კორტასარი, როგორც ლიტერატურის მეცნიერი

tumblr_muihu34fWd1s9r0poo1_1280

“ჩვენ ვიცით, რომ ფასადები ძალიან ლამაზია, ძალიან ჰგავს ნამდვილს და რომ მათ წინ შეიძლება წარმოადგინონ კომედიებიც და ტრაგედიებიც.”

თითქმის ათი დღეა სამეგრელოში ვარ და რაღაც მაწუხებს. ძილში ვგრძნობ,რომ სხეულში მუქი ფერები ირევა ერთმანეთში. ფეხის თითები უნებურად მეკრუნჩხება. ხანდახან ღრმა კვნესაც ახლავს ამ ყველაფერს. ნივთები თავისით იცვლიან ადგილს სამზარეულოში. ეზოში უცნაურად ღამდება ჩემი დიდი ხის ტოტებში . ნაცრისფრად თენდება. მგონი , სწორედ ის „შემგუებლური აუტიზმი“ დამემართა. ყურში გამუდმებით ჩამესმის „ვოლუპტატ“  ლუი არმსტრონგის Don’t you play me cheap–ის ფონზე. და “მსოფლიოს მთელი სვინგი ცახცახებდა ერთი თითქმის გაუსაძლისი წუთი, მერე ნეტარების მწვერვალი, როგორც სექსუალურ ღამეში ნასროლი რაკეტა…”. მაგა, ვოლპუტატი, თევზი აქსელოტი ერთმანეთში მერევა. ხო, „კლასობანა“ არ წამომიღია.  კორტასარული თამაშები მომაკლდა და  საკუთარ თავთან მიწევს თამაში. 

მე მჯერა, რომ მწერლებს, უფრო სწორად, ნაწარმოებებს ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. საკუთარი გამოცდილებითაც ვადასტურებ. არსებობს მწერალი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ეს ხულიო კორტასარია. უფრო სწორად, არსებობს ნაწარმოები, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა და უფრო მეტიც – ჩემი განწყობა. განწყობა ცხოვრების მიმართ. ეს ნაწარმოებია „კლასობანა“. ჩემი ერთ–ერთი მეგობრის ნათქვამი გამახსენდა: როგორც დედას ვერ მოსთხოვ შვილის მიმართ ობიექტურობას, ისე შენ ვერ მოგთხოვ კორტასარის კლასობანაზე ობიექტურ მსჯელობასო. თან დაამატა – შეიძლება ვცდებიო. მაშინ მეც გაუცნობიერებელი შიშით დავუდასტურე, რომ ცდება.

ყველაფერი ბევრად მარტივადაა. უნდა დავუშვათ, რომ არსებობს ისეთი მწერლები, რომელთა სიდიადეს სხვები არ წყვეტენ. კორტასარი ის შემთხვევაა, როცა იცი , რომ ის მარტოდმარტო რომ ყოფილიყო დროსა და სივრცეში და არავინაც რომ არ ყოფილიყო ისეთი, რომელიც მას სიდიადეს და გენიალურობას მიაწერდა, ის მაინც გენიალური იქნებოდა. მე გადავწყვიტე, რომ არსებობს ლიტერატურის მეცნიერები. ჩემთვის ეს მეცნიერი ხულიო კორტასარია.

9 თებერვალს კაფე „ლა კაზაში“ კორტასარის საღამო გაიმართა. სასიამოვნო იყო კორტასარით გაჟღენთილ ადამიანებთან ერთად თუნდაც სიგარეტის ბოლისგან ჩაბნელებულ კაფეში ყოფნა,თვლემა, განცხრომა. თან იმის გათვალისწინებით, თუ კორტასარზე ისეთი ადამიანი საუბრობს, როგორიც ზაზა შათირიშვილია. შემოგვაღამდა კიდეც. ტანგოს ფონზე. საოცარი საღამო იყო. მგონი, ამდენი დღის მერეც არ არის გვიან ამაზე ლაპარაკი. რუსოს იდეა იყო იქ წასვლა. შესანიშნავი იდეა.

