სრული გასხივოსნება უკრაინაში

753Everything_Is_Illuminated_CC_Custom_ერთმა ენამოსწრებულმა ქართველმა ბლოგერმა აღნიშნა, რა სამწუხაროა, რომ ვან გოგი არასდროს ყოფილა უკრაინაშიო…

მხრებზე თბილად უნდა შემოვიცვა და უნდა დავწერო ლურჯ ცაზე და ყვითელ მზესუმზირებზე. თბილად უნდა ვიყო, რომ ყველაზე თბილ ამბავზე მოვყვე. არა, მე არც მოვყვები არაფერს, ერთმა ნიჭიერმა 25 წლის ახალგაზრდამ უკვე იზრუნა ამაზე. მე მხოლოდ იმ ლურჯ  ცაზე და მზესუმზირებზე დავწერ, რომელიც ჯონათან საფრან ფოერმა დატოვა ჩემში.

დიახ, 25 წლის ასაკში საფრანმა გადაწყვიტა, რომ უნდა დაეწერა ისეთი ამბავი, როგორიც არავის სმენია, რომელიც ფარდას ახდიდა წლებით დაფარულ საიდუმლოებებს, რომელიც ნებისმიერი მკითხველის გონებას დაიპყრობდა და რომელიც მთელ მსოფლიოს მოუთხრობდა ლურჯი ცის, ყვითელი მზესუმზირების მხარის და იქ ნაპოვნი სიმართლის შესახებ უკიდურესად სასასცილო და  დაუჯერებლად სევდიან ამბავს. (მისი სხვა ნაწარმოების არ იყოს >> „Extremely Loud and Incredibly Close“).

წიგნის ერთ–ერთ პერსონაჟ ბროდს თუ დავუჯერებთ, ნაღველი თურმე შეიძლება ექვსასცამეტნაირი იყოს და ექვსასცამეტივეს შეიძლება თავისი სახელი ჰქონდეს. მაგალითად, არსებობს რაიმე მშვენიერის შექმნის მოთხოვნილების ნაღველი.  არსებობს ნაღველი სიტყვების უკამრისობის გამო. ნაღველისგან განთავისუფლების გზა კი მისი ბოლომდე შესმაა. მაგალითად,ამ დროს შეიძლება დაწერო წიგნი ადამიანების მივიწყებულ ტრაგედიაზე.

ჯონათანი თუ საფრანიც ამ გზას დაადგა. ის დღეს 37 წლისაა, ცხოვრობს ბრუკლინში, ნიუ–იორკში, ჰყავს ცოლი , ასევე მწერალი ნიკოლე კრაუსი და ვაჟიშვილი, საშა. მის ყველაზე ცნობილ რომანს თუ წაიკითხავთ, რომელიც 2002 წელს გამოვიდა და მაშინვე ბესტსელერი გახდა, მაშინვე მიხვდებით, რატომ დაარქვა ვაჟიშვილს საშა. ფრიად ლოგიკურიცაა, ასე მიაგო პატივი ყველაზე სასაცილო პერსონაჟს შორეული უკრაინიდან–ალექსანდრ პერჩოვს, რომლის დამახინჯებული ინგლისურით მოთხრობილმა ისტორიამ ჯონათანს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

ვაღიარებ, სირცხვილიც კია, როცა ასე ახალგაზრდა მწერალი სადღაც შორეული ამერიკიდან, საქართველოს წიგნის მაღაზიებზე მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოხვედრილი იასამნისფერი, მოკრძალებულად გაფორმებული წიგნით გაყვარებს და აღმოგაჩენინებს შენს ქვეყანასთან ასე ახლოს მდებარე მიწას, სახელად  უკრაინას – ლურჯი , მოწმენდილი ცითა და ყვითელი , სიმძიმისგან თავდახრილი მზესუმზურებით.

მე არ ვიცი იქ რა ხდება. მე არ ვიცი იქ როგორ სცივათ ქალებს , როგორ ეცრემლებათ ბავშვებს თვალები, როგორ ებერებათ მამაკაცებს ყელში მობჯენილი გაშმაგებისგან სისხლძარღვები, როგორ ყიდიან მოხუცები ქუჩაში მურაბებს, რომ მერე  ნაშოვნი მცირე თანხით ძაღლს საჭმელი მოუტანონ. მე არაფერი არ ვიცი. იმიტომ რომ ის მიწა, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ ძალიან შორეული და ამავდროულად ძალიან ახლოებლი გახდა ჩემთვის. ამ ორი შეგრძნების ერთად დაკონსერვებამ კი რაღაც უცანურ საბურველში გაჰხვია ყველაფერი.

