სულის გეომეტრია

silvie-hat4-2

მე შემეძლო ვყოფილიყავი ძალზე გულწრფელი, შენ კი უბრალო შემფასებლის როლსაც ვერ შეითავსებდი ალბათ. ბოლოს მოხდა ისე, რომ ჩემი გულწრფელობა უბრალო ზრუნვაზე გავცვალე . ვზრუნავდი ყველგან როგორც შემეძლო – წინასწარმომზადებული ღიმილით; პატივისცემის ნიშნად (?) დახრილი თავით; მუდამ მოსასმენად მომზადებული; ყველაზე ტკბილი ყავით; სწრაფი მირბენით კარის გასაღებად; ზრდილობიანი შენიშვნებით; კატა აქ რომ მყოლოდა, საწოლის კიდეზე მიწოლილს ბეწვზე ხელსაც გადავუსვამდი ალბათ – ჩვეულებისამებრ. შეიძლებოდა ამისგან გული აგრეოდა და ესეც ზედმეტად ტკბილი ყავისთვის დაგებრალებინა შენებურად, თავხედურად – იმ ყავისთვის, რომლის მომზადება ვერასდროს ვისწავლე წესისამებრ.

დღე ისე გავა, რომ შეიძლება ძილის წინ ვერაფერი გავიხსენო წითელი თმების, ჭრელი კედების და მის თითებში ჩაფერფლილი სიგარეტის გარდა – იმ ათას მოვლენებში მოფუსფუსე ადამიანების მკრთალ ფონზე. ამ დროს ხომ შეიძლება, რომ შენს დღესაც მხოლოდ მე შემოვრჩი ჩემი ჭრელი კაბით, რომელზეც გამოსახულ ფერად ფიგურებს გულუბრყვილოდ ვადარებდი როტკოს გაუმიჯნავ სიცარიელეებს. ადრე ვფიქრობდი, რომ სამყარო ამოტრიალდებოდა , თუ ყველაფერს მიმიხვდებოდი. მაგრამ ერთხელაც ხმა არ მოიღე და აჩქარებული გულისცემა შემომაგებე ,-მაშინ მივხვდი, რომ ჯობია არაფერი გესმოდეს – არც ერთი სიტყვა და არც ერთი მზერა. ჯობდა, ისევ უამრავი კითხვა დაგესვა და გეხუმრა ჩემს გაცვეთილ ტირეებზე. ვერ გამოგიზოგე საჭიროებისამებრ. ვერ მასწავლე როგორ არ ვყოფილიყავი შენი.

და ახლაც როცა გახურებული ლეპტოპისგან მუხლები მეწვის, შეიძლებოდა, კინოში ვყოფილიყავით; გვეჭამა ამოჩემებული ტკბილეულობა; ვყოფილიყავი შენი სასაცილო ტომი და ქუჩაში სიყვარული შეგვეფიცა ერთმანეთისთვის რომელიმე გამვლელის თანდასწრებით. ყველაფერი ისეთი ბანალური და ინფანტილური იქნებოდა ამდენი ამოუხსნელი და შეურყვნელი მასების და სივრცის ქვეშ, როგორიც არასდროს ყოფილა ჩემს ტკბილ ოცნებებში. მაგრამ ყველაზე კარგი ხომ ყველაზე წარმოუდგენელი და ჯერვერმოფიქრებულია. ერთხელაც , როცა ჩემი სამყარო დაინგრევა შენი არდაბრუნებისგან გამოწვეული ხმაურისგან, საბოლოოდ განვთავისუფლდები და ვიქნები ისევ ის, ვინც ვიყავი – სამყაროს ნაწილაკი, რომელიც ისევ თავის წიაღში დაბრუნდა. საქმე შეიძლება იმაშია, რომ ამ ყველაფრის ერთგვარი ვიზუალიზაციის მცდელობა უკვე ჰგავს საკუთარ თავთან დაბრუნებას.

(მე და ჩემი ნატურფილოსოფია ალბათ ისეთივე წარმოუდგენელი ვიქნებოდით მეცნიერი ბიძასთვის, როგორც მისი მოსმენის დროს მისკენ არმიჩერებული, უყურადღებო თვალები.)

ყველაფერი ბევრად მარტივი იყო იმ ზაფხულს, როცა მხოლოდ ვიგვამების აგებაზე, როლფ კიტინგზე, ინდიელებზე და ენოტებზე ფიქრებით იყო პატარა ხვეულები დაკავებული. ეს იყო ყველაზე მშვენიერი ზაფხული, რომელსაც თამბაქოს და ჯერ კიდევ გამოუმშრალი მიწის სუნი დაჰკრავდა. რამდენი ხანი შეიძლება გაგაოცოს წითელკანიანმა, რომელმაც მთები და ქედები , მთიანი ბექობები , სიმწვანეს დამშეული მიწები გადაიარა სიცოცხლის ლურჯთვალება ყვავილის საპოვნელად, – რომელიც თავისმხრივ თითქოს წლები ელოდა მის მდუმარე მზერას. მაშინდელი მომნუსხველი შეგრძნება ისე მეუცხოვა, თოთქოს ასწლეულებს ჩაევლოს. მივხვდი რომ ბედნიერება შენში კი არა, მხოლოდ შორეულ მოგონებებშია.

ამ დროს ძილმორეული სხეული წვეთებად იცლება ქალაქისგან.

Advertisements

2 responses to “სულის გეომეტრია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s