Total Eclipse of the Mind

Photo0255
/ გერჰარდ რიხტერის ნახატს მაგონებს ეს ფოტო /
ხარანაულმა თქვა, ძნელია , როცა მონაყოლით გული გაგიცივდებაო. განა გული ცივდება, მხოლოდ იმ ყველაფერს ეკარგება ის ხიბლი, რაც ჯერ კიდევ სიტყვებით გამოუთქმელს ჰქონდა. დილაც ხომ გათენდა. მინის კარებიდან რომ გაიხედავ, თვალში მაშინვე მოგხვდება მოპირდაპირე კორპუსის მესამე სართულის ჩამსხვრეული ფანჯრები , ყვითელი ფარდის ნაკუწები , უკან შავი მოჩვენებითობა – თუ ქარია, მაშინ ხომ ბოლომდე უნდა ინეტარო. იქაურობა ჩემი ჯადოსნური ზარდახშაა, რომელიც უკვე იმდენჯერ წარმოვიდგინე, რომ აღარაფერიც აღარ დარჩა მასში ჯადოსნური. ერთი ფანჯრებჩამსხვრეული ბინა იყო , სადაც დიდი ხანი არავინ ცხოვრობდა. ასე იხვეწება ალბათ სინამდვილე, როცა აღარ იცი სად გადაყარო ის მილიონი წამი და მოჩვენებები, რომლებიც ამ სინამდვილეს გვთავაზობენ. Total Eclipse of the Mind AGAIN !
 
