Georges Méliès – ეკრანის მოგვი

Cinématographe_Lumièreსინემატოგრაფიის არსებობის პერიოდში შესამჩნევი გახდა კინოს რეალისტურ–დოკუმენტური არსი, იგი შემთხვევითი ადამიანების ბუნებრივ გარემოში, დეკორაციების გარეშე გადაღებისას გამოიხატა. მოინიშნა სადადგმო პირობითობა და კომიკური საწყისი სურათში „გაწუწული მებაღე“, მაგრამ ყოველივე ზემოთთქმული ძირითადად ტექნიკის მიერ მოტანილი თვისებებია. ლუმიერის სინემატოგრაფიის ნამცეცა ფილმებში ხელოვნებისეული მონაცემი მცირეოდენი იყო, ეკრანზე მხატვრული აზრი არ ჩანდა. ტექნიკას კი, რაც უნდა გენიალური გამოგონება იყოს იგი, ხელოვნების შეცვლა არ შეუძლია.

დიდხანს იგი საყურებელ სანახაობადაც ვერ ივარგებს, რადგან ტექნიკას ხელოვნების მარადიული ესთეტიკური საზრისი არ გააჩნია. ამიტომაც გაძლო სინემატოგრაფმა ეკრანზე მხოლოდ წელიწადნახევარს–ხალხს ტექნიკური ატრაქციონების ყურება მობეზრდა.

კინოს არამარტო ტექნიკოსი და მეწარმე, არამედ ხელოვანიც სჭირდებოდა. მხოლოდ ამ შემხვევაში გააგრძელებდა იგი სიცოცხლეს. საჭირო იყო ხალხის ეკრანთან მიზიდვა, კინოს აღორძინების ამ მისიას სანიმუშოდ გაართვა თავი ჟორჟ მელიესმა.

ჟორჟ მელიესი, „რობენ უდენის“ სახელწოდებით ცნობილი, ფოკუსების თეატრის პატრონი იყო. სინემატოგრაფიის პირველ სენასზე დასწრების შემდგომ, იგი ამ სანახაობით მალე დაინტერესდა და ლუმიერს საქმიან საუბარში სთხოვა აპარატი მიეყიდა მისთვის, მაგრამ სინემატოგრაფიის პატრონმა მტკიცე უარით გაისტუმრა. მელიესი არ დაიბნა, ინგლისელი გამომგონებლის კინოაპარატი შეიძინა და გადაღებას შეუდგა.

L'homme à la tête en caoutchouc

1896 წელს მან 10–15 წუთის ხანგრძლივობის ოთხმოცამდე ფილმი გადაიღო. მათ დემონსტრაციას წარმატება არ მოჰყოლია, რადგან უმრავლესობს ლუმიერის სინემატოგრაფიის პროგრამის გადამღერებას წარმოადგენდა. ხალხს ლუმიერების ფილმები უკვე მობეზრდა და ცხადია, ყურადღებით არც მიმბაძველს გაანებივრებდა.

მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ იყო. ბედნიერმა შემთხვევამ მელიესს წარმატება მოუტანა. ერთ–ერთი ფილმის გადაღების დროს მან თავისდა უნებურად სრულიად ახალ ატრაქციონს მიაგნო, რომელსაც შემდეგ კინოტრიუკი უწოდეს. აი, რას წერს იგი თავის მოგონებებში :

„იცით, თუ არა, როგორ მომივიდა აზრად კინემატოგრაფიაში ტრიუკის გამოყენება? ძალიან ადვილად… ერთხელ, როცა ონერის მოედანს ვიღებდი, მაშინდელი მეტად პრიმიტიული აპარატის შეყოვნებამ (ფირი ხშირად იხეოდა, რაიმეს გამოედებოდა, ან იჭედებოდა) მოულოდნელი ეფექტი მოახდინა. ფირის გასასწორებლად და აპარატში ხელახლა გასაშვებად ერთი წუთი დამჭირდა, ამ წუთის განმავლობაში გამვლელებმა, ეკიპაჟმა, ომნიბუსებმა ჩაიარა…ფირის ეკრანზე გაშვებისას, იმ ადგილას, სადაც აპარატი გამიჩერდა, დავინახე, ომნიბუსი სამგლოვიარო დროგად იქცა, მამაკაცი ქალებად…

ასე იქნა ნაპოვნი შეცვლისა და გარდასახვის ტრიუკი. ორი დღის შემდეგ უკვე ფირზე მამაკაცების ქალებად გარდაქმნას და უეცარ გაქრობას ვიღებდი. ყოველივე ამას დიდი წარმატება მოჰყვა“.

