ბიზონები ჩვენს ტრამალებზე

artmarketwatch11-4-10-5

დღე, როცა უძრავად ჯდომის რეკორდი მოვხსენი , – გაუნძრევლად ჯდომის. მგონი აღარც ვსუნთქავდი. საკუთარ თავში ისე ჩავიძირე, რომ გავხდი უბრალოდ დამკვირვებელი ამ „რეალობის“ , – ის , რაცაა, ტელევიზორი; ტელევიზორში ოდესღაც ნანახი ფილმი „ველურ პირობებში“, შემდეგ „ლამაზმანი“, შემდეგ რაღაც, რაც უკვე გარეგნულადაც ვერ აღწევს ჩემამდე; კიდევ ფანჯრები; ფანჯრებს იქით მთები; სამზარეულოში ფუსფუსი; საჭმლის სუნი; მარიას ცისფერი თვალები; ბადას სათვალეები; იუნგის „რელიგია და ფსიქოლოგია“; და ასე გაგრძელდა ერთ საათს, საათზე მეტს, მგონი ორ საათსაც და კიდევ მეტს.  ნუთუ ესაა რეალობა? ეს მე არ მეხება, ეს ჩემი არააა.

აღარ რჩება სიტყვები. აღარ რჩება არაფერი, რაც ამის მცირე ნაწილს მაინც გამო-ხატავს. არაფერია ჩვენს ხელთ და ამ დროს როგორი პრიმიტიულები ვართ, – ალტამირას ან რომელიღაც გამოქვაბულში მობაჯბაჯე პრიმატები, რომლებსაც პირველად გაუჩნდათ უკმაყოფილების განცდა და დაიწყეს ფხაჭნა ქვებზე, – დაიწყეს რაღაცის გამო-ხატვა. რა უნდოდათ? რა სტანჯავდათ? რამ ააფორიაქა მათი გონება? მხოლოდ ბიზონებმა? ხო, ალბათ ბიზონებმა, – ეს იყო მათი მტერი, მათი საკვები, მათი შესაძლებლობა, მათი წინააღმდეგობა, მათი პირველად გაელვებული აზრი, მათი იდეა. ბიზონები აიძულებდნენ ცხოვრების გაგრძელებას.

და ვარ მე, რაღაც ინდივიდი მილიონი წლების შემდეგ აქ, ამ კედლებში გამომწყვდეული. ყველაფერი შეიცვალა და ამ დროს, საათებს მიტოლებული წამებით გინათდება გონება და ხვდები, რომ არაფერი არ შეცვლილა. უბრალოდ, ბიზონების ადგილი დაიკავებს სხვებმა. და ჩვენც ამის გამო ვაგრძელებთ ამ სიზმარში ყოფნას, – ვუწოდეთ ამას ცხოვრება და ვღელავთ: შემდგომში რა ნაბიჯს გადადგამენ ჩვენი ბიზონები, როგორ გვატკენენ, ან რითი გაგვახარებენ, ან რა ახალ იდეას შეჰმატებენ ჩვენს ცხოვრებას. და კიდევ მილიონი წლის მერე, ვინმე გონიერი, ისევ ჩაიძირება საკუთარ თავში წამიერად და იფიქრებს ჩემზე, როგორც რაღაც აზრისგან დატანჯულ პრიმატზე, რომელმაც თავისი ქვის თუ ძვლის ნატეხით სცადა საკუთარ კედლებზე ამ აზრის ამოფხაჭვნა და მისგან განთავისუფლება.

როცა ლევპტოპი ჩავრთე, მინდოდა სულ სხვა რამის დაწერა, – მესაუბრა ქალებზე, სიყვარულზე, დღევანდელ ფემინიზმზე, 8 მარტზე, სიყვარულად მითვლილ გრძნობებზე, გულდაწყვეტაზე, მტკივნეულ სიმშვიდეზე, გოგოების ყოველდღიურ ტვირთზე, მათ განცდებზე, იუნგზე, ნომადებზე, – მაგრამ შემდეგ ეს  ყველაფერი ისეთი უმნიშვნელო ხდება განზოგადების შედეგად, რომ ვფიქრობ, ამაზე როგორ ვღელავ, რატომ ვღელავ? რატომ ვარ ისეთი პრიმიტიული, რომ ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე ამ არქეტიპული ბიზონების განდევნა ჩემი ცხოვრებიდან? რა საჭიროა იმაზე საუბარი, რაზეც ისედაც ისაუბრებენ სხვა პრიმატები? ფემინისტები; ოჯახური საქმეებისგან თავმობეზრებული ქალები; კაცებისგან მიტოვებული ქალები; ჭკვიანი ქალები; სხვის აზრს აყოლილი ქალები.

ისაუბრებენ იმაზე, რომ  ქალებს ყველაფერი შეუძლიათ, ქალებს მეტი შეუძლიათ, ყოველთვის გაუსვამენ ხაზს მათ ფემინისტურ სულისკვეთებას, ამ საუბარს გაიხდიან ცხოვრების წესად და ამასობაში მათ გასაკეთებელს ისევ კაცები გააკეთებენ, – ხელოვნებაში, პოლიტიკაში, მეცნიერებაში… და დარჩება მხოლოდ სიტყვები, რომლებმაც ვერავითარი ფაქტი ვერ გაამყარა.

ერთი ქართული ქალაქიდან რომ ჩამოვედი მეორე, კიდევ უფრო ქართულ ქალაქში,  დავდიოდი ქუჩებში,- მაღაზიებში შევხეტიალდი, ჯერ სამი ფერადი შარვალი, მერე კიდევ სამი ფერადი შარვალი ვიყიდე, შემდეგ მართასთვის ქინდერი, – და მაინც დავდიოდი მარტო, უაზროდ, ვეუბნებოდი, რომ ბევრი სხვადასხვა ფერის შარვალი ვიყიდე და მას აზრად არ მოსდიოდა , რომ მე ცუდად ვიყავი, რომ სადღაც ქუჩაში შეიძლებოდა ამ დროს ავტირებულიყავი, რომ ეს შარვლები არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ დამეფარა ჩემი ფიქრები. და ვფიქრობდი, – რა სუსტი ვარ. შემდეგ უკნიდან ვიღაც ჩამეხუტა. – ბიძაშვილი, რომელიც ძალიან მიყვარს. „დაჯი, ძალიან მინდა იგივეს გაკეთება, შევძლებ? დამეხმარები?“ – მეკითხება მკაცრი და შეუვალი სახით და სადღაც ჩემს მიღმა იყურება , – „მე ვიღაცისთვის სამაგალითო ვარ“. უცნაურია. აუცილებლად დავეხმარები და მხოლოდ მსგავსი ნაბიჯები თუ იქნება პასუხი იმ ყველაფერზე, რასაც ეს ქალები „მოითხოვენ“.

Advertisements

5 responses to “ბიზონები ჩვენს ტრამალებზე

  1. ისე, რა კარგი შეგრძნებაა როცა ვინმესთვის საჭირო ხარ… და უძრავად რეკორდის მოხსნა მინდა 😀 😀

  2. ბიზონების მაგივრად cgi კადრები, კომიქსები და ხატულა სიტყვები. good point bro. so sad though

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s