როცა მეტირება არ ვტირი

tumblr_lzg8mueu131r8pm3po1_500

როცა გაბრიელ გარსია მარკესის მოთხრობებს ვკითხულობდი, 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ლიდერები ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოკვეთილნი. მაგრამ როცა წიგნი დავხურე, აღმოჩნდა, რომ სამხრეთამერიკული ქვეყნების უმრავლესობა უკვე ჯგუფების სათავეებში იყო მოქცეული. ამ გაოგნებას რომ დავუმატოთ მარკესის მოთხრობებისგან მოგვრილი შეცბუნება, მიგელ ოტერო სილვას უცრემლო ტირილი, ბორხესის მაგიური წრე და კორტასარისეული მაგას უთავბოლობა, მივიღეთ სამხრეთ ამერიკა იმაზე დიდი დოზით, ვიდრე ასეთ მცირე დროში იყო მიზანშეწონილი საშუალოსტატისტიკური ქართველი გოგოსთვის.

”ფარსი დასრულებულია, მეგობრებო!” – თამამად შემიძლია გამოგიცხადოთ. ჩვენს შორის ამხელა ოკეანის სახით იმხელა უფსკრულია, რომ თუ გაღმა გააღწიე, იქ ან ახალი სიცოცხლე გელოდება ან მარადიულო კვდომა. იმაზე საშინელი არაფერია, როცა გამუდმებით ეცემი, კვდები, კლავ და მაინც არაფერი მთავრდება. ეტყობა, ეს სამხრეთამერიკული სამყარო ერთხელაც ისე ჩაკეტა ბორხესმა თავის მაგიურ წრეში, რომ ვერც ერთმა ვერ მოახერხა იქიდან თავის დაღწევა. მეორდება მაკონდო; ბუენდიები; სახელები; მდგომარეობა; სურათები; ომები; წვიმებს მოყოლილი კიბორჩახლები; ამ კიბორჩხალებით ავსებული სახლები; უძილობა. ეს ყველაფერი ერთ დიდ წრეზე ტრიალებს და ამასობაში რეალური და ირეალური ისე მჭიდროდ ერწყმის ერთმანეთს, რომ მონათხრობი სიურეალისტურ ელფერს იძენს.

არადა, გგონია, რომ ოკეანის მიღმა კარიბის ზღვის აუზის ეს მოსახლეობა მხიარულებითა და გულღიაობით შეგეგებება და ამ დროს ხელში ერთობ გულჩათხრობილი ხალხი გხვდება მოუბეზრებელი მარტოობის განცდით. მარკესის ნაწარმოებებს როცა ვკითხულობ, მრჩება შეგრძნება, რომ შავ-თეთრი ფილმის შეჩერებულ ხმოვან კადრს ვუყურებ – კარის დაჟანგული რკინა ხრჭიალებს; ბანანების კომპანიებისგან დაცლილი თეთრად დამტვერილი ქუჩები და სახლები; ქალაქი, რომელსაც  ძველი, გატეხილი ავეჯის უბადრუკი იერი ადევს და სადაც მხოლოდ ქარი დაძრწის გაყვითლებულ ფოთლებთან ერთად. თითქოს  ღმერთმა გამოაცხადა, რომ მაკონდო საჭირო აღარააო და კუთხეში მიაგდო სხვა ქალაქებისა და სოფლების გვერდით, რომელიც დიდი ხანია სამყაროს არ სჭირდება. ახლა კი მსგავსი შემაძრწუნებელი და დროში გაყინული კადრები შეაერთეთ და მიიღებთ მარკესისეულ ისტორიებს შეჩერებულ დროზე და გადაულახავ სივრცეებზე.

Ohana em Tieta

(ბრაზილიელი მსახიობი კლაუდია ოჰანა ფილმიდან ”ერენდირა”)

არიან ადამიანები, რომლებიც ოთახებსაც კი სუნის მიხედვით ცნობენო – თავად მარკესი ამბობს. სუნებს ვერ შევიგრძნობ ასე მძაფრად, მაგრამ ის მკითხველი ვარ, რომელიც გემოთი შეიგრძნობს მწერლებს. რომ მკითხონ კორტასარის რისი გემო აქვსო, დაუფიქრებლად ვუპასუხებდი მატესითქო. მარკესის ნაწარმოებებს კი მიმწვარი ბრინჯის და გადმოსული რძის გემო აქვთ. ეს იგივე დროში გაყინული ადამიანების ასწლიანი მარტოობის გემოა, რომლებიც სწორედ მაშინ გაიყინნენ დროსა და სივრცეში, როცა ბრინჯი და რძე უნდა გადმოედგათ.

მარკესი ღმერთს იშვიათად ახსენებს:

ფიქრები ღმერთის არსებობაზე ისევე მაწუხებენ, როგორც მის არარსებობაზე. ამიტომ ვამჯობინებ, საერთოდ არ ვიფიქრო ამ თემაზე.

მიზეზი, რის გამოც არ უყვართ მარკესი, შეიძლება იყოს  ის, რომ არავის სიამოვნებს სიცოცხლეშივე მკვდარი ადამიანების კარჩაკეტილობისა და მოახლოებულ ღმერთთან გამართული ყრუ ბრძოლისთვის თვალის დევნება. ”გულუბრყვილო ერენდირასა და მისი ულმობელი ბებიის დაუჯერებელი და სევდიანი ამბავიც” სწორედ ასეთი მკითხველებისთვის იქნებოდა ყველაზე შემაცბუნებელი. ჩემთვის კი ერენდირა ყველაზე განსაკუთრებულია. ის ერთადერთია მარკესის ნაწარმოებებიდან, რომელმაც ამ მაგიურ წრეს თავი დააღწია , გასცდა სოფლებს , უდაბნოებს და მწველი ქარების, მუდმივი საღამოებისკენ აიღო გეზი. ის ყველაზე თავისუფალი გოგოა, რომელიც მიწას კი არ ჭამს , არამედ ჩაკეტილ სივრცეს არღვევს და  თავს აღწევს გამუდმებულ განმეორებადობას.

MV5BMjQ4NTgwNTI0Nl5BMl5BanBnXkFtZTcwNzk0NDAxMw@@._V1_SX640_SY720_

(კადრი ფილმიდან 1983 წელს გადაღებული ფილმიდან ”ერენდირა”)

ვენესუელაში კი მიგელ ოტერო სილვაა – ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მწერალი, მაგრამ ტიპიური სამხრეთამერიკელი. სამი პერსონაჟი – სამი ვიქტორინო; სამი დედა და სამი ქალის გადაკვეთილი გზა. მათ თითქოს საერთო არაფერი აქვთ. მაგრამ რომ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ პირველად ნანახ ადამიანებთან შეიძლება იმაზე მეტი გვქონდეს საერთო, ვიდრე შავი სამოსია. მათ შეიძლება რამის თქმა სურთ, მაგრამ არ ამბობენ; მათ შეიძლება ტირილი სურთ და არ ტირიან. მათი მთელი ცხოვრება მოთმინებაზე აგებული თავგანწირვაა. ხომ ვამბობდი, ტიპიური სამხრეთამერიკელები.

cuando-quiero-llorar-no-lloro-de-miguel-otero-silva-11975-MLV20051343229_022014-F

Advertisements

One response to “როცა მეტირება არ ვტირი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s