1897–1902 წლებში მელიესის შემოქმედება კინოს აღზევების ხანად ითვლება. ხალხი კვლავ ეკრანული ატრაქციონის ანუ უჩვეულო ტრიუკების საყურებლად გამოეშურა, კინოდარბაზები მაყურებლით შეივსო.

1897 წელს ჟორჟ მელიესმა თავის მამულში, მონტრეში, რომელიც პარიზის შემოგარენში მდებარეობდა, კინოსტუდია ააშენა და სახელად „პოზათა ატელიე“ უწოდა. ეს იყო 250 კვადრატულმეტრიანი შემინული ტერიტორია, რომელიც შუშის სახურავიდან მზის შუქით ნათდებოდა. ფილმს იღებდნენ 11 საათიდან 15 საათამდე. უამინდობა ერთ–ერთი ხელისშემშლელი პირობა იყო.

Melies's_Montreuil_studio

როგორც კინოისტორიკოსები გვარწმუნებენ, მელიესმა ზედმიწევნით შეისწავლა ფოტოგრაფიის თეორიული საფუძვლები და კინოში მათ პრაქტიკულ გამოყენებას შეუდგა, ფოტოატელიეს აქსესუარებიდან მელიესმა კინოსტუდიაში გადმოიტანა მოძრავი ეკრანები, პეიზაჟებითა და სხვადასხვა ნახატებით გაფერადებული ტილოები. ყოველი მათგანი შუქ–ჩრდილის განლაგებისა და კადრის კომპოზიციის აგებაში ეხმარებოდა, ხოლო ფოტოგრაფიიდან კინოში კაშე და ორმაგი კომპოზიცია გადმონერგა.

ცნობილია, რომ გულმავიწყმა ფოტოგრაფმა ერთ ფირფიტაზე ორი გამოსახულება დადო და შემთხვევით მიიღო ორმაგი ექსპოზიცია. მელიესმა ამავე ხერხს მიმართა და ორმაგი ექსპოზიციით გადაიღო “მხატვრის სიზმარი“,“მხატვრის სახელოსნო“ და სხვა… ხოლო ფილმში „ადამიანი და ორკესტრი“ მან მრავალჯერადი ექსპოზიცია გამოიყენა: ერთი მუსიკოსის გამოსახულება შვიდგზის გაამრავლა და ეკრანზე შვიდკაციან ანსამბლად გამოსახა.

ჟორ მელიესის შემოქმედებაში აღსანიშნავია აღდგენითი ქრონოლოგიური  ფილმები, რომლის იდეა იმდროინდელმა ფოტოგრავიურებმა შთააგონეს. მეოცე საუკუნის პირველი წლების პრესაში პოლიტიკური მოვლენებისა და ისტორიული თარიღების აღმნიშვნელი მომენტური ფოტოები არ არსებობდა, ამიტომ რედაქციის მხატვრები პოლიტიკური ფაქტის ამსახველ გრავიურებს ხატავდნენ და პერიოდიკაში მათ ფოტოებს ავრცელებდნენ. ჟორჟ მელიესმა ამ იდეით ისარგებლა და პოლიტიკური ქრონიკის რამდენიმე ინსცენირება გადაიღო. ზემოაღნიშნული მეთოდით შექმნილი ფილმი „დრეიფუსის საქმე“ დიდი წარმატებით სარგებლობდა, ხოლო „ედუარდ VIII–ს მეფედ კურთხევა“ იმდენად რეალისტურად აისახა ეკრანზე, რომ კინოს ნახვის შემდეგ ედუარდ VIII–ს განუცხადებია:

„ამ ისტორიაში ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ჩემი თავი და დედოფალიც „ვიცანი“. წინასწარ რომ არ მცოდნოდა სინამდვილე, უთუოდ დავიჯერებდი, რომ ჩვენ გადაგვიღეს“.

edward-viii-abdication-426662

მაგრამ კინოში ჟორჟ მელიესის ძირითადი დამსახურება  ეკრანზე სასცენო ხელოვნების გადატანაა. თეატრმა მის შემოქმედებაში დადებითი როლი ითამაშა და უარყოფითიც.

