ნატურალური ექვილიბრიუმი

xs

ძალიან რთულია იმის აღიარება, რომ ფორმალური ენა ჩვენი სამყაროს საზღვრებს კი არ აფართოებს, არამედ ზღუდავს. იმის უშედეგო მცდელობამ, რომ რეალობა ავსახო, მიმიყვანა ენის საკითხის კრიზისულობამდე. ხომ შეიძლება ენამ ისე აირეკლოს საგნები და მოვლენები ერთი მეორეს მიყოლებით, როგორც სარკემ და სათითაოდ გააცხადოს თავისი სპეციფიკური არსებობის ჭეშმარიტება. მაგრამ არა – რჩება ერთ გაუმჭვირვალე, ფრაგმენტულ, საკუთარ თავში ჩაკეტილ, მისტიკურ და სავსებით ენიგმატურ, მოუხელთებელ მასად, რომელიც, როგორც ფუკო ამბობდა, ისე შეერევა სამყაროს ფიგურებს, ისე გადაეხლართება მათ, რომ სიტყვები ჩვენ–პატარა ადამიანებს გვეძლევა , როგორც გასაშიფრავი საგნები. ადრე სახელები (ანუ ის, რასაც ენა ასახავს) ჩადებული იყო ყველა საგანში. ამჟამად კი ენა დაემსგავსა გადაქერცლილ, ალაგ–ალაგ ვერცხლისფერ სარკეს, რომელიც სამყაროს სიღრმემდე ვერ აღწევს და სადამდეც აღწევს , იმასაც დამახინჯებულად აღიქვამს. თუმცა, მაინც არ ვთვლი, რომ ჩემი ენა სამყაროსგან განცალკევებულია.

ბოლო დროს ნაკლებს ვკითხულობ. „ნუთუ ჭეშმარიტება არ არის ის, რომ ყველა ბალახი, ხე და სხვა, და რაც მიწის წიაღიდან აღმოცენდება, თავისთავად არის წიგნი და მაგიური ნიშანი?“; „ სამყარო შეიძლება შევადაროთ მოლაპარაკე ადამიანს“ და ა.შ. ვის არ უთქვამს და მე რას დავამატებ ახალს? აქ ამ დისპერსიაში და გაფანტულობაში, სადაც ჩემი წარმოსახვა ვერც ერთი მნიშვნელოვანის შეკრებას და ერთობლივად გამოხატვას ვერ ახერხებს, ყოველი მხრიდან მხოლოდ ერთი არსებითი მიტევს მბრძანებლურად – სიცარიელე. ვერ დავიჯერებ , რომ სწორედ ეს სიცარიელეა ყველაზე არსებითი ჩემი არსებისთვის. მაგრამ ფაქტია რომ სწორედ ამ სიცარიელესთან გადის ჩემი აზროვნების ზღვარი. ანუ აღარ არსებობენ არავითარი წარმოუდგენელი არსებები, აღარც ქერცლიანი წარმონაქმნები, აღარც დემონური სახეები. არ არსებობს არანაირი სისაზარლე და სიმშვენიერე, რადგან ყოველგვარი წარმოდგენა ამ სიცარიელის ზღურბლთან კვდება.

