ორი წლის წინ დაიწყო და ორი წლის მერე დამთავრდა. ვინაიდან არ არსებობს დასაწყისი კონკრეტული წუთებიდან, საათებიდან და დღეებიდან , და არც დასასრული აქვს ამ ყველაფერს. ის , რამაც თავი მოიყარა ამ დროის მანძილზე, დიდი ხნის წინ დაიწყო , გამოიცადა, და გრძელდება სხვადასხვა განცდების, ემოციების თუ გრძნობების სახით.

მე სანამ ამ ყველაფერს დავიწყებდი, წამოწყებას,_ ჩემს მდინარეში ხელახლა შეცურვის მცდელობას ვუწოდე მდინარ’ება. მე მქონდა ამბიცია, რომ ვიყავი იქ, სადაც მელოდნენ. და მქონდა სურვილი მივახლოვებოდი საკუთარ მდინარ’ებას. გავიდა ორი წელი და ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას, _ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი? მე მაქვს ამაზე პასუხი და მე ვფიქრობ, რომ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი.

სვანეთმა უამრავი რამ მასწავლა ცხოვრებაზე, საკუთარი თავის დაკარგვის ფასად. ეს იყო გასამარჯელო_ მე მას შევთავაზე საკუთარი თავი და მან შემომთავაზა შეულამაზებელი რეალობა. დავკარგე ყველაფერი, და სანაცვლოდ მივიღე მხოლოდ ცოდნა სინამდვილის, როგორც ყველაზე მახინჯი ფენომენის. და როცა ეს ყველაფერი დასრულდა, ვიფიქრე, რომ ამ ცოდნით მძიმე იყო ცხოვრების გაგრძელება და ტარება ადამიანის ყოფისმიერი სიმართლის.

სამყარო, რომელსაც მხოლოდ აღწერით ვიცნობდი, ჰგავდა:

“ჩაკეტილ სივრცეს, საიდანაც არ ჩანდა გამოსავალი, იქიდან აყრა და წასვლაც არავის მოსდიოდა თავში. კედლების ნაცვლად ეს სივრცე მაღალი მთებით იყო შემოსაზღვრული, იქაურობა გაზაფხულზე ყვაოდა, შემოდგომაზე ფოთოლი ცვიოდა, მაგრამ მის შიგნით მოქცეულთათვის თითქოს ერთი დაუსრულებელი ზამთარი იდგა, უსაშველოდ გრძელი ღამეებით…“

ხშირად ვეუბნებოდი ითს (ვუწოდე რა მას ითი), რომ მას შემდეგ , რაც დამტოვა, ვიყავი შიშველი ხორცი ყვითელ , გავარვარებულ უდაბნოში და ცარიელი იყო ჩემი ხელები ასეთი მზიური ნათელის ქვეშ; შემდეგ მივუახლოვდი რა ჩემს მდინარებ’ას, მამცნო მან, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი შედეგია ამ ყველაფრისა, რაც იყო ამ ორი წლის განმავლობაში; რომ ეს იყო კიდევ ერთი მსხვერპლი, რაც გავიღე სინამდვილის შესამეცნად. მინდოდა კი ეს?

„ვიცი, რომ არის რაღაც, რისი სახელიც არ ვიცი, ოღონდ ვიცი, რომ ეს დიდი ტკივილიდან მოდის . თუკი ტკივილი განძი შეიძლება იყოს,მაშინ მე ვიტყვი, რომ  როზეტამ პირწმინდად გაძარცვა თავისი მშობლიური კუთხე.“

და მეც ქიქოძის მიერ „სამხრეთულ სპილოში“ მოთხრობილის არ იყოს, როზეტას მსგავსად, მივირთვი შიშველი სინამდვილე, _ ყველაზე მჟავე, მაგრამ აუცილებელი, როგორც საშენი მასალა ორგანიზმისთვის. მის მისაღებად ყველაზე გაყინული ძალები მოვიხმე საკუთარი წიაღიდან და დიდი ტკივილის ფასად ვიღებდი, ვკარგავდი და ვიძენდი. და ახლა სადაც არ უნდა ვიყო_ სახლის მყუდრო ოთახში თუ ზღვის თვალუწვდენელი სივრცის პირისპირ, მუდამ ამედევნება მაღალი მთების ჩრდილი, როგორც საკუთარი დაკარგული შიშების მოწმე.

დასაწყისი.

Advertisements

One response to “მთების ჩრდილი

  1. ,,ყველა აბი შენს წასვლას რომ გადავაყოლე
    აღარ მადგება ყელზე სიჩუმედ”

    მაგა❤️

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s