ამქვეყნად ტკბილად ცხოვრობდნენ ქენდი და დენი

giraffe girl 1

ღიპიანი კარადების სამფლობელოებს რომ გასცდები და როცა შენს ყურთასმენას ვერ მისწვდება ზაფხულის სიცხისგან ატკაცუნებული ჭერის ხმა, მიხვდები, რომ შენ ძალიან შორს ხარ და სახლიც ისე ძველებურად არ იმტვრევა ძვლებში. ეს ის სახლია, სადაც მხოლოდ შენ უნდა იწვე და უყურო ჭერზე წარწერებს მკვდარ ჩიტებზე, ტალახში მიმავალთა მხიარულ ხმებზე, იმ ქვებზე, რომლებიც შენზე დიდხანს იარსებებენ.

არავითარი ცეცხლწაკიდებული საწოლი, არავითარი ”ამქვეყნად ტკბილად ცხოვრობდნენ ქენდი და დენი”; არავითარი მზის შუქით და შოკოლადის ფილებით მოსაზრდოვე არსებები; არავითარი უსაზღვრო სიამოვნების საღამოები; არავითარი უშედეგობისთვის განწირული მცდელობები; არავითარი სივრცე საგნებს შორის; არავითარი ძაღლები, რომელთათვის მხოლოდ ყეფაა დამახასიათებელი; არავითარი აუზები, სადაც მხოლოდ ურჩხულები არიან; არავითარი ოჯახები კატებით და წიწილებით; არავითარი ქარიშხლის ანგელოზები; არავითარი ლარნაკები საწოლთან, რომლითაც ადრე თავი გამიტეხე; არავითარი ბავშვები ვუდუს დოლივით აძგერებული გულებით.

ვიცი, რომ ყველაფერს იქამდე აქვს აზრი, სანამ მე ვარსებობს – ჩემი პატაფიზიკური ვიანით, მეტაფიზიკური დეკარტით, ვარდისფერი მობილურით, წუხელ ნანახი ფილმით, ათასჯერ მოსმენილი David Lynch & Lykke Li-ით. არავითარი ”ამქვეყნად ტკბილად ცხოვრობდნენ ქენდი და დენი”… ამ ყველაფერს მხოლოდ აქ და ახლა აქვს მნიშვნელობა, მას მხოლოდ მე ვანიჭებ აზრს, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი პროექციაა. ისიც ვიცი, რომ სადღაც ბობ დილანი მღერის ძლიერ წვიმებზე და დეტროიტელი და-ძმა იმ თეთრ მთვარეზე , რომელიც ერთმანეთს მიუძღვნეს როიალთან ჩახუტებულებმა; სადღაც უელბეკი აბრიქინებულ პენისებს ისევ შეფუთავს სოციალურ-ეკონომიკურ-კულტურული კონტექსტებით და ეს ყველაფერი ისეთივე რეალური გახდება, როგორც ჩემს წინ მდგარი ხე და მის ქვეშ ქვაზე გაფშეკილი ბაყაყი.

სად გადის ზღვარი ჩემს მიერ პროექცირებულ სინამდვილესა და სხვების მიერ პროექცირებულ სინამდვილეს შორის? იქნებ ჩვენ მხოლოდ სიზმრები ვართ ერთმანეთისთვის, იქნებ ჩვენ უბრალოდ წარმოვიდგინეთ ერთმანეთი და სწორედ ეს აღვიქვით რეალობად? იქნებ ერთადერთი რეალური სუბსტანციაა ისაა, რომელმაც ჩვენ წარმოგვიდგინა ჩვენი ნავარაუდევი სინამდვილით? – ჩვენი წვერიანი დემიურგი. რასაც ის სწვდება, მხოლოდ ისაა ნამდვილი. არანაირი პერცეპცია; არანაირი ობიექტური რეალობა; არანაირი ”ამქვეყნად ტკბილად ცხოვრობდნენ ქენდი და დენი”; მხოლოდ სუბიექტური რეალობა. მე შენ წარმოგიდგენ სწორედ იმ ცეცხლმოკიდებულ საწოლში ; ზღვიდან მონაბერი ჰაერით სავსე ოთახში.

