ბოლო სამი დღე

fb_img_148307243993029.12.2016
მცივა. გავიგე, რომ ჩემი კოლეგა მესტიაში მიდის. მიუხედავად წინააღმდეგობისა, სასწრაფოდ ვალაგებ ბარგს და მესტიაში მივდივარ. ჩემი ჩანთები ყოველთვის ძალიან მძიმეა. მიუხედავად ექიმის გაფრთხილებისა, ჩემი ტვირთის წონა მაინც არ იცვლება. ნათესავმა მთხოვა, სვანური ყველი შესაბოლად ძალიან კარგია და წამომიღე თუ არ შეწუხდებიო. ვუსრულებ ამ სურვილს და ცალკე პარკში ვალაგებ მის საახალწლო საჩუქარს. მესტიაში რომ ჩავედი, უკვე შებინდებული იყო. ლამაზია ასეთ დროს, – საახალწლო განათებები, თოვლი და სახურავებზე ჩამოკონწიალებული ყინულის ლოლუები. ზღაპრული გარემოა. ზუგდიდის მარშუტკა დილით რვა საათზე გადის. მიუხედავად ჩემი თავპატიჟისა, მასპინძელმა თავისი სასტუმროს საუკეთესო ნომერში დამაბინავა. შხაპს ვიღებ, რატომღაც არაორდინალურად ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ. მიმღები გოგონა მეგრელია, – ძალიან ბევრს ლაპარაკობს და მეც გაღიმებული უემოციოდ ვუქნევ თავს,- არ მინდა იფიქროს , რომ არ ვუსმენ. ვცდილობ, მისი ასაკი გამოვიცნო. ახალგაზრდულად გამოიყურება, მაგრამ მისი დამჭკნარი ხელები უკვე საგონებელში მაგდებს. კაფე ლაილაში ვაპირებ გასვლას, რომ რამე მივირთვა. მიუხედავად იმისა, რომ ბარმენი ყოველ ჯერზე სხვადასხვა სასმელით მიმასპინძლდება და უხერხულად ვგრძნობ თავს,იქაური ატმოსფერო მაინც იდეალურია ჩემთვის. თან მისი გადაჭარბებული ყურადღება ბოლო დროს საერთოდ არ მაწუხებს. უსიტყვოდ დებს „ძღვენს“ ჩემს მაგიდაზე და მიდის. როცა გავდივარ, იდუმალი ღიმილით ჩუმად დამიქნევს ხოლმე თავს. ასე მგონია, რაღაც ძალიან დიდი შეთქმულების მონაწილეები ვართ და მსგავსი მოძრაობებით ინფორმაციას ვცვლით. ამასობაში ჩემი დიდი სასტუმროს პატარა დიასახლისმა ვახშამზე მიმიწვია. და რა თქმა უნდა, რა იქნებოდა ვახშამზე , თუ არა კუბდარი. ისედაც სევდიანი ვარ და დანაშაულის შეგრძნებისგან, ლამისაა თვალები ამეწვას. უნიჭოდ ვიტყუები და არ ვამბობ, რომ ვეგეტარიენლი ვარ. ჩემს უმადობას უკვე მირთმეულ შოკოლადს ვაბრალებ და ისევ მიმღებ გოგონას ვესაუბრები. მიყვება აფხაზეთის ომზე. შეუძლებელია იმ ადამიანმა, რომელმაც ეს ომი გამოიარა, შესაძლებლობის ხელში ჩავარდნისთანავე , ამაზე არ დაიწყოს საუბარი. ერთადერთი გამონაკლისი დეიდაჩემია, რომელიც ყოველთვის თავის არიდებს აფხაზეთზე , თავის მანდარინებიან ეზოზე და