მაისტერ ეკჰარტის მოძღვრება მისტიური აღმასვლის შესახებ (II) .

eckert 11. ადამიანის სული, ეკჰარტის მოძღვრების თანახმად, მარტივი არსია. ის სხეულის ფორმად გვევლინება და ამიტომ ყველგანაა მასში. მაგრამ სულში უნდა განვასხვაოთ ორი ასპექტი: სულის „ნაპეწკალი“ და მისი ძალები. სულის ეს ე.წ. ნაპერწკალი, რომელიც სულის, გონების, აზრის თუ გრძნობის სახელითაა ცნობილი, იმდენად ძალა როდია, რამდენადაც სულის ინტიმური არსი. „ის თავისთავად ისე წმნიდაა, ამაღლებული და და კეთილშობილი, რომ მასში ადგილი აღარ რჩება ქმნილებისათვის. აქ მხოლოდ ღმერთი ბინადრობს თავისი შეუფარი ღვთაებრივი ბუნებით. ესაა სულის ჭეშმარიტი პირველსაფუძველი, ღმერთის პირველსაფუძველის მსგავსი, გარეგნულში დაფარული ჭეშმარიტად შინაგანი ადამიანი. სწორედ მასშია აღბეჭდილი ღმერთის ხატი.

2. ეს ნაპერწკალი თუ სულში ღმერთის ხატი ჭეშმარიტად არ არის რაღაც შექმნილი, არამედ შეუქმნელია და ღვთაებრივი. ‘არის სულში რაღაც ისეთი-ამბობს ეკჰარტი-რაც იმდენად ენათესავება ღმერთს, რომ არა მარტო ღმერთთან შერწყმულად გვევლინება, არამედ მასთან ურღვევი ერთობითაც არის შეკრული. ყოველგვარი ქმნილება უცხო და შორeულია მისთვის. „ადამიანი რომ მთლიანად ასეთი იყოს, მაშინ ის არ იქნებოდა შექმნილი“. ეს რაღაცა წმინდა აზრია, ნაპერწკალი, სულის საფუძველი. „აქ ღმერთის საფუძველი ჩემი საფუძველია. ხოლო ჩემი საფუძველი ღმერთის საფუძველი. აქ მე ვცოცხლობ იმის გარეშე, რაც ნიშნეულია ჩემთვის, და ღმერთიც ცოცხლობს იმის გარეშე, რაც ნიშნეულია მისთვის“. ამიტომაც სულის ამ საფუძველს ვერავითარ სახელს ვერ დაარქმევ. „ის თავისუფალია ყოველგვარი სახელისაგან, მოკლებულია ყოველგვარ ფორმას და არაფრით არ არის სავსე, როგორც ღმერთი არაფრით არ არის სავსე და თავისუფალია თავისთავად“.

3. სულის ეს ღვთაებრივი საწყისი, ეკჰარტის თანახმად, მისტიურო ჭვრეტის ორგანოა. ადამიანს არ შეუძლია თავისი ბუნებრივი შემეცნების წყალობით ამაღლდეს ღმერთის ჭვრეტამდე, რადგანაც შემეცნება სულიერ ძალათა საქმეა, ეს უკანასკნელნი კი უშუალოდ არ ეხებიან ღმერთს. ღმერთის ჭვრეტა ადამიანს შეუძლია მხოლოდ ნათელში, ანუ იმავე ღმერთში, და ეს ნათელი სულის ნაპერწკალში ბრწყინავს, რადგანაც სწორედ აქ ღმერთი უშუალოდ ბინადრობს სულში. ამიტომაცაა, რომ სული აზრის ნათელში ჭვრეტს ღმერთის წმინდა არსს, ისე, როგორც ეს არსია თავისთავად, და არა დაქუცმაცებული თუ დანაწევრებული სახით, როგორც ირეკლება იგივე არსი ქმნილებებში. სულის ნაპერწკალი თუ საფუძველი განწონის ღმერთის საფუძველს , რომელიც წმინდა და მარტივ ერთობად გვევლინება და ჯერ კიდევ არ არის არც მამა, არც ძე და არც სული წმინდა. აქ, ამ თავისსავე საფუძველში, სული დაეძებს ღმერთს, რათა უყვარდეს იგი რისიმე მეშვეობის და ყოველგვარი საბურველის გარეშე. „აქ ჩემი თვალი და ღმერთის თვალი ერთი თვალია და ერთი სახე, ერთი აღსარება და ერთი სიყვარული“. „იმავე თვალით, რომლითაც მე ვჭვრეტ ღმერთს, ის მე თვითონ მჭვრეტს“. ერთი და იგივეა ხედავდე ღმერთს და გხედავდეს ღმერთი.

