With God on our side

tumblr_ni2vm5zod31rv2dfko1_540

ადამიანი ათასი წელია შვრიის ფაფას ჭამს და არამგონია რვა წლის ბიჭს ამის შეცვლა შეეძლოსო __ ითქვა ასე ერთ ფილმში და ცხადია, არაფერიც არ შეცვლილა – ყველაფერი პატიებით და ლოცვით დასრულდა. სამყაროსთვის, როგორც შვრიის ფაფის მჭამელთა ჯოგისთვის არაფერი გადასხვაფერებულა – მხოლოდ მოხდა ის, რომ ერთი არსება გამოეყო ამ წესრიგს და შეჭამა არა შვრიის ფაფა, – არამედ ის, რისი ჭამაც უნდოდა. თუმცა, არც ამით შეცვლილა არაფერი. სამყარო ისევ ერთი წერტილისკენ მიექანება მტკიცედ არჩეული გეზით. შეურყევლობისგან და უცვლელობისგან გამოწვეული გაოგნებაც კი წამის მეასედებში იკარგება ამ გზაზე. _ ისე ჩაგიქროლებს გვერდზე მილიონობით ასეთი ჯიუტი არსება, რომ შენც ერთი ჩვეულებრივი ნაწილაკი ხდები – ყველაფერი ბადეში გამომწყვდეული ათასობით თევზის ბრძოლას ემსგავსება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით კი ფართხალებენ უთანასწორო ბრძოლაში, მაგრამ საბოლოოდ ყველანი ერთად წყლის ზედაპირისკენ მიიწევენ.

ასეთ დროს გინდ დესპოტი მამის წინ მორჩილად მოდრეკილი ბავშვი იყავი და გინდ პატარა თუნუქის დოლიანი ოსკარი, რომელმაც ჯიუტად გადაწყვიტა არ გაიზარდოს. მთავარია მგრძნობიარე არ იყო, თორემ მიზანთროპობა არ აგცდება. ეს ადამიანები , – შეშლილები, აგრესიულები, ბოროტები, მლიქვნელები, ამბიციურები, მატყუარები, – საკუთარ სიმახინჯეზე რომ ჩაგჩიჩინებენ ბოლო წუთამდე – და ამ დროს, თვითდესტრუქციის მანქანა ისევ სათანადოდ გამართავს მექანიზმს და რთავს შენში ყოველგვარ უუნარობას, უგუნურებას. თვალს თვალში ვუყრით ერთმანეთს , გვგონია ერთმანეთს ვხოცავთ აუღელვებლად, საკუთარი სარკაზმით შეიარაღებულები და ამ დროს თვითგანადგურებას ვიწყებთ. თავად ვშლით საკუთარ არსებას-ერთადერთ რამეს, რაც გაგვაჩნია; თავად ვაძლევთ საკუთარ თავს ნებას ღმერთი განზე გავწიოთ და სულ-გული ამოვიჭამოთ.

ათასგვარი ფერები ამოარჩიეთ და ამ ფერებს ამოფარებულებმა, თითქოს ყველაზე ჰუმანურებმა და ლიბერალებმა , ყველაზე სამრთლიანებმა, ყველაზე შეუდრეკელებმა, სხვა ფერებს ამოფარებულების ღირსება შეურაცხყავით – საკუთარ პრინციპებს უღალატეთ და დაემსგავსეთ ბრმებს ან თვალებახვეულებს – მიზანმიმართულად, – რომლებიც არც გიყურებენ და ისე გარტყამენ მომარჯვებულ იარლიყებს;  მომზადებული პასუხებით, მომზადებული კითხვებით, მომზადებული ფასეულობებით; გხედავენ მხოლოდ მუქ ფერებში, აჩრდილებად, რომლებიც უაზროდ და უხალისოდ დაძრწიან შენს გარშემო, – არა იმის გამო, რომ  მართლაც უფერულები და შავბნელები არიან, – არამედ იმიტომ რომ თავად მათ, ლამაზფერიანებმა  აირჩიეს ევლოთ თვალებახვეულებს , – ამ დროს თითქოს ზედმეტი შინაგანი სინათლისგან დაბრმავებულებს თავად დაავიწყდათ საკუთარი “მოძღვრება”, რომ თურმე უნდა გვიყვარდეს ყველა ერთნაირად სქესის, რელიგიის, კანის ფერის გაუთვალისწინებლად. – და ამ დროს ათეისტებმა დასცინეს თეისტებს;  ლესბოსელებმა ჰეტერო და ბისექსუალ ქალებს; ბისექსუალებმა ჰეტეროებს; ვეგანებმა  ვეგეტარიენლებს;  ვეგეტარიენლებმა ხორცისმჭამელებს;  ძროხისხორცისმჭამელებმა კატისხორცისმჭამელებს.

