ტომ ! შოკოლადი იესოსთვის

waits

ტომ, დღეს შვიდი დეკემბერია. შენ უკვე დიდი ხარ, ხმა უფრო ჩაგეხლიჩა და სუნთქვაც უფრო მეტად გიჭირს. ბარებში ძველებურად ხეტიალის თავიც არ გაქვს ალბათ. – ჭიქა ვისკის რომ გადაჰკრავ ხოლმე, ხმამაღლა გახველებს და გაფრუტუნებს. ისეთი ცივი ზამთარია, ისეთი ცივი დღეებია, რომ ქილებში მოხუფული კომპოტებივით უნდა მოვხსნა შენი ძველი ალბომები და პირდაპირ საწოლში უნდა მივირთვა – ნელ-ნელა, აუღელვებლად, ჭიქა რძიან ყავასთან და კრემიან ნამცხვართან ერთად. მოდი, ასეთ საუზმეებს დავარქვათ “ამბივალენტური საუზმეები”. მერე დროდადრო სიამოვნებისგან ამოვიკრუსუნებ და ცხვირსაც მოვიხოცავ ღამის პერანგით. ალბათ, როგორ გამითბება თითის წვერები, შემდეგ მუხლებში დაიგორგლება, მერე კი ალბათ, ვეღარც სიცივე შემაშფოთებს ამ ცარიელ ბინაში და ვერც შენს გარეშე გატარებული შენსავით მოსაწყენი დღეები.

როგორ მინდოდა, სადმე წყნარ პაბში გამოვკეტილიყავი, კუთხეში დამჯდარს ჩუმად მეწრუპა სასმელი, მესმინა შემი ჩახრინწული ბებრული ხმისთვის და ასე აღმენიშნა შენი დაბადება – ყოფილიყო თუნდაც სიგარეტის ბოლისგან ჩაბნელებული, მე მაინც შეგამჩნევდი შენი ჩამოფხატული ქუდით. მაგრამ დღეს ამ ცივ საწოლში გამოვიმწყვდიე თავი – მცივა, მტკივა და ვბორგავ-სიცხე მაქვს. მერე რა , რომ შენ სულ სხვა სამყაროს ძირში ხარ, იქნებ სულაც გაცდი ნაცნობ სამყაროებს. სადაც არ უნდა იყო, კვირას აღარ წავალ ეკლესიაში, არ მოვიყრი მუხლებს სალოცავად ,აღარ შევჭამ Chocolate Jesus-ს _ მოვალ იქ, ტკბილეულებს მოვიტან, ფეხებს მოვირთხამ და სინქრონულად მივაყოლებ შენს მწვანე ბალახებს.

არადა, ისიც კი არ მახსოვს პირველად ვინ მაზიარა შენს ჭეშმარიტებას. ან რა მნიშვნელობა აქვს როდის მოგეპარე მორცხვი აპათიით – იყო დრო, როცა შენზე ტომ სოიერი მახსენდებოდა, ჭირვეული, ჭკვიანი და მეამბოხე. თუმცა შენ არასდროს ყოფილხარ მეამბოხე – მხოლოდ ჩუმად ბუზღუნებ ხოლმე პიანინოსთან თავჩახრილი და ვერც კი ხვდები როგორ იზრდები დესტრუქციული სარკაზმის ტყვეობაში. ნეტა რატომ არ გაგიწყრა ღმერთი? სად გადაუმალე ქარიზმატულობაში გადაზრდილი ქრონიკული დეპრესია? რამეს მოგიხერხებდა. შენ კი ამ დროს ისევ გერშვინის “მეორე პრელუდიას” უსმენ.

გილოცავ ტომ, რომ ჩვენთვის იარსებე. ძლიერი უნდა იყო , კიდევ უნდა გამოწოვო მაღალ უსასრულობას იმ საშინელებამდე მშვენიერი ბგერები. ჩვენ კი შენს ამერიკელ წვერიან სუპერგმირს სათითაოდ დავესესხებით შენთვის სასიცოცხლო დღეებს  – აი, იმას, ყოველთვის რომ ახსენებ ხოლმე ბავშვობის მეგობარივით, თითქოს მასთან ერთად გაგეყოს სკოლაში ჩანთაში გადანახული საუზმეები; თითქოს მასთან ერთად გეჩხუბოს გოგოსთვის; თითქოს მასთან ერთად გეძრომიალოს ჩუმად ღამის ბარებში და უქმეებში მასთან ერთად გეხეტიალოს ავტოსტოპით. არადა, ხომ იცი, რომ ბოლოს მაინც მხოლოდ შენი სიმღერები დარჩება ზამთრის სიცივეებისთვის გადანახული შესათბობი კონსერვებივით.

