green moon

ალბათ კიდევ ერთ მნიშვნელობადაცლილ ფილმს ვუყურებდი, მწვანე მთვარეს რომ მოვკარი თვალი, სავარაუდოდ იმ ფილმიდანაც მხოლოდ მწვანე მთვარე დამამახსოვრდა – მგონი კაფეს ერქვა თუ სტრიპტიზ-ბარს , თუ კაზინოს,თუ რაღაც ეგეთს. თავისუფლების სუნი ჰქონდა – სავარაუდოდ ეს სახელი რომ მოუფიქრა თავის დაწესებულებას, ის ადამიანი ძალიან საინტერესო ვინმე უნდა იყოს. ამერიკელი იქნება – შეიძლება ამერიკაში ბიზნესის და ცხოვრების ასაწყობად ჩასული ემიგრანტი.  დავიჟინე, აუცილებლად მოვხვდები იმ მწვანე მთავრესთანთქო. ვერც კი მივხვდი , რომ ეს ხმამაღლა არ მითქვამს, იმასაც კი ვერ მივხვდი სალომეს რომ უკვე ეძინა. რაღაც იმ თამაშს ჰგავდა, ერთად რომ ვთამაშობთ ხოლმე ღამით კედილის სხვადასხვა მხრიდან – ჩვენ-ჩვენ კერმიტებს ჩახუტებულები. ანდაზობანას, ან საშინელებათაფილმობანას. ერთ საზამთროს ორი ხელით ვერ დაიჭერო – ვერ მივხვდი ამ ანდაზაში სასაცილო რა იყო. დღემდე ეცინებათ.

ახლა კი კაჭარავას ჩიტებიც კი არ მოკვდებოდნენ ცის ფსკერზე . გაზაფხულის ამინდია, ქარიც ისეთია, უკვე თბილი, მსუბუქად რომ აფარფატებს ჭადრის ფოთლებს, მისი მტვერიც კი არ გეზარება ადამიანს. ჩავიდეთ, ვისეირნოთო – როდის მოვასწრო, როცა გამოჭედილი თავისგან განსათავისუფლებლად წერას კი ვერ ვასწრებ. ჭადრის ხეებზე ერთ დროს ალბათ ძალიან ბევრს დავწერ – სიყვარული უნდა ვუგალობო. დავიწყებ….და აღარ დავამთავრებ – ეს ამბავი დაიწყო სოფლის სასაფლაოზე, სადაც უზარმაზარი ასწლოვანი ჭადრის ხე იდგა, დიდ ხეს კიდევ უფრო დიდი ფესვები ჰქონდა , და კიდევ უფრო ბევრი ფოთლები. სულს უფორიაქებსო მიცვალებულებს, მშვიდად ლპობას არ აცლისო მიწაში.

ასე ითქვა სიტყვა და დაჩეხეს, მოჩეხეს , აკუწეს, ზამთრის შეშადაც კი არ წაიღო არავინ, დაწყევლილი იქნებაო, ოდესღაც მის ქვეშ ეკლესია იყოო, მის ტოტებზე დიდი ზარი ეკიდაო, კომუნისტების დროს ის ზარი ჩამოაგდეს სოფლელებმა და მისი ცოდვა ადრე თუ გვიან გვიწევსო…შენმა მოგვარეებმა ქნესო, უფრო მეტიც – შენმა უშუალო წინაპრებმაო, აი ახლა ვის სასაფლაოებსაც წმენდთ ხოლმე მისი ფოთლებიდან იმ ნაარსებალებმა ჩაიდინესო. ბოლოს სოფლის მღვდელმა აკურთხა, – წაიღეთ, გათბითო. ვერავინ გაბედა. არადა, რამდენი რამ გაუბედეს ადრე და უკვე მორებად დაქცეულის შეეშინდათ – ცუდი ზამთარი დაგვიდგაო, ვერ გადავაგორებთო, რაღაც მოხდებაო… – ასე ხდება ხოლმე სოფელში. მშიშრები, მაგრამ დაუნდობლები არიან. ბოროტებაც ასე იბადება – შიშისგან. საკრალურის პროფანულად გადაქცევის ტკივილი და შიში სდევთ მუდამ. როცა ეჭვქვეშ აყენებ მის წარმოდგენებს და საზრისს ძალიან სახიფათოა – როცა ვერ იაზრებ სხვა გამოცდილებას საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილების გარდა. მაგრამ რაციონალურობის ელფერიც დაჰკრავს – თითქოს იციან რომ ოდესღაც წრე ისევ შეიკვრება და ყველაფერი ხელახლა დატრიალდება მათ თავს.

ჩემმა დამ ამოიღო ხმა, ჩვენ წავიღებთო. მაგრამ მერე წამოვედი და არ ვიცი რა მოხდა. ბოლოს რომ ავედი, აღარაფერი არ იყო – არც ჭადარი, არც ჭადრის ფესვები და არც მისი თეთრლაქიანი მორები. ბავშვობაში იმ მაკე ძროხის სიკვდილიც არ განმიცდია ასე, საკუთარი ხელებიდან მიწვდილმა მსხალმა რომ იმსხვერპლა. არა, სოფელზეც დავწერ ერთხელ. ჭადრის ხეზეც, მაგრამ სოფელზეც. განვთავისუფლდები ამ ტვირთისგან, მათ რომ ამ დრომდე ამკიდეს მხრებზე.

Advertisements

2 responses to “green moon

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s