კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია

cover_kater_murrვიცი, ვიცი, ბევრს ვლაპარაკობ კატებზე. ისიც ვიცი, რომ ეს ზოგჯერ ძალიან მოსაწყენია. ან ძალიან სევდიანი. მაგრამ ახლა მე ჩვეულებრივ კატაზე კი არ უნდა ვისაუბრო, არამედ განსაკუთრებულ არსებაზე – კატა მურზე და მის ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზე. დამიჯერეთ, არაფერი ჯობია ერთ პატარა წიგნებით გავსებულ ოთახში რომ ზიხარ სავარძელზე კატასავით დაგორგლილი, გარედან შემოსული თოვლის სითეთრე რომ გჭრის თვალს და ამ დროს ცდილობ მოყვე მყუდრო ამბავი კატა მურისა.

ჰოფმანი 1776 წელს დაიბადა ქალაქ კენიგსბერგში. ბავშვობა და სტუდენტობის წლები გონებაშეზღუდული, პედანტი ბიძის ოჯახში გაუტარებია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იძულებული გამხდარა, იურისტის კარიერაზე დაეწყო ფიქრი. 1803 წელს ვარშავაშია. იმხნად უმთავრესად საკომპოზიტორო საქმიანობით ყოფილა გატაცებული და მუსიკოსთა წრეშიც უტრიალია. ბოლოს და ბოლოს ცოტა ხნით იწყებს მუსაობას ბამბერგში, თეატრის კაპელმაისტერად, თავს ირჩენს კერძო გაკვეთილებით. დროდადრო შიმშილობს.

1814 წელს ჰოფმანი, უკვე ცნობილი მწერალი, საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა და კვლავ სასამართლოს ჩინოვნიკი გახდა. თუმცა თავისი უნიათო და მოსაწყენი ყოველდღიურობის შელამაზებას მეგობრებთან ურთიერთობებით და შეხვედრებით ცდილობდა. შამისო, ბრენტანო, ფუკე; ამ უკანასკნელის ტექსტზე შექმნა კიდეც ოპერა „უნდინე“, რომელმაც კომპოზიტორს დიდი წარნატება მოუტანა. ის ხომ 1816 წელს ბერლინის სამეფო თეატრში დაიდგა.

ჰოფმანი 1822 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა ბრელინში. მისი საფლავის ქვაზე ამოკვეთილი სიტყვები გვამცნობენ, რომ იყო შესანიშნავი იურისტი, პოეტი, მუსიკოსი, მხატვარი. მისი ნიჭის უკანასკნელ გაკიაფებად კი მაინც მის დაუმთავრებელ რომანს „კატა მურის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას“ თვლიან, რომლის სრული სახელწოდება ასეთია : „კატა მურის ცხოვრებისუელი ფილოსოფია, რომელსაც თან ახლავს მაკულატურულ თაბახებში შემთხვევით შემორჩენილი ფრაგმენტები იოჰანეს კრაისლერის ბიოგრაფიიდან“.

„კატა მურის ცხოვრების ფილოსოფია“ ჩაფიქრებული იყო 1815 წელს. თავისი ადრინდელი ნაწარმოების „კრაისლერიანას“ მეორე ნაწილიში ჰოფმანი დაპირდება მკითხველს კრაისლერის ხელნაწერის გამოქვეყნებას, მაგრამ მასზე უშუალო მუშაობა 1818 წლიდან დაიწყო. კატა მურის ორიგინალს წარმოადგენს მწერლის საყვარელი კატა, რომელსაც აგრეთვე მური ერქვა სახელად. მეგობრებისადმი მიწერილ წერილში  ჰოფმანი არაერთხელ მოიხსენიებს  თავის კატას და აქებს მის „საოცარ სილამაზეს და გონიერებას“ :).

