როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო

03How-Soccer-Explains-the-World-Resolution

ამას წინათ, სოციალურ ქსელზე ლივერპულის ერთ-ერთ გამორჩეულ ქომაგს გავრცელებული ჰქონდა ამონარიდი ერთ-ერთი წიგნიდან, რომელიც ლივერპულს და კანტონას ეხებოდა. სწორედ ამან გამახსენა ამ წიგნის არსებობა და ისიც, რომ ეს წიგნი უკვე მქონდა სახლში. მართალია , თავიდან ბოლომდე გულდასმით წავიკითხე ეს წიგნი (სხვაგვარად შეუძლებელიცაა), მაგრამ ვერაფერი ამის მსგავსი ამ წიგნში ვერ ვიპოვე. ვერ გეტყვით საიდან მოიტანა ეს ამონარიდი, ეჭვი მეპარება თვითონ მოეფიქრებინა მსგავსი ისტორია კანტონაზე, მაგრამ მაინც მადლობა მას, რომ ეს წიგნი გამახსენა და ”წამაკითხა” 🙂

იშვიათად შემხვედრია წიგნი, რომლის სათაური ასე ძალიან მომწონებოდეს. ”როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო” სრულიად შეესაბამება იმ მონათხრობს, რომელიც  ამერიკელმა ჟურნალისტმა,ფრანკლინ ფოერმა შემოგვთავაზა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავისი რვათვიანი მოგზაურობის შემდეგ. წიგნი ერთობ საინტერესო გამოვიდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპული, სამხრეთამერიკული, აფრიკული და არაბული ქვეყნების საფეხბურთო სამყაროს სახასიათო ნიუანსები კარგად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და განხილული გლობალიზაციის ჭრილში.

ამან ერთგვარმა კვლევამ საინტერესოდ წარმოაჩინა გლობალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები თუ დადებითი მხარეები, რომელმაც გავლენა იქონია ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რამაც თავის მხრივ დიდი გავლენა იქონია თავად ფეხბურთზე. აღმოჩნდა, რომ ისეთი პოპულარული სპორტის სახეობა, როგორიც ფეხბურთია, ამ ჯაჭვში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე რგოლია. ეს მართლაც გლობალიზაციის სხვაგვარი თეორიაა. ერთადერთი, რაც დამაკლდა და რამაც თითქოს ვერ ”შეკრა” ბოლომდე ეს წიგნი, ეს იყო ის ფაქტი, რომ საერთოდ არ იყო ნახსენები აზიური ფეხბურთი.

მადლობა ”რადარამის” და რუსუდანს ამ წიგნისთვის. ადრე, როცა რუსუდანს შევხვდი, დავპირდი, რომ აუცილებლად წავიკითხავდი მათ მიერ გამოცემულ ყველა წიგნს და როგორც რიგითი მკითხველი, ჩემს შთაბეჭდილებებს და მოსაზრებებს გავუზიარებდი. ამ პირობას ორი წლის შემდეგ ვასრულებ და ამის ძალიან მრცხვენია. თუმცა, მართლაც, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ”დანაშაულის გამოსყიდვის” მიზნით გადავწყვიტე, რომ ერთი კატეგორია მთლიანად ”რადარამის”  წიგნებისთვის დამეთმო.

ახლა, როცა საფეხბურთო ჩემპიონატი კულმინაციურ ფაზაში შედის და ჰაერიც კი ფეხბურთით არის გაჟღენთილი, კედელზე გაკრულ უზარმაზარ ცხრილზე რომ არაფერი ვთქვა, ისტორიები, რომელიც საფეხბურთო სამყაროს უკავშირდება, ორმაგად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის. მადლობა დედას, რომ ერთ დროს ასე შემაყვარა ფეხბურთი, ჩოგბურთი და კალათბურთი. ამ სიყვარულის დამსახურებაა, რომ არასდროს ვკარგავ იმედს, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი, ვინაიდან ადამიანი, რომელიც გატაცებულია ამ საოცარი ”აურზაურით”, არის იმედის საკუთარ თავში ბოლომდე შემწოვი ადამიანი.

