ტყე ვიწროვდება

10898179_763724547010807_91981418589333064_n

ტყე ვიწროვდება. მეგრულ ტყეებზე ვყვები. როგორც ყოველთვის, საჩქაროდ შევირბინე ბინაში, აუცილებლად საჭირო რამდენიმე ნივთი ჩავიგდე ჩანთაში და მაშინვე გავემგზავრე სამეგრელოში. ბიძაჩემი იყო. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ხურდებს ამოიღებდა ხოლმე და ჩუმად გვაწვდიდა ხან საღეჭი რეზინისთვის, ხან ჩემი საყვარელი შოკოლადისთვის (ხო, “ლორდი” ერქვა იმ შოკოლადს და მგონი თურქული წარმოების იყო). ის აღარ მახსოვს, მართლა ვყიდულობდი თუ არა ამ ყველაფერს. სხვა ბევრი რამეც არ მახსოვს. წავშალე.

გზები, რომლებიც ადრე მაღელვებდა, აპათიურ მდგომარეობაში მაგდებს. ხეზე მიბმული ლენინის ბიუსტია , თუ მეგრული დაბლობის ჭაობისეული სუნთქვა – აღარაფერს არ აღძრავს ჩემში. ასეთივე სახით ჩავედი. ოთხივე მამიდა მობერებულათქო,–ხმამაღლა არ მითქვამს, გულში გავიფიქრე. სულს მიწიწკნის ის ფაქტი, რომ დედაჩემსაც გაუჩნდა ხელებზე სიბერის ლაქები–ყავისფერი, ავისმომასწავებელი. გული მეკუმშება და თმებს ვიჩეჩავ.

დედა ჩამეხუტა და გაიქცა. სულ ასეა – დარბის, მუდამ დარბის, მაგრამ ვერასდროს ვერავინ ამჩნევს მის შრომას, შესაბამისად ვერც ვერავინ აფასებს სათანადოდ. არადა, დედაჩემია. უჭკვიანესია. ნეტა ცოტათი დავმსგავსებოდი,–ვფიქრობ და უფრო მემღვრევა თვალები. ხელი ჩამავლო, ერთად ავიდეთ სასაფლაოზე, სხვები სახლში დაგველოდებიანო. მივდივარ, ლამის მასზე მაღალი და ვგრძნობ, როგორი პატარაა ჩემი ხელები მის გამხმარ, დაკოჟრილ თითებში. აღარ ვიცი რაზე მეტირება–დედაზე თუ გარდაცვლილ ბიძაჩემზე.

მეგობარი, ჩემი დის კლასელი მომიახლოვდა, ჩამილაპარაკა აღვფრთოვანებული ვარ შენი ფეისბუქითო და რა სისწრაფითაც მოირბინა, იმ სისწრაფით გაიქცა. მერამდენე უაზრო ახალი წელია ამ სოფელში. ერთი აღმართის ბოლოს ჩემი სახლი, მეორე აღმართის ბოლოს სასაფლაო – შუაში ტყე. სულ ასე იყო აქ – აღმართს დაღმართი მოყვებოდა, დაღმართს აღმართი. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, როგორ შევიწროვდა ტყე და როგორ დაუახლოვდა სასაფლაო სახლებს. ის პატარა რუც სულ გაქრა ალბათ – არადა , იყო დრო, ადიდებულს ადამიანთა სულები მიჰყავდა.

დედა უკმაყოფილოდ გამომემშვიდობა, ერთი დღე გეთხოვა სამსახურში, არ მეყოო შენი თავი. არ მითქვამს, რომ ყველა ჩემი მომავალი ცხოვრებებიც არ მეყოფა მისთვის და მისი სიყვარულისთვის. ბინაში რომ დავბრუნდი, მეგობრები ახალ წელს აღნიშნავდნენ კიდევ ერთხელ – თითქოს არაფერი მომხდარიყოსო, ყველა ბედნიერად გამოიყურებოდა. ნორმა მიკარნახეს და იგივე სახე მოვირგე. კარგია მაშხალების შუშხუნი, ღვინოც, სოფის მოტანილი მანათობელა ნაძვის ხეც და ამდენი ფერის თმებიც.

ამ დღის მერე ორმა ადამიანმა მითხრა, რომ მე რაღაც სხვა პლანეტიდან მოვლენილი საშინელი არსება ვარ, რომელსაც სხვების წვალების მეტი არაფერი შეუძლია. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, – რა დროს ეგაა, როცა ჩვენი სოფლის ტყე ასე ვიწროვდება.

Advertisements

8 responses to “ტყე ვიწროვდება

  1. ძალიან შვეიკავე თავი, რომ არ მეტირა. ზუსტად ვიცი შეგრძნება, როცა ატყობ თვალსა და ხელს შუა როგორ ბერდება მშობელი და შენ რაღაც გულმოწურული შეყურებ თან შიშით, თან სიყვარულით. და არასოდეს რომ არ არის მათთან გატარებული დრო საკმარისი და რაც წლები ემატებათ, სულ გინდა მეტი მოასწრო, მეტ ხანს იყო მათთან. ძალიან, ძალიან მომწონა 🙂 :*

  2. ერთადერთი მშობლის, ჰო. საყრდენი რომ გამოსცლია და იცი, შვილებს როგორი იმედით შეჰყურებს ახლა. ისიც იცის, ან შენ იცი, თავად, ეგეთი საყრდენი ვერასოდეს იქნები.
    (მეორე პირში ლაპარაკის უაზრო ჩვევა მაქვს, ისე ვთქვი, ზოგადად.)

    ეს ფოტო გუშინ ვნახე და ათასი რამ მივაწერე ზედ. თურმე “ტყე ვიწროვდება” როგორი მეტაფორა ყოფილა, ბავშვობიდან აქამომდე ყველა ცვლილების აღმნიშვნელი. ბევრისა მაინც.

    • ვიცი , რომ როგორი კარგი დედაც ის არის, ისეთი კარგი შვილი ვერასდროს ვიქნები, თუმცა სულ მქონდა და დღემდე მაქვს იმაზე პრეტენზია, რომ ყოველთვის ვიქნები მისი ღირსეული საყრდენი…<3
      ეს ფოტო კი აი იმ გვერდზე ვიპოვე, ფერადი ცხვრების(ბერლინ–არტპარაზიტების) და საშინლად მოუხდა ჩემს სათქმელს ტყის ბნელ წიაღში ჩაფლული სხეული…

  3. მე იცი რა მიკვირს? ასეთ დროს რატომ არ ჩერდება გული. რატომ აგრძელებს ფეთქვას. რატომ??? გასაძლებია ეს ცხოვრება.

    • ნამდვილად, სალომეა.
      რაღაც საშინელ დავალებას ჰგავს ეს ცხოვრება ხანდახან, რომელიც უბრალოდ უნდა შეასრულო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s