კრისტოფერისეული ხეტიალის ფილოსოფია

hockney.pearblossom-highway

(Pearblossom Highway, 11-18th April 1986.  David Hockney)

„მას ვინც დაიბადა, ვინც იყო პირველი კაცი“

მე და კრისტოფერი ნემოფილისტები ვართ და ორივეს ძალიან გვიყვარს ჯეკ ლონდონი. ან იქნებ, მხოლოდ ლონდონისეული ალასკა. სხვას ვერაფერს დავამატებ. არც კრისტოფერისთვის ესოდენ მისაბაძი ასკეტიზმით გამორჩეული ტოლოსტოი მიყვარს და არც ჰენრი დევიდ თოროს “უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება” წამიკითხავს (ნაცნობს ვათხოვე და აღარ დამიბრუნა – კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა ვათხოვო ერთხელ ნანახ ადამიანებს წიგნები).

არიან ბიჭები, რომლებსაც უყვართ გოგოები; გოგოები გრძელი თმებით; გოგოები გრძელი ფეხებით; ლუდი; ლუდით ხელში სანაპიროზე ხეტიალი; ან ლუდით ხელში გრძელფეხება გოგოებთან ერთად სანაპიროზე ხეტიალი. არიან ბიჭები, რომლებსაც წიგნები უყვართ; წიგნები ბუნებაზე; წიგნები ნადირობაზე; სათავგადასავლო წიგნები; წიგნები მოხეტიალე ადამიანებზე. ეს ბიჭები მხოლოდ წაკითხულს და ნაოცნებარს სჯერდებიან და ამბობენ, რომ თუ გაქვს წიგნი და თუ შეგიძლია დაუსრულებლად იკითხო, ყველგან მოგზაურობაა შესაძლებელი…ფიქრებით.

მაგრამ არის ერთი ბიჭი, ერთადერთი ქრისტოფერი, რომელიც თავის ოცნებებს რეალობად აქცევს. ამ მიზანდასახული ბიჭის ერთადერთი ვნება და მისი გრძელფეხება გოგო ალასკაა–დაუნდობელი და პირქუში მიწა. ის ალასკა, რომელიც მხოლოდ სიზმრებში უნახავს. ან ის ალასკა, რომელიც მხოლოდ ოცნებებში წარმოუდგენია.

ქრისტოფერი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც თავისი ცხოვრება და თავისი დიდი სიყვარული აქცია წიგნად. ის არც გმირია და არც შეშლილი იდეალისტი. ის ველურ და ყინულოვან ალასკაზე შეყვარებული ერთი  ჩვეულებრივი ტიპია, რომელმაც წაიკითხა, ისწავლა, სახლიდან წავიდა, დაწვა ყველაფერი, რაც მის არსებობას ადასტურებდა, იხეტიალა, გადალახა მდინარეები, ტყეები, გზები, გაიცნო უცნობი ადამიანები, შეისწავლა მცენარეები, ხეები, უცხო მიწები, რომ ერთხელაც იქ აღსრულებულიყო, როგორც ალექს სუპერტრემპი-სუპერმაწანწალა.

ეს  ახალგაზრდა ცხოვრობს იმ დროში, როცა ჩვენი ზნეობა პატივმოყვარეობის სახეს იღებს. ფულის და ფულის ღირსების გარდა ჩვენი ერთადერთი ბედნიერება პოპულარობაა. ჩვენ ყველა სხვა ძალა გამოვრიცხეთ და ახლა ვდგავართ გადაბმულნი, ერთნაირი სამოსით, ერთნაირი მოძრაობებით საზოგადოებრივ ფერხულში.

განსაცვიფრებელია „საზოგადოებრივი აზრის“ ძალა, ჩვენ უნდა ვიაროთ და უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ის მიგვითითებს; მივყვეთ ბილიკს, ის რომ მიგვითითებს; გამოვიყენოთ ფული,“გავლენა“, ის რომ გვაწვდის, თუ არადა, პატივისცემას ვერ მოვიპოვებთ. გვაქვს მეტი სამოქალაქო თავისუფლება, მაგრამ გვაქვს ნაკლები ზნეობრივი თავისუფლება.

intothewild-book პრაქტიკულად რომ განვსაჯოთ, ჩვენი მრწამსი ფატალიზმია. ფიზიკური საგნების რწმენა ყველა საუკუნეში სისუსტის და ბრმა უთანხმოების თავშესაფარია. ეს მომადუნებელი მორჩილება ფიზიკური საგნებისადმი ბუნებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ ჩვენივე განუსჯელი დამოკიდებულებებიდან განსახილველი ბუნებისადმი.

