Ch-ch-ch-ch-changes !

elephant

არის წუთები, როცა არ მყოფნის ჩემი არსებობის მხოლოდ „სოციალური მტკიცებულებები“ – სწორედ ასეთ დროს დგება ჩემთვის გარდამტეხი ცვლილებების დრო, რომელიც გასაგები მიზეზების გამო ყოველთვის მტკივნეულად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე. უეცრად უამრავი არჩევანის წინაშე ვდგებით და შეჩვეულ რეჟიმში ცხოვრების ნაცვლად ჩვენთვის უცნობ თემებზე გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ამას მოსდევს გაურკვევლობის შეგრძნება – იმდენი გაურკვეველი მიზენები ამოტივტივდება ხოლმე ჩვენს თავში, რომ გვიჭირს მათი კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯების ენაზე თარგმნა. იმის გაცნობიერება , რომ ცვლილება პროცესია და არა მოვლენა, ყველაზე რთული გასაცნობიერებელია ცვლილებებთან შეჭიდების ჟამს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არა შეუძლებელი.

რამდენჯერ მითქვამს წიგნები საჭირო დროს გვპოულობენმეთქი. როგორც კი დათქმული ჟამი დადგება, სწორედ იმ დროს აღმოჩნდება ხოლმე წიგნების კარადაზე, ან მაგიდაზე, ან ბალიშთან, ყოფილა შემთხვევა რომ აბაზანაშიც, საპირფარეშოშიც, სამზარეულოში ჩაის პაკეტებთან. ვითომ არაფერივით დევს და ამ დროს ყურადღებას ითხოვს , თვალს გჭრის. სწორედ ასეთი წიგნი აღმოჩნდა  ჩიპ ჰითის და დენ ჰითის „გარდატეხა (როგორ გავატაროთ ცვილელება, როცა ეს ასე რთულია)“. ისევ რადარამი. ეს ის წიგნია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს სპილოსა და მხედარს შორის ურთიერთობის დარეგულირებაში, თუ სწორედ ახლა ახორციელებთ ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში. ხოლო თუ არანაირი ცვლილებები არ ხდება, დიდი შანსია ამისკენ გიბიძგოთ.

მგონია, რომ ჩემი მხედარი ვერ აკონტროლებს ჩემს სპილოს. ნამდვილად ასეა. შენ კი ვერასდროს გაიგებ რომელ მხედარზე და სპილოზე ვსაუბრობ , თუ ეს წიგნი არ წაგიკითხავს. სწორედაც რომ სატელევიზო რეკლამასავით გამომივიდა. თუმცა ეს არავის არაფერს არ აკლებს, ამ წიგნს მითუმეტეს. მოკლედ, ძმებმა ჰითებმა ადამიანის გონების ორ მხარეს შორის არსებული დაძაბულობის საუკეთესოდ ასახსნელად  ვირჯინიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, ჯონათან ჰაიდტის მეტაფორა გამოიყენეს, როცა მან თავის წიგნში „ბედნიერების ჰიპოთეზა“ ჩვენი ემოციური მხარე  სპილოს შეადარა, რაციონალური მხარე კი – მხედარს.  თუკი რაიმეს შეცვლა გსურთ, თქვენი გონების ორივე მხარის – მხედრის და სპილოს – დახმარება დაგჭირდებათ. მხედარი დაგეგმვასა და გეზის დასახვაზე აგებს პასუხს, სპილო კი გეგმის განხორცილებისთვის საჭირო ენერგიით მოგამარაგებთ. თუ სპილო და მხედარი მოახერხებენ, გეზი ერთი მიმართულებით აიღონ, წარმატება გარანტირებული გექნებათ. ამას გვპირდებიან ამ წიგნის ავტორები და ამის დასამტკიცებლად იმდენი საინტერესო ექსპერიმენტები, ცდები, დაკვირვებები და მაგალითები მოჰყავთ, რომ გეგონებათ ბევრ წიგნს ერთად კითხულობთ.

