ბორხესის მაგიური სამხრეთი

blog_as_coisas_paola_agosti_jorge_luis_borges_beppo_1980

ლაპარაკობენ ციებცხელებიან ბიბლიოთეკაზე, რომლის შემთხვევითი წიგნები მუდამ იმუქრებიან, რომ სხვებად გადაიქცევიან, ისე, რომ ისინი  ყველაფერს ამტკიცებენ, ყველაფერს უარყოფენ, ყველაფერს შლიან და ერთმანეთში ურევენ რომელიღაც შეშლილი, ჰალუცინაციებში მბორგავ ღვთაებასავით.

შეიძლება არც კი დაიჯეროთ, როგორ მიცემდა გული , როცა ბორხესზე გადავწყვიტე რამდენიმე სიტყვის დაწერა. მხრებში მოვიხარე და დავპატარავდი , იმდენად მძიმე აღმოჩნდა ბორხესისეული სამყაროს ზიდვა ჩემი ერთჯერადი არსებისთვის. ვერაფრით ჩამოვყალიბდი , ვერაფერს დავუკავშირე, ვერაფრით განვაზოგადე და ვერც ერთ კატეგორიაში ვერ მოვათავსე ის , რაც ამ უსინათლო არგენტინელთან დამხვდა. აზროვნება ნიშნავს გვერდი აუარო განსხვავებებს ან დაივიწყო ისინი, განაზოგადო, მოახდინო აბსტრაჰირება. ამ დროს კი ჩემში არაფერია უშუალო, ცალკეული,მოფუთფუთე დეტალების გარდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, დროის არჩევა რომ შემეძლოს ჩემს რეალობაში, აუცილებლად ბორხესის დროს ავირჩევდი.

ცოტა უცნაურად მეჩვენება სიტყვათა კომბინაციები: ”მაგიური რეალიზმი”; ”დროის მაგია”, რომელსაც ბორხესის ლიტერატურას მიაწერენ ხოლმე ერთპიროვნულად და რაღაც დიდი აღმოჩენის დარად. არადა, ეს ხომ სრულიად ჩვეული რამაა – დრო და სივრცე წესრიგის ის ფორმებია, რომელშიც მთელი სინამდვილეა ჩამოსხმული და მათი პირობების გარეშე ჩვენთვის მიუწვდომელია რეალობის გაგება.

აქ არ არის არანაირი მაგია, არანაირი მაგიური დრო, არანაირი მაგიური რეალიზმი, არნაირი მითები და არანაირი გამონაგონი. ეს უბრალოდ ის რეალობაა, რომელიც დროის და სივრცის მიღმა დგას – ეს ბორხესისეული წესრიგია , სადაც ჩნდება ლაბირინთები, დანები, ადამიანი, რომელიც თავს ანარეკლად მიიჩნევდა, ანარეკლი, რომელიც რეალობას იცემებდა, ქვიშის საათები, მონეტები, ღამის ვეფხვები, ბრძოლები, რომლებიც სისხლში რჩებოდა, ხუან მურანია, დაუცხრომელი და უსინათლო, მასედონიოს ხმა, გემი მიცვალებულთა ფრჩხილებით, საღამოობით ძველი ინგლისურის გაკვეთილები, სამხრეთელები სამხრეთიდან (თავის მოთხრობას ”სამხრეთი” ბორხესი თავის საუკეთესო მოთხრობად მიიჩნევდა).

უთვალავი კაცია ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე, მაგრამ ყველაფერი,რაც ჭეშმარიტად ხდება, ჩემს თავს ხდება…

ჩემთვის  ბორხესი იმ იშვიათ მწერალთაგანია, რომელსაც არაფერი გამოუგონია.  ის უბრალოდ გვიყვება იმას, რაც ხდება ჩვენს გარშემო მაშინ, თუ ჩვენ გავბედავთ დროის და სივრცის საზღვრების გარღვევას და არ აღვიქვამთ მათ, როგორც ცარიელ და ან წმინდა ფორმებს. მისი ე.წ. გამონაგონები და ფიქციები მისი სიმბოლური მეხსიერების შედეგია. სიმბოლური მეხსიერება არის ის პროცესი, რომლის მეშვეობით ადამიანი არა მარტო აღადგენს ძველ გამოცდილებას, არამედ ამ გამოცდილებას გარდაქმნის კიდეც. არანაირი გამონაგონი – ეს მხოლოდ გახსენების ძალაა ანუ ძალა იმის, რომ გაიხსენო ის, რაც გამოგიცდია. ამის გახსენების ძალა კი მხოლოდ ბორხესისნაირ თუ გოეთესნაირ გენიოსებს შეუძლიათ. თუმცა, ბორხესი ერთგან ახსენებს ქევინის სიტყვებს, რომ

