თეთრი ხმაური

10686882_646311485476641_7362386112627892715_n

(კარლო კაჭარავას >> ლოლა . ალბათ)

ალინა ორლოვა არის გოგო, რომელმაც რამდენიმე თვის შემდეგ ისევ შემახსენა თავისი ხან წითელი, ხან ვარდისფერი, ხან ყვითელი, ხან წაბლიფერი თავი. ხოდა, ვიხსენებ და ვიხსენებ მთელი კვირაა. მხოლოდ მისი “წვიმა” ( LIJO) და “თებერვალი” (VASARIS) წინასაზამთროდ შექმნილი ერთი დიდი განწყობის მატარებელია. სამელნაქოლიოდ გამოდგება. ზოგადად რომ ავღნიშნოთ, ყველაფერი ცუდად მიდის, ლივერპული ქრინიკულად აგებს, ჩემი ლაბრადორი ბასკი მანქანამ გაიტანა, მე ღამის თენება მიწევს, დოქტორანტურისთვის ვერ ვემზადები, ნორმალურ ფილმებს ვერ ვუყურებ, ტუვე იანსონის „საზაფხულო წიგნს“ კი ორი კვირაა ვკითხულობ. არადა, ჭკუა მეკეტება იმ პატარა კუნძულზე, სოფიზე, მის ექსცენტრიკულ ბებიაზე და მათ სიმარტივეზე. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ფურცლებს ვიზოგავ და მომავალ საზაფხულო დღეებს ვიპარავ ამ სუსხიან შემოდგომა–ჟამს.

ამ საღამოს სახლისკენ მიმავალს ამეკვიატა, ბავშვობაში ნათესავებთან მთის სოფელში როგორ მატყუებდნენ, რომ რწყილების ქარხანა არსებობდა, სადაც რწყილებს იბარებდნენ. მეც ვიჭერდი, ძაღლებს და კატებს ვაცლიდი და ასანთის პატარა ყუთში ვამწყვდევდი ნანადირევს. ღამე ამაზე ფიქრში მეძინებოდა, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა დამეჭირა, მერე შესაბამის “ანაზღაურებასაც” მივიღებდი. არ ვიცი , რატომ მჯეროდი ასეთი ტყუილებს. არც ის ვიცი, ასეთი სულელური ტყუილებით რატომ ერთობოდნენ უფროსები, მაგრამ ფაქტია, რომ როცა გამიმხილეს არავითარი რწყილების ქარხანა არ არსებობსო, 5 წლის სულელი გოგოსთვის ეს საშინელი სტრესი იყო. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის შემდეგ ისევ ვენდობოდი და დავუჯერებდი ადამიანებს. Bullshit.

არ ვიცი ეს რატომ გამახსენდა, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, დეივის თქმის არ იყოს, დიდი თეთრი ხმაურია ჩემს გარშემო გამეფებული. ისეთი გამაყრუებელია, რომ საკუთარი ხმაც კი არ აღწევს ჩემამდე. ნელენელა ვკარგავ ჰესესეულ, საკუთარ შინაგან მდინარესთან კავშირს, ის სადღაც ჩემგან შორს მიედინება. და მაინც…წვრილმანი ბედნიერებები. მახსენდება აბაზანიდან როგორ ველაპარაკები ხოლმე სისულელეებს და ისიც რა გულუბრყვილოდ იცინის: „–მოდი მოვიფიქროთ : „პატარა სახლის დიდი დიასახლისი“ (მცირე ცვლილებები დასაშვებია) ; „დანაშაული და სასჯელი“; „ომი და მშვიდობა“; ლაგერკვისტის „ჯუჯა“.  კიდევ რა შეგვეფერება? მოდი, შუბლის გაგიხსნი და შენში შემოვალ. მაინც მიუტევებლად კარგია ჩემი მაწანწალა.

მზემ იცის, რომ იმას, რისიც გეშინია ან რისი ნახვაც არ გინდა, თვალები კი არ უნდა აარიდო, არამედ თვალებში უნდა ჩახედო. ის როცა მწველი სხივებისგან შეწუხებული თვალებს ხუჭავს და ხელებს იფარებს, მე მას თვალებს ვუსწორებ. მასში შევდივარ და ის ჩემში შემოდის. გზა არასდროს მთავრდება და ისიც–მოგიზგიზე ჩემთან ერთად მოგორავს. მე ის და ის მე–ერთი დიდი მთლიანობა. ყველა თავისი სხივი ჭადრის ყვითელ ფოთლებზე აუსხია. სუნთქვა მეკვრის და თვალები ცრემლებით მევსება. ის ისევ თვალს არიდებს. მინდა შევანჯღრიო და ვუყვირო, რომ თვალები გაახილოს, დაინახოს და აღარ შეეშინდეს. ზიზღით თვალების აქცევა შურისძიების საზიზღარ ექსტაზს განაცდევინებს ალბათ.

