გაზაფხული

11055358_954821054549725_3459297330763998691_n.jpg

ბებია ამბობდა იმ ბიჭზე, მგონი ცოტა ვერ არის, რომ მიდის მღერის და იცინის თავისთვისო. ამის თქმა იყო და მაშინვე ღობესთან ჩასაფრება და თვალთვალი დავიწყე – ველოდებოდი როდის ჩამოივლიდა და ბებიაჩემის ნათქვამს თუ დაადასტურებდა მისი ქმდება. ვერასდროს ვნახე ჩამოვლილი, ეტყობა ისეთ დროს მოდიოდა, როცა სკოლაში ვიყავი. თუმცა, შემრჩა იმის “შეგრძნება”, რომ ის ბიჭი აუცილებლად “ცოტა ვერ იყო”. გუშინ იმიტომ გამახსენდა ეს ამბავი, რომ სამსახურიდან მომავალი მეზობლის მწვანე ეზოსთან გავჩერდი , ხელი შევყავი გრძელი ბალახების მოსაფერებლად და სიხარულისგან თუ ბედნიერებისგან სიცილი ამიტყდა. მივდიოდი და ვიცინოდი. მაშინაც ის ბიჭი დაახლოებით ჩემი ხნის იქნებოდა.

ბავშვი მოდიოდა მარტო სკოლიდან გახსნილი ჩანთით და პირს აწკლაპუნებდა. მიყურებდა, შევხედე, რას მიყურებ, ჩანთა გაქვს გახსნილითქო და ისევ გამეცინა. შემომბღვირა და ისევ გააგრძელა პირის წკლაპუნი. აუტანელი ვინმე იყო ნამდვილად, მაგრამ მე მაინც არ შემიწყვეტია ცრემლებიანი სიცილი. თავი მაგარი კაცი ეგონა და ამ დროს გახსნილი ჩანთიდან გულებიანი ფურცლები უჩანდა. სახლში მისული ალბათ რვეულებში ან წიგნებში შეინახავს საგულდაგულოდ, არაა გამორიცხული საწოლს უკანაც დამალოს, იმის იმედით, რომ იქ ვერასდროს ვერავინ მიაგნებს. ამის გაფიქრებაზე უფრო ბოროტი სიცილი ამიტყდა, ხორხისმიერი. მხოლოდ მარტო თუ ვიცინი ასე გულიანად, სხვებთან ვერა, შეიძლება იმიტომაც რომ ლამაზი კბილები არ მაქვს. იმასაც კი ვერ შევაყვარე ჩემი ბასრი ეშვები.

მაგრამ მე ხომ მიყვარს მათი ფორთოხლისსუნიანი ხელისგულები, ფორთოხლისფერი კაბები, მათი საყვარელი woodkid-ის სიმღერები, გულებიანი ნახატები, მაილს დეივისები და ა.შ. ქარიან ამინდში, ანიმეებში ნანახის მსგავსად, ყვავილების ფანტელები რომ დაიწყებს ჰაერში ტრიალს , განსაკუთრებით მაშინ უნდა გვიყვარდეს. კორტასარმაც თავიდან შემომიტია – მივხვდი რატო შემიყვარდა ასე ძალიან, როცა უსულგულობის და არარას გარდა არაფერი შემხვედრია მასთან. მთავარიც ხომ ესაა – მამამ უნდა ასწავლოს შვილს ცხოველის მიზანში ამოღება, მისი მოკვლა , უნდა დაანახოს და ჩაადენინოს ცუდი, რომ მერე უარესი არ ჩაიდინოს. მაგრამ თუ ვერ აღმოჩნდი ასეთი ძლიერი და თუ ეს მცირე “ცუდები” მხოლოდ ტრამპლიანია ყველაზე საშინელისთვის? მინდა მჯეროდეს ჩვენი.