ბოლოს გემზე მარტო დატოვებულ შვილებზე საუბარს. მიმღები გოგონა კი ეგზალტირებული იხსენებს , როგორ შეიფარა მათი ოჯახი ერთი აფხაზი პოლკოვნიკის ოჯახმა და როგორ ამოწყვიტეს მათი ოჯახი ქართველების შეფარების გამო. ამბობს, რომ ამ დროს მეთერთმეტე კლასში იყო. კიდევ უფრო ბნელით მოცული ხდება მისი ასაკის გარშემო წამოჭრილი ვარაუდები. ბოლოს თავად ამბობს, რომ ორმოცი წლისაა. ახლა მართლა გაოგნებული ვარ. მის ასაკში ალბათ წელში მოხრილი , უპეებშეშუპებული ქალი ვიქნები, მას კი ასაკი მხოლოდ ხელებზე ეტყობა… ამასობაში, სასტუმროში უზარმაზარი ახლადმოჭრილი ნაძვის ხე შემოათრიეს. გული კვნესას იწყებს. სასწრაფოდ ვემშვიდობები ყველას, მადლობას ვუხდი და ნომერში ავდივარ. ისევ შხაპის ქვეშ ვდგავარ და ვფიქრობ იმაზე, რაც დიდი ტკივილს მაყენებს. ვფიქრობ, როგორ ხედავენ ადამიანები მხოლოდ იმას, რისი დანახვაც უნდათ. ვფიქრობ, როგორ გვპარავენ ამ დროს საკუთარ თავს. ვწვები. მაღვიძარას არ ვაყენებ. ვიცი, რომ ზუსტად იმ დროს გამეღვიძება, როცა საჭიროა. ეს წლების განმავლობაში გამომუშავებული ჩვევაა. შვიდზე მეღვიძება, ორ წუთში ვალაგებ ტანსაცმელს ( ესეც წლების განმავლობაში გამომუშავებული ჩვევაა) და მძღოლს ვთხოვ სასტუმროსთან მოვიდეს. ვჯდები, ყურსასმენებს ვიკეთებ და მთელი გზა ვცდილობ თავი ავარიდო მათ გამაყრუებელ ყაყანს, რასაც სვანური ენა იწვევს, მაღალ ტონალობაში. გაჩერებაზე ლუდს ვსვამ და მოწყენილი გავყურებ უკვე ნაცნობ, ერთფეროვან პეიზაჟს, რომელიც არანაირ ემოციას არ აღძრავს ჩემში. როცა სვანეთის მთიანი ლაბირინთებიდან გავაღწევთ და თვალს დაბლა გაშლილ დაბალ ველებს და გორაკებს შევავლებ, როცა ვხედავ სწორ ჰორიზონტს, – შვებით ამოვისუნთქავ. ეს უკვე კოლხეთია. ეს ის სივრეცა, რომლის სუნიც კი მათრობს. ნელ-ნელა ვლღვები და საუბარში ვერთვები. თუმცა არც თუ ისე ტკბილად. მძღოლი მეუბნება, მეგრულმა ჰაერმა ხმა ამოგაღებინა , მაგრამ თურმე, ჯობდა, ჩუმად ყოფილიყავიო. იცინის. ზუგდიდში ჩამოვდივარ. ცოტა ხანში შეტყობინება მოდის . რატომ ჰგონია ყველა მძღოლს, რომ მგზავრობის დასრულებისთანავე უნდა მომწეროს ხოლმე? ტელეფონს ვთიშავ, ტაქსს ვაჩერებ და სოფელში მივდივარ. ქარი ქრის, რაც კიდევ უფრო მიმძაფრებს იმის შეგრძნებას, რომ ჩემი ბავშვობის ადგილებს ვუახლოვდები. აუცილებლად უნდა მივიდე იქ, აუცილებლად უნდა მეგონოს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