ჩაის ნაცვლად ყავა უნდა შევიყვარო, იქნებ თავის ტკივილი გამიყუჩოს; ან იქნებ გული ამიჩქაროს; ან იქნებ დრო გამაყვანონოს. თანამშრომელმა დაიგვიანა. დავიღალე და ვიღრიჯები, დროზე მოდი ბარბაროსო, დავიტანჯე, სული მეხუთება. მოვა და ვიცი, რომ არაფერს ვეტყვი ისევ. მოვიგდებ ზურგზე ჩემს მთელ დაოკებულ რისხვას , ათამდე დავითვლი და ჰაერს ჩავისუნთქავ. ჩანთაში პური და ვაშლი მაქვს. ანუ სადმე წასვლა შეიძლება. ასეთი თამაშია – პირველივე შემხვედრ ქალაქგარეთ მიმავალ ავტობუსს უნდა გაყვე და არ უნდა იწუწუნო. იქამდე სადმე უნდა შეიარო; ძველი ფირფიტების მტვერი უნდა შეისუნთქო; მცხობელს უნდა სთხოვო წყალი ხელების დასაბანად; ათასი ხარახურა უნდა იყიდო ხელსაქმისთვის; უნდა გაიფიქრო რომ მაღაზიაში წითელპომადიან ქალს გაუპატიურება უნდა; უნდა წაიმღერო “მე ვარ მპეპლავი ქარისა, განა ქალისა…” ; გზა უნდა გაწმინდო და მაშინ მიხვდები, რომ უკვე მზად ხარ პირველივე შემხვედრი ყვითელი ავტობუსისთვის. შავი ზღვის პირას დავიბადე, პატარა მთის ძირას, კოლხეთის დაბლობთან. რა შორს მივლია. ეს არაფერია.
Photo0239
ის ავტობუსი წავკისში მიდის. “ჩემი ცოლის ეროტიკული პოტენციალი” მოსაწყენად მეჩვენება. მზეც თვალებს მჭრის, ვერ ვგუობთ ერთმანეთს – სიბნელე მიყვარს, შავი მიწა მიყვარს. სრულიად უსამართლოდ. მიწამ რომ მიიმსგავსა ის ევაც მიყვარს. ევა მიწას უხდებოდა, მიწა ევას. გველისგან ძუძუდაკბენილი ევას ტკბილი ცოდვანი ჩვენ საცოდავ მხრებზე. ხომ ვარ ღირსი მზე დამიბნელდეს. არადა, ამ სიტყვებზე გული მეკუმშება… “ბოლო გაჩერებაა”- მივდივარ, ხევი იწყება, ქათმები კაკანებენ, შარას ვიკვლევ ძროხების ნატკეპნს, ნეხვის სუნიანს. რუცაა. წყალი რომ ჩამოუდის გვერდზე იმ სოფელს ქვია სოფელი. მერე დიდი მინდვრებია , მაღლა ტყე და რამდენიმე მდიდრული აგარაკი-სად არ მოაღწევენ. არადა, მორებისგან შეკრული პატარა ქოხი მოუხდებოდა ამ ოდესღაც თამარ დედოფლის ჩამოვლილ მიწას. აქ ჩამოისვენა, სული მოითქვა და დედოფლისწყარო ეწოდაო. ალბათ როგორი დაღლილი იქნებოდა, მაგრამ რამდენ საზრუნავს უნდა გაეტეხა ამ დავითისსიხლიანი ქალი.
Photo0244
ახლა აქ დიდი სკოლა და გვერდით დიდი საფეხბურთო მოედანია. ბიჭებითაა იქაურობა სავსე და როგორც ხდება ხოლმე, ყველა ბურთიანის მოსვლას ელოდება. მოვა ალბათ ისიც. ღამით მელიები, მგლები და ტურები ჩამოდიანო სოფელში – სოფლის გზაზე კაცი მეუბნება, რამდენიმე წამში ავიწყდება ყველა თავისი ნათქვამი და სირცხვილისგან ნერვულად ისრისავს ხოლმე თითებს. ხომ იცის თავადაც, რომ რაღაც რიგზე არ არის, მაგრამ ახსოვს , რომ აქ თამარის ჩამოუვლია ოდესღაც; რომ ცოლი მთიული ყავს და კარგი ხინკლის მოხვევა იცის. ყავაზე მეპატიჟება – (რით ვერ შევიყვარე ეს ყავა). მადლობა, დაღლილი ვარ, სამი საათი ვიარე ფეხით მაღლობებზეთქო ხომ ვერ ვეტყვი, მეგობრებთან ვიყავიმეთქი – აქაურ ქალაქელებთან. მაგრამ მეც ტყუილის სიწითლე მეკიდება სახეზე-სოფელში ყველა რაღაცით ამჟღავნებს თავს. მაგრამ ცოდვას ვინ მომკითხავს. ახლა რომ წავალ , 15 წუთში ნაცრისფერ ქალაქში ვიქნები. მე კი აქ არაფერი დამრჩა სასწავლი. ერთი ეგ დავუბარე, ნაგავს ნუ ყრით, თქვენ სოფელს თავად მოუფრთხილდით მეთქი.
Photo0242
/ ხეებმა რომ ცაში გაიდგან ფესვები /
დღეს კი დეიდასთან ვიყავი. ყვავილები და ჩემი ბევრი გასარეცხი მივუტანე. ნიაც ვამეცადინე ქართულში – ვაჟას ლექსი ჰქონდა სასწავლი. ბოლოში დავალება იყო, დაწერეთ რა არის კარგი ბიჭობაო. ვიფიქრე რა არის ეს კაი ბიჭობათქო თერთმეტი წლის ბავშვის გაგებით, ძალიანაც ვეცადე, მაგრამ ბოლოს ისევ ნიას მივანდე მაგის მოფიქრება. რა ასწავლონ ბავშვს აღარ იციან. ვაჟას რომ სცოდნოდა, რომ ოდესღაც ქართული ლიტერატურის სასწავლო წიგნებში მის ლექსებს ასეთ უაზრო დავალებებს დაურთავდნენ, ალბათ არც არასდროს დაწერდა არაფერს. გავიარეთ. ბევრად უარესებზე შემიკავებია თავი.
2014_jamiemagazine02_Liekeland_2000_web-1200x1146
ამაღამ კი ამ დადრაფტებულ მაინდეკლიპსს ადამიანურ-ზომბური სიყვარულის მოტივებით მოგვრილ-მოჭარბებულ ემოციებსაც დავამატებ. ზომბებზე ვუყურე ფილმს  – “Dead Snow 2”. არ გაუკვირდება ჩემგან არავის.  პირველ ნაწილში ის მთებში ჩამარხული ნაცისტი ზომბები ხომ ადგნენ,- აი, სწორედ ისინი შეესივნენ ქალაქს. მაგრამ პირველი ფილმისგან “მორჩენილმა” პერსონაჟმა (რომელმაც შემთხვევით ზომბის ნაცვლად თავის შეყვარებულს გამოღადრა ყელი) გადაწყვიტა ამ ყველაფერს წინ აღუდგეს. მაგრამ ჰოი, სასტიკო რეალობავ – მას თავისი მოჭრილი ხელის ნაცვლად , ნაცისტი ზომბების გენერალის ხელს მიაკერებენ, რომელიც ფლობს ძალას სხვა მკვდრები ამოყაროს მიწიდან. ასე აღდგებიან წითლებიც (ამ ნაცისტების მტრები) და დაიწყება ომი მიცვალებულებს შორის. ზომბისხელიანს და წითლებს ამერიკიდან დასახმარებლად მოვლენილი, ენთუზიაზმით აღსავსე ზომბებზე მონადირე სამი ახალგაზრდაც უერთდება. აქ იგულისხმება შემდეგ განვითარებული მოვლენები. ბოლოს კი შეგიძლიათ იხილოთ ეს სულისამაჩუყებელი ბოლო ეპიზოდი ამ საოცრად თბილი ფილმიდან ❤
Advertisements

6 responses to “Total Eclipse of the Mind

  1. რა დროს დაწერილი როგორი პოსტი ;დ პრინციპში დღის სხვა მონაკვეთში ასეთი ვერ იქნებოდა.
    არ გეგმავდი წავკისში წასვლას, ისე წახვედი? :ო
    ეგ წიგნი დავიწყე და მალე მივანებე თავი, მაშინ ნერვები არ მეყო :/
    ის ფოტო კიდევ რა ფერადი და ლამაზია

    • ხო, ვერ დავიძინე 🙂
      არა, არაფერს არ ვგეგმავ – რაც მოდის, მოდის.
      წიგნს ბოლომდე კი მივიყვან, მაგრამ დიდი არაფერია…
      ფოტო კი იქ უნდა ყოფილიყავითო რომ გეუბნება- ეგეთია )))

  2. მართლა რა კარგად წერ, ისე, მომინდა ამომებეჭდა და მშვიდად წამეკითხა. სურათები რატომღაც გონებას მიფანტავს პოსტებში. არა, მეც ვიცი ხოლმე ჩართვა, მაგრამ როცა კარგი ნაწერია, სურათები აღარ მომწონს… 🙂

    • მადლობა სოფი…
      სურათებზე დავფიქრდები..მე კი მეგონა ერთგვარი განტვირთვის საშუალება იყო ხოლმე პოსტში გაბნეული სურათები . დავფიქრდები ამაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s