როცა გგონია, რომ შენს ფეხქვეშ მიწა იძვრის, ადამიანები ჩვეულებრივად დადიან, საუბრობენ, იცინიან, დაათრევენ სანოვაგეებს, ხვდებიან ერთმანეთს, მიიჩქარიან სამსახურში. ჩამოვდივარ, გაუკეთებელი წარბებით, გამოურეცხავი პირით, მუხლებამდე ჩამოწელილი მოსასხამით, ჩამოყრილი ორი ღერი თმით, ჯიბეებში ჩალაგებული გრძელი ხელებით – ძალიან ცუდად გამოვიყურები. ვიცი, რომ ეს ასეა, შეიძლება ვიღაც ბიჭები მოვიდნენ და მეც ისე მითხრან, როგორც იმ მათხოვარს ქუჩის კუთხეში: „უკაცრავად, თქვენ ბუა ხართ?“ და სიცილით გააგრძელონ გზა. და მე ვიცი, რომ ისევე როგორც ის, თავს არ ავწევ და ჩვეულებრივ გავაგრძელებ გზას, გავაგრძელებ მიწისთვის ყურის დაგდებას, რომელიც უკვე აღარც მესმის რას მელაპარაკება. ისევ საკუთარ თავში იკეტება ყველაფერი მუდმივი მსგავსების პროცესში. ამ დასკვნამდე მიმიყვანა იმაზე ფიქრმა, რომ ვიღაცეები ძალიან მემსგავსებიან და მეც გაუცნობიერებლად ვემსგავსები ვიღაცეებს / რაღაცეებს. რა იწვევს ამ მსგავსებებს მაშინ, როცა გამუდმებით ვცდილობთ საკუთარი თავის სრულყოფას და უნიკალურობის დამტკიცებას – ჩვენ ერთმანეთის ანარეკლები? პასუხიც ყალიბდება ჩემს თავში.

მინდა, რომ ის ნატურალური მაგია ამოქმედდეს ჩემს გარშემო, რომელზეც პორტა საუბრობდა. აი, ყველანი რომ ერთმანეთს დავემსგავსოთ: მცენარე ცხოველს, ცხოველი ადამიანს, ადამიანი თავისი გონების წყალობით ციურ მნათობებს გაუტოლდეს და ეს უსასრულო თანაზიარობა, როგორც დაჭიმული სიმი , ერთ ბოლოში შეხებით შეირხეს და ამოძრავდეს, როგორც ღმერთის ყველაზე დიდი სიქველე. ნუთუ ეს არ წაშლიდა მსგავსების ყველაზე უძველეს ფორმას–მეტოქეობას? ეს რატომ ვერ გაითვალისწინა დიადმა ფუკომ? მეტოქეობამ ხომ დამღუპველია, მიუხედავდ იმისა, რომ მისი წყალობით ყველა ცოცხალი და არაცოცხალი რგოლი ერთმანეთს ეხმიანება, ჩვენ ვერ ვხვდებით, რომელი რომლის ანარეკლია, რომელი სად იწყება და სად მთავრდება, რომელმა რომელს მიანიჭა მსგავსება და საერთოდ , რა არის ამ დროს რეალური? ამგვარი გაორებები შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს და განახლდეს. ამიტომაც სულ განმეორდება ეს ცა, მიწა, ვარსკვლავები, ადამიანები, საგნები, როგორც ერთმანეთისგან არეკლილი მეტოქე წრეები.

მეტოქეობა თავის მხრივ შეიძლება სიმპათიამ განაპირობოს ან ანტიპათიამ. დიახ, სულ არ არის ეს გასაკვირი. სიმპათია ყველაზე დიდი ძალაა, მოძრაობაში მოჰყავს საგნები , ის არასდროს კმაყოფილდება და გამუდმებით ისწრაფვის საკუთარი ობიექტისკენ: მზის სხივები მიწისკენ, მცენარეთა ფესვები წყლისკენ, ადამიანები ადამიანებისკენ და ა.შ, რაც იწვევს თვისებათა ურთიერთგადანაცვლებას, რასაც ძალიან ხშირად საკუთარი ინდვიდიუალურობა ეწირება . და ამ დროს ის ხდება უცხო საკუთარი ავთენტურის , ან იმის მიმართ რაც ადრე იყო თავად. ასე რომ არ იყოს და ყოველ ჯერზე, როცა ჩვენი სიმპათიის ობიექტს ვემსგავსებით, სხვა რამეების მიმართ არ ვხდებოდეთ უცხონი, სამყარო ერთ წერტილამდე დავიდოდა – უსიცოცხლო იგივეობამდე. ადამიანის მაგალითზე: მე როცა ვცდილობ დავემსგავსო ჩემს საყვარელ ქალს, ვხდები მისი იდენტური, მაგრამ ამ დროს ვხდები იმის მიმართ უცხო, რაც ადრე ვიყავი, ან ვისაც ადრე ვგავდი. ჩვენ არ ვშთანთქავთ ერთმანეთს – ვუერთდებით ერთს, მაგრამ ვწყდებით სხვას. ეს წონასწორობის შენარჩუნების კანონია.

