ადამიანების ადამიანური ლაქა

61CYa4bJ8ZL._SL1202_სულ ცოტა სოფოკლე მაინც უნდა იყოს ადამიანი, რომ იმაზე იმტვრიოს თავი, შემთხვევითობა ქმნის ბედს თუ გარდაუვალი ქმნის შემთხვევითობასო. რასიზმი, ომი, განქორწინებები, ლოთობა, ნარკოტიკები, დამნაშავეობა, პოლიცია, ციხე, ცრემლნარევი გამომფიტავი დეპრესია, ყმუილის სურვილი, ხელების კანკალი, სხეულის ცახცახი, გაქვავებული სახე, ტყვეთა ჟლეტა, ოჯახების დაცხრილვა – ნუთუ ამდენი ადამიანური ლაქა მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაა? სწორედ ამაზე იმტვრია თავი ფილიპ როთმა თავის ამერიკულ პასტორალში „ადამიანური ლაქა“.

ფილიპ როთი. „ადამიანური ლაქა“. აქ ვერ გამოკვეთ მთავარ თემას, ვერც იმას გადაწყვეტ, რომელია მთავარი მოქმედი პირი – ქოულმენი, სტინა, თავად მთხრობელი თუ ფაუნია. ეს დიდი ადამიანური აურზაურია. ნაგავი, ალიაქოთი, რომელიც უფრო რთული ჩასაწვდომია, ვიდრე ვიღაცის იდეური პოზიცია ან კიდევ მორალური სახე. და მაინც, ვხვდები, რომ ამ ნაწარმოებს ჰყავს მთავარი პერსონაჟი. ესაა ყვავი პრინცი. ყვავი , რომელიც ყვავობას გადაეჩვია. მსგავსად ამ ადამიანებისა, რომლებიც ადამიანობას გადაეჩვივნენ. როცა საკუთარ სახეობასთან კავშირს ვკარგავთ, სწორედ ასეთი ტრაგედია შეგვრჩება ხელში – ყვავი, რომელიც გათეთრდა, მაგრამ მონად კი დარჩა. დანარჩენი პერსონაჟები მხოლოდ ნიადაგს ამზადებენ მის „აღმოსაჩენად“.

დღემდე ითვლება, რომ ეს ომისშემდგომი ამერიკული რეალობისადმი მიძღვნილი ტრილოგიაა. მაგრამ მის პოპულარობას თუ გავითვალისწინებთ, ძნელი სათქმელია, მხოლოდ ამერიკულ ტკივილს ეძღვნება ფილიპ როთის ეს „ამერიკული პასტორალი“ თუ არა.  თავიდან ვიტყოდი იმას, რომ ამ ყველაფერმა ძალიან დამაბნია. თუმცა, ფილიპ როთთან დაკავშირებული ემოციების, შთაბეჭდილებების და შეფასებების გენერირების და უკეთ ჩამოყალიბების საშუალება მომეცა. ბოლოს კი, ფანქრით ჩანიშნული შენიშვნებით აჭრელებული წიგნი შემრჩა ხელში.

ვაღიარებ, რომ ძალიან გამიგრძელდა ამ წიგნის წაკითხვა. ისიც ვერ გადამიწყვეტია, მომეწონა თუ არა ეს წიგნი. არა მგონია, ქართული თარგმანიც საკმარისად დახვეწილი ყოფილიყო. ამბავიც ძალზედ ქაოსური მომეჩვენა, ზოგჯერ დაუკავშირებლი და ძალიან გაბნეული. ძირითადი პერსონაჟების შინაგანი სამყაროს გამომზეურებაც საკმაოდ ხელოვნური და არადროული იყო. მაგალითად, ფაუნიას ყოველგვარი კონტექსტიდან ამოვარდნილი „აღსარება“ . სრულიად გაუგებარი იყო მისი ასეთი მოულოდნელი გულახდილობა. კვანძი გაიხსნა მაშინ, როცა ამისთვის არანაირი ნიადაგი არ ჰქონდა მწერალს მომზადებული. რას ველოდი? ველოდი მეტ სიგიჟეს, მეტ უხამსობას, მეტ უზნეობას, მეტ სითამამეს, მეტ ადამიანურობას, უფრო სწორად , მეტ ადამიანურ ლაქებს. იმ ყველაფერს, რაც არ აკლდა „პორტნოის სინდრომს“.

