შენ ჩემი შვილი ხარ

შენ ჩემი შვილი ხარ.

მუზეუმებში დავდიოდი, ხელოვნების ნიმუშების გარშემო ვტრიალებდი და გპოულობდი. ჩემი სამიზნე იყო ყველა თავდახრილი ქალი ჩვილით ხელში. ის ჩვილი შენი იყავი. ვტრიალებდი ქანდაკების გარშემო და ქალის თმები ირხეოდა; თითები თრთოდა ჩვილის ტერფებთან; წელში იხრებოდა სიმძიმისგან; თვალები ივსებოდა გრძნობებით;  ვუყურებდი მის ტანჯვას და ვფიქრობდი, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ გარეთ გავდიოდი, მზის სხივებზე თვალებს ვჭუტავდი და ცივ სასმელს ვწრუპავდი პატარა კაფეში, სადაც ყოველთვის უამრავი ადამიანი ირეოდა. არც ერთმა მათგანმა არ იცოდა ჩემი მაგიიის შესახებ და ჩემი სასმელიც ჩვეულებრივად გამოიყურებოდა ჩემს კანაცლილ თითებში. შემდეგ ისევ ვბრუნდებოდი და თავიდან ვაცოცხლებდი წარმოდგენილს, თუ ეს უკვე რეალური არ იყო. დრო გადიოდა.

შენ ჩემი შვილი ხარ.

როცა სიბნელეში შენი თეთრი სილუეტი კრთოდა,  თითებით ვიკვლევდი გზას შენსკენ, სქმიანი იერით გსინჯავდი და გამსგავსებდი მუზეუმებში ნანახ ჩვილს. ვგრძნობდი, შენ იყავი. ხანგრძლივი დროის მანძილზე ხელებში მყავდი აყვანილი; შენს ტერფებს ვიცავდი სიცივისგან; თვალებში გიყურებდი და ზოგჯერ ჩემი ცრემლებიც გებნეოდა მკერდზე. გცნობდი და გეუბნებოდი, რომ ჩემი შვილი იყავი და მე დედა ვიყავი შენი. ამდენი საუკუნე სიმძიმისგან წელმოხრილი, სევდიანი. შენ იცინოდი, ჩემს თითებს იშორებდი; ეს სიგიჟე გაცოფებდა და ნერვულად იწყებდი ოთახში ხეტიალს. შემდეგ კი აუცილებლად ამზადებდი ჩემთვის კერძებს , რომელსაც მე აუცილებლად მივაყოლებდი ერთ ჭიქა თბილ ღვინოს, რომელიც უმჯობესი იქნებოდა ცივი. ვიგრძნობდი , როგორ დამინამავდა ხელებს ჭიქა და რა სასიამოვნო იქნებოდა თრობა, რომელიც გამაჩუმებდა. დრო გადიოდა.

შენ ჩემი შვილი ხარ.

ერთხელაც აღმოვჩნდი იქ, – ფილებაცვენილ ქუჩაზე, რომელიც ყოველთვის იყო კატიანი, მაგრამ არც ერთი კატა არ ჰაგვდა წინა დღით ნანახს და არც ერთს არ ჰქონდა ერთი ფერის თვალები. ისინი მხოლოდ წამიერად ყოვნდებოდნენ ჩემი ნაბიჯების ხმაზე, შემდეგ კი ისევ ისე ბუნდოვნად და მსუბუქად აგრძელებდნენ გზას. ჯერ კიდევ მწვანე ფოთლები ცვიოდა ხეებიდან და ვერ ვიხსენებდი საიდან მოვედი; ვისთან ვიყავი და ვის გარეშე დავრჩი. ერთადერთი ნაცნობი მხოლოდ ის თავშესაფარი იყო, რომელსაც სორო უფრო ეთქმოდა , – ერთი საწოლით, საღებავაცლილი სკამით და რამდენიმე კაბით, რომლებიც ალბათ ძალიან დიდხანს მეცვა. ადგომისას საწოლს ვკეცავდი, რომ უფრო მოხერხებულად გადამეცვა ერთ-ერთი და გასვლისას აუცილებლად ვუტოვებდი ცარიელ ოთახს გამოსამშვიდობებელ სიტყვას. ცა იყო ნათელიც, მოქუფრულიც, ნაცრისფერიც; ფერადიც. დრო გადიოდა და მე ვსწავლობდი , როგორ უნდა მეცხოვრა შენს გარეშე. რადგან არაფერი ვიცოდი შენზე, გარდა იმისა, რომ ოდესღაც დაგკარგე. დრო გადიოდა.

შენ ჩემი შვილი ხარ.

