ვირჯინიად ყოფნის სიმსუბუქე

venice-twilight-monet-lx62oa918qicbtnup7v0kii91gqi0uovduoj0lmyrs-mbm4e3bc0oskp9hebk94vmpbade3yo43hfs0onp5e0

„ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საიდუმლო, რათა დედამიწამ არსებობა არ შეწყვიტოს“

„რა თქმა უნდა, ხვალ კარგი ამინდი იქნება“ – ვამბობ მეც და გულში მტკიცედ მჯერა, რომ ამაზე სევდიანი სიტყვები არცერთ წიგნში არ შემხვდება , – არასდროს. რადგან ვიცი, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც კმაყოფილი სახით შემაქცევს ზურგს და იტყვის, რომ „ხვალ კარგი ამინდი არ იქნება“. ამ დროს ვინატრებ კატის ყვითელ თვალებს, რომელშიც მხოლოდ ტოტების რხევა და ღრუბელთა დინება აირეკლება ისე, რომ სხვა მხრივ ფიქრის ან გრძნობის ნიშანწყალი არ შემეტყობა. ან უბრალოდ ვირჯინია უნდა იყო, ფუნჯით ხელში; თვალებში ვარსკვლავებით; თმაში ქარით; ყოჩივარდების და ისების მოზღვავებით.

ზოგი წიგნი უბრალოდ წიგნია; ზოგი წიგნი კი ხელოვნების ნიმუშია, – შედევრი, რომლის უკანაც ერთი გამხდარი ქალის უდიდესი ძალა, ნებისყოფა, შთაგონება, დაჭიმული ძარღვები და ამომშრალი თვალებია. ზოგჯერ თხრობა წყდება, ვისვენებ და ვგრძნობ, რომ ამ დროს ვირჯინიასა და ტილოს შორის ავმა სულებმა დაიბუდეს. მის ფერმკრთალ ღაწვებზე ცხარე ცრემლები იკვლევს გზას. რამდენიმე წუთიც და თხრობა გრძელდება. ისინი ქრებიან. ვირჯინიას თავიდან ფერის რიტმები უხვად იღვრება და ის საკუთარ ცის ფერთა ტალღებში მიცურავს. შემდეგ კი, საკუთარი სრულყოფილებით დაუკმაყოფილებელს, სევდა ერევა. რადგან იცის, მის მიერ გაცოცხლებული განცდები მალე სხვებში გადაინაცვლებს და მისთვის ისეთივე თვალუწვდენელი გახდება, როგორც ოკეანის კიდეებზე მოქანავე იალქნები. შენი ყველა განცდა უკვე განცდილია სხვების მიერ.

ხომ არიან ადამიანები, რომლებიც სამზარეულოს მაგიდებს ჰგვანან; ან ქოთანში დამჭკნარ მცენარეებს; ან კუთხეში ჩამოკიდებულ მტვრიან ყელსახვევებს, – ვინაიდან, ეს ადამიანები ცხოვრებას კუთხოვან არსთა ჭვრეტაში ატარებენ . ეს იცის ვირჯინიამ და შეიძლება გადაიხარხაროს კიდეც, თუ გაიგებს, რომ ზოგი ადამიანი მხოლოდ საკუთარ სახეზე ამოზრდილ ფერიმჭამელს მაგონებს. არაუშავს. „შეიძლება ვიღაცამ უხეში შეცდომა დაუშვა“, – იტყვის და თელებზე ჩამომსხდარ ჭილყვავებს ახედავს.

„ვირჯინია, ბუნებაში ცოტა თუ მოიძებნება ისეთი თიხა, რომლისგანაც თქვენ გამოგძერწათ“, – ეტყვიან მას და ის, საკუთარ ასეთ სილამაზეში დაეჭვებული დაემსგავსება ბავშვს , ან უბრალოდ ქალს, რომელსაც წონასწორობის აღსადგენად მარტოობა სჭირდება, რათა ნგრევის შედეგები კარგად შენიღბოს. განმარტოვდება, შემოიძარცვავს ყოველგვარ ზედმეტობას და დგას შიშველი ქანის პატარა ნაგლეჯზე ადამიანური სიბნელის და უმეცრების პირისპირ. ფიქრობს იმაზე, რომ ჩვენ არაფერი გაგვეგება, ამასობაში კი, ზღვა ძირს აცლის მიწას, რომელზეც ვდგავართ. დროდადრო ზედაპირზე ამოვდივართ და სწორედ ესაა, რითაც ადამიანები გვხედავენ და შეგვიცნობენ.