თმებიც შევიჭერი. დავიღალე. წლობით დამქონდა წელამდე თმები. ტვირთივით – წაბლისფერი, სქელი. სკოლაში რამდენჯერ მივუბივარ მეგობარს სკამზე ნაწნავებით. ის პატარა ჩემი თავი მომენატარა ერთ ძველ ბავშვობისდროინდელ სურათზე – წითელ სავარძელში წითელი კაბით და შლიაპით, ფეხი ფეხზე გადადებული, ჩემით ოღროჩოღროდ შეკრეჭილი ჩოლკებით და მოკლე თმებით. ხოდა, ავდექი და შევიჭერი ჯერ ყელამდე და შემდეგ მეორე ჯერზე, სულ ბოლომდე. არ ვიცი , რა ვიგრძენი. მეგონა , ფიზკურად თუ სხვანაირი გავხდებოდი, ამჟამინდელი ჩემი სამყაროც გადასხვაფერდებოდა. მე კი მხოლოდ დაუცველობის შეგრძნება გამომყვა სიგარეტის ბოლოთ ჩახუთული სალონიდან – კეფა მიჩანდა, თეთრი, გამხდარი. მეგონა, ნებისმიერს შეეძლო მოსულიყო და რამე ჩაერტყა, ეტკინა ჩემთვის. მსგავსი არაფერი მოხდა, ცხადია. თუმცა, თავის დახრას ჯერ კიდევ ვერიდები – ამ დროს თავი შიშველი მგონია.

ოხ ეს ვულგარულად შეფუთული პროტესტი ვულგარული უმრავლესობის წინააღმდეგ–საკუთარ მაქსიმალიზმის გადამკიდე მარტოდ დარჩენილი ადამიანები. როცა არც უმრავლესობაში ხარ და არც არაფერს აკეთებ რამის შესაცვლელად. ასეთი ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ბედნიერები, როცა სახლში გრძელი დღისგან დაქანცულები ბრუნდებიან, საწოლზე ჩამოსხდებიან, კედელზე ჩამოკიდებულ ათას სისულელეებს აჟღარუნებენ და თავიანთ ბავშვობისდროინდელ,  გაცვეთილ ტედისთან ერთად იძინებენ.

ეს კი ისე ამეკვიატა …. „ქუჩაში, ქალაქის ძარღვებში სისხლივით მოძრაობენ ადამიანები, შენ კი ისეთი სევდიანი ხარ, თითქოს გაზაფხულს ემშვიდობები, ტრასაზე დახაზული ლიანდაგებიდან ქალაქში სითბო შემოდის და მთელი ცა ჩემი ცისფერი ზურგჩანთაა, რომლითაც მზე მომაქვს შენთვის“ . / ზაზა კოშკაძე

Advertisements

16 responses to “თეთრი ხმაური

  1. მაგა, რა კარგად იცი ხოლმე ასეთი ამბების აღწერა, დავჯექი და ავივსე პირდაპირ.

    შემეცოდა შენი ლაბრადორი ძალიან ძალიან 😦 ძაღლების სულები სად მიდიან ნეტავ?..

    ალინა ორლოვას წლების წინ ვუსმენდი და რამდენი ხანია აღარ გამხსენებია. მეგობარი მყავს ლიტვიდან, მგონი ორლოვაც ლიტველია (ან იქნებ ესტონელი, სულ მეშლება), რომელმაც პირველად მომასმენინა მისი სიმღერები და იმ პერიოდს ძალიან უხდებოდა, ახლა კიდევ ცოტა ბავშვურად მეჩვენება.

    მოკლედ, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ბევრი რამე გამახსენე ამ პოსტით.
    თმების შეჭრა… წარმომიდგენია, როგორი ლამაზი თმა გექნებოდა და ყოჩაღ გამბედაობისთვის. მე და თმებს ძალიან მისტიკური ურთიერთობები გვაქვს და ბევრ ექსპერიმენტს ვერ ვუბედავ 🙂

    წარმატებები დოქტორანტურაში!!!