არ მინდა დავიჯერო, რომ ჭკვიანი ბებიაჩემი იმ მოცინარი ბიჭის ბედნიერებას ვერ ხვდებოდა. ან ნუთუ ასეთი უცხო იყო მაშინ ჩვენ სოფელში ბედნიერი ადამიანი? არადა, ბროდეკისეული პირქუში სოფელი ნამდვილად არ მახსენდება ჩემს სოფელზე. კატამ რომ იცის თვალისდაუხამხამებლად ერთ წერტილს მიშტერება, როცა გგონია , რომ სრულიად სხვა რამეს ხედავს – ძალიან შორს და არა ამ ქვეყნად. და ამ დროს ერთი დამთხვეული არსება ათასნაირად რომ იმანჭები მისი ყურადღების მისაქცევად. მოდით, ნუ ვიქნებით ბოღმიანი, გაქსუებული, ყვითელთვალება , საკუთარ თავში ჩაძირული კატები, არ დავუჯეროთ ბებიებს – გამოვძვრეთ საკუთარი კანიდან, კარგად დავინახოთ ის ყველაფერი , რაც ჩვენს წინაა გადაშლილი და გულისამოყოლამდე ვიცინოთ.

Advertisements

14 responses to “გაზაფხული

  1. P.s. ეს სიმღერა რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე და ერთხელ რიმ ვუსმენდი ქუჩაში ამეტირა 👽

  2. ჰაჰა საყვარელი ბებია :დ
    ზოგჯერ ბებიები ბევრ რამეს ვერ ხვდებიან, არაფერია 🙂

  3. ძალიან ნიჭიერი ხარ და მიხარია ! ერთი კი, ბოლო არ მომეწონა, კატებს როგორც იხსენიებ..არც ყვითელთვალებები არიან და არც გაქსუებულები. ბევრს ისეთ რამეს ხედავენ რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ, ამაყები, ჭკვიანები არიან და რაღაც მეფური აქვთ. თავი მეფეები გონიათ და ეს კარგია. რაც ყველაზე მთავარია თავს კარგად გაგრძნობინებენ და იმასაც ხვდებიან როგორ ხარ. ნუ ვუწოდებთ იმას რაც არ არიან. მითუმეტეს მწერლებს კატები უყვართ. შეიყვარე ისინი ❤

    • ვაიჰ, ან, პირველ რიგში მადლობა :*
      ახლა კატებზე __ კატა ჩემი ცხოველია, ჩემი ტოტემი, ჩემი შთაგონება ))) თან იმდენად, რომ უკვე აღიზიანებთ ეს და ვცდილობ ამაზე ნაკლებად ვისაუბრო. გაქსუებულ, ყვითელთვალება კატაში ჩემი კატა ვიგულისხმე, რომელსაც ძალიან უცნაური ხასიათობა დასჩემდა ერთი შემთხვევის მერე: ერთი კვირით სომხეთში წავედი, ეს დედასთან დავტოვე, თურმე მეძებდა სულ და იმალებოდა…რომ მოვედი სულ სხვანაირი დამხვდა, გულჩათხრობილი გახდა და ძალიან მარტოსული 😦 მარტო ძილში მეფერება :)))
      მიხარია, რომ ასე ძალიან გიყვარს კატები! გვიყვარს, ჩვენ – კატოლოგ პათოლოგებს 😀 ❤

      • ჰაჰა 😀 ჰო მერე სხვა პოსტებიც რომ წავიკითხე მივხვდი რომ კატები გყვარებია ❤ . ჰო ჩემიც მასეა, მე რომ სახლში არ ვარ არ იცის სად დაიძინოს, ჩემს საწოლზე უჩემოდ არ წვება და კნავის სულ.:D ძალიან მიხარია რომ გიყვარს :*

  4. ძალიან კარგი იყო. გაზაფხული ჩემთვის იისფერია და ასეთივე იისფერი იყო ეს პოსტიც, ბედნიერებით სავსე და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s