ჩემი საყვარელი ორეული

image

არიან გოგოები, რომლებსაც სძულთ ცერეცო, ცერეცოს ჩაი, საკუთარი ტკივილადქცეული სიყვარული და ლოდინი. არიან გოგოები, რომლებსაც უნდათ მოწევა, მაგრამ ვერ ეწევიან , – იმიტომ რომ ეს არამწეველი ქმრის მანქანაა და  ვალდებულები არიან ქმარს უთანაგრძნონ; არიან გოგოები, რომლებიც ზღვიდან ამოიზარდნენ და რომლებმაც ზღვას გაატანეს თავიანთი დამღუპველი სიყვარული; არიან გოგოები, რომლებიც საკუთარ შვილებს ლეკვის ყოლას მხოლოდ იმიტომ უკრძალავენ, რომ ეს მათ ერთადერთ დედობრივი მოვალეობად მიაჩნიათ;  არიან გოგოები, რომლებმაც საკუთარი თავი დაივიწყეს და თავიანთი რთული ცხოვრება საკუთარ ორეულებს მიანდეს.

მათი გრძნობა ნაზია, უსუსური, ნემსის ჩხვლეტასავით წამიერი და უსასარულო ლოდინისთვის განწირული. მათი გრძნობა ჭრილობას ჰგავს, რომელიც არ ხორცდება, – მას მხოლოდ აბრუებენ ნათხოვარი ცხოვრებით, ნათხოვარი მანქანებით, ნათხოვარი ქმრებით, ნათხოვარი სიყვარულით, ნათხოვარი სამსახურით, ნათხოვარი კომფორტით. შემდეგ უკვე აღარ იცი ვინ ხარ და შენი ორეული ხდება ყველაზე ნამდვილი, ხელშეუხებელი, მორგებული ყოველგვარ მტანჯველ რეალობას.

ყველაზე რთულია თვალი გაუსწორო იმას, რაც ყველაზე მეტად გვაფორიაქებს, – ჯობია დრო საკუთარ ორეულებს დავუთმოთ, – საკუთარი თავის აჩრდილებს, რომლებსაც უდრტვინველად ავკიდებთ მხრებზე ყველა ტკივილს, პრობლემებს და დანაკუწებულ გრძნობებს. მაგრამ საკმარისია, გამოჩნდეს ის, ვისაც ველოდით და ეს საყვარელი ორეულები ისე გაიძურწებიან შენი ფართო და სნობური აპარტამენტებიდან, თითქოს შენთან ერთად არ ევლოთ მთელი ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან შეხვედრებზე; საკუთარი შვილის სპორტდარბაზში; ქმრის ინტელიგენტ მშობლებთან; ბარებში; სამსახურში; პიკნიკებზე; მოჩვენებითი სიმშვიდით ჩავლილ ოჯახურ ვახშამზე.

ერთხელაც ისე უჩუმრად აიკრავენ გუდა-ნაბადს, ლამისაა დარწმუნდე, რომ ამდენი ხანი ამ ყველაფერს შენ უძლებდი და არა წლების წინ ადევნებული ორეულები. ამ დროს პანიკა გიპყრობს, მთელი სამყარო თავზე გენგრევა და გგონია, რომ საკუთარი დის მიერ შემოთავაზებული ცერეცოს ჩაისაც კი აკრძალული სიყვარულის გემო დაჰკრავს. ეს ისაა, რასაც ვერც ინათხოვრებ და რასაც სხვას ვერ გადაულოცავ. ოდესმე ისევ მოგიწევს ყველაფრის გახსენება და საკუთარ თავთან , საკუთარ დასახიჩრებულ სიყვარულთან დაბრუნება. საყვარელი ორეულები  ადრე თუ გვიან აუცილებლად გვტოვებენ და ის განცდა , როცა აღარ იცი ვინ ხარ, ისევ ისეთი სიმძლავრით გიპყრობს.

ნინო ხარატიშვილი წიგნში „ჩემი საყვარელი ორეული“ გვახსენებს იმას, რის დასავიწყებლად წლები და გამოგონილი ორეულები დაგვჭირდა – ოჯახის მტკივნეული ისტორიები; ბავშვობის სიყვარული; ზღვის პირას გატარებული დღეები და ბოლოს , რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, აფხაზეთი. ერთი შეხედვით ძალიან რთულია იპოვო გადაკვეთის წერტილები ბალტიის ზღვასა და შავ ზღვას ; გერმანიასა და საქართველოს; სიყვარულსა და ტკივილს; ივოსა და ლადოს ცხოვრებისეულ ტრაგედიებს შორის. მაგრამ მწერალი ახერხებს ამ ყველაფერს საერთო პატერნი გამოუნახოს და ერთ დიდ თავბრუდამხვევ ისტორიად აქციოს.

„ჩემი საყვარელი ორეული“ ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, რომლისგანაც არაფერს ელი, იმდენად, რამდენადაც ნინო ბევრისთვის ნაცნობი, მაგრამ შენთვის უცნობი მწერალია. მაგრამ მაინც გიპყრობს უჩვეულო შფოთვა. იქნებ ეს იმის დამსახურებაა, რომ ის დედის უჩვეულო საჩუქარია; ან იქნებ სწრაფად ამოკითხული ქსერქსე-კატის ისტორიის; ან იქნებ გულმა გიგრძნოთ ზღვის ნაპირებთან განცდილი უჩვეულო სიყვარულის ისტორია; ან იქნებ ანოტაციაში ამოკითხულმა აფხაზეთმა მიიპყრო თქვენი ყურადღება, რომელსაც გვერდი ვერც ერთმა ქართველმა მწერალმა ვერ აუარა; ან იქნებ ამ გარეკანის დამსახურებაა, – წელში მოხრილი, ნეკნებამოჩრილი გოგო, რომლის სახეც არ ჩანს, მაგრამ იცი , რომ მას მკრთალი და სველი, ტირილისკენ მიდრეკილი თვალები აქვს, – . რეალობისთვის ზედმეტად სევდიანი და დაღლილი. ბევრი მიზეზია, რამაც შეიძლება ნინო ხარატიშვილის წიგნებამდე მიგიყვანონ.

როცა ტკივილი და მონატრება ასეთი ძლიერია, რთულია ერთ ლაბილურ გოგოს გახსოვდეს, რომ უამრავი გამოუყენებელი შესაძლებლობების ტყვე ხარ. რთულია გახსოვდეს, რომ სხვისი დღეებით ცხოვრობ. დავიწყება მხოლოდ და მხოლოდ ღიმილია ნანგრევებში. საყვარელი ორეულები  კი ადრე თუ გვიან აუცილებლად გვტოვებენ.

FB_IMG_1455991746484

Advertisements

5 responses to “ჩემი საყვარელი ორეული

  1. მაგა,
    ამ ბოლო დროს ჩემი ,,მე” და ორეული ერთმანეთში მერევა, ზოგჯერ მგონია ,,მე” გამოვიგონე და ორეული ნამდვილად არსებობდა ზოგჯერ პირიქით…

    რაც არ უნდა იყოს, შენ ხარ ჩემთვის სასწაული გოგო:* შენს გამო ამ წიგნს წავიკითხავ:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s