ვოცნებობდი , მასთან ერთად მენახა „Paris, je t’aime“, – ვიქნებოდი ფრენცის, ის ტომას და გავივლიდით ცხოვრების რეპეტიციებს. დრო გადიოდა. იქნებოდა გვიანი გაზაფხული და ღრუბლის ფთილებიც სწრაფად მოძებნიდნენ ერთმანეთს ცაზე. მე ვყვიროდი, ვყვიროდი, ვყვიროდი. დრო გადიოდა. შენ იხეტიალებდი ცარიელ ქუჩებში და მომძებნიდი ხელის ცეცებით. მე კი ვყვიროდი. დრო გადიოდა.  მე გადმოვიდოდი შენთან საცხოვრებლად, ჩემი ნივთები მოძებნიდნენ ადგილს ყველა კუთხეში. შენ მაჩვენებდი შენს საიდუმლო ადგილებს ქალაქში; გამაცნობდი შენს მეზობლებს, მეგობრებს, მშობლებს; გამასინჯებდი შენ საყვარელს სასმელს. დრო გადიოდა. მე გასწავლიდი შენ და შენ მასწავლიდი მე. შენ მე მომცემდი ყურსასმენებს და მე შენ მოგცემდი ბალიშებს. და ერთ დღესაც მე გაკოცებდი შენ. დრო გადიოდა.

ჩვენ დავიოდით კინოში; ჩვენ ვცეკვავდით; ვყიდულობდით ტანსაცმელს; ვიცინოდით; ვტიროდით; ვეწეოდით; ვცურავდით; ვიპარსავდით; დროდადრო მე ვყვიროდი, ზოგჯერ უმიზეზოდ; ზოგჯერ საწოლში; მე ვყვიროდი. დრო გადიოდა. მე ვუსმენდი შენს მუსიკას, შენ უსმენდი ჩემს მუსიკას. ჩვენ ვიწექით ახლოს ერთმანეთთან, ძალიან ახლოს. ძალიან ახლოს. ჩვენ დავდიოდით კინოში; ვცურავდით; ვიცინოდით; ვტიროდით; მე ვყვიროდი. ძირითადად უმიზეზოდ, – მეტროში, ქუჩაში, საწოლში. დრო გადიოდა. შენ მეცადინეობდი, სწავლობდი, აბარებდი გამოცდებს, სწავლობდი, მე ვყვიროდი. უფრო ხშირად ვყვიროდი. დრო გადიოდა. შენ პატიებას მთხოვდი სიბნელეში.- მე არ მესმოდა. მე იქ არ ვიყავი. დრო გადიოდა. ყველაფერი იყო მარტივი, ადვილი , საოცარი, ახალი . თავისუფლება. დრო გადიოდა.

tumblr_nnusxkFp1j1rxakbko1_500

შენ ჩემი შვილი ხარ.

ზღვა მწვანეა, – ქვიშა თეთრი. გედები ხმაურიანად ირწევიან და ვაკვირდები იმ დისტანციას, სადაც მათი ჩვენდამი შიში მთავრდება. სილიან ფეხებს ვუშვერ ტალღებს და ზღვას ვეთამაშები, წყალმცენარები ფეხებზე მეხვევიან და სიზმრებში განცდილისგან განსხვავებით, არ მეზიზღება მათი სუსხიანი შეხება სხეულზე. შენ აქ ხარ და თან არ ხარ. თვალები გამჭვირვალე და ცვალებადი, – ფერთა თანმიმდევრობას ვიმახსოვრებ და ვაკვირდები რომელი ფერის თვალებში რა განცდა გაგიკრთება. მეცინება და უკვე ნაპირს ვზომავ ნაბიჯებით. აქედან რომ წავალთ, დავსხდებით და დავლევთ ცივ ლუდს, ან ცივ წვენს, – უცხო სასმელებს არ ვეკარები. ახლა კი, იქნებ ნაპირსაც გავცდე და გედებს მივუახლოვდე. ისევ ვიცინი, – მახსენდება ოთახში ტელევიზორიდან გამომავალი გამყინავი ხმები , რომელიც გვატყობინებს მექსიკაში მომხდარ შტორმზე და მსხვერპლთა სავარაუდო რაოდენობაზე. ამ დროს, საწმენდი ჩვრით ხელში უემოციოდ ვხურავ კარებს. ეს ჩემი სამყაროა, სადაც არაა ადგილი სხვა კატასტროფებისთვის, შტორმებისთვის და მსხვერპლებისთვის. ისინი ერთ დიდ ყუთში გამომწყვდეული ადამიანები არიან, რომლებიც სავარაუდოდ, არც არსებობენ, არც უარსებიათ . ათასობით კილომეტრს იქით გოგონა უემოციოდ ხურავს ოთახის კარებს და ყუთიდან გამოსული ხმები ოთახშივე იხშობა.

დრო გადის.

13988877_1403617556321174_166232025_n

Advertisements

2 responses to “შენ ჩემი შვილი ხარ

  1. წავიკითხე. კიდევ ერთხელ წავიკითხე.
    ვიფიქრე. კიდევ ერთხელ ვიფიქრე.

    შვილზეა და შეყვარებულზე
    ერთად, ცალ-ცალკე თუ არც ერთზე (კითხვის ნიშანი იგულისხმე)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s