ბიჭს მძიმედ აწვება სუსტ მხრებზე „კანონთა ღრმა აზრი“ კაბინეტებში, ბაზარში, ტაძარში, სასწავლებებლში, სახლში. საზოგადოების მიერ ჩანერგილი პატივისცმის მოპოვების „მოთხოვნილება“ ბოჭავს ბიჭის გონების მოძრაობას და მის კეთილშობილ თვისებებს კოშმარული ძილი ეუფლება.

ჩვენი მაწანწალა ბიჭი დაბორკილია ჩვენს მიერ გამოჭედილი ჯაჭვებით, რისი დაწყვეტაც ჩვენვე შეგვიძლია. ჩვენ უბრალოდ ვერ გავიგეთ, რომ მას ესაჭიროება რაიმე ნაწილი გულის, სულის ან სხეულის, რაც ოდესღაც მას ეკუთვნოდა. „მას ვინც დაიბადა, ვინც იყო პირველი კაცი“ თვალწინ უნდა ჰქონოდა სამეცნიერო ჩრდილებით შეურყვნელი სამყარო, ისეთივე მოქნილი, უსაზღვრო, ღვთაებრივი, როგორც თვით ადამის თვალწინ იყო გადაშლილი.

ქრისტოფერს ეს შეუძლია. მისი სიმპტომები გადამდებია, რასაც ადასტურებს კრეკაუერის წიგნის ბესტსელერობა, შონ პენის არაჩვეულებრივი ფილმის წარმატება–ყველაფერი, რაც ამ მაწანწალა ბიჭს ეხება. მას შეუძლია იმის დაბრუნება, რაც ჩვენ დავკარგეთ. ეს არ არის მკრთალი დილეტანტიზმი. ეს არ არის მხოლოდ წარმოსახვა და ოცნება. ეს მას აშკარად შეუძლია. იქნებ შეძლო კიდეც ჯერ კიდევ მაშინ, როცა გოგოლის წიგნის ერთ–ერთი დამპალი ფურცლის ნაგლეჯზე სიცოცხლის ნარჩენებს ჩაბღაუჭებული წერდა :

“S.O.S. მე თქვენი დახმარება მჭირდება. ცუდად ვგრძნობ თავს, სიკვდილის პირას ვარ და ზედმეტად სუსტად ვგრძნობ თავს იმისთვის, რომ აქედან გავაღწიო. სრულიად მარტო ვარ, ეს არაა ხუმრობა. ღვთის გულისათვის, გთხოვთ, მიშველეთ. გასული ვარ კენკრის შესაგროვებლად და დღეს საღამოს დავბრუნდები. მადლობთ, პატივისცემით, კრის მაკ-კენდლესი. აგვისტო?”

ეს პირველქმნილი ხატები მუდამ ჩვენშია, ჩვენ უბრალოდ ვხდებით უამრავ გარეგან სიმბოლოებზე დამოკიდებულები და ვივიწყებთ მის არსებობას. მაგრამ ერთხელ შეგიძლია ერთი წუთით შენც გახდე ქრისტოფერი, დახუჭო თვალები და დაინახო, რომ ტყე კვლავ ირხევა, ფიჭვები ჩურჩულებენ, მდინარე მიედინება და კამკამებს, ქარი ისევ დაქრის ფოთლებში. ეს არის შენი პირველყოფილი სამყარო იქამდე, სანამ მას შენი გონი აღიქვამდა–გონი, რომელიც ბუნებასთან კავშირში სულია.

ეს საოცარი პლანეტა მოგზაურობს თავის ხალხით უსაზღვრო სამყაროში, ეს საოცარი ბედ–იღბალიც მასზეა აკიდებული და უსაზღვრო დროში მოგზაურობს უკეთესი მეგზურის წინამძღოლობით. თუმცა,  ეს არც მე მეხება და არც ჩემს მაწანწალა ბიჭს. სადაც არ უნდა წავიდეთ, უძირო ცა ჩვენს ირგვლივ იქნება. ამიტომ მოდი , ვირწმუნოთ და ვიგულისხმოთ, რომ საკუთარი თავი უნდა დავხვეწოთ და გონება ვაქციოთ ბუნებასთან მოკავშირე სულად, რომელიც პირველქმნილ ხატებს აღადგენს და დაუბრუნებს საკუთარ არსებას.

მერე რა, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამყაროს უსაზღვროებით; მერე რა,რომ ის რაც ვიცით, იმაზე მიგვანიშნებს რაც არ ვიცით; იქნებ სულაც ალასკაა მთელი ეს სამყარო; იქნებ ადამიანი უფრო დიდია და სამყარო უფრო მცირე; იქნებ ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია იმის, განჭვრეტა რამდენად აღვემატებით სამყაროს. ამ შემთხვევაში, დროის და სივრცის მიმართება ქრება. მაწანწალა ბიჭმა შეიძლება ვერ გაიმარჯვოს სივრცესთან ბრძოლაში,შეიძლება ვერ დაიპყროს ალასკა, ამერიკის კონტინენტი, მთები, ოკეანეები და მხოლოდ ერთი მდინარის გადალახვას დასჯერდეს, მაგრამ ის აღემატება და ჯაბნის დროს:

„მე არ მინდა ვიცოდე, რა დროა. მე არ მინდა ვიცოდე, რა დღეა. მე არ მინდა ვიცოდე, სად ვარ. მე ეს არ მაინტერესებს“.