აგერ თავად ავტორის ერთგვარი აღსარებაც ამავე რომანში: “მაგრამ მე რა მოვუხერხო ამ ამბავს, გავიჭედე და ეგ არის. არც ენა აქვს, არც ფორმა, არც სტრუქტურა და არც აზრი. ან დრამატული ერთობა სადაა, ან კათარზისი? დაუმუშავებელი წინდახედულობაა.”

„ადამიანური ლაქა“ თანამედროვე ადამიანების ისტორიას მოგვითხრობს. იმ ადამიანების ისტორიას, რომლებსაც  სიბრძნე ცხოვრებისული ხისტი სიურპრიზების კორიანტელმა შემატა. მაგრამ ეს მეტისმეტად ვიწრო, ანტისოციალური სიბრძნეა. იმ ადამიანის სიბრძნე, რომელიც არავისგან არაფერს ელის. ეს მარტოობაში განზავებული სიბრძნეა და არა ის, რომელმაც დღითი დღე უფრო და უფრო სწორ გზაზე უნდა გატაროს. ამის გათვალიწინებით, ადამიანი ცხოვრებისგან აღარაფერს მოელის, რადგან მთელი თავისი დღე და მოსწრება სულ თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებს.

Photo1372სწორია მხოლოდ ის, რომ ყველანი ერთნაირად გამოიყურებიან, ყველანი ერთნაირად აზროვნებენ, ერთსა და იმავე ყავლგასულ ფასეულობებს აღიარებენ, ერთი და იმავე დრომოჭმული რელიგიის მიმდევრები ბრძანდებიან. მაგრამ რამდენად ამბიციურებიც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები, რაოდენ დიდ იმედსაც არ უნდა ამყარებდნენ თავიანთ შვილებზე, უცვლელად და ურყევად უნერგავენ მათ ფესვგადგმულ ცნებებს–რწმენას, პატივისცემას – ოღონდ პატივისცემას არა ინდივიდუალიზმისადმი (ძირს ეს ინდივიდუალიზმი!), არამედ ოჯახური ტრადიციების მიმართ. გონებაზე, ხელოვნებაზე, დამოუკიდებელი პიროვნების შინაგან განვითარებაზე წინ სულელურ ტრადიციებს აყენებენ.

ჩვენ ყველანი ჩვენს ლაქას, კვალს, ანაბეჭდს ვტოვებთ.სიბინძურე, . სისასტიკე. ძალადობა, განავალი, თესლი–სხვანაირად ალბათ არც შეგვიძლია ცხოვრება. არც ისაა საქმის არსი, რომ დამორჩილებაზე ვაცხადებთ უარს. არც ღვთის წყალობა და მონანიება არაფერ შუაშია. ეს ყველა ჩვენგანშია. ლაქა, რომელიც სულ გვემჩნევა, რომელიც ხილული ნიშნის გარეშეც არსებობს. ლაქა, რომელიც ისეა ჩვენში შესისხლხორცებული, რომ  შეიძლება თვალსაფრივ არც კი ვლინდებოდეს. ლაქა, რომელიც წინ უსწრებს დაუმორჩილებლობას და ურჩობას და არავითარ ახსნას არ ექვემდებარება. ამიტომაც ნებისმიერი მცდელობა ამ ლაქის მოცილების სიცილის მომგვრელია და მეტი არაფერი. ბარბაროსული სიცილის მომგვრელი. სიწმინდის ფანტაზია საზარელია.სიგიჟეა.სიწმინდის ძიებას რა ფასი ექნებოდა, რომ არა უწმინდურობა? მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია დანამდვილებით ვიცოდეთ: ამ დაღს თავს ვერავინ დააღწევს.  ჩვენ ვიქნებით დაღდასმული, უსაშველო არსებები, რომლებიც იძულებულები ვართ, საზარელ, ფუნდამენტურ არასრულყოფილებას შევეგუოთ.

