კელი

12278820_1080158535349309_5089872347144672249_n

ამ დილით რომ გავიღვიძე და გვერდით ყავაგადაღვრილ „შავ წყალს“ მოვკარი თვალი, გავიფიქრე რა ჯანდაბად ვკითხულობ ამდენ უაზრო წიგნსთქო და ისევ დავხუჭე თვალები. თუმცა, როცა მსგავსი აზრები აფუთფუთდებიან, ძილის გახანგრძლივება რთულია. ინსტიქტურად მობილურს დავავლე ხელი . არაფერი. არც ერთი ახალი შეტყობინება. ამდენი უაზრო კელი გარშემო და ჩემს შიგნით.

„ეძღვნება ყველა კელის“

კელი შავ წყალში იხრჩობა. დასასრული.

ეს ის შემთხვევაა, როცა კელის უფერულ ცხოვრებას მხოლოდ საკუთარი ტრაგიკული სიკვდილი ანიჭებს მნიშვნელობას.რამდენად ბანალურია ცოლგაყრილ, პატივცემულ სენატორზე ორი დღეში შეყვარებული შვილისტოლა კელის ისტორია? ის საშუალო სილამაზის, საშუალო განათლების უფერული გოგოა და სენატორის გადამეტებული ყურადღება თითქოს მისი სიცოცხლისკენ მობრუნების, ნამდვილ ამერიკელ გოგოდ ჩამოყალიბების უკანასკნელი შანსია.

შემდეგ მანქანა (ტოიოტა) მოცურდა და გზიდან გადავიდა, შავ , სწრაფად მდინარე წყალში გადავარდა და მგზავრისკენ დაგვერდებული, სწრაფად დაეშვა ფსკერისკენ.

და მაინც , რა ჯანდაბად ვკითხულობ ამდენ უაზრო წიგნს?- თან აუცილებლად დავსძენ ხოლმე ნიშნისმოგებით, – „ყველა წიგნი საჭირო დროს მოდის ჩემამდე“. თითქოს ყველა წიგნი, რომელსაც ვკითხულობ, სწორედ მაშინდელ ჩემს ემოციებს და შეგრძნებებს ერგება. ამ დროს კი, მოულოდნელად აღმოვაჩენ, რომ ეს მე ვარგებ თითოეულ პერსონაჟს ჩემს ემოციებს. ისინი თავის ჭკუაზე მათამაშებენ.

მეგობარს ვეუბნები (მეგობარს, რომელსაც მხოლოდ არა-ჩვეულებრივი გოგო ვგონივარ და არა მეგობარი ან შეყვარებული), რომ ყველანი კელის ვგავართ – „იცი, ჩვენ იდიოტები ვართ“. ოკ. ისმის პასუხი. ვერც კი ვხვდები, რატომ ვხვევ ჩემს ძვირფას პეტრას ამ შარში. არადა, ორივეს წყალივით გვწყურია გრძნობები, უფერული კელის არ იყოს. იქნებდა, ერთხელაც ამ შავმა წყალმა ჩვენც ამოგვივსოს ფილტვები. და დაწერონ ჩვენზე:

„ეძღვნება ყველა კელის“.

(იგულისხმება, რომ ეძღვნება ყველა უფერულ, ჭკვიან, დეპრესიულ, მიტოვებულ, ფრთებმოტეხილ და განწირულ კელის).

სწორედ ორი დღის წინ ისეთი დაბნეული და დაუცველი ვიყავი, რომ ვფიქრობდი რომელ შავ წყალს მივცე თავითქო. ცხადია, არც მიფიქრია, რომ კანალიზაციის, შმორის, ბენზინის და საკუთარი შარდისგან აყროლებულ შავ წყალში გადავეშვებოდი თავით. არადა, თურმე მართლაც არიან გოგოები, რომლებიც ირჩევენ საკუთარ გზას, რომელმაც შეიძლება ისინი შავ წყალში მოისროლოს. – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ისინი იბრძვიან საკუთარი განსაკუთრებულობისთვის და ნამდვილ ამერიკელგოგოოობისთვის.