Alex-Supertramp-01 აზრი ორად გაიყო. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ ბიჭს თავზეხელაღებულ იდიოტად და ერთ ჩვეულებრივ WACKO-ს თვლიდნენ,რომელიც ამხელა ყურადღებას არ იმსახურებდა მედიისგან, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ მისი კეთილშობილებით და იდეალებით. მისაღებია, რომ ავტორმა ნეიტრალური დამოკიდებულება ბოლომდე შეინარჩუნა თავისი წიგნის მთავარი გმირისადმი.თუმცა, მიუხედავად ამისა, რომ ჯონ კრეკაუერის ამ ნამუშევარს GOODREAD-ზე ხუთი ვარსკვლავი მივანიჭე, მის ლიტერატურულ სრულყოფილებაზე თავს ვერ დავდებ.

ჭეშმარიტება მრავალგვარია. მრავალკუთხოვანი. ნებისმიერი კუთხიდან შეიძლება აღვიქვათ აბსოლუტური ყოფიერება. რამდენი წრეც არ უნდა შემოვავლოთ, ყველა დანარჩენი იგულისხმება. ყოველი წრე ერთმანეთით სულდგმულობს. ასეა, ქრისტოფერის ამბავის შემთხვევაშიც. რამდენი აზრიც არ უნდა გამოთქვათ მასზე და ამით რამდენი წრეც არ უნდა შემოხაზოთ მის გარშემო, ჩათვალეთ, რომ ის ყველა დანარჩენ მოსაზრებას გულისხმობს. ის ერთი ჩვეულებრივი ბიჭია– თავზეხელაღებული, კეთილშობილი იდიოტი.

რამდენჯერმე შევადარე ტურ ჰეიერდალის „ფატუ–ჰივური“ ცხელი გაქცევა ქრისტოფერის ცივ, ალასკურ გაქცევას. თუმცა, რა შესადარებებელია. ჰეიერდალმა იმაზე მეტით დაგვამახსოვრა თავი, ვიდრე ქრისტოფერმა თავისი უთავბოდლო აღსასრულით.

მიუხედავად ამისა, ის არ არის გმირი. იყო ქრისტოფერი , ცხადია, რთულია. მაგრამ იყო ვაჟა ბევრად რთულია 🙂 (რა შუაშია, არა?! თავად მოიფიქრე.)

პ.ს. სიმბოლურია ალბათ. 22 აპრილი დედამიწის დღეა.

tumblr_n3f62sqTUG1t0ac04o1_500

Advertisements

8 responses to “კრისტოფერისეული ხეტიალის ფილოსოფია

  1. იმ შუაშია, რომ ბუნება ორივესთვის იდეალური რამეა?
    მაგრამ ვაჟაობა რატომაა რთული?

    • მარტივად რომ ვთქვა ‘ცა, ქრისტოფერის გზა საკუთარი თავისგან გაქცევის გზაა. ის არ არის რევოლუციონერი. ის ერთი ეგოისტი ბიჭია (?), ვის ავტობუსთანაც დღემდე იღებენ სურათებს ტურისტები. ი ვსიო. ყველაფერი ამით ამოიწურა. (ჩემთვის).

      ვაჟას გზა თვითდამკვიდრების გზაა იმ იდეალებით, რაც ნაწილობრივ ქრისტოფერსაც აღელვებდა. ვაჟამ ეს მოახერხა და დღემდე ახერხებს.

      პ.ს. უცანური შედარებაა, მაგრამ ვინ გვიშლის პარალელების გავლებას? :))

      • არავინ, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩემთვის ქრისტოფერსაც ძალიან დიდი ფასი აქვს და საერთოდ ფილმის ყურების მერე ცოტა შემეცვალა იდეალების საქმე… შეიძლება შონ პენის ნიჭიერების ბრალია, არვიცი.

        • აჰამ, გეთანხმები…საოცარი ფილმია,ძალიან ლამაზიც,დახვეწილი და მთელი სამი საათის განმავლობაში არ არის ისეთი “ჩავადნა”, რომ მოდუნდე…თუმცა, წიგნი მეტად ინფორმაციულია, მაგრამ ნაკლებად ლიტერატურული.

          პ.ს. გეთანხმები რომ ქრისტოფერი ამაღელვებელი ბიჭია 🙂 თუმცა, ის მაშინ გამოჩნდა, როცა მე იდეალების ამბავი დალაგებული მქონდა 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s