ნამდვილად დროული იყო. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებების დრო დადგა ჩემთვის. შევიცვალე საცხოვრებელი, გავხდი ვეგეტარიანელი, გამოჩნდა რამდენიმე ახალი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, მათ შორის ჩემი პატარა დისშვილი. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ როცა პირადად შენ აღმოჩნდები ხოლმე ასეთი ცვლილებების ორმოტრიალში, მიხვდები, რომ არც ისე ადვილია ყველა ცვლილებებთან გამკლავება, თუნდაც პოზიტიურთან.

download

მეცხრე სართულზე ერთ პატარა, მყუდრო ბინაში ვბინადრობ. ჯერჯერობით მარტო ვარ, თუ არ ჩავთვლით ჩემს გვერდით ავირტუოზებულ ფრენკ ზაპპას და „ჯეთრო ტალის“ „ოდნავ სასიკეთოდ შეშლილ“ იან ანდერსონს. თანდათან ყველაფერი მოვიმარაგე – დაწყებული თეფშ-კოვზებით დამთავრებული ტაფა-ქვაბებით. ძალზე კომფორტული ნავსაყუდელია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აივანზე ყოველი გასვლისას სიმაღლის შიშის დაძლევა მიწევს. თანდათან ვეჩვევი უსაზღვრო სივრცესაც – სივრცეს, რომელიც სწორედ ჩემს ფეხებთან თმობს თავის უსაზღვროობას. – არც ისე საშიში ყოფილა, როცა ხეებს ზემოთ ცხოვრობ.  ფეხის შემოდგმისთანავე რაც პირველი გავაკეთე იყო ის, რომ ერთ-ერთ კედელზე საცოდავად მიჭყლეტილი ჭიკარტი ამოვაძრე, საწოლთან მივამაგრე და და ჩემი DREAMCATCHER ჩამოვკიდე – სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ ეს ჩემი ახალი საცხოვრისია.

ბავშვობიდან ჩემს კუთხეს ვეძებ, ჯერ იყო ჩემს დიდი სახლში ერთი გრძელი ოთახი,ბიბლიოთეკად წოდებული მთლიანად მე მივისაკუთრე და ჩემს ფანტაზიებს გასაქანი მივეცი ოთხივე კედელზე, ფანჯრებზე, ჭერზე, მაგიდებზე, წიგნების კარადებზე, კარებზეც კი-ყველაფერს ჩემი თითების ნაფუსფუსარი ეტყობოდა. მხოლოდ ჭერზე ღიად დატოვებულ სახურავზე ასასვლელ შავ ხვრელს ვერ მოვუხერხე ვერაფერი. სწორედ იმ შავმა ხვრელმა შთანთქა ჩემი ოთახი მაშინ, როცა ერთხელ სახლს ცეცხლი წაეკიდა. მაშინ პირველად გამოვცადე შიშის ისეთი დამპყრობლური შეგრძნება, როცა მუხლები გეკვეთება. მართალია, სახლი გადარჩა , მაგრამ ის, რასაც მთელი ბავშვობა ვაგროვებდი ჩემს კედლებზე, სახანძროს ბინძურმა წყალმა წალეკა. მეცხრე სართულის ეს მზიანი და მყუდრო ბინა კი ჩემი მეოთხე საცხოვრებელია. გული მიგრძნობს, რომ აქაც დიდხანს არ გამიგრძელდება ყოფა-ცხოვრება. მიუხედავად საკუთარი მუდმივი საცხოვრებლისკენ  და სიმშვიდისკენ ისტერიული სწრაფვისა, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები. ეს ჩემი ტვირთია – ერთგვარი.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას ვეგატარიანელობის შესახებ, ვაღიარებ ესეც არ იყო ძალიან ადვილი, თან იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც ერთი დღეც კი არ არსებობდა ხორციანი საკვების გარეშე. რამდენიმე ვეგეტარიანელი მეგობარი მყავს, თუმცა არასდროს არ გამომითქვამს მათთან ჩემი მკვთრად გამოხატული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ვაიგნორებდი – არც ვიწონებდი, არც ვიზიარებდი. გულში კი ვფიქრობდი, რომ ერთბაშად უნდა დამტყდომოდა თავს რაღაც, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო. ასეთი დღეც დადგა, უფრო სწორედ სწორედ წამი, როცა მივხვდი , რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც რიგზე არ არის. ეს მოხდა სომხეთში – როცა ერთ მშვენიერ საღამოს უცხოელ მეგობრებთან ერთად მივსეირნობდი ერევანის მწვანე ქუჩებში და ათას სისულელეებზე ლაპარაკით ვიქავებდი ენას, ჩემს თვალწინ ავტომობილმა გადაუარა ერთ ქუჩის ძაღლს, რომელსაც რამდენიმე წამის წინ ყველა ერთად ვეფერებოდით. ვერ გეტყვით, ეს საშინელი შემთხვევა რა შუაში იყო ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, თუმცა, მივხვდი, რომ ამის შემდეგ ყველაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდებოდა.