ზოგჯერ მიწა მეცოდება, რადგან ყველანი ცისადმი ვისწრაფვით. თავს ვადებ და ვგრძნობ, რომ ის უფრო ახლოსააა ჩემთან , რასაც ვეხები, ვისუნთქავ, ვისმენ, აღვიქვამ და ეს მიწაა – გონებით აღვიქვამ, როგორ გადმოდის სიმწვანე ჩემში უამრავ მიწაში მოფუთფუთე არსებასთან ერთად. მიწა გონების სიმბოლოა, ცა გრძნობების. მიწა და და სიკვდილი ჩვენი ერთადერთი არამითოსური სინამდვილეა – ისინი არ ხუმრობენ. სანამ გრძნობათა ტყვეობაში ვარ, მხოლოდ სინამდვილის ზედაპირს ვეხები. ცაში სინადვილე არ არსებობს და არც იარსებებს. ცა გაჩნდა მაშინ, როცა ყველამ ერთად ზემოთ ჩვენს დემიურგს მივაპყარით ოცნების თვალები – უამრავი თვალი, უამრავი თხოვნა, უამარავი მცდელობა, უამრავი სიბრიყვე. აი, სად არის განსხვავება ნამდვილსა და შესაძლებელს შორის.

ჩვენს დამოკიდებულებას სინამდვილესთან  სხვადასხვა მიზნები განსაზღვრავენ. ჩვენი ქმედებები ვერ მიგვანიშნებს სინამდვილის ერთსადაიმავე ასპექტს. იცი, თუ ცხოველები ვერ გრძნობენ ქცევათა შედეგებს, რადგან ისინი მომავალ თაობათა კუთვნილებებს არ წარმოადგენენ, ჩვენ მითუმეტეს არ გაგვაჩნია შორეულ მომავალზე გათვლილი იმპულსები – ჩვენ მითუმეტეს არ ვართ მომავალ თაობათა კუთვნილება. არანაირი ”ამქვეყნად ტკბილად ცხოვრობდნენ ქენდი და დენი”.

სწორს ამბობ დევიდ. მხოლოდ აქ და ახლაა ნამდვილი ბნელი მთვარის ქვეშ განცდილი სიყვარული; ჩვენს მიერ დამწვარი ხიდები და ქვიშის კოშკები. მე მარტო ვარ, ხო, მარტო ვარ და შეიძლება მე არ ვიყო ყველა ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, მაგრამ ერთხელაც როცა მე წავალ და შენ ამ დროს სურვილს ჩაიფიქრებ, ჩვენ უსასრულოდ გვეყვარება ერთმანეთი. მაგრამ ნუ გექნება იმის იმედი, რომ ”ამქვეყნად ტკბილად ცხოვრობდნენ ქენდი და დენი”.

Advertisements

8 responses to “ამქვეყნად ტკბილად ცხოვრობდნენ ქენდი და დენი

  1. მე რომ ვიყო ქენდი ან ლენდი ; ან შენ ლენდი ან ქენდი ამ ქვეყნად ტკბილად ვიცხოვრებდი ; იმდენად დიადია შენი ემოციები , იმდენად საინტერესო და მრავალფუნქციური მე უბრალოდ ერთი წაკითხვა არ მყოფნის; არც დრო; მაგრამ ლინჩი და ლიკილი ხომ მყოფნის იმისთვის , რომ უფრო კარგად ჩავწვდე აქამდე ჭეშმარიტ აზრს, რომ ”ამ ქვეყნად ტკბილად ცხოვრობდნენ ქენდი და ლენდი”.

  2. რაღა წიგნის წაკითხვა და რაღა შენს ბლოგზე შემოსვლა…
    არა რა,მიყვარს ადამიანები ^^

  3. არ ვიცი, რომელ წიგნზე გაქ საუბარი, მაგრამ პოსტი ძალიან მომეწონა ^_^ მადლობა ამისთვის ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s