კორტასარული თამაშები. ეს ერთგვარი ვირუსია. განუკურნებელი. მაგრამ არა – გადამდები. რთულია მისით დაინფიცირება. კორტასარის პერსონაჟებთან შეიძლება იმდენად თვითიდენტიფიცირდეთ, რომ ბოლოს მხოლოდ შენ რჩები– მხოლოდ ერთი პერსონაჟი უზარმაზარ წიგნში. ასეთია კორტასარი. გეთამაშება. თამაშის წესები ასეთია: ჯერ ბევრნი ხართ ოთახში–უამრავ ნიღაბს ამოფარებული „მე“. სიმჭიდროვისგან გამოწვეული სიცხისგან სული გეხუთება, სისხლი გიცხელდება და გიუფერულდება სხეულში, შემდეგ კი ეს ჯადოსნური წრე ნელ–ნელა იკვრება, ვიწროვდება და თუ კარგად მიყვები ამ თამაშის წესებს, ამ სარკეებიან ოთახში დარჩებით მხოლოდ ორნი – შენ და მწერალი. გამარჯვებული ხარ მაშინ, თუ აღმოაჩენ რომ მწერალიც შენ ხარ და ის ერთადერთი პერსონაჟიც. ანუ არ არსებობს არავითარი „მეგობრები“ (მისი ერთ–ერთი ცნობილი მოთხრობა გავიხსენოთ…). არის მხოლოდ ერთი მეგობარი, ერთი მოთამაშე – საკუთარი თავი. ამის შემდეგ მხოლოდ საკუთარ თავს თუ ეთამაშები. თუნდაც კლასობანას. ცხოვრება – კლასობანა.

ზაზამ ახსენა ზემოთხსენებულ საღამოზე ჯო ფრეზერის და მუჰამედ ალის სიხლიანი ორთაბრძოლა. არის ბრძოლა , რომელსაც იგებ ქულებით და არის ბრძოლა, რომელსაც იგებ ნოკაუტით. მოთხრობებში ნოკაუტით უნდა მოიგო, რომანში კი–ქულებითო. კორტასარის მოთხრობებიც ნოკაუტით მოგებული ბრძოლებია. ეს ის ბრძოლებია, სადაც არაფერი არ ხდება , თითქოს. და ამ დროს ყველაფერი ხდება. შენში ხდება. შიში, სიხარული, აღტაცება, ტანჯვა, ტკივილი, სუნთქვა, ცახცახი, სურვილი, ვნება , ეგოიზმი, მტკივნეული ილუზიები – ყველა–ფერის განწყობა, რომელსაც კორტასარი ქმნის „არაფრით“ და თავისი „არმოყოლილი ამბებით“, შენში იქცევა უდიდეს თავგადასავლად. მხოლოდ გენიალურ მწერლებს შეუძლიათ ასეთი თავგადასავლების შექმნა. კორტასარის სიყვარული ჰგავს ისეთ სიყვარულს, როცა ბოლოს ვიღაც კვდება. ის ტანგოს ჰგავს – ტანგოც თამაშია. სხეულით თამაში. სისხლიანი თამაში. სიკვდილით თამაში.

ჰერაკლიტეს უთქვამს, ამქვეყნად ვერაფერი გადალახავს საკუთარ მიჯნას, ხოლო ეს მიჯნა სივრიცისა და დროის საზღვრებიაო. ეს ხომ არ არის წმინდა ან ცარიელი ფორმები. ბოლო და ბოლოს, დრო და სივრცე წესრიგის ის ფორმებია, რომლებიც ყველაფერს განაგებს, თავად ღმერთების სიცოცხლესაც კი. ამიტომ საუცხოო შეგრძნებაა, როცა შეხვდები ადამიანის, რომელიც ამ ფორმებზე მაღლა დგას და თავად აწესებს დროისა და სივრცის საზღვრებს საკუთარ მიჯნაზე. ეს არ არის ცრუ სივრცე და მხოლოდ ჩემი გონების ფიქცია. არც პრიმიტიული სივრცის გაგება. ეს კორტასარული სივრცეა. უნივერსალური. თუმცა მისი კონკრეტული სივრცე არ თავსდება სქემატურ ფორმაში. მისი მოჩვენებითი ქაოსის მიღმა უნიკალური, სისტემური კოსმოსური წესრიგია.