და ამ დროს წარმოიდგინეთ 13 წლის ყურებდაცობილი , ჭექა-ქუხილის ფობიით შეპყრობილი ბიჭი, რომელსაც ერთ ასეთ საღამოს აღელვებისგან გამხდარ მხრებზე ოფლი ასხამს და აკანკალებული გეუბნება მეტი აღარ შემიძლიაო. ვაკვირდებოდი და ასეთი ვიყავი (როგორც ზემოთაღწერილი სანდრო) – მინდოდა ვყოფილიყავი უსქესო, უსუნო, უფერული არსება , ჯერ კიდევ არსება, რომელშიც ისე გაივლიდნენ, როგორც არარაობაში; რომელსაც ვერავინ აღიქვამდა, ვერავინ შეეხებოდა, – ვერც ადამიანი და ვერც ჭექა-ქუხილი. რადგან გაუსაძლისი გახდა ვყოფილიყავი იმ რომელიმე ფერის, დაჯგუფების, სექტის თუ ათასი ადამიანური ნაყარის ნაწილი, რომლებსაც მხოლოდ ერთმანეთის მოჩვენებითი არამსგავსება ასულდგმულებთ. ამ ყველაფრის გაცნობიერება და აღიარება არ იყო ადვილი, – ეს მოხდა მტკივნეული, საკუთარ თავთან ბრძოლაში გათენებული ღამეების , ბევრი შეცდომების, ბევრი შეცდომით ამორჩეული ადამიანების და მრავალჯერ მუხლებზე დაცემის ფასად, – თან ისე, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო სხვებისთის უხილავი და მხოლოდ ერთი მეს საკუთრება, – როგორც ასეთი.

მაშინ როცა ვიყავი ყველაზე რადიკალური, – ვფიქრობდი რომ უნდა მევლო ან მარჯვნივ, ან მარცხნივ, გამოვრიცხავდი ყოველგვარ თანაარსებობას, ყოველგვარ ინ და იანს, ყოველგვარ განსხვავებულს ერთად;  წითელი და ყვითელი ტანისამოსის ერთად ტარებას; ან კლასიკური სამოსის ტარებას გარეთ, სამსახურში, ან ოდესღაც სასწავლებელში იმის გამო, რომ სახლში მეცვა თავისუფალ სტილში; სწავლას იმ ყველაფრის, რაც გამორიცხავდა ადრე ჩემს მიერ უპირატესად ჩათვლილ ნასწავლს; ორი, ან ხუთი, ან თუნდაც ათი ადამიანის ერთდროულად და ერთნაირად სიყვარულს; გამოვრიცხავდი ადამიანების სიყვარულს , რადგან ბუნება და ცხოველები მათზე მეტად მქონდა შესისხორცებული; ქალის სიყვარულს თუ მიყვარდა კაცი; კაცის სიყვარულს, თუ მიყვარდა ქალი; ძაღლის სიყვარულს, რადგან მიყვარდა კატა; ინგლისურის სიყვარულს, რადგან მიყვარდა გერმანული და რუსული ენები; ზღვის სიყვარულს, რადგან მიყვარდა მთა; ცისადმი სწრაფვას, რადგან მიყვარდა მიწა, ბალახის ღეროების წუწნვა და ათასი მოფუსფუსე არსების ყურება გამოფიტულ მორებში და არა ფრინველების შეჰნატრვა ცაში; ექიმების სიყვარულს, რადგან ოდესმე მინდოდა მხოლოდ ვეტერინარობა; და საოცრებაც , – თუ ადამიანი იყო განსხვავებული, ის აუცილებლად მეგონა ათეისტი.