ფეხბურთი და განგსტერული სამოთხე. პირველი თავში მოთხრობილი იყო ბელგრადის ყველასთვის საყვარელი და წარმატებული საფეხბურთო კლუბის ცრვენა ზვეზდასა და მათ კლუბურ საქმიანობაში მოძალადეების ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ. ეს ”ულტრაცუდი” ბიჭების საკმაოდ გავლენიანი ბანდა იყო, რომელმაც ძალაუფლება ძალადობით მოიპოვა. ესენი ჩვეულებრივი ტიპები არ იყვნენ, არამედ ტრამვირებული, ომისგან გახლეჩილი ქვეყნის შვილები, რომლებიც დროთა განმავლობაში სერბული რადიკალური ნაციონალიზმის მიმდევრებად იქცნენ. ამ პერიოდში მამაკაცებს თავიანთი ტრადიციული საქმიანობის საშუალება არ ჰქონდათ და ამით მამაკაცური ღირსება შეელახათ. საფეხბურთო ძალადობა საუკეთესო შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ მათ მამრული ძალმოსილება ისევ ეჩვენებინათ. ბოლოს ვნახავთ, რა სახე მიიღო და რითი დასრულდა ეს ძალადობრივი პოლიტიკა.

boban-kick1

ფეხბურთი და ”სექტათა პორნოგრაფია”. სელტიკის და რეინჯერსის მტრობა უფრო მეტია, ვიდრე მეზობლებს შორის შუღლი – ეს პროტესტანტული რეფორმაციის დაუსრულებელი პროცესია. მარტივად რომ ვთქვათ, სელტიკი კათოლიკურია, რეინჯერსი – პროტესტანტული. სწორად უთქვამთ – დასავლეთ შოტლანდია არის ადგილი, სადაც ჩიტებიც კი რელიგიურ სიმღერებს ჭიკჭიკებენო. მიუხედავად ისტორიული ლოგიკისა, გლაზგომ საფეხბურთო ტრაიბილიზმი შეინარჩუნა, რადგან ის ქალაქს, ასე ვთქვათ, პორნოგრაფიულ სიამოვნებას ანიჭებს. რეინჯერსის გულშემატკივარი ამბობს:

მე თუ მინდა, სამსახურში დავიქირავებ შავკანიან, ლესბოსელ კათოლიკე თანამშრომელს, პრობლემა არ არის, მაგრამ ნუთუ ამის შემდეგ არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ თავს არ ვიტკივებ კათოლიკური რელიგიით, რომელიც კერპებს განადიდებს?

old-firm-picture-gallery-image-1-312443079

ფეხბურთი და ებრაელების საკითხი. საინტერესო იყო ინფორმაცია საფეხბურთო კლუბ ჰაკოა ვიენაზე, რომელიც 1925 წელს ავსტრიის ჩემპიონი გახდა. რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ისაა, რომ ებრაელთა საფეხბურთო კლუბი, სადაც ყველა ფეხბურთელს ებრაული სახელი ჰქონდა და სადაც ყველას მაისურებზე იუდაიზმის ნიშანი ჰქონდა გამოხატული. ებრაული პროფესიონალური ფეხბურთი იმიტომ ჟღერს უცნაურად, რომ ძალიან ცოტა კლუბი გადაურჩა ჰიტლერს, მაგრამ 1920-იან წლებში ებრაული საფეხბურთო კლუბები, შეიძლება ითქვას, ყვაოდა მთელ ევროპაში. ეს ყველაფერი პოლიტიკური დოქტრინის ერთგვარი პროდუქტი იყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ სპორტი მათ ანტისემიტური ტირანიისგან იხსნიდა . კრიტიკოსმა მაქს ნორდმა შექმნა დოქტრინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ანტისემიტიზმით დაზარალებულებს განსაკუთრებული ავადმყოფობა სჭირთ. ეს არის ებრაული სევდა. ეს გუნდები კარგად ასახავდნენ ევროპელი ებრაელების მდგომარეობას, რაც ერთდროულად  დიდი წარმატების და საზარელი სიმარტოვის განცდააა.

