პატარა ქალაქის ზღაპრები

„მოგელანდებით ხოლმე!…იცით რა? თქვენ შეიძლება სამ დღეში , თქვენ თუ აქ შემოხვედით, აქედან გადავარდეთ, ბატონო თენგიზ, იმიტომ, რომ მე მოვალ თქვენთან! გურამ გეგეშიძე! შენც მოგელანდები, შე საცოდავო!“

დარწმუნებული ვარ ამ სიტყვებით ბევრს ახსოვს გურამ პეტრიაშვილი. მაშინ ბავშვი ვიყავი და როცა ჩემს დას ვაბრზებდი, ხშირად მომაძახებდა ხოლმე გაგულისებული, მოგელანდებიო 🙂

ახლაც ვუსმენ youtube-ზე, დედა სამზარეულოში საქმიანობს, იცინის თუ დამცინის, რომ ამაღამ გურამ პეტრიაშვილს ვუსმენ და მგონია, ისევ პატარა ბავშვი ვარ. მერე რა, რომ მაშინ წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ეს კაცი, არც მისი ზღაპრების შესახებ ვიცოდი არაფერი და არც იმაზე მქონდა წარმოდგენა, ის ეჭვიანი კაცი ვინ იყო „ცისფერი მთებიდან“:

ანუ ვერ დავიკვეხნი, რომ მის ზღაპრებზე გავიზარდე. უფრო მეტიც – ერთ–ერთ პაემანაზე გავიგე მის შესახებ , ანუ უკვე მოწიფულ ასაკში. სახლში რომ მიხვალ გურამ პეტრიაშვილის „ახირებული კაცი“ წაიკითხეო. არ მახსოვს და ვერ გეტყვით, მაინცდამაინც ეს ზღაპარი რატომ მირჩია. ეტყობა, კიდევ ერთმა ადამიანმა მიწოდა ახირებული და ჭკუისსასწავლებლად შემომთავაზა.

ლურჯპალტოიანი, ყავისფერშარვლიანი, შავშარფიანი და ყვითელპერანგიანი , არც თუ ისე მდგრადი ფსიქიკის მქონე ყოფილი მხატვარიც რომ ჭკუის სწავლებას მოგინდომებს, მაშინ სადმე მიუვალ ადგილას უნდა გადაიკარგო საკუთარ კატებთან და წიგნებთან ერთად. უკვე ისიც ვიცი, რომ ასეთ შემთხვევაში პირველი ამ წიგნს დავავლებ ხელს.

მაგრამ ეს იყო და ეს. ეს ლამაზი ზღაპარი არც თუ ისე ზღაპრულად დასრულდა– მხატვარი საკუთარ გზას დაადგა და მე–ჩემსას. თუმცა, ყველაზე ძვირფასი რამ კი შემომრჩა არც თუ ისე ცივ მოგონებებთან ერთად – გურამ პეტრიაშვილის პატარა ქალაქის ზღაპრები. თურმე, სასწაულები ისევ ხდება ისეთ პატარა ქალაქშიც კი, როგორიც თბილისია.

მაშინ ათას სისულელეებზე ვფიქრობდი – როგორ მესწავლა თავიდან ადამიანების გაბედნიერება; ღამე დაუსრულებელი სიზმრების გარეშე ძილი; ქუჩაში ნაცნობებისთვის გაღიმება და გულთბილად მისალმება; ბიბლიოთეკიდან იმაზე ადრე გამოსვლა, სანამ უკანასკნელის წინა მკითხველი არ მოემზადებოდა წასასვლელად; ოჯახის წევრების მოკითხვა ნაკლები გულგრილობით. და ა.შ. მაშინ, როცა ჩემს პატარა ქალაქში თურმე პეტრიაშვილისეული სასწაულები ხდებოდა, მე გავიზარდე და ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა.

