ომ.

061e28cbb226a70aaf9343f897b73c04

ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელს მიჩვეულისთვის სრული მოულოდნელობა იყო “ზიდჰარტა”, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ზიდჰარტას გზა ტრამალის მგელის გზის გაგრძელებაა, ან სულაც პარალელური გზა, რომლებმაც მართლაც შეიძლება უსასრულობაში ერთმანეთი გადაკვეთონ. ასეა – შემთხვევით ხელში ჩავარდნილი წიგნებისგან უფრო ნაკლებს მოველით ხოლმე და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ერთ–ერთი იმ ღირსეულ ნამუშევართაგანია.

თუ თავს ევროპელად თვლი, ან ინდივიდუალისტად, ან საუკეთესო შემთხვევაში ევროპელ ინდივიდუალისტად, რომელიც ჯერ კიდევ არ დაღლილა საკუთარი შინაგანი წყაროების და ცხოვრების საზრისის ძიებით, მაშინ ეს წიგნი საჩვენოა. რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი, რომ ჩემს თავს მოხვეული პრობლემები ზიდჰარტამ ერთის ხელის მოქნევით გაფანტა. თუნდაც, მოჩვენებითად.

როგორც ჰესე ზიდჰარტას ათქმევინებს , ტკივილი, ტანჯვა, სხვა ამქვეყნიური ამოებანი, ყველა ეს ბავშვი–ადამიანების საზრუნავი სხვა არაფერია , თუ არა საკუთარი ინდივიდუალური გზა, რომელსაც თავად შენ არჩევ ყოველგვარი სწავლებისგან და მოძღვრებისგან დამოუკიდებლად. თავად ცხოვრება გასწავლის იმას, რასაც ამდენი ხანი ეძებდი სიტყვებში, ვედებში, საგალობლებში, ლოცვებში და სხვა სიტყვით ნათქვამ სიბრძნეებში.

სად იყვნენ ქურუმები, სად ბრძენნი და მონანიენნი, რომლებმაც შეძლეს ეს ღრმა ცოდნა მხოლოდ კი არ სცოდნოდათ, არამედ მით ეცხოვრათ.

“ეძიე გზა შენი” – ალბათ ეს იქნებოდა ზიდჰარტას ცხოვრებისეული დევიზი. მართალიცაა – სხვის გზაზე საკუთარ ჭეშმარიტებას ვერ ვიპოვით. დავდივართ ქუჩებში მეორადი ადამიანები, მეორადი სულები, მეორადი გრძნობებით – ყოველთვის ვიღაცის ანარეკლები, სხვების გამოცდილებით და ცხოვრებით ნასაზრდოვებნი. სხვა თუ არაფერი, როგორი მოსაწყენია ეს “უხარისხობა”.

ის, რასაც მასწავლიდა ბავშვობაში დედაჩემი, მამიდაჩემი, ბიძა, ბებია, და, ერთი მოძღვარი, მეორე მოძღვარი, მესამე მოძღვარი… შემთხვევით გაცნობილი ადამიანები ნაკლებადღირებული ნაცნობობით და ასე შემდეგ უსასრულოდ,… – სრულიად ამაო გამოდგა მათი ვითომ სასიკეთოდ მიმართული ძალისხმევა. მხოლოდ შიში მასწავლა ამდენმა რჩევა–დარიგებებმა, დამოძღვრებებმა, მათი სულელური ცხოვრებისეული გამოცდილებების გაზიარებამ. გამოდის უნდა გეშინოდეს უსასრულოდ, გაუცნობიერებლად, არ უნდა გქონდეს არანაირი მიზანი გარდა სიკვდილის შემდეგ სასუფეველში მშვიდად განსვენებისა, სადაც რაღაც ორი არსება გვერდიგვერდ ძოვს ბალახს.

ჩვენ ყოველთვის აზიური სამყაროს ნაწილი ვიყავით, არ გაგვაჩნდა არანაირი ინდივიდუალური სულისკვეთება, მუდამ კოლექტიური ცნობიერებით ვიყავით გაჟღენთილები, არ გვქონდა გრძელი გზა, ცოტანი ვიყავით და მიუხედავად ამისა, ძალიან ვიწროდ განვთავსდით ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მაგრამ მოვიფიქრეთ  სა–ზღვა–რი, რომელიც იყო ზღვა და რომლის იქით ჩვენი გზა არ მიდიოდა. ამოვხუფეთ საკუთარი არსებობა და ადგილიდან დაუძვრელად , მყუდროდ შევაფარეთ თავი ხან ამას, ხან იმას, ხან საბჭოთა კავშირს, რომელიც გვგონია, რომ აღარ არსებობს, მაგრამ ის დღემდე ჩვენშია.