timthumb

ფეხბურთი და ”სენტიმენტალური” ხულიგანი. ეს არის ჩელსის პატარა გულშემატკივარი ბიჭის ისტორია, რომლისთვისაც საფეხბურთო ძალადობა ე.წ. ხულიგნობა გახდა მძიმე ბავშვობისეული მოგონებებისგან თავდახსნის საშუალება. ინგლისური ხულიგანიზმი, შეიძლება ითქვას, დამახინჯებული კულტრული ახალგაზრდული მიმდინარეობა იყო. დასაწყისში, როდესაც ალანი მოღვაწეობის ზენიტში იყო, ხულიგანიზმი ბაძავდა ბიტლზის არაპოლიტიკურ ამბოხებას, რაც გამოიხატებოდა სიმღერაში ”Want to hold your hand”.  ალანი იხსენებს:

შიში ნარკოტიკია. სიმხდალესა და გმირობას შორის ერთი ნაბიჯია. ეს სექსზე უკეთესია, თანაც უფრო დიდხანს გრძელდება.

article-2576374-1C2159DF00000578-880_634x420

ფეხბურთი და კორუმპირებული ელიტა. მარაკანას მითიური წარსული იმდენად ძლიერი და მიმზიდველია, რომ რიოს ოთხი გუნდიდან სამი აქ განთავსდა. არადა, ეს არის ქვეყანა სადაც კორუმპირებული მაღალჩინოსნების რიცხვი ბრაზილური საფეხბურთო წარმატებების პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა. კორუფციის მიუხედავად, ბრაზილური ფეხბურთისადმი ლტოლვა არ განელებულა და ადამიანური რესურსებიც არაა მთლად ამოწურული. ეს მათი ეროვნული ხასიათის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

pele.jpg.size.xxlarge.letterbox

ფეხბურთი და შავკანიანი კარპატიელი. ეს არის ყველაზე არადამაკმაყოფილებელი  ამბავი უკრაინულ ყინვაში მოთამაშე ნიგერიელებზე.

ფეხბურთი და ბურჟუაზიული ნაციონალიზმის ხიბლი. ”კლუბზე მეტი” კლუბის ხიბლი, რომლის ახსნაც მხოლოდ ბარსას სტაჟიან გულშემატკივრებს შეუძლიათ. არადა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს საფეხბურთო კლუბი შვეიცარიელი პროტესტანტი ბიზნესმენის იოან გამპერისა და რამდენიმე ჩამოსული ინგლისელის დაარსებულია. გასაოცარია, რომ ის, რაც დღეს კატალონიელების ნაციონალიზმის სიმბოლოა, უცხოელებმა შექმნეს. გამეცინა, როცა იოან პოკუის ეს გამონათქვამი წავიკითხე:

კატალონიელებს არ უნდათ ბარსამ მოიგოს, თუ მოიგებენ, ვეღარ ისიამოვნებენ მსხვერპლის როლით.

FC-Barcelona-HD-Wallpapper

ფეხბურთი და მუსულმანთა მოლოდინი. ალბათ ეს ყველაზე მძიმე და ამაღელვებელი ნაამბობი იყო მთელ წიგნში. თეირანსა და მსოფლიოში ყველაზე დიდი სტადიონი 120 000 ადგილიანი აზადია. არადა, 1979 წლიდან ისლამური რევოლუციის შემდეგ ქალებს აზადის სტადიონზე ფეხბურთის მატჩზე დასწრება აეკრძალათ. ახლო აღმოსავლეთის ტრანსფორმაციაზე წერისას ისტორიკოსები, ალბათ, ენად გაიკრიფებიან იმ მოვლენის აღწერით, რომელსაც უკვე ეწოდა ფეხბურთის რევოლუცია. თანამედროვე ირანის სიტორია სავსებით შესაძლებელია ირანული ფეხბურთის ისტორიით გადმოიცეს, თუმცა მაგის მოყოლა შორს წაგვიყვანს. მართალია, ამ ჩემპიონატზე ირანი ჯგუფურ ეტაპს ვერ გასცდა, მაგრამ ცუდი შთაბეჭდილებაც არ დაუტოვებია, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია.

