საწოლი ოთახში

CO-Hopper_03_slide1ვწერ იმისთვის, რომ არ ვიფიქრო. ან იმისთვის რომ ის ერთი წამი მოვპარო ღმერთს, სადაც ცხვირს არავინ ჩაყოფს. წამი, როცა ვიქნები ის ვინც მინდა რომ ვიყო. ვიქნები თუნდაც კურტ კობეინი და დავლეწავ ექსტაზისგან აცახცახებული თითებით ძვირადღირებულ გიტარას; ან თუნდაც ვიქნები ადამიანთა მოდგმის მიერ ჯერ კიდევ ვერმოთვინიერებული აფრიკული სპილო, უზარმაზარი ფართხუნა ყურებით; ან თუნდაც ყველაზე გალეული და ბინძური წითელთმიანი არსება თავისი გამოგონილი სამყაროთი; ან თუნდაც წუხანდელ სიზმარში ნანახი მე ლურჯ ველზე.

ახლაც ვწერ. სულ სხვა ადამიანზე. ჩემს გარეთ რომ ცხოვრობს იმ ქალზე. რომ მერე აღარასდროს ვიფიქრო მის გაცრეცილ ცხვირზე; მუდამ სველ, გალოკილ და დახეთქილ ტუჩებზე; თხელ , მაგრამ აბურდულ წარბებზე; ბინძურ წითელ თმეზე და მუდამ გაოცებულ თვალებზე. სულ ესაა. სხვა არაფერია ის, გარდა ამისა.

დილით გაოფლილი იღვიძებს, უხერხულად იშმუშნება დალაქავებულ საბანს ქვეშ და ხელებით პატარა ძუძუსთავებს ისინჯავს. გარედან შემოსული ქუჩის ხმაური მზის შუქზე ამღვრეულ მტვერს ფანტავს და ოთახი ქუჩაში გადგმულ საწოლს ემსგავსება–ყველას შეუძლია შეგეხოს, დაგინახოს, ხმა მოგაწვდინოს და დაგყნოსოს ღამეული ოფლისგან გაჟღენთილი.

არცაა საჭირო დრამატიზება. ეს იქნება ყველაზე ობიექტური რეალობა და ყველაზე თავმდაბლური მიდგომა, რასაც ოდესმე იხილავ. კარგად მოხაზე და გააყოლე თითები ხაზებს – დაკლაკნილებს, გამრუდებულებს ან უბრალოდ სწორ ხაზებს. სუნთქვა შეიკარი, თვალები დახუჭე და წარმოიდგინე, რომ საკუთარი არსებობის შემოფარგვლას ცდილობ არა აქ, არამედ სულ სხვა რეალობაში. ესაა მომხიბლავი ოპტიმიზმი. ჩვენ ხომ ვიცით ჩემო მზის წვეთო, ჩემო ყვითელგულავ, რომ არავითარი საზღვრები არ არსებობს. მხოლოდ ის ხარ რაც ხარ და მხოლოდ იქ ხარ სადაც ხარ.

ადუღებული წყლის ხმაური. სტვენა. შიშინი. ერთგვარი სუნთქვა წყლის. კედლიდან ჩამოსული მზერა. ჭერზე გაშეშეებული, დიდთვალება, ბანჯგვლიანი არსება – თითქოს მოაზროვნე და დამკვირვებელი. პატარა ფეხისგულებს ქვეშ აჭრიალებული ძველი ფიცრები. ყველაზე ინტიმური ხმები პატარა სამყაროში. ხელოვნური გარემო ყველაზე თავისთავადი საგნებით.

ის ხომ ამბობს, რომ არანაირი ასვლა არ არსებობს. თუ არსებობს, ის ყველაზე ყალბია. არსებობს მხოლოდ სიბრტყე. სწორხაზოვანი. ის ხომ ამბობს, რომ ცა ყველაზე ფარისევლური სიტყვაა, ხმის კანკალის გარეშე რომ ვერ იტყვი. ცაში ასვლა, ცისკენ მიმავალი გზა, ზე–ცა! სიყალბეა. განა თავად დაასკვნა. ის ამბობს და ამიტომ სჯერა. ამიტომ დადის სწორ გზაზე. ფეხაკრეფით. ყველა ამაღლებულ ადგილს გარს უვლის. არანაირი ზე–ასვლა.

კედელზე ყურმიკრული ცდილობს სიტყვები გაარჩიოს. სხვა სამყაროს ხმები. ცდილობს, მაგრამ მხოლოდ გულისგამაწვრილებელი სიჩუმე იჭრება გალეული სხეულში. პირის ცმაცუნით გადის სამზარეულოში,ხმაურით ძრავს კუთხეში მიდგმულ ძველ კარადას და ჭუჭრუტუნასთან მოხერხებულად კალათდება.

ფეხებმორთხმული ნაიადა. გაიხედავ შავ ხვრელში და დაინახავ ულამაზეს სურათებს. აღელვებული თრთოლა ჭერიდან ჩამოსული ორი შავი მზერის პირისპირ. ტყუილად ცდილობს. კედელს მიღმა უკვე არაფერია. მხოლოდ პირდაღებული თეთრი სივრცე. საცოდავი წრიპინის ხმა იმედგაცრუების დასტურად.

თავისი ოთახისკენ ტრიალდება, გამხმარ მუხლებს ნერვულად ისრესს და პირს უხმოდ ამოძრავებს. ახლაც ყველაფერი ისე საზიზღარად დასრულდება, როგორც ყოველთვის. თუმცა ახლა ყველაფერი ბევრად მარტივი იყო. დროა ისევ ამოირჩიოს ახალი სიზმარი. სიზმარში – მშვიდი კუთხე. უკვე მერამდენედ უნდა იპოვოს ადგილი , სადაც არც რადიო ხრიალებს მეზობელი ოთახიდან; სადაც არც მოხუცები იწყებენ კაკუნს ჩივილით; სადაც ღამის ოთხ საათზეც შეუძლია დაუკრას.

ეს არც უკვირს და არც სრცხვენია. კარგად იცის, საწოლში რომ დაბრუნდება არც ახალი ოთახი იქნება, არც ჭერიდან მომზირალი მოაზროვნე და არც ხმაურისგან გარღვეული მტვრის ნისლი. იქნება მხოლოდ დიდი სიჩუმის წამიერი მძვინვარება და ღმერთისგან მოპარული ერთი წამი.

CO-Umbrian-Landscape-Over-Bed_00_slide

ფოტოები აბელარდო მორელის  Camera Obscura–დან.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s