ამ ყველაფერთან შედარებით, დედაქალაქის ჭორები, მსოფლიო მნიშვნელობის ამბები, ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალი, ვიეტნამის ომი , რასიზმში დადანაშაულებული შავკანიანი და ორი დაღუპული მცირეწლოვანი შვილის ტრაგედია ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს და ისინი მხოლოდ ჩვენი ადამიანური ლაქის ანარეკლებად თუ რჩებიან. ან უფლის ლაქად. ან მის რეპუტაციად.

ვინ არიან ქოულმენ სილქი და ფაუნია? ვინ არის ეს ორი ადამიანი, რომელიც ასე გაუაზრებლად შეკავშირებია ერთმანეთს სამოცდათერთმეტი და ოცდათოთხმეტი წლის ასაკში? ისინი თავად იმ უბედურებას წარმოადგენენ, რომელსაც მიეკუთვნებიან. საკუთარი თავის უმარტივესი ვარიანტები. “ერთადერთობის კვინტენსენცია”. დედიშობილა ცეკვა თომი დორსის ორკესტრისა და ახალგაზრდა ფრენკ სინატრას მსუბუქი მისამღერების ფონზე დაღუპვისაკენ აღებული გეზია. ყოველი ჩვენგანი ხომ თავის აღსასრულს თავისებურად ასრულებს. ეს ორნი კი ასე ასრულებენ. ეს თავისუფლების ძიების ერთგვარი გზაა, თუმცა, თავის მოტყუება. სიცრუეში ცხოვრება კი ტყვეობაა. სწორედ ასე შეიძლება იქცეს თავისუფლების ძიება ტყვეობად. ცეკვავენ, რა გასაკვირია , რომ შიშვლებიც იყვნენ, – განცდილი განსაცდელის მიღმა. ეს არ არის მხოლოდ ხორციელი თანაყოფის დრამა.

ფაუნია ძალიან საინტერესო ქალია. საყვარელი ვოლუპტატი. ვფიქრობდი, რომ ის ძალიან ჰგავს მაგას კორტასარის „კლასობანადან“. მას თითქოს არაფერი გაეგება და მაინც სრულყოფილია. ქარფშუტობა მისი ყველაზე დიდი მიღწევაა. ის ცეკვავს. იდეალიზმისა და იდეალიზაციის გარეშე. გამოუცდელი არსების უტოპიური ზრახვების გარეშე. ამასთან არც ქაოსი და სისასტიკე ავიწყდება – უბრალოდ, ცეკვავს. თან ისეთ რამეებს ამბობს, რაც მამაკაცისთვის აქამდე არასდროს უთქვამს. მისთანა ქალები ასეთ თემებს, როგორც წესი, ვერ ქაჩავენ ხოლმე – ყოველ შემთხვევაში, ასე უნდათ კაცებმა იფიქრონ, რომლებიც მისნაირებთან წვანან.  ქარაფშუტა ვოლუპტატი. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა.

ბოლოს ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. კიდევ ერთი ადამიანური ლაქა და ამიერიდან შაბათ საღამოს ქოულმენის სახლიდან მუსიკის ხმა არ გამოვა… იქნებ ისინი სულაც არ ნანობენ, რომ ყველაფერმა ასეთი სახე მიიღო და არა სხვაგვარი. და მაინც, შემთხვევითობა ქმნის ბედს თუ გარდაუვალი ქმნის შემთხვევითობას? ამის ამოსახსნელად ალბათ მხოლოდ ფილიპ როთი არ იქნება სკმარისი…

ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი როგორ არ უნდა ვახსენო, როცა თავად ნიკოლ ქიდმანი, ედ ჰარისი და ენტონი ჰოპკინსი ასრულებენ მთავარ როლებს. მე არ მინახავს და შესაბამისად, ფილმზე ვერაფერს ვიტყვი.

extrait_the-human-stain_4

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s