Mideast Qatar Iran World Cup qualifying Soccer

ფეხბურთი და ”კულტურათა ომები” ამერიკაში. ამ ჩემპიონატზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის ნაკრები ჩემი ფავორიტები გახდნენ, მაგრამ ცხადია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინგლისმა ჯგუფური ეტაპიც ვერ გადალახა. მერვედფინალში, როცა აშშ-ს ნაკრები ბელგიასთან გამართულ მძიმე საფეხბურთო ბრძოლაში ჩემპიონატს გამოეთიშა, იმაზე მეტად დამწყდა გული, ვიდრე ინგლისის ნაკრების სამარცხვინო გამოთიშვისას ჩემპიონატიდან. მგონია, რომ ისეთი სახასიათო თამაში, როგორიც აშშ-ს ნაკრებმა აჩვენა, არც ერთ ნაკრებს არ უჩვენებია. ამას წინათ ვამბობდი კიდეც, სირბილითაც უცნაურად დარბიან-მეთქი 🙂 იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად უმნიშვნელოა თავად ამერიკელებისთვის ”არაამერიკული” ფეხბურთი, ამ ბიჭების მხრიდან ნამდვილი გმირობაა ის, რაც მათ ბრაზილიაში გააკეთეს. ეს, ცხადია, მწვრთნელის დამსახურებაცაა, მაგრამ რომ არა ბიჭების და მათი სამაგალითო კაპიტანის ასეთი ბრძოლისუნარიანობა და სახასიათო თამაში, ისინი ისევე მალე გამოეთიშებოდნენ ჩემპიონატს, როგორც ესპანეთი, ინგლისი და იტალია. დემპსი, იუ არ ამერიკან ჰიეროუ 😉

usmnt-world-cup-away-shirt-clint-dempsey-back

Advertisements

11 responses to “როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო

  1. ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ფეხბურთი არ მიყვარს,მაგრამ გერმანიის ნაკრებთან ე.წ. ტინეიჯერობის ასაკიდან ვარ ემოციურად დაკავშირებული.მისი გამარჯვება თუ დამარცხება გულის მუშაობაზე მოქმედებს)წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს სამწუხაროდ ვერ ვადევნებ თვალყურს.მხოლოდ გერმანია-საფრანგეთის თამაშსს ვუყურე და მგონი მთელი ჩემი ენერგია წაიღო!მოვიგეთ,მაგრამ ბევრი საგოლე მომენტების ხელიდან გაშვება მორალურად ვნებს ნაკრებს.ფეხბურთის არამოყვარულისთვის მგონი ზედმეტად ექსპერტული დაკვნებია)
    მოკლედ ძალიან საინტერესოდ წერ და სხვასაც გრძელი კომენტარების დაწერის სურვილს უღვიძებ!წარმატებები!)

    • ექსპერტულ კომენტარად იმდენად არ აღმიქვამს, რამდენადაც ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანის ემოციურ კომენტარად… წარმატებებს გისურვებ შენს გუნდთან ერთად.
      მადლობა :))

  2. გავიმარჯვეთ!ბოლოს კი გული აღარ მუშაობდა მაგრამ მაინც)))ძალიან ბედნიერი ვარ!2014 წლის ზაფხული ორი რაღაცით იქნება გამორჩეული!თურქულის კურსებზე გაცნობილი ირანელი მეგობრისა და გერმანიის გამარჯვების გამო!

  3. ძალიან საინტერესო ხედვაა და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ფეხბურთით მსგავსი რამის ახსნა თუ შეიძლებოდა. რა ვქნა, ფეხბურთი საერთოდ არ მაინტერესებს, საერთოდ. გუნდური სპორტიდან მხოლოდ ხელბურთი მომწონს და ისიც მხოლოდ ქალების, რადგან ისეთი ძლიერები და დამოუკიდებლები ჩანან :დ

    ჩემი დასკვნით, ხომ ამბობენ, რაც ერი, ის ბერიო და ჩემებური ვერსიაა, რაც ერი, ის – სპორტული გუნდები! :დ

    • ხელბურთთან დაკავშირებით მესმის შენი სიმპათიის მიზეზები , სოფი ))
      რაც შეეხება ფეხბურთს და ამ წიგნს, მართლაც ვერ წარმოვიდგენდი გლობალიზაციის ახსნას ფეხბურთით ვინმე ასე საინატრესოდ თუ შეეცდებოდა.