„როცა ადამიანი მარტოა, უსულო საგნებში ეძიებს საყრდენს; ხეებში; წყაროში; ყვავილებში; ალბათ იმიტომ, რომ ვგრძნობთ, მათში ავისახებით; ვგრძნობთ , რომ ერთნი ვართ; ვგრძნობთ, რომ ვიცნობთ ერთმანეთს და გარკვეული თვალსაზრისით მართლაც ერთნი ვართ; ამიტომაა, რომ მათ მიმართ ასეთ გამოუთქმელ სინაზეს განვიცდით.“

ასეა საჭირო. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც სიმართლის ხარბი მგზნებარებით ძიების პროცესში, არაფრად არ ჩააგდებენ ვირჯინიას გრძნობებს და დაუნდობლად კარგავენ ადამიანის სახეს. ისინი დაგარწმუნებენ, რომ რიგითი ადამიანი ხარ; ისინი დაგაჯერებენ, რომ ყველაფერი გაივლის; რომ შენი განცდები ახალი არაა; რომ ხელოვნება ერთგვარი სამკაულია; რომ ხვალ „კარგი ამინდი არ იქნება“. ადგებიან და მიგატოვებენ , როგორც „ნიჟარას ქვიშის გორაკზე, რომელიც სიცოცხლისგან დაცლილი, მშრალი მარილის მარცვლებით ივსება“. არადა, თურმე შეიძლება სურათების გალერეის გრძელი დერეფანი ისე ჩაიარო ვინმესთან ერთად , ხელგაყრილმა, რომ არ იფიქრო ამაზე, როგორც დანაშაულზე.

თუმცა, სიმშვიდეც მალე მოდის, რადგან უბრალო კენჭიც კი, რომელსაც ფეხს წამოვჰკრავთ, უფრო დიდხანს იარსებებს, ვიდრე ჩვენ; ან ვიდრე თავად ვირჯინია. იქამდე კი, გასცემს და ფლანგავს; საკუთარ ხორცს იგლეჯს და ერთ ნამცეცს არ იტოვებს თავისთვის, საკუთარი თავის შესაცნობად. ის მუდამ უკმაყოფილოა. როგორ ელავს პეპლის ფრთა ტაძრის თაღზე და ყოველივე ამის სანაცვლოდ მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევითი მონასმი და ეს რამდენიმე სიტყვა წიგნში. სად გაქრა იმ სილამაზის განცდა? ნუთუ მხოლოდ ეს სამკუთხა იისფერი ფორმაა სრულყოფილებისთვის საკმარისი? ასე როგორ უნდა ქრებოდნენ ასეთი მძაფრი ფიზიკური შეგრძნებები?

„ვის შეუძლია თქვას, თუნდაც  უფაქიზესი სიახლოვის ჟამს, მე ის შევიცანი? და ამით ხომ ყველაფერს ვაზიანებთ, როცა ვცდილობთ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ?“

ამ დროს კი, მერამდენედ საკუთარ თავს ვეკითხებით, – რა დავმართეთ საკუთარ ცხოვრებას? მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, – შემდეგ ისევ შევუბერავთ სულს ჯერ კიდევ მოდუნებულ გულისცემას და თავს ვაღწევთ ქარბორბალას, რომელიც რეალობის დანახვაში გვიშლის ხელს. და სიცოცხლეც მხოლოდ თანაგრძნობისთვის გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამყარო სულაც არ არის იოლი და მყუდრო სამყოფელი. ვირჯინიას ყოველთვის შეებრალება კაცები და ყოველთვის გააგრძელებს მათთვის ცხოვრებას, რადგან მათ თითქოს რაღაც აკლიათ ქალებისგან განსხვავებით.

ამდენი წლის შემდეგ, ვირჯინიას ისევ აქვს იმედი, რომ მისი ქორწინება გაამართლებს. ამდენი წლის შემდეგ ვირჯინიას ისევ აქვს იმედი, რომ შუქურამდე მიაღწევს.

„და სიცოცხლე გასავლელი, ანდა უკვე განვლილი,

აღვსილია ხეებით და დაცვენილი ფოთლებით.“

Advertisements

5 responses to “ვირჯინიად ყოფნის სიმსუბუქე

  1. არაჩვეულებრივი პოსტია ❤ აქამდე ვირჯინიას არაფერი წამიკითხავს, მაგრამ რაღაცნაირად ვგრძნობ, რომ ძალიან მომეწონა და ახლოს იქნება მისი ნაწერები ჩემთან :))

  2. ნამდვილად საოცარი წიგნია, ეხლა თავიდან განვიცადე ის ემოციები.

  3. ძალიან კარგად გადმოეცი ემოციები, განვიცადე ისევ მთელი ეს ვირჯინიასეული შეგრძნებები ❤ გოგონების აუცილებლად საკითხავი ლიტერატურაა ❤

    • არა მხოლოდ გოგოების…
      თანაბარი სიმძაფრითაა გადმოცემული ქალთა სახეებიც და კაცთა სახეებიც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s