ხელოვნება ფულის ენაზე

წესი 1. ნამდვილ ხელოვანს სტრატეგია არ სჭირდება.

როცა თბილისშია ერთად ხშირად ვსეირნობთ. მიუხედავად იმისა, რომ ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით ერთმანეთისგან , თითქმის არასდროს ვკამათობთ – ის პატივს სცემს ჩემს შეხედულებებს და მე “ვცდილობ” პატივი ვცე მის შეხედულებებს. ვსეირნობთ. დაღამდა. მთვარე ბანანის დაღეჭილ ბიგბაბოლს მახსენებს. არადა, რომ შეხედო ძალიან ლამაზია. ნეტა მხატვრები ამას ხელოვნების ენაზე როგორ იტყოდნენ? თავი ის უაზრო და უპრინციპო კოლექციონერი მგონია, რომელიც ლამის კბილებით სინჯავს ნამუშევრებს, ფულის ენაზე თარგმნის ყველა დეტალს და ამ დროს ფიქრობს “ნეტა Х რამდენად იყიდიდა ამ ყლეობას?”.

თავი ვერ შევიკავე და ხელოვნებაზე ჩამოვაგდე საუბარი. პატარა ცხვირს ავისმომასწავლებლად აცმაცუნებს და მეუბნება, რომ მისთვის მალევიჩის “შავ კვადრატს” არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია – “ამას ხომ ნებისმიერი იზამდა?”. ეს იმდენჯერ მოსმენილია იმდენივე ინტერპრეტირებული ვარიანტით, რომ არ ვიბნევი და მალევიჩიდან ხან დიუშანის პისუარს მივედე და ხან უორჰოლს. არაფერი გამომდის – მთავრე ახალ მოხაზულობებს იძენს – საცაა კვერცხის გულივით გასკდება და დაიღვრება.

წესი 2. როცა ნახატს უყურებ, ავტორით არ უნდა დაინტერესდე.

ერთმანეთში მერევა ყველაფერი – ხელოვნება ადამიანისთვის, ადამიანი ხელოვნებისთვის, ხელოვნება ხელოვნებისთვის თუ უბრალოდ ადამიანი ფულისთვის, სადაც ხელოვნება მხოლოდ დამაკავშირებლის როლს თამაშობს? ნუთუ სულ ესაა? ნუთუ ვან გოგის ფუნჯის ჯადოსნური მონასმების დანიშნულება მხოლოდ ამით ამოიწურა? პასუხი ცხადია, არაა – არც ამ ცხვირბზეკიამ იცის რამე და არც ამ მნიშვნელობადაკარგულმა მთვარემ.

არც ავსტრალიელმა პიტერ კერიმ – დიდი მონდომებით ცდილობს გულუბრყვილო და ერთ დროს სახელგანთქმული მხატვრის მაიკლ ბოუნის, მეტსახელად ბუჩერის მაგალითზე დაგვანახოს რა ხდება ხელოვნებისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც თავის ხელოვნებას ისე მიათრევს, როგორც იესო თავის ჯვარს გოლგოთაზე . თუმცა, ამდენ ინტრიგებში და ფულის დასტებში ისე იკარგები, რომ ბოლოს ყველაფერი ისევ ისეთი ბუნდოვანი რჩება.

წესი 3. გონება და სული გახსნილი უნდა გქონდეს ხელოვნებისთვის.

ეს მწერალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანი და ხელოვნება ერთმანეთს დააშოროს – ნუ გაიგებ ამას პირდაპირი მნიშვნელობით – ის უბრალოდ ცდილობს გვიჩვენოს, რომ ხელოვნება აღარ დარჩა ნამდვილი და გულწრფელი ადამიანებისთვის. პირიქით, ხელოვნება სწორედ ასეთ ადამიანებს დაუპირისპირდა – ერთ მხარეს არიან ბუჩერი, მისი აუტისტი ძმა ჰიუ და ოლივიე ლეიბოვიცი, მეორე მხარეს კი, ის ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ მათ ხელოვნებას – ყოფილი ცოლი, კოლექციონერი, მეგობარი ქალი და სხვა მრავალი მიზანმიმართული და ხარბი ადამიანი. ეს პირქუში და დაუნდობელი სამყაროა მსხვერპლებისთვის და მდიდრებისთვის; ხანდახან ისეთი კატეგორიის ადამიანებისთვისაც, რომელთათვის ხელოვნებისადმი დამოკიდებულება საკუთარი მანიაკალური  მიდრეკილებების შენიღბვის საშუალებაა.