ჩვენ ყველას საკუთარი ცხოველი დაგვყვება ხოლმე. ბავშვობაში მჯეროდა, რომ ხან კატა დამყვებოდა; ხან სპილო; ხან მაინ რიდის წიგნებში ამოკითხული ანტილოპა. მერე გავიზარდე და ამ ცხოველებმა სახე იცვალეს, ტრანსფორმირდნენ, ყურები დაუმოკლდათ, ცხვირი გაეზარდათ, წვერები ჩამოუშვეს, თავზე სასაცილო ქუდები მოირგეს, ხელები ჩამოუშვეს მუხლებამდე, რომანების წერა დაიწყეს, ლაპარაკი ისწავლეს, ზოგჯერ მღეროდნენ კიდეც. მერე მივხვდი, რომ ადამიანებს დამესგავსნენ და მაწანწალებივით სულ კუდში დამყვებოდნენ საღამოს ქუჩებში. ამ დროს აივანზე ფლოსტებით გამოსული მოსაწყენი ბერიკაცი ვახშმის ნარჩენებს დაუყრიდა მტრედებს და მხოლოდ ჭუჭყიან, ფერგასულ წვერებში ჩაიღიმებდა ხოლმე ჩემს თანამგზავრებზე.

ერთხელაც მომშორდებიან, ჩემს რაღაც ნაწილს წაიღებენ და სხვებს აეკიდებიან – მხოლოდ მაშინ თუ მივხვდები , როგორ შევეჩვიე მათთან ერთად ძილს, ჩაის ხვრეპას, იატაკის მოწმენდას, კბილების გამოხეხვას–იქნებ უფრო კარგად უნდა მივიმაგრო საკუთარ სხეულზე ეჭვიანი ცოლივით. არა უშავს, თუ ხანდახან ხრჩობას და ყირაზე გადასვლას დაიწყებენ. ეს მხოლოდ იმ დღეებთაგანი ერთ-ერთი იქნება, რომელიც გინდა უხასიათო კატასავით ფანჯრიდან მოისროლო. შენ კი ამასობაში Sonata Pathétique ჩართავდი. მართლაც, მხოლოდ შენნაირებს თუ შეუძლიათ ირწმუნონ სამყაროს გულმოწყალება…არადა, ალბათ ნატრობდი ბავშვობაში უფრო დამაჯერებლად მოეტყუებინეთ, რომ ყველაფერი საუცხოოდ იქნებოდა.

ერთხელაც, დრო ისევ უკუღმა რომ დაიწყებს ათვლას და ისევ ბავშვი რომ იქნები, შენ თავიდან დაიწყებ მამაშენის ძებნას და თავიდან იძიებ შურს საკუთარ სიმღერებზე. ვიღაცამ თქვა, ადამიანები არ კვდებიან – თავდებიანო. მე კი ვიცი, რომ შენ შეიძლება მხოლოდ მოკვდე, მაგრამ არასდროს გათავდე .

ტომ.

Advertisements

20 responses to “ტომ ! შოკოლადი იესოსთვის

      • გუშინ დავაკომენტე აქ და არ გამოიგზავნა. ჰოდა, ამ დღეებში შენს ბლოგს მინდა გემრიელად ჩავუჯდე.

        მე მაინც მგონია ,რომ ეს ჩემი მოუცლელობის ბრალია. საშინელი მოუცლელობის, რომ ვერ ვახერხებ ასეთი ლამაზი დიზაინის, ასეთი საინტერესო ტექსტებისა და ასეთი იდუმალებით მოცულ დაჯის ნააზრევების კითხვას. ჰოდა, ეს უნდა გამოვასწორო.
        პროსპეროში მუშაობის დაწყებას გილოცავ. ვიცი, რომ ოცნება აგიხდა. აბა შენ იცი, წარმატებები.

        • გოგო, სხვა ყველაფრისთვის დიდი მადლობა. თან ეგრეც არაა აუცილებელი ვიღაცის ბოდიალებს სიღრმისეულად ჩაუჯდე, მაგრამ მე სად დავიწყე მუშაობა ეგ მაინც საიდანღა იცოდი? 😀

        • ჩემმა ინგლისურის მასწავლებელმა იცოდა ასეთი ფრაზა: educated people know everything. ხოდა, educated-ზე თავს ვერ ვდებ, მაგრამ I know everything 😀 ჰოდა, მე ყველაფერი ვიცი. სულ სულ სულ. სახელიც ვიცი შენი, გვარიც და ა.შ. 😀

        • კი არ გჯერა რომ გეუბნებით მე და სოფი ნამეტანი თავდაჯერებული “ეგ” გოგოთქო 😀
          არადა შერლოკობა რად უნდა, ფბზე ყველაფერი მაქვს მითითებული მგონი და ისიც არაა გამორიცხული მეგობრებში მყავდე ^^

        • ჰაჰაჰაჰა 😀 😀 😀 😀
          არ მყავხარ მეგობრებში საერთოდ, მაგრამ მონდომების ამბავია 😀

        • ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ 😀
          შენც მეგრელი ხარ, ვიცი 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s