პერსეპოლისი. Princess of darkness

ხო. ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლება ითქვას მარჯან სატრაპის პერსეპოლისზე , – იმაზეც ვფიქრობ, ვინც ეს ლურჯი წიგნი მათხოვა და იმაზეც, მართლა ყველაზე თბილი ფერია თუ არა ლურჯი (?) არ ვიცი, და ალბათ არც არასდროს მეცოდინება; ასე უსასრულოდ დაველოდები უცხოპლანეტელ უსქესო არსებას, რომელიც მომიახლოვდება, ხელს ჩამჭიდებს და თავის პლანეტაზე მამოგზაურებს, დროდადრო გამიღიმებს და თავის, მაგრამ ჩემთვის გაუგებარ ენაზე მომიყვება მათეულ უზენაეს გრძნობებზე. იქნებ, ეს სულაც არ იყოს ისეთი ლამაზი , როგორც წარმომიდგენია, მაგრამ ცდად ღირს.

„პერსეპოლისი სად არის?“ – მეკითხება ჩემი მოსწავლე ისტორიის გაკვეთილზე და ერთადერთი რასაც ვაკეთებ, რუკაზე მივანიშნებ. არ ვიცი რა ვუპასუხო, – მოვუყვე მარჯიზე და მის დანგრეულ პერსეპოლისზე; მოვუყვე ქალთა ხვედრზე; თავსაბურავებზე; თავისუფლების სახელით მისჯილ უსამართლობებზე; ქვოვანი ქალაქის ისტორიულ მნიშვნელობაზე; თავსგადახდენილ ბრძოლებზე; აქემენიდებზე; როგორც ხელოვნების ნიმუშზე; 2007 წელს გდაღებულ ანიმაციაზე; თუ უბრალოდ , მივანიშნო რუკაზე მკრთალად მონიშნულ წერტილზე. საბოლოოდ კი დასევდიანებული , მხოლოდ ბოლოსხსენებულს ვაკეთებ.

პერსეპოლისი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, – სურათების და წინადადებების ერთიანობა თავდაპირველად ქაოსს ქმნიდა , მაგრამ საბოლოოდ ერთ დიდ უწყვეტობად იქცა; სადაც ყველაფერი ერთმანეთს ავსებს. ეს ყველაფერი სატრაპის ჯადოსნური ჯოჯოხეთია. ვფიქრობ, სხვაგვარად როგორ უნდა გადმოსცე მისი პერსეპოლისური ოდისეა, – ეს არის განუწყვეტლივი მონაცვლეობა სამოთხის ჯოჯოხეთში და ჯოჯოხეთის სამოთხეში, – როგორც ირანი ავსტრიაში და ავსტრია ირანში, – როგორც აზია ევროპაში და ევროპა აზიაში. მარჯი კი ეძებს გზებს, როგორ შეიძლება მისი სამოთხე აღმოჩნდეს სამოთხეში. ეს მტკივნეული ძიება კი დღემდე გრძელდება. უშედეგოდ.

მარჯი პატარა გოგოა, რომელიც ცხოვრობს ძალიან უცნაურ და საშიშ ქვეყანაში; ყავს მზრუნველი , განათლებული მშობლები; ყავს არაჩვეულებრივი სურნელოვანი ბებია, რომელიც ყოველ დილით ჟასმინის ფოთლებს იფენს მკერდზე; ყავს არც თუ ისე სასაცილო მეგობრები და საშიში მასწავლებლები. მზრუნველი მშობლები გაგებით ეკიდებიან მარჯის განსაკუთრებულობას და მეამბოხე ბუნებას, – მარჯი ძლიერია, ის მოუსმენს აკრძალულ სიმღერებს; ის ადრეულ ასაკში ჩუმად მოწევს სიგარეტს; ის ყოველთვის ჩაიცვამს ჯინსის ქურთუკს; ის ყოველთვის შეეპასუხება მასწავლებლებს; ის ყოველთვის იოცნებებს წინასწარმეტყველობაზე; ის წავა ევროპაში სასწავლებლად; ის ყოველთვის გაიკვლევს თავის გზას და მშობლებიც ცხადია, არასდროს შეუშლიან ამ ყველაფერში ხელს. ამას გაიხსენებს წლების შემდეგ ვენიდან ირანში დაბრუნებული მარჯი და აკანკალებული ხელებით გაუწვდის სიგარეტს დედამისს.