    • მადლობა სოფი, ისეთნაირად მწერ ხოლმე, მგონია, რომ სულ ჩემთან ხარ ემოციურად, გონებრივად, რა ვიცი, ყველანაირად.
      სულ მაინტერესებდა სად მიდიან ცხოველების სულები…ალბათ იქ, სადაც ჩვენი.
      ალინა ლიტველია…სწორად გახსოვს ))
      თმების შეჭრა რთული იყო, მაგრამ გადაულახავი არაფერია, თმებია და სხვა არაფერი.
      საინტერესოა რას გულისხმობ თმებისადმი მისტიკურ დამოკიდებულებაში, დავინტრიგდი )))
      დოქტორანტურის ამბები სავარაუდოდ ჩაიშალა, მაგრამ სხვა რამ იქნება, იმედია.
      სოფი ❤

      • ისე, მართლა, რა უსამართლოდ დაისაჯნენ ცხოველები მოკვდავები რომ გახდნენ, სამოთხიდან გამოეყარნენ. ბიბლიის ყველაზე უსამართლო ნაწილი.

  2. უფრო მოკლე კიდევ უფრო მოგიხდა.

    “არადა, ჭკუა მეკეტება იმ პატარა კუნძულზე, სოფიზე, მის ექსცენტრიკულ ბებიაზე და მათ სიმარტივეზე.” ))))

      • ვწერე პოსტი ვწერე და დავანებე თავი :დ

        წავიკითხე ეს წიგნი და მართლა რა კარგი იყო ❤

        "კუნძული შეიკრა და ხალხმრავალი გახდა. ახლა სოფია სადაც უნდა წასულიყო, უნდა სცოდნოდა, სხვები სად იყვნენ. სოფიას სხვებისგან შორს ყოფნა უნდოდა, მაგრამ როგორც კი ისინი გაუჩინარდებოდნენ, იძულებული იყო, მოეძებნა, რომ ხელახლა შეძლებოდა მათი უგულებელყოფა."

        ამ ციტატამ მომინელა :დ სხვა ბევრმა მომენტმაც, მაგრამ აი ეს აბზაცი თავს აღარ მანებებს ;დ ❤

        • ეს ბლოგპოსტი არც მახსოვდა. ეს წიგნიც არ მახსოვდა. ხომ კარგი იყო, მაგრამ ჯამში მაინც უფერული იყო. მხოლოდ ზაფხულს რომ მოაქვს და მიაქვს ისეთია :))
          თუმცა, ეს ციტატა მეც მომეწონა ახლა .

        • ნუ ჩემთვის საზაფხულო წიგნი ბრედბერის ბაბუაწვერას ღვინო და მშვიდობით ზაფხულოა, უკეთესი არ არსებობს 😀

          მაგრამ შუა იანვარში ისეთი კარგი იყო ^_^

  3. მაინტერესებს შენი მოკლე თმა, ალბათ სულ გრძელი თმის ტარების შემდეგ რთულია უცებ ცვლილება.
    ნაცნობი განცდაა, კარგი წიგნისთვის რომ ვეღარ იცლი და მერე გულს იმშვიდებ, რომ იზოგავ 🙂
    ალინა კიდევ მიყვარს, პერიოდულად ვაკითხავ ხოლმე 🙂

  4. ,,დიდი თეთრი ხმაურია ჩემს გარშემო გამეფებული. ისეთი გამაყრუებელია, რომ საკუთარი ხმაც კი არ აღწევს ჩემამდე. ნელენელა ვკარგავ ჰესესეულ, საკუთარ შინაგან მდინარესთან კავშირს, ის სადღაც ჩემგან შორს მიედინება. და მაინც…წვრილმანი ბედნიერებები”- იგივეს ვგრძნობ (!)

    • რისი გაკეთება შეიძლება? აშკარაა, რომ ამის გამოსწორება შეიძლება, მაგრამ როგორ? გაქვს რამე გზა ნაპოვნი?

  5. შეიძლება განმარტოვებით… მე მხოლოდ ეს მშველის, არა ტელეფონი, არა სოციალური ქსელი, არა ადამიანები. მთები და მე. მე და მთები. მაგრამ ეს, როგორც წესი, არასდროს ხდება:/

    • განმარტოება არც მიფიქრია, მეგონა უარესი იქნებოდა და მერე უფრო გამიჭირდებოდა დაბრუნება. მთები იდეალური გამოსავალია. ახლა ტაო–კლარჯეთში დავგეგმე მეგობრებთან ერთად წასვლა კარავით. თუ გინდა , შემოგვიერთდი !

  6. ჰომ, ჩემთვის მთებია და მარტო ყოფნა. სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ. მთელი ოქტომბერი და ნოემბერი დაგეგმილი მაქვს. გისურვებ სიმშვიდე მოეტანოს იქ მოგზაურობას და მდინარესაც ეპოვნოს თავისი ნაპირები…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s