Advertisements

9 responses to “ნატურალური ექვილიბრიუმი

  1. “ყველაფერი მუდმივი მსგავსების პროცესშია. ამ დასკვნამდე მიმიყვანა იმაზე ფიქრმა, რომ ვიღაცეები ძალიან მემსგავსებიან და მეც გაუცნობიერებლად ვემსგავსები ვიღაცეებს / რაღაცეებს.”

    აი ამ ფრაზაზე ჩავიციკლე პოსტში. ოღონდ მე პასუხის მსგავსიც არაფრი მომდის თავში და ვერც ამ პოსტში მივაგენი.

    და კიდევ ეს “მე როცა ვცდილობ დავემსგავსო ჩემს საყვარელ ქალს, ვხდები მისი იდენტური, მაგრამ ამ დროს ვხდები იმის მიმართ უცხო, რაც ადრე ვიყავი, ან ვისაც ადრე ვგავდი. ჩვენ არ ვშთანთქავთ ერთმანეთს – ვუერთდებით ერთს, მაგრამ ვწყდებით სხვას. ეს წონასწორობის შენარჩუნების კანონია.”

    ან რაიმე უძრავი, უცვლელი “მე” სად არის, ან ‘დამსგავსების ობიექტთან’ დამოკიდებულება როგორ იცვლება, როცა ეს ობიექტიც იცვლება.

    მგონი სულ სხვა კითხვებს ვსვამ, პოსტს რომ არ ეხება ისეთს, ვერ გავიგე და იმიტომ. მგონი არც შენ გეკითხები :დ

    ოღონდ რაღაც ნაცნობი დავინახე, რაც დავაკოპირე იმ ფრაზებში. რაღაც უკვე გააზრებული ან რომ მინდოდა გამეაზრებინა, ისეთი.

    ბოდიში ამხელა ბოდიალისთვის **

    • საკუთარი თავისთვის პასუხების გაცემა გამომივიდა. ბლოგი ჩემთვის საკუთარ თავთან ლაპარაკის ყველაზე მარტივი და ბანალური საშუალებაა. ამიტომ აქ კითხვებს ყველაზე ნაკლებად იპოვი, ალბათ მხოლოდ პასუხები. ვერც ვერაფერს აგიხსნი. ეს ყველაფერი იმ კონკრეტული დროის საკუთარი თავის “ხილვაა” და ბევრ რამეს ალბათ მეც ვერ ავხსნი ახლა. პლუს , ალბათ ამიტომ ვერც გავიგე რა გაინტერესებდა.

      • ჰო, მესმის.
        ის ფილმი ნანახი გაქვს? The Hitchhiker’s Guide to the Galaxy. ერთ მომენტში მანქანას კითხვას უსვამენ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხიო. მგონი მილიონი წელი მოითხოვა მოსაფიქრებლად :დ მიაკითხეს მილიონ წელში და პასუხი 42იაო (თუ სწორად მახსოვს). ჰოდა ვერ გაიგეს ვერაფერი, რა 42, კითხვა რა არისო. კითხვა არ ვიცი, მარტო პასუხი ვიციო და ა.შ. და ა.შ.
        ისე გამახსენდა კითხვა–პასუხებზე, რა შუაში იყო :დ

  2. შენი ბლოგი თავის ტექსტებიან, სურათებიან, გიფებიან, მუსიკიანად არის მშვენიერება!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s