1.მე ვარ ხარბი კელი, რომელიც ხარბდება პოპულარულ და ჭკვიან ადამიანებს.

2.მე ვარ კელი, რომელსაც ძალიან სიამოვნებს, როცა მის სახელს ჩუმად და ვნებიანად წარმოსთქვამენ.

3.მე ვარ კელი, რომლის თვალებში ანგარიშმიუცემელ შეხებაზეც კი ტკვილის ნაპერწკლები ფეთქავს.

4.მე ვარ კელი, რომელსაც ერთხელაც შავი წყლით ამოევსება ფილტვები.

მადლობას მოვახსენებთ ჯოის კეროლ ოუტსის ამ არაჩვეულებრივი ამბისთვის, თხრობის მანერისთვის, არამოსაწყენობისთვის და ყველაზე მთავარი, – იმისთვის, რომ კელის სახელი დავიწყებას არ მიეცა. ჩვენ მუდამ გვემახსოვრება შავი წყლისთვის განწირული კელი-გოგოები, რომლებიც მთვარისთვის უკანასკნელი მზერის შევლებას იმსახურებდნენ.

კელი და სენატორი ტოიოტაში უსმენენ ბითლზებს. 

Advertisements

13 responses to “კელი

  1. გოგოებიო, მდინარეო, შავი წყალიო, დახრჩობაო და აჰა…

  2. არადა იცი მართლა რა ცუდია გონებისთვის ბევრი უვარგისი ლიტერატურისა თუ ფილმის ნახვა? დარწმუნებული ვარ, იცი, შენ ისეთი გონიერი გოგო ხარ.
    😐
    ხანდახან მინდა ხოლმე დავივიწყო ბევრი წიგნი თუ ფილმი, რაც წამიკითხავს და მინახავს. ბევრი ისეთიც კი, ხელოვნების ნიმუშად რომ ითვლება, სინამდვილეში კი, გაწმენდილი გონების გადასახედიდან, ავადმყოფი სულებისა და აბსოლუტურად ამორალური ხალხის დაწერილია. შეიძლება ძალიან მოხუცი ქალივით ვმსჯელობ, რაც არ მაწუხებს, მოხუცობაზე კარგი რა უნდა იყოს, ყველაფრის თქმა და რჩევა შეგიძლია, რადგან ასაკი ამის უფლებას გაძლევს :ლოლ: :30:
    როცა გრძნობ, რომ არ გჭირდება და არაფერ სასიკეთოს არ გაძლევს, ადექი და დახურე ის წიგნი. მერე როცა “გაიზრდები” და შვილები გეყოლება, ძალიან შეგიშლის ხელს ბევრ რამეში.
    მე ძალიან მიშლის ხანდახან.

    • სოფი, ნუ აბრალებ შენ თავს ასე ხშირად “ძველმოდურობას” :)) ეს უბრალოდ წინდახედულობა და გონიერებაა. მეც ასე გადავწყვიტე, რომ ძალიან არ გადავიტვირთო უსარგებლო წიგნებით და ფილმებით მითუმეტეს.
      თავად “შავ წყალს” რაც შეეხება, მშვენიერი წიგნია, თან რეალურ ამბავზე დაყრდნობით, თან ქალის დაწერილი…მოკლედ , ბევრი მიზეზი მქონდა წასაკითხად :))

      ლამაზ დღეს გისურვებ ❤

  3. დავსევდიანდი 😦
    მეც ერთ-ერთი კელი ვარ და ამას ვერაფრით ვშველი.
    მოვიწყინე.

  4. ხან “კელები” ვართ, ხან “ქეითები” ქალები… ისე გარდამავალია ადამიანების ბუნება რომ საზღვარი არ აქვს გრძნობათა და განწყობათა ცვალებადობას…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s