მელიესი იყო მარტოხელა კუსტარი. იგი თვითონ ასრულებდა ყოველგვარ გადაღებასთან დაკავშირებულ სამუშაოს: „მე ერთდროულად ვუძღვებოდი გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვას“–წერდა ის თავის მოგონებებში.

ფილმების მთავარი მოქმედი გმირიც თავად მელიესი იყო. გრიმში, პარიკსა და სათანადო სამოსელში გამოწყობილი გამოდიოდა სცენაზე და თხუთმეტწუთიანი ფილმის მოქმედების დამთავრებისთანავე თავს უკრავდა მაყურებელს, თითქოს აპლოდისმენტებს პასუხობდა და ამგვარად ფილმის დასასრულს ამცნობდა.

მელიესმა ფაუსტის თემაზე ასამდე ფილმი შექმნა, სადაც მეფისტოფელის როლს თავადვე ასრულებდა. ეს სურათები, ერთი მხრივ, თეატრისა და ოპერის რეალისტური ეკრანიზაცია იყო, ამასთან კინოტრიუკები, გარდასახვები და გაქრობანი, ჯოჯოხეთის ზღაპრული ურჩხულები ავსებდნენ ეკრანს.

მის მრავალრიცხოვან სურათებში თვალსაჩინოდ გამოიკვეთა სხვადასხვა ჟანრი: ისტორიული ქრონიკა, ფეერია, სკაბრეზული სიუჟეტი, კომედია და თითოეულ მათგანში სატირის, პაროდიისა და მისტიფიკაციის ელემენტები შეიმჩნეოდა.

ყველა ამ ჟანრს აერთიანებდა ერთი რამ – მოგვის მიერ შექმნილი უჩვეულობა და ფანტასტიკურობა, ამიტომაც მელიესის შემოქმედებაში ძირითადი ჟანრია ფეერია. ამ კინოზღაპარში ილუზიონსიტური ტრიუკებისა და სხვა მუზებით შთაგონებული ხერხების მეშვეობით მან ეკრანზე განასახიერა : თავგადასავალი, ფათერაკი, კინოურჩხულთა საფოკუსო გაქრობა და შენაცვლება. ფეერიათა შორის გამოირჩევა „მთვარეზე მოგზაურობა”, რომელიც ჰერბერტ უელსის რომანების მიხედვით გადაიღო („მიწიდან მთვარემდე“, „პირველი ადამიანების მთვარეზე“).

936full-a-trip-to-the-moon-poster

მელიესი ზედმეტად გაერთო ფილმის თეატრალიზებით, ზომიერების გრძნობამ უღალატა და დამარცხდა. 1903 წლიდან მის ფილმებს მაყურებელი არ ყავდა.

მიუხედავად ყოველივე ამ ნაკლოვანებისა, კინოხელოვნების განვითარებაში ჟორჟ მელიესმა მაინც მეტად დიდი როლი ითამაშა. რეჟისორმა სცადა თავის მოგვობა ეკრანის საშუალებით გამოეხატა. მელიესი არტისტიზმის ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანი იყო, ყოვედღიურობა მან მოგვისთვის დამახასიათებელი ფანტაზიით გადაიტანა ეკრანზე ლუმიერის და მელიესის შემოქმედება ერთმანეთს ავსებდა.

ლუმიერის და მელიესის შემოქმედება ერთმანეთს ავსებდა; ნატურისა და პავილიონის, ტიპაჟის ბუნებრივი მოქმედებისა და სახიობის კომპლექსი, კინოს, როგორც მომავალი ხელოვნების პერსპექტივას ქმნიდა, ზრდიდა მის შემოქმედებით მასშტაბს.

პირველი მსოფლიო ომის დროს ჟორჟ მელიესი კინოს ასპარეზიდან გაქრა. შემდგომ იგი სათამაშოების მაღაზიაში ვაჭრობდა. 1938 წელს მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.

Advertisements

One response to “Georges Méliès – ეკრანის მოგვი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s