30.12.2016
სახლს ვალაგებ. მართვის მოწმობის ტესტებს ვსწავლობ. შეშას ვჩეხავ, ლამაზად ვალაგებ . ეზოს ვხვეტ, ურიკაზე ვტვირთავ და გარეთ ვყრი. მუშები დაფნას ჭრიან . დედა ჩაფიქრებული ადევნებს თვალს აწონვის პროცესს. მეკითხებიან, ხომ არ გვინდა რომ ავწონოთ საკუთარი სხეულის მასა ( რომ დავრწმუნდეთ მათი სასწორის „უტყუარობაში“). დედაჩემი უარობს, როგორ გეკადრებათო. ისინი მაინც იჟინებენ. რა პრობლემაა- ვამბობ და ვდგები თავიანთ დანჯღრეულ სასწორზე. 66 კილოს ვიწონი თურმე. არასწორია. შემდეგ მეორე მუშა უჩხიკინებს სასწორს თავიდან და მეუბნება, რომ ხელახლა ავიწონო. 61 კილო ხარო. სიცილით ვამბობ , აღარ ვიცი ჩემს წონაზე ვიდარდო თუ უკვე გაყიდულ დაფნაზეთქო. როგორც იქნა, წავიდნენ. დედაჩემი მეუბნება, 50 კილოზე მეტი მაინც მოიპარეს ალბათო. ვეუბნები, რომ აღარ იფიქროს ამაზე. ვიღაცამ დიდი გოგრა მოჰპარა, ხარიც დაეკარგა და ამასთან 50 კილო დაფნა რა მოსატანია. საღამოს ქალაქში მიდის ჩემს დებთან და მიბარებს დილით რა უნდა გავაკეთო. თუმცა, ეს ალბათ არცაა საჭირო. ძროხა ადრეც გამიშვია. ქათმებისთვის სიმინდის დაყრას კი რა უნდა. სახლში რომ შევდივარ, მახსენდება რომ მთელი დღეა არაფერი მიჭამია. შემწვარი კარტოფილი გადავიღე , ცოტა მივირთვი და ამ დროს მეზობელიც შემოდის. მამაჩემი მალხაზის დავუტოვე და ცოტა ხნით გამოვიქეციო. მამამისი ძალიან ცუდადაა, ღამით დგება, ყველას ურტყამს და სახლიდან გარბის. ერთხელ თურმე დედაჩემთანაც მორბოდა, ჩემს სახლთან მკვდარი ძროხა რატომ დამარხაო. მოკლედ, ჰალუცინაციები აქვს. დაკაწრულ ხელებს მაჩვენებს, – ეს წუხელ რომ ვაჩერებდი მაშინ მიქნაო. არ ვიცი როდემდე გავძლებ ასეო. საერთოდ აღარ მძინავსო. თან ამდენ დამამშვიდებლებსაც ვერ ვაძლევო. ძალიან მეცოდება. ვეუბნები, რომ თავი აქვე უნდა დავიბანო, რადგან აბანოში ძალიან ცივა. ვადგამ ღუმელზე წყალს გასაცხელებლად და ვიბან. მეუბნება, ხომ არ დაგისხაო. ჩემი ნაძვის ხე ძალიან სევდიანად გამოიყურება. ხვალ ქალაქში ვაპირებ წასვლას და ოქროსფერ მოსართავებს მოვუტან. ჩემით სათამაშოების დამზადების განწყობა არ მაქვს , არც ენერგია. უბრალოდ შევალ დანიურ სახლში და ვიყიდი. სულ ესაა. ჩემი მეზობელი მალევე მიდის. ცეცხლს შეშას ვუკეთებ, ტელევიზორს ვუყურებ და თან ბრიჯიტ ჯონსის დღიურს ვკითხულობ. გუდრიდის ჩელენჯი წელსაც ვერ შევასრულე, – 67 წიგნი მყავდა „გამოწვეული“ და მხოლოდ 63 წავიკითხე. ფეისბუქზე ვათვალიერებ სურათებს,- ხალხი აჟიტირებულია სიქრით სანტებით, საახალწლო მოგზაურობებით და საყვარელი მეგობრებით. კომპიუტერთან დადებული ნაჩუქარი პეპლებიანი საათისკენ ვაპარებ თვალებს და გული ყელში მებჯინება. შეტყობინებებსაც გადავავლე თვალი. ჩემი და მირეკავს და მელაპარაკება, – მართაზე, სამსახურზე, საჩუქრებზე. იშვიათად ლაპარაკობს ამდენს, მაგრამ ახლა ალბათ ვეცოდები მარტო, ან ჰგონია, რომ მარტო ყოფნის მეშინია ამხელა სახლში და ცდილობს გამართოს. მე კი ამ დროს ძალიან მეძინება. ვიძინებ. დილის 6 საათზე წელის ტკივილი და სიცივე მაღვიძებს. მაშინვე ვდგები, ცეცხლს ვანთებ, ტკივილგამაყუჩებელს ვსვამ და ვცდილობ ისევ დავიძინო. ფიქრები მიტაცებს და ვგრძნობ, რომ თმები საკუთარი ცრემლებით მისველდება. ვერ ვიტან სველი თმა რომ ყურებთან მეწებება. აუცილებლად უნდა ავდგე, აუცილებლად უნდა მეგონოს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