მე არ ვიცი იქ როგორ იხოცებიან , არ ვიცი როგორ იბრძვიან, არ ვიცი რა სჭირდებათ, რომ არ შესცივდეთ, თვალები არ აუწყლიანდეთ, არ მოსშივდეთ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ თურმე ეს ის ქვეყანაა, სადაც ძალიან სასაცილო ადამიანები ცხოვრობენ, სადაც ზოგჯერ მამები თვრებიან; სადაც მკაცრი და ულმობელი ბაბუა თავისი საიდუმლოებებით და მძიმე წარსულით წელში მოხრილი ჩუმად ქვითინებს თავის ოთახში;  სადაც შვილიშვილები ძალიან გულუბრყვილო ვაჟები არიან, რომლებიც ძველ, გამოუყენებელ ქილაში ინახავენ ოდესმე ამერიკაში წასასვლელად შეგროვებულ მიზერულ თანხას; სადაც, ძმებს ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ და მზად არიან ამისთვის მამაც კი გააგდონ სახლიდან;  სადაც ერთი ჩვეულებრივი ძუკნა ძაღლი  მათ გვერდით ისე ცხოვრობს, როგორც ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და სადაც თურმე ამ ძუკნას შეიძლება სემი დეივის-ურწმესიც კი დაარქვა. ეს ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ თავისი ტკივილით და სიხარულით მცხოვრები ოჯახია.

იქ სადაც ისინი ცხოვრობენ ცა ლურჯია და მზესუმზირები ყვითელი. სწორედაც რომ ზედგამოჭრილი ადგილია სრული გასხივოსნებისთვის. ამისთვის კი ასევე საჭიროა, რომ გამოჩნდეს შორეული ადამიანი, რომელსაც ექნება მოგონებების შეგრძნების და წარსულის გაცოცხლების იდეა. ამ მოგზაურობის დაწყებამდე, შეიძლება იფიქროთ, რომელი ბენტერა, მახინჯი ურია აიბარგება შტატებიდან და წაბოდიალდება უკრაინაში.

მაგრამ სწორედ ეს ჭკუადამჯდარი  ადამიანი აღმოჩნდება ჯონათან საფრან ფოერი, ამ აღთქმულ ქვეყანაში ზემოთ აღწერილი საოცარი ოჯახის დახმარებით გაუყვება ტრახიმბორდისკენ მიმავალ სისხლიან ნაკვალევს. ის აღმოაჩენს დიდი ხნის წინ დამარხულ წარსულს, რომელიც დიდ ხანს ელოდა თავის გამსხივოსნებელს.

მიწისკენ თავდახრილი მზესუმზირები დიდ ხანს ელოდნენ იმ ადამიანებს , რომლებიც შესაბამის პატივს მიაგებდნენ იმ მოტკბო სუნს სევდიანი გემოთი,  რომელიც თითქოს დიდი ხნის წინ მივიწყებული უამრავი ადამიანების ტრაგიკულ წარსულს აქვს.

შეიძლება ვერ ირწმუნო ღმერთის, რომელიც ასე სასტიკად ცდის შენს რწმენას; შეიძლება ვერ ირწმუნო ღმერთი, რომელსაც ამის შეჩერების შეძლება არ აქვს; შეიძლება არც ადამიანების ირწმუნო, მაგრამ მაინც შესაძლებელია გწამდეს მხოლოდ ერთი რამის – სიყვარულის.

„ჩვენ ყველანი სიყვარულს საკუთარივე დანაკარგიდან გამოვჩორკნით ხოლმე…“. ამიტომ, საფრანი შეიძლება მართლაც ერთი სულელი ახალგაზრდაა, მაგრამ მჯერა, რომ ის ამ ლურჯი ცის და ყვითელი მზესუმზირების ქვეყანაში წარსულმა კი არა, მომავლის რწმენამ და წარსულში დამალული სიყვარულის პოვნის სურვილმა მოიყვანა.