ჩემი ცხვირაბზეკილი კი შეუჩერებლად ლაპარაკობს და ხმაურობს მომართული მექანიზმივით. იქნებ მართლაც უბრალო შემთხვევითობაა ის ხელოვნება, რომელსაც ჩვენ დღეს “ვიცნობთ”? ან იქნებ მხოლოდ გამბედაობა და ჯიუტი ძალისხმევაა, რომელმაც შემთხვევით გაამართლა?  მეუბნება – “იცი, ასე ყველაფერს შეიძლება ხელოვნება უწოდო”. მეცინება და გულის სიღრმეში ვეთანხმები თუ არა თავადაც არ ვიცი. თუ ვიღაცისთვის ეს ავადსახსენებელი “შავი კვადრატი” და აბრამოვიჩის რამდენიმეწუთიანი ღნავილი ხელოვნებაა, რატომ უნდა შემრცხვეს იმის აღიარების, რომ მელოდია, რომელსაც ვუსმენ მობილურში სანამ ოპერატორთან დამაკავშირებენ, ასევე ხელოვნებაა? – წარმოიდგინეთ ვიღაც იჯდა და ფიქრობდა რა მელოდია შეერჩია ამ გაბმული “ტუ ტუ ტუუს” ნაცვლად. ისევე , როგორც დიუშანი ფიქრობდა რისთვის დაერქმია ხელოვნების ნიმუში – პისუარისთვის თუ სახურავიდან ჩამოვარდნილი კრამიტისთვის.

ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი ჩვენს სიჯიუტეზე, სუბიექტურ აღქმაზე, გულწრფელობაზე ან უბრალოდ სნობიზმის “ხარისხზეა” დამოკიდებული. მე ვიცი, რომ ამ ადამიანისთვის, რომელიც გვერდით მომყვებოდა, ოთახის კედელზე ჩამოკიდებულ ” შავ კვადრატს” არანაირი ღირებულება არ ექნებოდა. მისი ფასი იქნებოდა მისგან გამოწვეული აჟიოტაჟის, გამოხმაურებების, ცნობადობის ფასი – თუ რათქმაუნდა , ამის ფასის დადგენაც შეიძლება.

მაგრამ როგორ უნდა მიხვდე აგებ თუ იგებ, თუკი ქმნილების ფასი არ იცი?

კერი წერს, რომ ფულის კეთების ბანალურმა ხერხმა კი არა, განურჩევლობამ, მოდის შეშლილობამ გადამრიაო.

გამოდის დე კირიკო მოდაშია, რენუარი – აღარ. ვან გოგი კი ყოველთვის უსწრაფესად იყიდება. უცებ მომინდა დავრეოდი ამ ნაძირალებს. დავხოცავდი, რომ შემძლებოდა.

იქნებ ეს არის სიბნელე და უსასოობა, როცა თვალი არ გიჭრის. ცხვირი – კი, ბაზარის მოთხოვნების საყნოსად. იქნებ ბუჩერი, რომელსაც თავი დიდი მხატვარი, მისისიპიში, ბენდიკში, ბამბის პლანტაციებში მცხოვრები შეშლილი იესო ჰგონია, სულაც არაა დიდი მხატვარი. იქნებ ისაა ნამდვილი ხელოვნების ნიმუში, რომელიც ასეთი თვალებისთვის და ცხირებისთვის მიუწვდომელია და რომელიც ისევ თავის შემომქმედს უბრუნდება, როგორც აუტისტი ჰიუს მიერ ზეწრებზე დახატული ბოდვები.

წესი 4. ნამდვილ ხელოვნებას განმარტება არ სჭირდება.

რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, მოგვაშორეთ ხელოვნების კანიდან ამოჩრილი ხიჭვები. ჩაგვავლეთ მაშები და პინცეტები და მოგვაშორეთ.

Theft_A_Love_Story.large

Advertisements

9 responses to “ხელოვნება ფულის ენაზე

  1. მართლა რამდენი გაცვეთილი კითხვა არსებობს, ძალიან დამღლელია უკვე. პრობლემა ისაა რომ მთელმა მე-20 საუკუნემ გვერდზე ჩაგვიარა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ევროპელს აპრიორი ესმის ყველაფერი, ხშირად მინახავს მსგავსი კითხვები ინტერნეტშიც…

    თუმცა დღეს, სადაც ფულია, ძირითადად ხელოვნებაც იქვეა. არ ვიცი რატომ ვიქეცით ასეთ საზოგადოებად.

    “Once, Picasso was asked what his paintings meant. He said, ‘Do you ever know what the birds are singing? You don’t. But you listen to them anyway.’ So, sometimes with art, it is important just to look.”
    — Marina Abramovic

    • ან პირიქით, სადაც “ხელოვნებაა”, იქვე ფულია. ჩვენი just looking-ით შოულობენ ფულს. თუ ვერ შოულობენ, ე.ი. ხელოვნებაც არ ყოფილა და ასე სანაგვეზე მიდის ბევრი “ნამდვილი ხელოვნების” ნიმუში. დამღლელი სწორედ ეგაა…

      • კიბატონო, მაგრამ ფერწერაც აღარ არსებობს. მაშინ კვლავ მივალთ იმ კითხვასთან – რას უნდა დავარქვათ დღეს ხელოვნება? როდე ხელოვნების მახეშია :დ