  4. მე ფეხბურთზე არც ისე ხშირად ვსაუბრობ. არ მიყვარს ფეხბურთი და ვერ დავიკვეხნი იმით რომ ძალიან კარგად მესმის ის. მეგობრებთან ხშირად მითქვამს ფრაზა: ” რა არის ფეხბურთი? არ შემიძლია ამის ყურება ერთ ბურთს დასდევს ოცდაორი კაცი და არიან. ;)) ” მაგრამ წელს სულ სხვაგვარად მოხდა. ბრაზილია 5-0 ს რომ აგებდა ჩემი მეგობრისგან გავიგე და მეც ჩავრთე. ჩემი მეგობარი ბრაზილიას გულშემატკივრობდა და მეც როგორც შემეძლო ვამხნევებდი. ვამხნევებდი და მჯეროდა რომ ბრაზილია მეორე ტაიმში სასწაულს იზამდა და მოგებით თუ არა გაათანაბრებდა მაინც. მართლაც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ბოლო წუთამდე მწამდა ამ სასწაულის მოხდენის. ამის შემდეგ კი გერმანიაზე დაბოღმილმა არგენტინას ვგულშემატკივრობდი. ფინალში კარგად ითამაშეს და მეც კი ვისიამოვნე ამით 113 წუთამდე, როცა გერმანიამ გოლი გაიტანა. მაშინ გადავწყვიტე ამ თემაზე საშინელებათა მოთხრობის დაწერა. გერმანიაზე გაღიზიანებულმა გადავწყვიტე ჩემს მოთხრობაში თამაში კატასტროფით დასრულდეს. მგონი მაქვს ამის უფლება 😉 ჩემთვის არგენტინის წაგება და მესის სახის ყურება ამ დროს საშინელება იყო და ამ მოთხრობას ისევ ჩემთვის ვწერ და მაპატიონ გერმანიის ფანებმა ))) ვაპირებ მალე განვათავსო ჩემს ბლოგზე…
    და არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ კარგი პოსტი იყო, შესანიშნავი ამაღელვებელი. ამ პოსტით თუ ვიმსჯელებთ წიგნი უინტერესო არ უნდა იყოს ❤ მომინდა რომ ყვრლაფერი დამეწერა და მგონი ძაან გამიგრძელდა 😉 მოკლედ რაღა უნდა დავამატო პოსტი ძალიან მომეწონა!! ❤

    • დიდი მადლობა ძვირფასო…გისურვებ , რომ მომავალში გააგრძელო, აი ხომ ხედავ უკვე მოთხრობის დასაწერად მოგცა სტიმული, ანუ არც ისე ცუდი უნდა იყოს , არა? 🙂 ველი მოთხრობას :*

      • ხოო, ნამდვილად. მოთხრობას ფანტასტიკის ჟანრში ვწერ და ჩემი ფანტაზიით დასრულდება ეს თამაში 🙂 სახარბიელოდ ნამდვილად არ დასრულდება. მე მომწონს იდეა და სხვები როგორ მომიწონებენ ეგ არ ვიცი. განსაკუთრებით გერმანელთა ფანი უკვე აღვნიშნე… ხო ფეხბურთმა კაი სიკეთე მიქნა ნამდვილად, უფრო ფინალმა. ყურებას არ ვაპირებდი და რომ არ მეყურებინა ალბათ არც მექნებოდა სურვილი მაგ თემაზე დამეწერა. ❤ ზოგადად რამდენიმე თვეა ვწერ, მაგრამ ამ თემაზე არ დავწერდი, რომ არ მეყურებინა. ეს ჩემი შინაგანი პროტესტია უფრო :))) 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s