Rock’n Roll შვედურად

1000973_214102238750166_336445384_n

საშინელებაა იმის გახსენება, როგორ ალღობდა ჩემი მეზობელი ვინილის ფირფიტებს ცხელ წყალში, როგორ აძლევდა სხვადასხვა ფორმას მის ელასტიურ ზედაპირს და შემდეგ როგორ ითავსებდა მიღებული საგანი ყვავილის ქოთნის ფუნქციებს. აი, ფირსაკრავს კი უფრთხილდებოდა დიდი რუდუნებით – თეთრი ნაქარგი ქსოვილი ჰქონდა გადაფარებული, რომელსაც დროდადრო ფრთხილად გადააძრობდა და მოკრძალებით წმენდდა მტვრისაგან. გეგონებოდათ შიგ ჯადოსნური არსებებს სძინავთო.

მაშინ დიდი არაფერი მესმოდა არც ფირსაკრავების და არც ამ შავი ფირფიტების, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ნადგურდებოდა ჩვენს ხელში. რა ვიცოდი, რომ ჯადოსნური არსებები სწორედ იქ იმალებოდნენ, რომლებიც სწორედ ამ ფირსაკრავზე უნდა ახრიალებულიყვნენ, აშიშინებულიყვნენ, აბორგებულიყვნენ, იქიდან უნდა გადმომსკდარიყო ის მძიმე აკორდები, რომელიც ახლა ყვავილების მიწის ქვეშ განისვენებდა. მერე რა. მალე რადიო მომიტანეს და ეს ამბავიც დავიწყებას მიეცა დიდი ხნით.

აი მერე კი… როცა ვგრძნობ,რომ სადაცაა თავი გამისკდება, ვხვდები, რომ ეს მუსიკაა. სხვაგვარად არც შეიძლება. მუსიკის შიგნით ყოფნა შიგნით ყოფნა გაუჩინარებისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილია. არა, განა შენს გარშემო იცვლება სამყარო, უბრალოდ შენს შიგნით ჩნდება სხვადასხვა სამყარო. ეს ყველაფრისგან გიცავს – შინაგანი ხმებისგან და გარეგანისგანაც–მანქანების ღმუილი, ფუსფუსი, ლაპარაკი, კნავილი, ყმუილი, მოკლედ ყოველდღიური ქალაქური შფოთვანი.

ბლოგი იმისთვის შევქმენი, რომ ჩემს ცხოვრებისეულ ვნებებზე მესაუბრა, რომელებიც სიმართლე გითხრა, მართლაც ვნებს ჩემს ნერვულ სისტემას თუ ფსიქიკურ მდგრადობას. ესენია წიგნები, ფილმები, მუსიკა და ლივერპული. ოთხივე მათგანი თავის ქალას მხდის, მაგრამ მუსიკა ამათ შორის ერთადერთია, რომელსაც დოზებად ვიღებ – წვეთ–წვეთობით, მუდმივი ზედამხედველობის და ყურადღების ქვეშ მკაცრად განსაზღვრული გრაფიკით. სიმართლე ვთქვა, ასეცაა საჭირო – ხომ გითხარი , ამ დროს თავი ლამისაა სოკოსავით გამიფუვდეს და უწონობისგან თავიც ვერ შევიმაგრო მიწაზე.

ჩემი ხორცი და მუსიკა ერთად – რამდენიმე სწრაფი დარტყმა წამში. შემდეგ “ნგრევის და განადგურების ელეგანტურ ქაოსში” ეს ხმოვანი მასა სისხლში გიჯდება , მყარად იბუდებს და განუწყვეტლივ დააქვს ხუთ ლიტრს ეს მეხსიერება მთელ სხეულში – აი, როგორ ვიწამლებით მუსიკით ფიზიოლოგიურ დონეზე. შემდეგ კი რა ხდება? არც არაფერი – ხარ ერთი კოსმოსში დაკარგული ამება, გალიაში დამწყვდეული ფრთოსანი, ცელოფანის პარკში  შეფუთული არსება – ინდიფერენტული; მხოლოდ თავისუფლების მაძიებელი.

წარმოიდგინე, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ბზარი ჩნდება, მაგრამ კეთილისმომასწავებელი – თქვენი ცხოვრება, როგორც მდინარეზე გაწოლილ უზარმაზარი ყინულის ზედაპირი, გვრგვინვით იპობა; რაღაცა მოსჩქეფს, რაღაც ხმაურობს და გუგუნებს; ამას ახალი ბზარები მოჰყვება და შემდეგ ეს ამოვარდნილი წყლის მასა ერთ მოძრაობად ქცეული , არც კი იცი საით წაგიღებს. იმიტომ, რომ ის პირველია – პირველი ბზარია ამდენი ხნით ჩამოწოლილ ყინულზე. ეს რაღაც ისეთია, რომელიც არავის გამოუცდია იქ, სადაც ცხოვრობ.