        • მოდი, თავად შევქმნათ წესები “ჩვენი” ხელოვნებისთვის :* შენც ამას გთავაზობ. ყველაფერი იმდენადაა დამოკიდებული სუბიექტურ აღქმაზე, რომ როგორ შეიძლება ხელოვნებაზე იდაო და “საზოგადო” წესები შეუქმნა? ხელოვნებაა თავადაა აღქმის, ემოციების, გრძნობების გამოხატვის საშუალება. ეს ყველაზე პრაივით კუთხეა, სადაც არავინ არ უნდა აფათუროს ხელები. ჩემთვის მონეს ნახატები ხელოვნების ნიმუშები იქნება თუ არა, სწორედ ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული და ჩემს სულიერ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ, ძალიან მალე იცვლება. რა საჭიროა ყველაფერს შესაბამისი იარლიყო მიაკრა–არ არსებობს არანაირი შესაბამისობები. ჩავივლით და ოოჰ რა დიდებულია! და თავის ქიცინი. რა სიბრიყვეა, მაშინ როცა, გულში მართლა იმას ვფიქრობ ეს რა ყ**ბააო.
          ამიტომ მიყვარს დიუშანი. შენთვის თუ ჩამოვარდნილი კრამიტია ხელოვნება, ჩემთვის პისუარია ეგ ხელოვნების ნიმუში. რა მარტივია ყველაფერი. არ არსებობს არანაირი ობიექტური რეალობა. დაე ზეობდეს სუბიექტივიზმი 😀

        • კიბატონო, დაე ზეობდეს! მეტს ვერაფერს დავამატებ. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ამ ეტაპზე არის ის, რომ ქართველი მხატვრების გარდა, არცერთი მხატვარი არ მინახავს “ლაივში”. და ეს კიდე ხომ იცი, ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა… :/

          ჰოდა კიდე ბარემ ემოციებზე. ხშირად გვავიწყდება, რომ ზოგჯერ მარტო სასიამოვნო, ლამაზი ემოციების გაზიარება არ გვსურს ადამიანებს. სხვა მანკიერი ვნებებიც საინტერესოა ხელოვნებაში.

  2. რა კარგი იყო!

    მოდერნიზმი ამიტომაც მიყვარს, ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მონახაზს გაძლევს და დანარჩენი შენმა ფანტაზიამ და იმ პერიოდის განწყობამ უნდა გააკეთოს. საფრანგეთის საზღვაო კურორტები აქვს დავით კაკაბაძეს დახატული… მმმმმმმმმ ისეთია …….. თვალებს რომ დახუჭავ და მოიგონებ იმ ადგილის კონტურებს და აქცენტებს. ძალიან ზუსტ “ჩარჩოს” გაძლევს და დანარჩენ საქმეს გრძნობები აკეთებს.

    “ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი ჩვენს სიჯიუტეზე, სუბიექტურ აღქმაზე, გულწრფელობაზე ან უბრალოდ სნობიზმის “ხარისხზეა” დამოკიდებული.” my point exactly.

    რაც შეეხება ფულს, ხელოვნების წრეებში ყოველთვის არსებობს დაპირისპირებები, გასაგები მიზეზების გამო. ისეთ შეფასებებს ვისმენ ერთმანეთზე, რომ სულ ქრება ის ჯადოსნური საბურველი, რაც მათ შემოქმედებას აქვს. ძალიან გულდასაწყვეტია. ერთს კარგი სანაცნობო წრე ჰყავს, მათ შორის სპონსორები, მეორეთ – არა. ჰოდა, ასეა, რა.

    • მადლობა, თინიტა… და რატომ მხოლოდ მოდერნიზმი და რატომ არა გამოქვაბულზე მიკაწრული ბიზონები, ადრექრისტიანული, ან რენესანსი, ან კლასიციზმი და ა.შ. განა ისინი არ გვაძლევენ საქმეს გრძნობებისთვის? 🙂
      “ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი ჩვენს სიჯიუტეზე, სუბიექტურ აღქმაზე, გულწრფელობაზე ან უბრალოდ სნობიზმის “ხარისხზეა” დამოკიდებული.” :))

      • ამ თემაზე იხ: ჩემი მეგობრის სამკაულები.

        http://irendesignshop.blogspot.com/2014/07/blog-post_56.html

        http://irendesignshop.blogspot.com/2014/09/sun-pendant.html

        და გია ჯაფარიძის სკულპტურები მთლიანად ბრინჯაოს ხანით შთაგონებული. კარგი გამახსენე 🙂

        • ჰააჰ, საყვარელია ირენის ნამუშევრები :))

          გია ჯაფარიძის სკულპტურები მეც ძალიან მომეწონა ადრე, სულ რამდენიმე მაქვს ნანახი, მაგრამ მახსოვს, რომ მის ერთ “ქალს” დიდხანს ვუყურებდი. თან მეცინებოდა, თან მიხაროდა, რომ სხვებს არ ჰგავდა ის “ერთი” 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s