Ma.f.10, 077მწერლის მეგობრის ჰიციგის გადმოცემით, რომანის „პროტოტიპი“ ხშირად მოიკალათებდა ხოლმე ჰოფმანის ხელნაწერებზე მის საწერ მაგიდაზე, რომლის უჯრებსაც იგი თათით აღებდა. 1821 წლის ნოემბერში, ჯერ კიდევ მეორე ტომის დამთავრებამდე, კატა მური მოულოდნელად გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით ჰოფმანმა მეგობრებს შავარშიაშმოვლებული სამგლოვიარო განაცხადებები დაუგზავნა: „ამა წლის 29 და 30 ნოემბრის გასაყარზე, თავისი იმედებით აღსავსე სიცოცხლის მეოთხე წელს გარდაიცვალა ჩემი საყვარელი აღზრდილი კატა მური, რათა ამიერიდან ბინა სასუფეველში დაემკვიდრებინა. ის, ვინ იცნობდა და თვალყურს ადევნებდა პატიოსნებისა და სამართლიანობისათვის მებრძოლი ჭაბუკის მიერ განვლილ გზას, უთუოდ გაიზიარებს ჩემს მწუხარებას და დუმილით სცემს პატივს მის ხსოვნას“.

„კატა მურის ცხოვრებისული ფილოსოფია“ სხვენზე იბადება.  ფანტასტიკისა და რეალურის პლანი ისე ენაცვლება ერთმანეთს, რომ ხანდახან მათი გამიჯნვაც კი ვერ ხერხდება ხოლმე. ეს ნაწარმოების კომპოზიციით აიხსნება. კატა მურის ჩანაწერები ფაქტიურად ნაწყვეტ–ნაწყვეტ მოცემული ტექსტია. მწერლის ჩანაფიქრის მიხედვით მას მკითხველზე ალბათ დაქუცმაცებული და ქაოტური შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა.

ესაა განსწავლული, ღორმუცელა და უქნარა კატა მურის აღსარება. ხვადი კატა მური ფარული და ეკლექტიკური ნიჭის პატრონია. ის ერთი მხრივ მაღალ მატერიებზე მსჯელობს, მეორე მხრივ მისი ინტერესების სფერო თბილი ლოგინითა და გემრიელი საჭმელებით შემოიფარგლება. ეს განსწავლული კატა, როცა საქმე „კუჭის გამოძღომაზე“ მიდგება, მშობელ დედასაც არ ინდობს და მას საკუთარ სიხარბეს ანაცვალებს. კატა მური პოეტიცაა. თავი საქვეყნოდ განთქმული პრემიერ–მინისტრის – ჰინც ფონ ჰინცენფელდის, ჩექმებიანი კატის შთამომავალი ჰგონია. ისიც წარმოიდგინეთ, ფინიებთან როგორ იტრაბახებს ამით, რომ მისი ღირსეული წინაპარი მეფე გოტლიბის უახლოესი მეგობარიც კი გახლდათ!

კრიტიკოსები ამბობენ, ჰოფმანის ნამუშევარმა მისტიკურ რეალიზმს ჩაუყარა საფუძველიო. მის თავბრუდამხვევ მონათხრობში ბევრი ელემენტია–ზებუნებრივით დაწყებული, მუსიკალურით დამთავრებული, გარდა ამისა ძნელად გასარჩევია პერსონაჟების სულიერი მდგომარეობა. ზოგჯერ სიგიჟისა და არანორმალურობის ზღვარზე მყოფი გმირები ბუნდოვნად და გაურკვევლად საუბრობენ. ეს ჰოფმანის ზღაპრულ–ფანტასტიკური სამყაროა. ჰოფმანის მეოცნებე გმირები სადღაც რეალურ–ზღაპრული სამყაროს მიჯნაზე არიან, მაგრამ საბოლოოდ რომანტიკულ–ფანტასტიკური ელემენტი ყოველდღიურობის ფოკუსში იყრის თავს და ისევ მიწაზე გვაბრუნებს პერსონაჟებსაც და მკითხველსაც.

„და აი, ამ დროს მოულოდნელად ყველაფერი ქრება, არარაობად იქცევა, უფერული და უსიცოცხლო ხდება და ასე მგონია, თითქოს ვიღაცამ ცარიელ, ხრიოკ უდაბნოში გადმისროლაო. მხოლოდ ერთადერთ ანგელოზს ძალუძს დათრგუნოს ამქვეყნად ბოროტი სული. ეს მუსიკის გენია გახლავთ“.

აი, თქვენი ფანტასტიკური სამყაროს გასაღებიც 🙂

Advertisements

2 responses to “კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია

    • არ მაქვს წაკითხული…საინტერესოა?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s