სამოციანი წლები ილევა. მსოფლიოში როკ–მუსიკის ბუმია. ბითლზები ინდოეთში მოგზაურობენ და სიტარაზე დაკვრას სწავლობენ; კალიფორნია ჰიპების FLOWER POWER–ს და ფსიქოდელიურ როკს აქვს წალეკილი; ინგლისი როკ–ჯგუფებით – KINKS; PROCOUL HARUM, THE WHO, SMALL FACES და THE HALLIES – ით, დუღს. შენ კი წარმოიდგინე, რომ ერთი მორიდებული უშნო ბიჭი ხარ შვედეთის ყველაზე შორეული სოფლიდან, სადაც თითქმის არაფერი არ აღწევს და იმისთვის, რომ ამ დინებას არ ჩამორჩე, მხოლოდ ისღა დაგრჩენია, ეზოში ფიჭვებს შორის სპილენძის მავთული გააბა, როგორც საშუალო ტალღის ანტენა და რადიოთი ლუქსემბურგის რადიო–გადაცემების ტალღა დაიჭირო; ან მხოლოდ ხისგან გამოჩორკნილი გიტარით დაკმაყოფილდე; ან განმარტოებით მცხოვრებ გერმანელს ფულის სანაცვლოდ მომრავლებული ვირთხების კუდები ჩაუთვალო–ცხადია, გიტარის საყიდლად უნდა იტვირთო ეს ამაზრზენი საზაფხულო სამუშაო. და ა.შ.

ასეთ ადგილებში რომ კრეატიულობა მოინდომო, აუცილებლად უნდა გქონდეს თვითგადარჩენის უნარი. ამ პატარა სოფელში და არა მარტო აქ, ხალხი როკ–მუსიკოსობას სულ სხვა თვალით უყურებს და სულაც არ თვლის, რომ რამედ ღირს ან რამე სარგებლობა მოაქვს. მათთვის ეს ერთგვარ ეპილეფსიურ შეტევას ჰგავს; ან უბრალოდ თვლიან , რომ ეს ჭარბი ენერგიის ბორგვაა, მაღალი წნევა, დროის ფუჭი კარგვა. ვისთვის კი, ეს პანიკა ამბოხია ყველაზე მბორგავი, სისხლიანი მეოცე საუკუნის წინააღმდეგ.

მოკლედ, ბევრი მელომანი მიხვდება რაზეცაა საუბარი, როცა შვედი მიკაელ ნიემის ექსტრაორდინალურ და ბილწ რომანს – „როკ–ენ–როლის სოფელს“ წიაკითხავს.

როგორც როკ–ენ–როლის სოფელის ერთი მობინადრე ამბობს, მუსიკის ძალას რომ აღმოაჩენ , მორჩა – წასულია შენი საქმე, უკან მოსაბრუნებელი გზა მოჭრილი გაქვს,–პირველი დანძრევის არ იყოს, ვეღარ შეეშვებიო–”თითქოს ბოთლს საცობი მოაძრე და შუშხუნით ამოიფრქვა ნაკადი, რომლის შეჩერება შეუძლებელია.” ჩემი სოფელი კი არასდროს ყოფილა როკ–ენ–როლის სოფელი, იქ მსგავსი რამ არც ადრე მომხდარა, არც ჩემი იქ გატარებული შეგნებული ცხოვრების მანძილზე და არც ახლაა უკეთესი სურათი. მეც კი არ დავინტერესებულვარ  ჩემი მეზობლის ფირსაკრავის ბედით.

მოკლედ, მეც არასდროს დამავიწყდებაა ჩემო ნიილა,  ზამთრის ტაიგის მიყრუებულ ჯურღმულში ორი პატარა ლაწირაკის გული და ხელით ნაჩარხი გიტარა, ROCK ‘N’ ROLL music–ი და თქვენს პირზე შერჩენილი ბავშვური კოცნის გემო. სხვა თუ არაფერი, თქვენ ხომ ყველაზე დედამიწის ულამაზეს მხარეში დაიბადეთ, საიდაც სუსხიან დღეებში, თქვენ წინ ირმები ტლინკაობენ მდელოზე, ზოგჯერ კი ფეხემოკეცილი რქებაშვერილი წვანან და სითბოს ინახავენ. ეჰ, ჩვენი როკ–ენ–როლის სოფლები.

Poplar.Musik.2004.mkv_20130305_133540.498 (კადრი ზემოთხსენებული წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიდან “Populärmusik från Vittula”; 2004. )

Advertisements

8 responses to “Rock’n Roll შვედურად

  1. შარშან წავიკითხე ეს წიგნი და ბლოგზე ვერ დავწერე, ფბ–ზე მედო პოსტი.

    აშიშხინებული წიგნია რაღაცნაირი, აქაფებული ჰო. რატომღაც მდინარის გამაყრუებელი ხმაურის წარმოდგენა მინდება, როგორც იქ ხიდზე, რომლის ქვეშაც მდინარეს უკუღმა უნდა უყურო.
    კიდევ თეთრი ბლანტი ნივთიერებით შეფუთული ბგერების ხმაურის, აი, თან რომ ჟღრიალებს და თან შემპარავია, იმიტომ რომ მუსიკის გასინჯვის არც ერთხელ არ შემშინებია, გასინჯულზე კი რა აღარ დაგზაფრავს ადამიანს.

    • წიგნი შედევრი ნამდვილად არ არის, მაგრამ სასიამოვნოდ წასაკითხი რამე იყო და ბავშვობაც საყვარლად გამახსენა…

      • არა შედევრი არაა. მაგრამ ასეთი წიგნები მიყვარს ხოლმე, აი ლინგვისტური პრობლემებით, უცნაური ფრაზები და დაბრახუნებული სიტყვებით გამოხატული ემოციები რომ მოაქვს :დ

        • რატო? :დ
          შენ იცი ხო ეგ გამომცემლობა? კარგი რამე რუმეები აქვს, ბევრი სკანდინავია და რამე :3

        • კი, მაგ გამომცემლობის უკვე საკმაოდ ბევრი რამ წავიკითხე და ძალიან მომწონს… უბრალოდ ბიბლიოთეკაში ნაკლებობაა ამ გამოცემლობის წიგნების.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s