კლასობანას ასე თამაშობენ,ფეხსაცმლის წვერით ააგდებენ ქვას. ამისთვის საჭიროა: ერთი ქვა და ფეხსაცმელი, კიდევ სწორი ადგილი მიწაზე და ცარცით ლამაზად დახატული უჯრედები, სასურველია ფერადი ცარცით. ზედა უჯრედს ქვია ცა, ქვედას – მიწა, ძალიან ძნელია ქვა ცამდე მიიტანო, თითქმის ყოველთვის რაღაც გეშლება, ისე ვერ გათვლი, რომ ქვა უჯრედიდან გარეთ არ გავარდეს. ნელ–ნელა, რა თქმა უნდა, მიეჩვევი, საჭირო გამოცდილებასაც შეიძენ და უჯრედებზე ხტომასაც ისწავლი (კლასობანა – ნიჟარებით, კალსობანა – სწორკუთხა, შერეული, თუმცა ასეთ კლასობანას იშვიათად თამაშობენ) და ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ თურმე შეგიძლია მიწას მოსწყდე და შენი ქვა ცამდე მიიტანო, ცაზეც ახვიდე, მაგრამ ცუდი ისაა, რომ სწორედ იმ დროს, როცა იმ სიმაღლეს მიაღწევ, და როცა შენს გარდა სხვა ვერავინ შესძლო ეს, ვერავინ მიაღწია ცამდე, ვერ მიიტანა იქამდე ქვა, სწორედ ამ დროს მთავრდება შენი ბავშვობაც და მერე უკვე ჩაეფლოები წიგნებში, შეგიპყრობს სევდა, ღმერთმა იცის, რა მიუწვდომლისა, დაგატყვევებს სხვა ცის ჭვრეტა და უნდა კიდევ ისწავლო როგორ მიაღწიო იქამდე. და რაკი ბავშვობას უკვე დაემშვიდობე, შენ უკვე გავიწყდება, რომ თუ გინდა ცამდე მიხვიდე, აუცილებლად დაგჭირდება ქვა და ფეხსაცმლის წვერი. სწორედ ეს იცოდა ჰერაკლიტემ, ნეხვში რომ იჯდა. ქვა და ფეხსაცმლის წვერი, ეს ისე კარგად იცოდა მაგამ…

“ჩვენ ერთმანეთზე შეყვარებულები არ ვიყავით, უბრალოდ, განუსჯელად მივენდობოდით ვნებას, რის მერეც ჩამოვარდებოდა საშინელი დუმილი და ამ დროს ლუდი ჭიქებში თბებოდა, ქაფი ძენძივით შრებოდა, ჩვენ კი ერთმანეთს შევხედავდით და ვგრძნობდით, რომ ეს იყო დრო.” მაგრამ……ხომ იცი, დედამიწა მრგვალია, სხვა ყველაფერი კი მაინც სისულელეა, საყვარელო…: )

Advertisements

6 responses to “კორტასარი, როგორც ლიტერატურის მეცნიერი

  1. კორტასარიზე გიჟდება ერთი ძალიან მაგარი გოგო-მარი ბექაური. მარის ლიტერატურულ გემოვნებას იმდენად ვენდობოდი, რომ კორტასარი დიდი მონდომებით წავიკითხე, ვგულისხმობ მოთხრობებს, მაგრამ რატომღაც ბოლომდე ვერ ,,მოიტანა”… შეიძლება ჩემი ბრალი იყო, შეიძლება თავად კორტასარის….

    შენი პოსტის შემდეგ, მარის სიყვარულის შემდეგ, წავალ წიგნის მაღაზიაში, ვიყიდი ,,კლასობანას” , ერთი წელიც რომ გავიდეს წავიკითხავ, დავბრუნდები შენს ბლოგზე და დავწერ მასზე: )

    • არ ვიცნობ მარი ბექაურს, მაგრამ უკვე სიმპათიებით ვარ მის მიმართ განწყობილი : )
      თავიდან რომ წავიკითხე მისი მოთხრობა, ვთქვი რომ არასდროს წავიკითხავდი კორტასარს, მაგრამ წავიკითხე კლასობანი, მერე სხვა მოთხრობები და მივხვდი რომ ეს “ის” არის 🙂
      ეს ბლოგიც მხოლოდ მას უმადლის თავის არსებობას. და აქ ყველაფერი მას ეძღვენება.
      ჩემი სულ მცირე სიყვარული ჩემგან დიდ ლათინოამერიკელს…
      ძალიან თბილი ხარ. ველოდები, როდის აივსები კორტასარის მეტაფიზიკური მდინარეებით : )

  2. დღეს სამსახურში მოვდიოდი და მარი ბექაური შემხვდა, ვისაუბრეთ მწერლებზე, წიგნებზე- ყველა ჩვენ გვიყურებდა: ))) რაღაცნაირად დაემთხვა, გუშინ შენი პოსტი წავიკითხე, კორტასარზე ვფიქრობდი და დღეს მარი შემხვდა: )) შენს ბლოგს ეტყობა კორტასარობა: ))) ყველაფერი მიდის იქამდე, რომ კორტასარი თავიდან უნდა გავიცნო და შევიყვარო: )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s