მერე ქუჩა–ქუჩა დავდიოდი და ბუკინისტებთან დავეძებდი ძველ გამოცემას–ულამაზესი ილუსტრაციებით და სპეციფიური სუნით. ვიპოვეთ კიდეც ერთმანეთი. მერე ხან მე ვიჯექი მესამე სათულის ფანჯრის რაფაზე ამ წიგნით ხელში, ხან ჩემი მონატრებული სოფიტა – მონაცვლეობით ვკითხულობდით და ვსუნავდით, მაშინ როცა ნიკა გულგასიებული გვიყურებდა 🙂

„სულ ცაზე ფიქრობენ პეპლები,ამიტომაც არიან ლამაზები. და ყვავილებმაც არ იციან: იმიტომ არიან ფერადნი, რომ მუდამ ცაში ფრენაზე ჩასჩურჩულებენ მათ პეპლები. და თუ ოდესმე გაქრება ცად გაფრენის სურვილი და მზის ამოსვლისას აღარც ერთი ყვავილი აღარ იქცევა პეპლად, უბედურება მოხდება მაშინ: დაკარგავენ ფერს ყვავილები და ულამაზო და უსახური დარჩება ველი.“

ერთხელაც უნდა ჩამოვწერო პუნქტებად, რატომ მიყვარს წიგნები. წინასწარ გეტყვით, რომ ეს სასწაულებრივი ზღაპრები ყველა პუნქტს დააკმაყოფილებს. ბატონო გურამ, მე მელანდება თქვენი ზღაპრები!

პა­ტა­რა დი­ნო­ზავ­რები, თეთ­რ­სუ­ლე­ლა­, მე­ვი­ო­ლი­ნე და პა­ტა­რა ჩი­ტი, წვი­მის მოყ­ვა­რუ­ლი კა­ცი, მე­ქუ­დე, ბე­ჰე­მო­ტი, ნაღ­ვ­ლი­ა­ნი კლო­უ­ნის ამ­ბა­ვი, კა­ცი და ქა­რი, ყი­რა­მა­ლა მო­სი­ა­რუ­ლე კა­ცი, ყვა­ვი­ლე­ბი, პი­ა­ნი­ნო და პეპ­ლე­ბი, პი­კო და ოლი­კო, ახი­რე­ბუ­ლი კა­ცი, მსახიობი, ხეები, მხატვარი და თეთრი ჩიტები, მღებავი და გაუცინარი კაცი, ბალერინა, გოგონა და ოქროს თევზი, ხელმწიფე, ვარდი და უცანური სახლები….

აქ უამრავი ცისფიქრიანი სული შეგხვდებათ და მზად უნდა იყოთ ისეთივე წრფელი გულით შეეგებოთ თითოეული მათგანს, როგორც ამ არსებებს შეეფერებათ, თავიანთი ნაღვლიანი ღიმილის, ვერგაუმხლელელი ტკივილის, ახირებულობის თუ უსასრულო მარტოობის მიუხედავად.

იქნებ ისევ დავიჯეროთ, რომ ადამიანის პირველი გულწრფელი ცრემლი სასწაულებს სჩადის.

რომ შუა სცენაზე მარტო მდგარი ნაღვლიანი მსახიობი ერთხელაც მწვანეფოთლება ხედ გადაიქცევა.

რომ ჟირაფის ოქროსფერი ლაქები მზის კოცნებია.

რომ ერთ საოცარ ხეს ერთხელაც ვიოლინო მოსწყდება ნაყოფის ნაცვლად.

რომ ერთხელაც ჩემს ქალაქშიც გამოჩნდება კაცი, რომელიც ქარს დაიმორჩილებს.

რომ ერთხელაც ბეჰემოთებსაც აუხდებათ ლამაზი სიზმრები.

რომ ერთხელაც მიწაზე მკვდარი ჩიტების დაცემისას ისევ ამოვლენ თეთრი ყვავილები.

რომ ჩემს ქალაქში არავინ დასცინებს ისეთ ადამიანებს, რომელბსაც სჯერათ რომ ლამპრები არიან და ანათებენ.

რომ პიკო და ილიკო ერთხელაც ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.