ახლა უამრავი მცირე განსაცდელის და დაბრკოლების წინაშე ვარ. ვარ ახალ სახლში, ახალი ადამიანების გარემოცვაში და ამასთან ერთად, მიწევს სრულიად შევცვალო ჩემი კვების რაციონი, რაც ჩემთვის არცთუ ისე უმნიშვნელოა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და იმედია, ასე გაგრძელდება. თავს უფრო ჯანსაღად ვგრძნობ, რადგან მიწევს უფრო მეტი ხილის და ბოსტნეულის მირთმევა. დაკვირვებული ვარ, რომ  სხეულის დამაკმაყოფილებელი კონდიცია მეტ პოზიტიურ ემოციებს აღძრავს ჩემში, რომელიც თავის მხრივ , როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, აზროვნების არეალსაც აფართოებს – ნეგატიური ემოციებისგან განსხვავებით.

ბოლოს კი დევიდ ბოუი თავისებურ , ფსიქოდელიურ ცვლილებებზე ❤

Advertisements

12 responses to “Ch-ch-ch-ch-changes !

  1. რა ბედნიერებაა საკუთარი ბინა, თვალებიდან ნაპერწკლები მცვივა, ისე მინდა საკუთარი ბინა მეც, ხო დადგება ეს ხანები ჩემთანაც?
    რა გავრითმე :დ
    წიგნი საინტერესო უნდა იყოს, ჩავინიშნავ.
    გილოცავ მაგა და გისურვებ მცენარეულ გზას მშვიდად გაუმკლავდე. მეც როდისმე ჩაფიქრებული მაქვს ეს 🙂

    • საკუთარი არაა ბექა…:( და იმედია, რომ მალე დადგება ეს ჟამი ორივესთვის, როცა ორივეს საკუთარი ბინა “გვეყოლება” ))
      მადლობა, მხარდაჭერა ნამდვილად მჭირდება, არც ისე ადვილია…მერე მიხვდები.

  2. წარმატებები და დიდხანს დარჩენილიყავი მაგ სახლში იმას გისურვებ ❤

  3. გილოცავ ცვლილებებს! სიახლე ყოველთვის კარგია მიუხედავად სართულისა 🙂 წარმატებები ^_^

    • მადლობა..მეც უკვე ვეთანხმები იმ აზრს, რომ თუ ხელჩასაჭიდ ნათელ წერტილებს ვიპოვით ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრად მარტივდება ნებისმიერ ცვლილებასთან გამკლავება.

  4. კარგია საკუთარი კუთხე,მყუდრო, ნალოლიავები, ბევრი პაწია ნივთით სავსე და შიგ ბოუი რომ ჟღერს ისეთი. ნეტა მეც მქონდეს მარტო ჩემი…

  5. ჩემი ოცნება, მიზანი თუ რაც გინდათ ის დაარქვით არის ეს საკუთარი კუთხე, რომელიც ვერა და ვერ ვიპოვე სახლში, სადაც დავიბადე და გავიზარდე… და ხანდახან მეც წარმოვიდგენ ხოლმე, ზუსტად ასე, სადღაც ცაში გამოკიდებულ მყუდრო და ნათელ ბინას (რადგან ჩემი, პირველ სართულზეა – მიწასთან და კიდევ უარესი, ასფალტთან ძალიან ახლოს, სიმყუდროვეც აკლია და სინათლეც)…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s