გამჯდარი გვაქვს მთელ სხეულში, სულში – ტაქსის მძღოლი დილის უძილობისგან გაბრუებულს მიყვირის მლაშე, გულისამრევი ხმით, რომ მე დებილი თაობის წარმომადგენელი ვარ, იმიტომ რომ არ ვიცი რუსული; არ ვიცი ენა ჩემი მოყვასისა; დებილი ვარ , იმიტომ, რომ მე უკრაინელებს თანავუგრძნობ და არა რუსებს; მე დებილი ვარ , იმიტომ რომ ვუსმენ ამ გაბრუებულ, საცოდავ, დამყაყებულ საცოდაობას და მზად ვარ მისი ტაქსის სავარძლები ჩემი ნარწყევით ავავსო – გავიქცე და არასდროს დავბრუნდე ამ კოლექტიურ საგიჟეთში. მე ჩემი გზა მწყურია. მე არ მინდა ის გზა, სადაც ეს ტაქსის მძღოლი მიმიყვანს.

გზას როგორ იპოვი, როცა საკუთარი თავი არ გიპოვია და დღემდე იხრჩობი შენს საუკუნეებით ნასუნთქ დაგუბებულ ჰაერში. აღმოსავლურ ჰაერში. რომელმაც მოიტანა უარყოფა ყოველგვარი შენის, ყოველგვარი საკუთარის. ეს მოიტანეს წვრილთვალებიანმა დამპყრობლებმა, ბრაჰმანებმა, ბუდებმა, მოძღვრებს ამოფარებულმა ყვითელმოსასხამიანმა, კუნკულებიანმა ბერებმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

33cc6yp

იესო მიყვარს. იესო ევროპელი იყო – ინდივიდუალისტი, როგორი ღირსეული მოწყალედ დახრილი თავით, მოხეტიალე; მაძიებელი ადამიანების, ცოდვის, სიხარულის თუ მწუხარების, ტანჯვის, ტკივილის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაძიებელი საკუთარი გზის. მჯერა, რომ მას არაფერი უსაწავლებია მოწაფეებისთვის სიტყვებით – ალბათ დადიოდა მიწაზე უშფოთველად, გასხივოსნებული და ლაპარაკობდა საკუთარი მოქმედებით, ჟესტებით, მიმიკით, ხელების მოძრაობით, თვალებით. იესო – ნამდვილი სუპერტრამპი, 80–იანების როკ–ვარსკვლავი,  ბიტნიკი თუ ჰიპსტერი, საკუთარი გზის მაძიებელი წვეროსანი, რომელიც თავქვეშამოდებული ხელებით შეჰყურებს ვარსკვლავებიან ცას მეოცნებე, კეთილისმყოფელი თვალებით და ხარბად ჭამს იმ ყველაფერს, რაც ხელში ჩაუვარდება.

ესაა ნამდვილი ნეტარება, როცა ასე უმოწყალოდ გჯერა იდეების, რომელიც იცი, რომ ბოლოს უფსკრულამდე მიგიყვანს ან ცად აგამაღლებს. იქნებ კერუაკი მართლაც ღმერთი იყო, როცა უმიზნოდ დაძრწოდა გზებზე შეუსვენებლად – დაუკმაყოფილებელი და ხარბი, რომელიც ცდილობდა , რომ ჰაერიც კი არ დარჩენოდა სადმე შეუსუნთქავი. მიზნის ქონა ხომ არ გვბოჭავს და ხომ არ მიგვითითებს მხოლოდ ერთი მიმართულებით, მაშინ როცა თავისუფლება ჩვენს თვალწინაა. არა, არ უნდა უსმინო არავის, გარდა შენი შინაგანი მდინარისა, რომელიც სამყაროსავით ძველია და რომელიც ყველა ჩვენგანში მიედინება.

როგორ მშურს იმ ადამიანების, რომლებმაც საკუთარი ცხოვრებისგან , საკუთარი თავისგან ისწავლეს ყველაფერი უამრავი დაბრკოლების და ჯანყის ფასად. იქნებ ალექს სუპერტრამპი ცდებოდა, როცა ამბობდა, რომ მხოლოდ მაშინაა ბედნიერება ღირებული და სრულფასოვანი, როცა მას სხვებს უზიარებ – იქნებ ეს ბედნიერება, (რაშიც ალბათ გასხივოსნება იგულისხმება), ისეთი წმინდაა, რომ მხოლოდ შენ უნდა ატარო, უსიტყვოდ, შეუმსუბუქებლად და დაე, მხოლოდ შენმა მოქმედებებმა აჩვენონ ის, რაც საჩვენებელია.