31.12.2016
დილის რვა საათია. ძროხებს ჭას ვუყრი. ნახევარი საათის მერე კი ვუშვებ. პატარამ რქების მოქნევა იცის. ცოტა მეშინია, მაგრამ თოკს სწრაფად ვაძრობ რქებიდან. დიდი ძროხა უფრო მშვიდია, შუბლზე ვეფერები, ის კი უწყინარი თვალები მისჩერებია უკვე ღეროებად ქცეულ ჭას. დღეს ვაპირებ აქა-იქ შემორჩენილი მანდარინი დავკრიფო. მგონი, არაა გაყინული. სავარაუდოდ, ძალიან ტკბილი უნდა იყოს. მიყვარს ეს პროცესი. საკუთარ ეზოში, საკუთარ მანდარინებს რომ კრეფ, შემდეგ კი ღუმელთან ჩამოჯდები და ნება-ნება ფცქვნი. ფეისბუქზე შევდივარ. პარიზი. ლუვრი. ალბათ რა საოცრებაა. როგორც ამბობენ, რამდენიმე დღე არ გეყოფა, მის თავიდან ბოლომდე დასათვალიერებლადო. თუმცა, ვინ იფიქრებს , რომ პარიზი არა ლუვრის, არა ეიფელის კოშკის, არა ცხელ-ცხელი კროასანების, არამედ თავისი სასაფლაოების გამო მიყვარს. კორტასარია იქ, ჯიმიც. და კიდევ ბევრი ვინმეც. მათი საძვალეა პარიზის მიწა. ლუციუსის ახალი სტატუსიც, – “წინა საახალწლო და ზოგადად, ყველა წინარე სადღესასწაულო პერიოდში ადამიანების ერთი კატეგორია საერთოდ ქრება სოციალური ქსელიდან, თითქოს მოხეტიალე ფანტომებად იქცევიან და ხანდახან თუ დაპოსტავენ რამეს უსიტყვოდ. ძირითადად, ასეთი ადამიანები გამოირჩევიან დეპრესიულობით, გულზვიადობით და გარემოსთან კონფლიქტურობით. მათ ტრადიციულ და რუტინულ ადგილს სოციალურ ქსელში ავსებს კონსუმერისტული მასკარადი და აბსურდის თეატრი. საახალწლო ეიფორიაზე დაკვირვება ხომ ცალსახად სევდიანი პროცესია, მაგრამ ამ კონკრეტული ასპექტის შეგრძნება მთელ სიმულაციურ სპექტალს კიდევ უფრო დიდ ტრაგიზმს სძენს”.- ამბობს ლუკა და ძალიან კარგად ვხვდები , რისი თქმაც სურს. მეც ერთ-ერთი იმ მოხეტიალე ფანტომთაგანი ვარ. მგონია, რომ დღესასწაულებში ყოველთვის სასწაულებს ველოდებით და რადგანაც არასდროს არნაირი სასწაული არ ხდება, გული გვიცივდება და ვხდებით მსგავსი დამკვირვებელი ფანტომები. ლუციუსს ძალიან უყვარს „The Hunters in the Snow“. ამიტომ ვიფიქრე, რომ დავამზადებინო, პატარა ჩარჩოში ჩავსვა და საახალწლო საჩუქრად ჩავუტანო ბუდაპეშტში. მეორე სართულზე ავდივარ და წიგნების ნაძვის ხე ვაკეთებ. ხო, ალბათ ლამაზი გამოვა. მერე გავიპრანჭები, მაკიაჟს გავიკეთებ და მასთან სურათს გადავიღებ. აუცილებლად უნდა გადავიღო ამ ნაძვის ხესთან სურათი, აუცილებლად უნდა მეგონოს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

9 responses to “ბოლო სამი დღე

  1. ყველაფერი არც ისე ცუდადაა
    პარიზში საფლავები დაგელოდებიან
    2017 წელს 67 წიგნს წაიკითხავ
    სასწაულებს აღარ დაელოდები, იმიტომ რომ სასწაულები არ ხდება
    თანადათანობით ისწავლი, როგორ დაიცვა თავი ჭრილობებისგან, რომლებსაც საყვარელი ადამიანები გვაყენებენ.

    ახალ წელს გილოცავ მაგა
    მე შენ ძალიან მიყვარხარ❤️

  2. ❤ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. მინდა იმედი მქონდეს რომ გადალახე ეს ყველაფერი და ახლა ძალიან ბედნიერი ხარ. ❤ ყველა იმსახურებს ბედნიერებას

Leave a comment