მარჯის არ იყოს , ახლა თავს ევროპიდან ირანში გამოქცეულად ვგრძნობ – ვიცი მწარე სიმართლე, მაგრამ ეს ყველაფერი მშობლიური და ტკბილია. მორებზე ჩამოკიდებულ ფეხებს უაზროდ ვაქანავებ და გავცქერი მთებს, ყანებს და უკვე მერამდენედ, დანანებით ავღნიშნავ გონებაში , რომ აქ ფრინველები არ არინ. აქ არასდროს არ მაღვიძებს ჩიტების ჟღურტული. მხოლოდ მიუწვდომელი თოვლიანი მთები,- და ამ დროს ვფიქრობ, სად გაქრა ჩემი ოთახი, სადაც მზის სხივები ჩემს სახეზე ცეკვავდნენ; სადაც ჩიტები ფანჯრის რაფაზე შემომსხდარნი შეუწყვეტლივ ხმიანობდნენ; სადაც თეთრი ფარდა სიოსგან ნელა ირხეოდა; სად გაქრა ჩემი საწოლი, საიდანაც ხელებს ფრთხილად შევავლებდი ხოლმე დედაჩემის ჯერ კიდევ თბილ საწოლს. და ამ დროს ახალგამომცხვარი პურის სუნი და სითბოც ნელ-ნელა აღწევდა ჩემს არსებაში, – სხეულში, რომელმაც ამის გარდა არა იცოდა რა.

პერსეპოლისი მსგავსი ნოსტალგიებით არის გაჟღენთილი, – რომელიც გადამდებია იმდენად, რამდენადაც ყველა ეპიზოდი საკუთარი ცხოვრებიდან აღებულ მაგალითს ჰგავს. სახლი; სხვა ცხოვრება; სინანული; დედა; სწავლა; სასმელი; სიგარეტი; მობილური; უპასუხო ზარები; ისევ დედა; ისევ სასმელი; მეგობრები; კარგი მეგობრები; ცუდი მეგობრები; კარგი ქულები; ხანდახან ცუდი ქულები; ბიჭები; გოგოები; უხასიათო მოხუცები; უკვედაძრული ავტობუსები; სასმელი; არაფრისმომცემი სამსახურები; სიცხე; ცხელი ღამეები; დედა; უპასუხო ზარები. და ეს გრძელდება იქამდე, სანამ ისევ დაბრუნდები საკუთარ სახლში, ხელს გადაუსვამ დედას ჭაღარაშერეულ თმებზე და ეტყვი, რომ ძალიან დაკავებული იყავი, ბევრს მუშაობდი, ბევრს მეცადინეობდი. და ოდესაღაც დაბარებული სიტყვები „იყავი შენ თავთან მართალი“  ხელიდან გეცლება და უკვე ძალიან ყრუდ ჩაგესმის შორიდან.

ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა რომ მოხდეს. ირანში წარმოდგენილი ევროპა განსხვავდება ნამდვილი ევროპისგან; ევროპაში წარმოდგენილი ირანი კი ძალიან განსხვავდება რეალური ირანისგან. ყველა თავის ტვირთს ატარებს, – ირანშიც და ავსტრიაში.

გაკვეთილიდან რომ გამოვედი, ყურსასმენები გავიკეთე, მარჯის საყვარელი ჯგუფის ამოჩემებული სიმღერა ჩავრთე და ნელა გავუყევი ტალახიან გზას, – მადო მიახლოვდება და თავის წაკითხულ წიგნებზე მიყვება, – ვგრძნობ, რომ ძალიან სჭირდება ადამიანი, რომელსაც თავის მოზღვავებულ ემოციებს გაუზიარებს. მე ყველაფერი გავიარე; ის კი ახლა ადგას ჩემი და მარჯის გზას, – ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში? წავა დედაქალაქში? გაცვლის ყველაფერს ღამის კლუბებში და სამელში? დატოვებს უპასუხოდ დედამისის ზარებს? მე ვეუბნები, რომ სხვა პერსეპოლისიც არსებობს, გარდა სკოლის გაცრეცილ რუკაზე მკრთალად მონიშნული წერტილისა, – ეს მარჯან სატრაპის „პერსეპოლისია“ და ვპირდები, რომ აუცილებლად ვათხოვებ ამ წიგნს. იქნებ გაიგოს; იქნებ ვერ გაიგოს. მაგრამ ოდესმე აუცილებლად გაიხსენებს.

Advertisements

13 responses to “პერსეპოლისი. Princess of darkness

  1. აუუ , რა საყვარელი ხარ და როგრო ველოდები ხოლმე მანდ დაწერილ შენს ბლოგპოსტებს :*

  2. ანიმაცია ძალიან მომეწონა, ამასაც დაველოდები.

  3. ეს ნაწარმოები მეც ისე ტკივილიანად მიყვარს, როგორც შენ დაწერე და როგორც ავტორს უნდა გადმოეცა: ახლობელი და მტკივნეული. საქართველოზეც ასეთი განცდა მაქვს. მარჯის ოჯახის წევრები მომწონს ძალიან 🙂

    ირანი ინსტაგრამზე მაქვს გამოწერილი და ვერ ვძღები მათი ჯადოსნური ფოტოების დასეივებით.

    • ხო…ასე მგონია, ყველა ჩვენგანისთვის მტკივნეული თემაა.
      და მარჯის მშობლებისნაირი პროგრესიული ადამიანები , ვფიქრობ, არა მხოლოდ ირანში, ყველგან იშვიათობაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s