პ.ს. ძალიან გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ იმასაც გეტყვით ბარემ, რომ ფილმიც არაჩვეულებრივია ძალზე სასაცილო ოგინ ჰატცისა და სერიოზული ელაიჯა ვუდის მონაწილეობით. ამ წიგნის კითხვის განმავლობაში, ფილმიდან გამოყოლილი შეგრძნებებიც მასაზრდოებდა ))

Advertisements

15 responses to “სრული გასხივოსნება უკრაინაში

  1. მე ფილმი მაქვს ნანახი უკვე :/… მგონი ორჯერ თუ სამჯერ….პირველი არხის წყალობით..ხშირად აჩვენებდნენ ხოლმე…არ ვიცოდი წიგნი თუ იყო თანაც ქართულად …ფილმი მართლაც კარგადაა გადაღებული..პირველ რიგში მუსიკა კარგად აქვთ შერჩეული, პერსონაჟები და ა.შ. მოკლედ შენ ბლოგს რომ გავყვე სულ ერთ დიდ წასაკითხების სიას ამოვიწერ )) …

    • ვანიკო, დიოგენემ გამოსცა პირველად ნათარგმნი ამერიკელების სერიაში…ფილმი მართლაც კარგია, ყველაფერი კარგადაა შრჩეული, რას მთავარია საშა არის სრული განსახიერება იმის, როგორადაც წიგნში აქვს საფრანს აღწერილი 🙂
      შენ ის ფილმიც გეცოდინება,„Extremely Loud and Incredibly Close“. ეგეც საფრანის წიგნის მიხედვითაა გადაღებული 🙂

      • ეგ ფილმი ვიცი ოღონდ არ მინახავს ჯერ… გადმოწერილი მაქვს და ვაპირებდი ყურებას…2011 წლის ოსკარის ნომინაციებში ვიპოვე და რომ არ მქონდა ნანახი დავინტერესდი…ეგ წიგნი ალბათ არ იქნება ნათარგმნი ქართულად ხო ? არ მიყვარს ფილმი რომ მაქვს ნანახი ისეთი წიგნების კითხვა, მირჩევნია ჯერ წავიკითხო ხოლმე..))

        • არა, ბოლოს რომ ვახსენე ის წიგნი არ არის თარგმნილი ჯერჯერობით 😦

    • ვფიქრობ, ამ წიგნის პოპულარულობას ხელი ფილმმაც შეუწყო : )

  2. ამერიკელების სერიაში ჯერ-ჯერობით საფრანი ყველაზე მეტად მომეწონა.

    • მხოლოდ სამი ამქვს ჯერჯერობით წაკითხული, “ჯანქი”, “პორტნოის სინდრომი” და “სრული გასხივოსნება” და სწორედ ეს ბოლო მომწონს ჯერჯერობით ყველაზე მეტად : )

  3. ვერ ვიძინებ და შენს ბლოგს შევაფარე თავი. ისეთივე ლამაზი და გემრიელი პოსტია, როგორი ფილმიც და ნაწარმოები 🙂
    საშა მართლა გენიალურია 🙂

    • მადლობა, ლი :* ფილმი და წიგნი უფრო გემრიელი–ლამაზია ….

  4. “პორტნოის სინდრომი” დავიწყე და არ მომეწონა. არადა არ მიყვარს ეს ნახევრად წაკითხული წიგნები.

    ვან გოგზე ჩემი მემართება. იმდენი წიგნი მაქვს მასზე, რომ მეგობარი მეხუმრებოდა, სახლში ერთი ოთახი უნდა მოაწყო- ,,ვან გოგის” ოთახი, სადაც მისი ნახატების ილუსტრაციები და ბიოგრაფიული წიგნები იქნებაო. სიყვითლე მკლავს და სიყვითლე მაცოცხლებს. წავიკითხავ მზესუმზირებზე, გასხივოსნებაზე და სიყვარულზე.

    და კიდევ
    ,,შეიძლება ვერ ირწმუნო ღმერთის, რომელიც ასე სასტიკად ცდის შენს რწმენას”- ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში ბოლო ერთი კვირა:|

    • სალომეა, ეს წიგნი სრულიად განსხვავებულია “პორტნოის სინდრომისგან”, თუმცა , უფრო რთულად წასაკითხია რაღაც ნაწყვეტები…:)
      თუ გიყვარს სიყვითლე, თუ გიყვარს მზე, თუ გიყვარს მზესუმზირები, ვალდებული ხარ ეს წიგნი წაიკითხო და ფილმსაც უყურო 🙂

  5. რა ბედიერი ვიქნებოდი, მხოლოდ ეს ,,ვალდებულება” რომ მქონდეს: ))) წავიკითხო წიგნები და მეტი არაფერი: )))

    • ამ სიტყვის უკან დაბრუნება მომინდა.
      საძაგელი სიტყვაა ეს “ვალდებულება” და მომიტევე :/
      ხომ…ასე ბევრად უკეთესი იქნებოდა ცხოვტება 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s