4.  რაც შეეხება იმ პირობებს, რომელიც აუცილებელია მისტიური ჭვრეტისათვის, საამისოდ აუცილებელია უწინარეს ყოვლისა ადამიანი განიწმინდოს ცოდვისაგან და აღივსოს ჭეშმარიტი და გულწრფელი სინანულით. ამასთანავე ადამიანი უნდა განუდგეს ყოველივე გარეგნულს, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და ამრიგად ეზიაროს სიმარტივეს. მეტიც უნდა განუდგეს საკუთარ თავს, თავის ძალებსაც და მთლიანად მოექცეს ტავისავე სულის საფუძველში. როცა ყველა ეს პირობა შესრულებულია, მაშინღა იწყება მთავარი. ადამიანმა თავისი თავი მთლიანად უნდა მიუძღვნას ღმერთს, თვითონ უქმად უნდა იყოს და მხოლოდ ღმერთი უნდა მოქმედებდეს მასში. უნდა მოკვდეს, მთლიანად დათრგუნოს თავისი ნება და პასიურად დაუსაკუთროს თავი შემოქმედს. ესაა სრული სიმშვიდე და აუმღვრევლობა.

Quotation-Meister-Eckhart-long-Meetville-Quotes-2450235. როდესაც ღმერთს მინდობილი ადამიანი სავსებითჩუმი და უმოქმედო გახდება, მაშინ მისი სულის საფუძველში იღვრება ციური შუქი. ღვთაებრივი სინათლე იფეთქებს მისი სულის სიღრმეში. ამ ნათელში ღმერთი კაცს უვლენს თავისი ღვთაებრიობის საფუძველს. ღმერთის მთელი არსება კაცისათვის მისაწვდომი ხდება. სული თითქოს ითქვიფება ღმერთში. მისი არსი და სიცოცხლე ღმერთის არსსა და სიცოცხლეს ერთვის. ადამიანი უერთდება ღმერთს და განღმრთობილი ხდება. ამრიგად, ადამიანი იბადება ღმერთის ძეში. ხოლო ადამიანის ეს დაბადება ღმერთის ძეში სულის მთელი მისტიური ცხოვრების მიზანია.

6. აქვე უნდა ავღნიშნოთ შემდეგი: როცა საქმე ეხება იმას, რომ ადამიანი მისტიური ჭვრეტისას იბადება ღმერთის ძეში, ეს დაბადება იმ აზრით კი არ უნდა გვესმოდეს, ვითომ ღმერთი შვილად იყვანს ადამიანს. ეკჰარტი იმეორებს სულ, რომ ხელახლა შობის წყალობით ადამიანი ისეთივე ძეა ღვთისა, როგორიცაა მარადიული სიტყვა. „ჩვენ ძედ ვიცევით, მხოლოდშობილ ძედ. არ არსებობს არავითარი განსხვავება ადამიანის სულსა და ღმერთის ძეს შორის, ზუსტად ისევე, როგორც მამის ბუნება არაფრით არ განსხვავდება ძის ბუნებისაგან. როგორც ევქარისტიის პური იქცევა უფლის სხეულად, ისე ადამიანიც ამ დაბადებით იქცევა ღვთის ძედ.

7. ადამიანის ეს დაბადება ღვთის ძეში , ამავდროულად ღმერთის დაბადებაცაა ადამიანში, ერთმანეტისგან უნდა განვასხვაოთ ღმერთის ძის ორგვარი დაბადება: იმანენტური-ღმერთში და ემანენტური-ადამიანის სულში. ღმერთის ძის დაბადების ადგილი ადამიანის სულში. ამ უკანასკნელის ნაპერწკალი თუ საფუძველი, ეკჰარტის გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, აქ, იმ საფუძველში ირწევა ღვთაების აკვანი. როგორც ღმერთი ბადებს თავის ძეს სულში, სულიც ასევე მონაწილეობს ძის დაბადებაში. „როგორც ღმერთი ბადებს ჩემში თავის ძეს, მეც ასევე ვბადებ მას მამაში, ვისგანაც ვშობილვარ, მეც მასვე ვშობ“.