შემდეგ ერთხელაც დავინახე ჩემი ეს სწორხაზოვნება და ერთგვაროვნება სხვა მეებში, სხვა ადამიანებმა აირეკლეს ჩემი არსება და დავინახე საკუთარი სიმკაცრე და სიმახინჯე. დავიჯღანე, გული მერეოდა, – ამას მოჰყვა მიზანთროპობა და თვითდესტრუქციის მცდელობანი, თითქოს სამყაროში უამრავი მეები ფუსფუსებდნენ და მარტო დარჩენის საშუალებას არ მაძლევდნენ. ვერ ვიტანდი ვერაფერს ახალს, – ვუყურებდი კონსერვატორების გამოსვლებს, ვუსმენდი მხოლოდ ძველ როკს, მხოლოდ ერთი და იგივეს ,- სხეული მოიწამლა ათასჯერ , ათიათასჯერ მოსმენილი სიმღერებით not to touch the earth, not to see the sun, nothing left to do, but run, run, run , Let’s run, Let’s run… რომ დამენახა რამდენად საშინელია მხოლოდ ერთი და იგივე, ერთი და იგივე, მხოლოდ ერთი და არავითარი სხვა, მიუხედავად თავისი ერთადერთობის და სიმშვენიერისა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არც სახლში და არც სამეგობროში ჯიუტად არავინ მთვლიდა, მე ვგრძნობდი რომ ეს იყო სიჯიუტე, რომელიც განადგურებს ძირფესვიანად. თითქოს ათასი წელი მხოლოდ შვრიის ფაფს ვჭამდი. მომინდა ვყოფილიყავი ის რვა წლის ბავშვი, რომელიც რაღაც კონკრეტული მიზნით საათობით მისჩერებოდა შვრიის ფაფით სავსე ჯამს.- არა უკვე გაკვალული გზით სიარულის მიზნით, არამედ რაღაც ახალის საპოვნელად. – თუნდაც იმის აღმოსაჩენად, როგორ შეიცვლებოდა სამყარო, თუ მამა ისევ ისეთი მოძალადე არ იქნებოდა ამ სცენების შემდეგ.

ვფიქრობ, ყველაფერი დამთავრდა, – ავთენტურმა მემ შეძლო მოეცილებინა თავიდან თავის გარშემო მოფუსფუსე მახინჯი ანარეკლები და დარჩა მხოლოდ ერთადერთი მე, რომელმაც იცის, რომ უყვარს წითელიც და შავიც; კატაც და ძაღლიც; მიწაც და ცაც; ჰომოფობიც და არაჰომოფობიც; ლიბერალიც და კონსერვატორიც; ზღვაც და მთაც; მატყუარაც და მართალიც. თურმე, შესაძლებელია შენს წინ ძალიან დიდი არჩევანი იყოს, მაგრამ არაფერი არ ამოირჩიო, არამედ მხოლოდ დააკვირდე ყველაფერს და ისიამოვნო ამ მრავალფერონებით. ახლა გულწრფელად მებრალება ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ თუ გიყვარს კაცი, უნდა გძულდეს ქალი, ან პირიქით; თუ გიყვარს ცხოველი, უნდა გძულდეს ადამიანი; თუ ხარ ვეგანი, უნდა გძულდეს ვეგეტარიანელი; თუ ხარ ლესბოსელი, უნდა გძულდეს ბისექსუალი და ჰეტერო და ა.შ.

ამან მოიტანა იმხელა სიმშვიდე და ბედნიერებას მიმსგავსებული შეგრძნებაც, რომ წვრილმანი ქაოსები არაფერია მისი სიდიადესთან შედარებით. ვისწავლე საწინააღმდეგოს მოსმენა, მუდამ ჩაძიება “მართლა?”, “როგორ შეძელი?”, “ძნელი იყო?”, “არ მჯერა!” და ა.შ.. აღარ ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ყველაფრის გამო ბრიყვად მთვლიან, რადგან მათთვის შეუძლებელია ყველაფერი გაინტერესებდეს და ამ დროს გვერდით გრჩებოდეს საკუთარი თავი; მათთვის დაუჯერებელია, როგორ შეიძლება დაუჯერებელი იყოს ერთ ჩვეულებრივ ბიჭზე შეყვარებული ერთი ჩვეულებრივი გოგონას ჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია; ან რა არის ტრაგიკული იმაში, რომ ვიღაცას პატარა კუ მოუკვდა და ა.შ. არადა, ისეთი მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება სამყარო მას შემდეგ, როცა შეიგრძნობ ყველაზე მარტივს, – როცა მიდიხარ მარცხნივ, გახსოვდეს რომ არსებობს გზაც მარჯვნივ, რომელიც შეიძლება შენთვის გამოუსადეგარია, მაგრამ არიან ადამიანები თავიანთი საინტერესო ისტორიებით, რომლებიც სწორედ ამ გზას მიუყვებიან.

Advertisements

5 responses to “With God on our side

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s