რომ ერთხელაც არ გვეწყინება თუ სიზმარში ფულგამობმულ პეპლებს არ დავინახავთ.

რომ ყოველთვის იფრენს ისეთი ჩიტი, რომელიც ჩამოვარდნილ ჩიტებს აიტაცებს, ცაში აიტანს და ამიტომაც არასოდეს დააკლდება ცას ვარსკვლავები.

რომ ერთხელაც ჩემს ქალაქში ერთი პატარა ბიჭუნა ისე დაუკრავს პიანინოზე, რომ კლავიშებიდან პეპლები აფრინდება.

რომ ერთხელაც დავინახავ გაზაფხულზე ცისარტყელაზე მოცეკვავე თეთრსულელას.

რომ ჩემს ქალაქში არასდროს იფეთქებს ჩემოდნების ავადმყოფობა და მოქალაქეები კვლა გაუღიმებენ ერთმანეთს.

რომ ერთხელაც გაიცინებს გაუცინარი კაცი.

რომ ერთხელაც გამოჩნდებიან წვიმის მოყვარულული კაცები,რომლებიც ქუჩაში ქოლგებით არ ივლიან.

რომ ყოფილი ბალერინა ერთხელაც ისევ იცეკვებს.

რომ ერთხელაც კვლავ გაგვახსენდება მთვარით განათებული ვეება ქუდი ზედ გაშლილი ქოლგით.

რომ ზღვა და მდინარეები ცისფრად მანათობელი თევზების დაგროვილი ცრემლებია.

რომ ერთხელაც ჩვენც ვივლით ყირამალა, რომ ყვავილები დავყნოსოთ და თუ ფეხზე დავდგებით, მაშინ ვარსკვლავების სურნელით მაინც დავტკბებით.

რომ ქალაქის მთავარი მესიზმრე ერთხელაც ლამაზ სიზმრებს გამომიგზავნის….

რომ ერთხელაც დავიჯერებთ ამ საოცარი ზღაპრების სიმართლეს.

ძალიან გთხოვთ ყველას, მზის ჩასვლისას თქვენს თვალწინ ცისფერთვალება გოგონა ყვავილად თუ გადაიქცევა, ყვირილის ნუ ატეხთ და ქვეყანას ნუ შეჰყრით. ამას ისა სჯობს , იქვე ჩამოჯდეთ და გათენებას დაელოდოთ, რათა ღამით ყვავილს ფეხი არ დაადგას ვინმემ.

„სიყვარულს საერთოდ ყველაფერი შეუძლია. ხოლო ნათება მთლად ჩვეულებრივი რამაა მისთვის.“

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

10 responses to “პატარა ქალაქის ზღაპრები

  1. ჩემი წიგნი ❤
    ბავშვობის მერე ვკითხულობ და ვკითხულობ და ვკითხულობ ^^ და არ მბეზრდება :დ
    რავიცი, ჩემს ზღაპართმოყვარულობას ვაბრალებ ხანდახან მაგას :დ მაგრამ სხვა რომ არ მაქვს აკვიატებული? ერთ-ერთი საუკეთესო მეზღაპრედ მივიჩნევ ^
    ^ და მგონი არცთუ უსაფუძვლოდ ^_^

  2. ჩემდა სამწუხაროდ ეს წიგნი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ამ პოსტით კი ვისიამოვნე ..
    ხოო.. კიდევ აქაურობა ძალიან მომწონს .
    თბილა.
    🙂 ^^

    • ჩემი მაგალითის გათვალისწინებით, მიხვდები, რომ პეტრიაშვილის ზღაპრების “მიღება” არასდროს არ არის დაგვიანებული 🙂
      პ.ს. მადლობა :*

  3. გურამ პეტრიაშვილის ზღაპრებზე წერილის ავტორს და თაყვანისმცემლებს მეზღაპრე ეპატიჟება თავისი ახალი ზღაპრების წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება მწერალთა სახლში 2 სექტემბერს. საღამოს 7 საათზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s