მელანქოლია

tumblr_nbbazkzVyX1s91hv8o1_500

“მისის ბრაუნი უცნაური ქალია, პათეტიკური, ახირებებითა და სიშმაგეებით სავსე, პირქუში, მარტოხელა არსება, რომელსაც იტანენ, მაგრამ არ უყვართ. ის გამუდმებით ყლაპავს პანიკის მსგავს მჩხვლეტავ აგზნებებს და ასე ემზადება ყველაზე უარესისთვის, რაც შეიძლება მოხდეს მისთვის და მისი ოჯახისთვის” – აი ასე , ვერ ამოვიგდე თავიდან მისის ბრაუნი.

უახლოესმა მეგობარმა კი ბოლომდე მიასრულა და წერტილიც დაუსვა ჩემს ამ მდგომარეობას , როცა სასხვათაშორისოდ აღნიშნა შენც კაი აუტანელი ხარო (არა, იყავიო). ღმერთო, არადა , მე ხომ ყოველ საღამოს ვლოცულობ ჩვენთვის. საშინლად შემეშინდა – ძველი , ყოველდღიურ ძალაუნებურ თვალთმაქცობაში მიჩქმალული აპათიურობა ისევ არ მომიბრუნდეს და ისევ პანტაპუნტით არ დავიწყო საყვარელი ადამიანების მოშორება ჩემი ცხოვრებიდანმეთქი. გავიფიქრე და ისე გამცრა ტანში სიცივისგან, რომ ფიზიკურადაც კი შევიკუმშე.

ზაფხულმა დამტოვა და უნამუსოდ შემატოვა დეპრესია. ახლა დაიწყება ყველაზე უარესი – ჩემი უსასოება და უსქესობა. არ მინდოდა ეს ზღვა, არ მიყვარს, ან შეიძლება ლატენტი ზღვათმოყვარულიც ვარ, მაგრამ ამ ზაფხულს არ მომნატრებია ეს “სხეულზე შერჩენილი მარილიანი წვეთები”. ალბათ იმიტომაც , რომ წყლის არ მეშინია და არაფრად ვაგდებ. შემიძლია საათობით ისე ვიწვე ქვებზე, რომ ზღვისკენ არც გავიხედო და მხოლოდ ჩემი თითები ვათვალიერო უნახავივით.

აი, მთა მენატრებოდა. ვიფიქრე, ამ ზაფხულს ბევრი რამ შეიცვლება, ხოდა მოვიგდებ ამ ჩემს ზურგჩანთას მხრებზე და სადმე შორს წავალმეთქი. ფეხიც კი არ გამიდგამს ჩემი ნანატრი ადგილებისკენ და სევანის ტბის იქით არ მღირსებია არაფრის ნახვა. მეც შევშფოთდი და სულ ჩავიკეტე სახლში. ვსქროლავ ახლა უაზროდ და ვათვალიერებ ფოტოებს – ხან საქართველო, ხან ამერიკის დაცული ტერიტორიები, ხან კილიმანჯარო, ხან ტიბეტი და ა.შ. ოჰ, როგორ მეშინია სიმაღლის. სახურავზე რომ ავდივარ იქიდანაც კი ვერ ჩამომიხედია, ფორთხვით თუ არ მივაღწიე კიდეს.

თმა ამ დილით ისევ გაურკვეველ ფერად შევიღებე.არ მინდა ეს გრძელი თმა, მაგრამ ჯერ ველოდები , რომ შემოდგომისულმა დეპრესიამ პიკს მიაღწიოს, რათა მერე მაინც ავდგე და დავიჭრა ეს თმები – აჭრელებული. დავჯდები გადაკორტნილი თმებით, გავეხვევი ჩემს ვარდისფერ კუბოკრულ ადიალაში, დავიდგამ წინ ჩემს უზარმაზარ ჭიქას პიტნის ჩაით და დაველოდები რამეს გაურკვეველი მზერით. რაღაც აუცილებლად მოვა. თუ არაფერი მოვა, ეს ძრწოლა მაინც წავა. სირცხვილია. ამხელა ქალმა სად უნდა ვთქვა, რომ სიკვდილის მეშინია იმ საშინელი საღამოს მერე, როცა ლამის თავი გამისკდა დაძაბულობის და შეკავებული ტირილისგან.

tumblr_n9pdrdn0Ed1s49dupo1_500

ამ საღამოს კი, ლივერპულმა წააგო თუ არა, Alice Coltrane–ს “Turiya And Ramakrishna” ჩავრთე და მისი სიმშვიდის და ფარული ქაოტურობის ფონზე აბაზანისკენ გავეშურე. სულის მოთქმა მჭირდება. სარკეში ჩავიხედე და გამიკვირდა, ამ სახეს ამ დილით რატომ გავუღიმემეთქი. სულ სხვა ვინმე დამხვდა – ფერმკრთალი და ცარიელი გამომეტყველება. საცვლებს უაზროდ ვფანტავ . შხაპს ვიღებ – მაღიზიანებს დიდი მკერდი და ვიწრო წვივები. სხვა დროს ვუვლი, ვამჩნევ, აღვიქვამ მას მხოლოდ ჩემად, მაგრამ ახლა უბრალოდ ის დრო არაა. იმდენი რამ იცვლება. ყოველ წამს ვტრანსფორმირდებით. სასწაულია.

სხვა არაფერი. როსტენის “შვილი” ჯერ კიდევ არ დამისრულებია. ფილმებს უფრო ხალისით ვუყურებ. უძვირფასესმა ფეიმ “ELECTRICK CHILDREN”–ის ნახვის სურვილი გამიჩინა თავის ბლოგპოსტით და არ მინანია – ან როგორ შეიძლება, ასეთი ლამაზი ფილმები იშვიათად თუ შეგხვდებათ. მხოლოდ მუსიკაზე დაორსულებული გოგონას ხილვა რად ღირს ჩვენნაირი დეპრესიული გოგონებისთვის. კანინგემის ქალების საათებმა ხომ საერთოდ ძალა გამომაცალა – დამღალეთ ქალების უბედურებით და გაუმაძღრობით. უსინდისობაა ეს – სულმდაბლობა. დორის ლესინგის “ნაპრალის” წაკითხვის მერე , მხოლოდ ახლა შემეცოდა მამრი ასე ძლიერად – თავიანთ ქალებს გადაფარებული , შეშინებული, დაძაბულობისგან გაოფლილი მამაკაცები .

ძილი ნებისა.

Advertisements

5 responses to “მელანქოლია

  1. იმ საშინელ საღამოს რა მოხდა? როცა ლამის თავი გაგისკდა დაძაბულობის და შეკავებული ტირილისგან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s