არ არსებობს ევროპელი კაცი ან ქალი, რომელიც მწერალი არ იყოს, პოტენციურად ან ფაქტობრივად.

Power by WinArgentina at http://www.winargentina.com/

გოეთემ თავის ავტობიოგრაფიას ”პოეზია და სიმართლე” უწოდა. ალბათ უნდოდა, რომ ცხოვრების სიმართლისთვის მიეგნო და აღეწერა, მაგრამ სიმართლეს მხოლოდ იმით მიაგნო, რომ თავისი ცხოვრების ცალკეულ და გაფანტულ მოვლენებს პოეტური ფორმა მისცა. ბორხესის ლექსები არ წამიკითხავს, მაგრამ იგივე სცადა მან თავისი მოთხრობებით და მოახერხა კიდეც იმის ახსნა, რომ ის, რასაც მაგიურ რეალიზმს ვუწოდებთ, ჩვეულებრივი რეალობაა და ეს რეალობა მაგიურია მხოლოდ იქამდე, სანამ ჩვენ ყველაფერს არ გავიხსენებთ. თითოეულ ადამიანში ხომ არის კოდი, სადაც მთელი სამყაროს წარსული, აწმყო და მომავალია დამახსოვრებული. მთავარია, რომ

ვიპოვოთ ის ადამიანი ჩვენში, რომელიც არის ადამიანი და არა სხვა ადამიანის სიზმრის პროექცია.

ბორხესი ხშირად წერს ღალატზე, მაგრამ ღალატზე არა იმ მნიშვნელობით, როგორც ჩვენ ვიცით, არამედ ისეთ ღალატზე, რომელიც სიწმინდემდე აყვანილი თვითგანწირვაა – ვიღაცის დიდებისთვის და სახელისთვის გაწეული ხარკი. სწორედ აქ ჩნდება იუდას თემა, რომელზეც ადრე ძალიან ბევრი მიფიქრია. იუდა მსხვერპლია – იუდას ღალატი იყო არა ალალბედზე მომხდარი ამბავი, არამედ წინასწარ დადგენილი იდუმალი გამოსყიდვების მთელ ჯაჭვში. სხვა მოციქულებს შორის მხოლოდ მან იგრძნო იესოს ფარული ღვთაებრიობა და საშინელი დანიშნულება. ოცდაათი ვერცხლით და კოცნით მან დაიმსახურა ნებაყოფლობითი სიკვდილი და და სამარადისო ტანჯვა. მან უარი თქვა ყოველგვარ ღირსებაზე და არ მიიჩნია თავი ღირსად – ყოფილიყო  კეთილი.

იუდას ღალატი არ არის ღალატი ღალატისთვის – ეს არის ღალატი სხვისი დიდებისთვის. იუდა მსხვერპლია. იუდა საკუთარი თავმდაბლობის მსხვერპლია. ბოროტების არჩადენა ხომ სატანურ ქედმაღლობას ნიშნავსო… ბორხესი ერთადერთია ჩემთვის ამ ეტაპზე, რომელმაც ღალატის თემა ამ კუთხით წამოწია წინ თავის ”იუდას სამ ვერსიაში”.

იუდაც რაღაცნაირად ქრისტეს ანარეკლია.

