თოლია ქვაზე

3620610819_d81c781a83_b

„მინდა ვთქვა, რომ თოლია და ქვა, მითუმეტეს თოლია ქვაზე არაფერ შუაშია ქვემოთ მოთხრობილ სიტყვებთან. ეს მხოლოდ ის ქვაზე დახატული თოლიაა, რომელიც გზაზე ვიპოვე  – მთებში“.

ეს ოთახი ძალიან პატარაა სამი ადამიანის სხეულისთვის – სამი მფეთქავი გული; სამი სხეულის უამარავი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა; ექვსი თვალი – სამი მზერა; ექვსი ყური; ექვსი ხელი; ექვსი ფეხი; უამრავი თითები, თითები…ყველგან თითები; თმები – ყველა სხვადასხვა სიგრძის, სხვადასხვა ფერის. სამი ადამიანის სამყოფი სამყარო ამ ოთახში არ არის, მაგრამ დროებით ყველაფერს სამად ვიყოფთ- ორ საწოლს; ორ საბანს; ორ მაგიდას; ორ თეფშს; ორ ჩანგალს; ორ კოვზს და ძალიან ბევრ წიგნს.

დილით ადრე ვიღვიძებ-შუაში ვწევარ, მაგრამ არც მახსოვს აქ როგორ აღმოვჩნდი.ღამეული მოგზაურობები ბუნდოვნად მახსოვს. ორივეს მშვიდად სძინავს-ორი მშვიდი სუნთქვა. მე კი უცნაურად აფორიაქებული. მთაში მინდა. ახლა მინდა, რომ ოთახში აუჩქარებლად, წყნარი ნაბიჯებით შემოხვიდე, ჩემს ფეხებთან დაიჩოქო, გრძელი თმები ჩვეული მოძრაობით უკან გადაიყარო, თითებზე ხელი ფრთხილად ჩამავლო და მთაში წამიყვანო. იქ ყველაფერი მეტია-მეტი ჰაერია, უფრო ცივი და უფრო შვებისმომგვრელიც. არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი რატომ დადიხარ ფეხაკრეფით, არ ვიცი რატომ გაქვს გრძელი თმები, იქნებ იესო ქრისტე ხარ ან იქნებ კურტ კობეინი ან იქნებ ჩემი მეზობელი იმ არეული და შპალიერჩამოგლეჯილი ოთახიდან. მაგრამ ვინც არ უნდა იყო, მარტივად ვიცი , რომ იქ უკეთ ვიქნებით. რატომ არ გესმის. ამ ოთახში ყველასთვისაა ადგილი; იქ კი მხოლოდ ორისთვისაა ამდენი ცა, ამდენი მზე, ამდენი ჰაერი, ამდენი ხე, ამდენი თავისუფლება.

დილიდანვე სამი უცანური ადამიანის შეტყობინებები მობილურში. არ ვიცი, როგორ ავხსნა, თუ რამდენად განსხვავდება ეს სამი ადამიანი ერთმანეთისგან – ჩემთვის ყველაფერი ერთი „ცალია“, ყველაფერი ერთმანეთისგან განსხვავებულია, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, უნიკალური, მაგრამ არა წინააღმდეგობრივი და არა დამოუკიდებლად მოარსებე იმ ერთი „მთლიანისგან“. თუმცა, შეიძლება სწორედ ეს იყოს წინააღმდეგობის განვითარების ერთ-ერთი პირველი ეტაპი. განსხვავება ხომ იგივეობის გარეშე არ არსებობს. მაგრამ მაინც – განსხვავება არ არის გარანტი იმისა, რომ ის ცუდია, ან კარგია; ან ბნელია, ან ნათელია; ან ცივია, ან ცხელია. ის არის ის, რაც არის და არის თავისთავადი. ის არის მარტო და არ სჭირდება არავინ და არაფერი თავის თავისთავადობის დასამტკიცებლად.

ამიტომ არ მომწონს ინ და იან, როგორც სიმბოლოები უკიდურეს, მძაფრ დაპირისპირებულობათა ურთიერთობისა – სინათლისა და წყვდიადის, დღისა და ღამის, მზისა და მთვარის, ზეცის და მიწის, სიცხის და სიცივის, დადებითის და უარყოფითის… მაგრამ მომწონს ინ და იან, როგორც ორი განსხვავებულის, მაგრამ არა წინააღმდეგობრივის ერთი დიდი მთლიანობა. ყოველი საგანი თუ პროცესი თავის თავში სწორედ იმიტომ განსხვავდება, რომ სწორედ ამ მოცემულ პროცესში „გადატყდება“ მისი ურთიერთზემოქმედება სხვა საგნებთან და პროცესებთან.