ზიდჰარტა კი, – ყველაზე დამოუკიდებელი, ყველაზე მეამბოხე, ყველაზე ამერიკელი, იქნებ ყველაზე ევროპელი, ყველაზე სიცოცხლისმოყვარე, ყველაზე “აღშფოთებული” სამანა. აღმოსავლეთის უღრანებში რომ არ დაკარგულიყო და მოსაწყენ სამანებთან ერთად არ ეხეტიალა ყველაზე მოსაწყენ ეპოქაში, შეიძლება რიგითი გინსბერგი თუ კერუაკი ყოფილიყო ამერიკულ აღთქმულ მიწაზე ; ან თუნდაც პარიზში – ამ მეტაფორული ქალაქის ჯუნგლებში ჩაკარგული კორტასარი ყოფილიყო ლათინოამერიკული ცეცხლით; ან სულაც მორისონი ყოფილიყო და მუსიკაში ეპოვა საკუთარი თავი; ან სულაც შამანებში თავდაკარგული კატსანედა – ყველაზე ჭეშმარიტებას მწყურებულ ადამიანთაგან ერთ–ერთი, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე არ გასცა საკუთარი თავი.

შეიძლება მიაგნო სიბრძნეს, მაგრამ ეს შენი ინდივიდუალური სიბრძნე იქნება . მისი სხვისვთის გადაცემის უშედეგო მცდელობა კი, მხოლოდ ჩვენს აბსურდულ ყოფას დაგვისაბუთებს და სხვას არაფერს. ის შენს მიერ განვლილი გზით და გამოცდილებით მომკილი სიბრძნეა – არსებობს უამარვი სწავლება, უამრავი “ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება”, უამარავი “კეთილშობილი რვამაგი ბილიკი”, უამარავი “ათი მცნება”, მაგრამ ის იმაზე მეტს არ გვასწავლის, ვიდრე მორისინის ლექსები ბნელ ოთახში გამოცდილ შიშზე; ვიდრე კერუაკის ნაბოდვარები იმაზე, თუ რას ჭამდნენ, რას სვამდნენ, რას ეწეოდნენ, სად ისაქმებდნენ, სად და ვისთან ერთად ჟიმაობდნენ; ვიდრე პინქ ფლოიდის მეტასტაზური მუსიკალური წიაღსვლები და ა.შ.

ღმერთებო, როგორ გამიგრძელდა საუბარი – ჩემი კეთილი მეგობრები – ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩამორჩენილი მეგობრები გოვინდა და ზიდჰარტა, როგორც სალ პარადაისი და შეშლილი, ღვთაებრივად შეშლილი დინ მორიარტი ამერიკული გზებიდან.

kerouac1

Advertisements

9 responses to “ომ.

  1. თვალები გამიბრწყინდა ზითჰარტა რომ დავინახე და ნუ პოსტის ბოლომდე ჩაკითხვამ მეორედ გამიბრწყინა 🙂
    ეგ არის რა,ყველამ საკუთარ ჭეშმარიტებას თავად უნდა მიაგნოს,ოღონდ ეს რთული რამეა .ყოველშემთხვევაში პირველი ნაბიჯი ზუსტად ის არის,რომ ხვდები-შენი გზა შენს ხელშია,დანარჩენი ჩვენზეა.

  2. კარგი ნააზრევია, დიდი ემოცია მოიტანა 🙂 მიხარია, რომ ამ წიგნის წაკითხვის ბედნიერება წინ მაქვს

    • მართლაც საოცარი წიგნია. თავიდან ისე იწყება, რომ ყველაზე მოსაწყენი წიგნი გეგონება ადამიანს, მაგრამ მერე მიხვდებით , რომ კარგი რამ ჩაგივარდათ ხელში 🙂

  3. რამდენადაც არ მიყვარს ევროპა და არც აზია, იმდენად მიყვარს ევრაზია. რაც შეეხება ჰერმანს, იმდენად მიყვარს იუნგი ფროიდთან მიმართებით, რომ ყველა ავტორი შევიყვარე, ვისაც მისი გავლენა ჰქონდა 🙂

  4. “აუმ-მშვილდია,სული-ისარი,
    ბრაჰმა-ისრის ბოლო მიზანი,
    რომელსაც არ უნდა ააცდინო”.
    სათქმელად და დასაწერად მარტივია. )))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s