როცა ასეთ ადამიანებს აწყდები, ფიქრობ, რომ სამხრეთში სასწაულები ხდება. გეგონება ერთხელაც ბუენოს-აირესის არცთუ ისე ხმაურიანი ქუჩის ერთ მყუდრო კაფეში ის და კორტასარი მატეს გარშემო დასხდნენ ამ სასმელით ხელში და სიგარეტის ბოლში გახვეულებმა მოილაპარაკეს რა მოეხერხებინათ სამხრეთამერიკული ლიტერატურისთვის. ორივემ თავისი გზა აირჩია – ის, რაც კორტასარმა მუსიკით, სივრცის თავისებური აღქმით და თავისი რომანებით მოახერხა, ბორხესმა მოახერხა თავისი ლაბირინთებით ,  დროის თავისებური მაგიური აღქმით და პატარა ნოველებით. ორივემ თავისი ადგილი დაიმკვიდრა ლათინოამერიკულ მწერლობაში, ლათინოამერიკულმა მწერლობამ კი მათი გენიალურობისმდახმარებით, თავის მხრივ, მიშვნელოვნად გაამდიდრა მსოფლიო ლიტერატურის საგანძური.

borges-cortazar

ჩემი უსინათლო არგენტინელი ძალიან კეთილი ადამიანია კეთილი ზრახვებით. ვიცი , რომ ბორხესს მეც ვახსოვარ და ვუყვარვარ. გული ამიჩუყდა, როცა ვკითხულობდი ”განმარტოებულ ბილიკთა ბაღში” შემდეგ სიტყვებს.

ელდა მეცა იმის გაფიქრებაზე, რომ ადამიანი შეიძლება სხვა ადამიანის მტერი იყოს, სხვა ადამიანების სხვა მომენტების, ოღონდ არა საკუთრივ ამა თუ იმ ქვეყნის – მისი ციცინათელების, სიტყვების, ბაღების, მდინარეების, ნიავების.

ბორხესმა სხვადასხვა ეპიზოდებით გაერთიანებული ”ლაბირინთები” შექმნა, რომელიც შეიცავს მის გამორჩეულ მოკლე მოთხრობებს და საოცარ ესეებს. ის გაძლევს საშუალებას აღიქვა დიდი იდეების სიღრმეები ისტორიის მცირე მონაკვეთებსა და ინდივიდების ქცევებში. მისი მომაჯადოებელი პროზა, რომელიც მელანქოლიურია, საუკეთესო საშუალებაა უსასრულო ბიბლიოთეკაში სამოგზაუროდ, სადაც შეხვდებით მეოცნებეებს, რომლებზეც სინამდვილეში სხვები ოცნებობენ და ადამიანებს, რომლებიც პარალიზებულები არიან ყველაფრის დავიწყების უნარით. ანდრეა მორუა ამბობდა, რომ ბორხესს წაკითხული აქვს თითქმის ყველა წიგნი და, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც უკვე აღარავინ კითხულობს. ძველი ნორვეგიული საგებიდან არაბულ ფილოსოფიამდე, ბორხესს ის სტილი უყვარს, რომელიც მოითხოვს აზრის სტრიქონებს მიღმა ამოკითხვას.

ხორხე ლუის ბორხესი მიაბიჯებს ბუენოს-აირესში თავის მეორე ბორხესთან ერთად. ზოგჯერ მექანიკურად ჩერდება და შესასვლელის თაღებსა და კერებს უყურებს. მის სახელს სასწავლო სესიებზე და რომელიმე ბიოგრაფიულ ლექსიკონში ნახავთ. გადაჭარბებული იქნება იმის თქმა, რომ ამ ორ ბორხესს მტრული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში. ის ყველაზე ნამდვილ ბორხესს აძლევს საშუალებას ქსოვოს თავისი ლიტერატურა და ამით თავისი არსებობა დაამტკიცოს. რაც შეეხება დიდებასა თუ ხელის მოცარვას, ის მათ მიმართ ყოველთვის გულგრილი გახლავთ. მისი შთაგონების საზღვარი უსასრულოა, თუმცა მისი საუკეთესო ნაწარმოები უკვე დაწერილია.

ამ ბოლო გვერდზე მივხვდი, რომ ჩემი ნაამბობი სიმბოლოა კაცისა, რომელიც მე თვითონ ვიყავი, როცა ვწერდი, და იმისთვის, რომ მეწერა, სწორედ ის კაცი უნდა ვყოფილიყავი, ეს ისტორია უნდა მეწერა…და ასე შემდეგ.

Borges1

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s