8. ღმერთის ძის ეს დაბადება ადამიანში, რაც მიწიური ექსტაზისას ხდება, ღმერთის მხრივ თავისუფალი აქტი როდია, ისევე, როგორც ღმერთის მიმართ იმანენტური დაბადება ძისა, არსებითად, ორივე დაბადება ერთი და იგივეა, „რადგანაც, იმავე სიტყვით რომლითაც ღმერთი თავის თავში გამოთქვამს საკუთარ თავს , ის თავის თავს გამოთქვამს სულშიც“. თუ ადამიანი, ღვთისადმი ჭეშმარიტი  სიყვარულით, თავის სულში ადგილს უმზადებს მას, მაშინ, როგორც ეკჰარტი გვასწავლის, ღმერთმა აუცილებლად უნდა გამოავლინოს თავისი მოქმედება მაშში. მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ღმერთს: საკუთარი არსება აიძულებს ასე მოიქცეს. „ეჭვშეუვალ ჭეშმარიტებად უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთს ჩვენ ვჭირდებით, თითქოს მტელი მისი ღვთაებრიობა ჩვენზე იყოს დამოკიდებული, და ის უჩვენოდ ისევე ვერ გავა ფონს, როგორც ჩვენ-უმისოდ. მისთვის უფრო აუცილებელია თავისი სიკეთე გვიწილადოს, ვიდრე ჩვენთვის-ამ სიკეთის მირება მისგან“.

Quotation-Meister-Eckhart-god-love-goodness-best-Meetville-Quotes-2167869. ამრიგად, ადამიანი ღმერთის სრული დაბადების ორგანოდ გვევლინება. ადამიანი სხვა მიზნით როდი იბადება ღმერთის ძეში, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ ღმერთის ძე ადამიანურად დაიბადოს მასში. ეს სავსებით შეესატყვისება ემანაციურ-პანთეისტურ იდეას, რომელიც საფუძვლად უდევს მთელ ამ მისტიკას. ამის შედეგად ქრება ყოველგვარი განსხვავება ორ განსახიერებას შორის: ესაა, ერთის მხრივ, ღმერთის განსახიერება ქრისტეში და, მეორეს მხრივ, მისივე განსახიერება ადამიანებში. თუ ადამიანი მასში ღმერთის ძის დაბადების მეოხებით თვითონაც ღმერთის ძედ იქცევა, მაგრამ შვილობილად კი არა , არამედ ბუნებით ძედ, გაუგებარია რაღა უპირატესობა აქვს ქრისტეს ჩვენთან შედარებით. სულ დიდი, ისტორიული ქრისტე შეიძლება იდეალად იქნეს მიჩნეული ადამიანებისათვის, რომლებსაც განღმრთობა ელით.

10. ამრიგად, ეკჰარტი ამტკიცებს, რომ ჩვენ ვფლობთ ყველაფერს, რაც შემოქმედს მიანიჭა ღმერთკაც ქრისტეს. და თუ ჩვენ ვესწრაფვით სიწმინდეს, ისსეთსავე ღმერთკაცად ვიქცევით, როგორც იყო ქრისტე. ყოველივე ის, რასაც საღმრთო წერილი ამბობს ქრსიტეზე, შეიძლება ნებისმიერ წმინდა კაცზეც ითქვას. ამიტომ ქრისტე მხოლოდ პირველნიმუშია ჩვენთვის. ადამს რომც არ შეეცოდა ღმერთი მაინც განკაცდებოდა, ადამიანის ხვედრი ცოდვითდაცემის გარეშეც განღმრთობა იქნებოდა, და მის სწრაფვას განღმრთობისადმი თავისი იდეალი უნდა მოვლენოდა ისტორიულ ქრისტეს, განკაცებული ღმერთის სახით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s