მაშინ ვიტყვი ასე: ეს სამი ადამიანი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც,  ცაზე ვარსკვლავები, როგორც ხეზე ფოთლები, როგორც ცა და დედამიწა. ერთი უხეშია და ცივსისხლიანი ადამიანის ნიღაბს მშვენივრად ირგებს-უხდება და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია; მეორე მშვიდია, უაზროდ მშვიდი-მაღიზიანებს ასეთი სიმშვიდე-მთქნარება მინდება ხოლმე და ძილი. სიკვდილს ჰგავს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა; მესამე კი მოაზროვნეა-კითხულობს შექსპირს, ალიგიერს, ულისეს ქრონიკულად და წარმოდგენა არ აქვს ვინაა ბურატინო. მეკითხება: „ბურატინო ისაა, გრძელი ცხვირი რომ აქვს?“. მესამე ბევრად მოსაწყენია ვიდრე მეორე, და მეორე ბევრად მოსაწყენია , ვიდრე პირველი. პირველი კი ერთადერთია ამათ შორის, რომელსაც შეუძლია ტკივილი მოგაყენოს. გამოდის ტკივილს ვირჩევ-ის მაინც მეცოდინება , რომ მოწყენილობისგან არ ამომხდება სული და რომ მისთვის ულისეც და ბურატინოც ერთი სისულელეა. ეს კი უკვე სიცოცხლეს ჰგავს-სისხლის მოძრაობას, გააფთრებას, თითების კრუნჩხვას, სუნთქვის შეკვრას.

მაღიზიანებს სამივე მათგანის თავისთავადობა და უ მ ს გ ა ვ ს ო ბ ა. ისიც მძაგს, რომ იძულებული ვარ ამ დილით სამივე მათგანი ერთმანეთს შევადარო. თუ ერთმანეთს არ შევადარებ, გამოდის ძალიან ბევრი უნდა ვიყო-ბევრი მე. ეს კი საშინლად რთული, დამღლელია. მე კი ამ დილით ძალიან სუსტი ვარ, არაპროგნოზირებადი და დაბნეული. ჯობია სამივე მოვნიშნო მწვანე „პწიჩქით“ და ერთდროულად წავშალო ჩემი საფიქარლი დაფიდან, რომელსაც ამ დილით, როგორც ნებისმიერი გულაღმა მწოლიარე ადამიანისთვის, ჭერი წარმოადგენს – დაბზარებული; დაკლაკნილი ხაზებით.

და მაინც … ვერ ვივიწყებ გუშინდელს. მე ბურატინოს თავგადასავალს ვკითხულობდი და ისევ იმ „არაჩვეულებრივი სამეულიდან“ ერთ-ერთის მოკლეტექსტური შეტყობინება: „გინდა ჩამოგითვალო მიზეზები, თუ რატომაა უმჯობესი ულისეს წაკითხვა ინგლისურად?“. მაპატიე, მაგრამ  ერთი განუვითარებელი სნობი ხარ. ფეხებზე მკიდია შენი ულისე. მკიდია ჯოისი. მკიდია ულისე. ჯოისიც. დუბლინელებიც. საერთოდ მკიდია. შენც მკიდიხარ. რატომ მირთულებ სუნთქვას ამ დამპალი დუბლინით, როცა მე ბურატინოს თავგადასავალს ვკითხულობ! რატომ მასწავლი რომ გაბრიელის თავგადასავალი გრძელცხვირა ბურატინოს და მისი მეგობრების  თავგადასავალზე საინტერესოა. რატომ მასწავლი, რომ დუბლინელი ქარაფშუტა გოგოების ამბები უფრო ბევრის მომცემია, ვიდრე ცისფერთმიანი , მკაცრი მალვინას ხის კაცუნებთან ერთად გამოვლილი ფათერაკებით აღსავსე გზა თოჯინების ახალ თეატრამდე, სადაც ყველა საკუთარ თავს თამაშობს.

 ეს ოთახი ყველაფერს და ყველას იტევს თქვენს გარდა.

10318563_322521431233838_1021473531_n

ედუარდ ჰოპერი. “ოთახი ბრუკლინში”. 1932 წელი.

„ჰოპერთან ასახულია მარტოობა, ასევე მარტოობისგან მოგვრილი საშინელების განცდა. ჰოპერი აფიქსირებს ადამიანებს შორის არსებულ მდუმარე, ამოუვსებ დისტანციას, გაქვავებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, რომელიც გამოკეტილია თავის სასრულობაში, რაც მარადისობად ევლინება მას. მისი სუბიექტურობა ამ ცარიელ სივრცეში/ოთახში საკუთარ თავთანაა დარჩენილი და იგი ამ სიცარიელეში ქრება“  . (შმიდი 1999: 19, 25).

Advertisements

One response to “თოლია ქვაზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s