ღმერთმა დალოცოს ამერიკა ….

img069მაშინ როცა სხვები შერლოკდამოკიდებულები ხდებოდნენ, მე სხვა ისტორია გადამხდა თავს. ეს არის ამბავი, რომელშიც არც მისი აღმატებულება შერლოკი ფიგურირებს, არც მისი კეთილი და განუყრელი უოტსონი და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ამბავი, რომელიც ათწლეულებით აცდა საყოველთაო აურზაურით მოცულ შერლოკს.

ამერიკელ მწერალზე, ჯონ აპდაიკზე და მის მიერ ბაჭიაზე, იგივე ჰარი ენგსტრომის შესახებ დაწერილ ტეტრალოგიაზე მაქვს საუბარი, რომელსაც ზემოთ ხსენებული მწერალი სამი ათეული წლის განმავლობაში ქმნიდა და რომელმაც მას თავბრუდამხვევი წარმატება მოუტანა. ვაღიაროთ, რომ დამსახურებულად. ძალიან რთულია და მართლაც რომ მასშტაბურ შრომას მოითხოვს, თუნდაც ისეთი ამბიციური მწერალისგან, როგორიც აპდაიკია, ის ფაქტი, რომ ერთი ოჯახის ისტორიით ამერიკის შეერთებული შტატების ლამის ერთსაუკუნოვანი ისტორია უნდა გადმოსცე.

ეს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ოჯახის ისტორიაა, მთელი თავისი დაღმასვლებით, აღმასვლებით, გართულებებით, განშორებებით, ღალატით, ტანჯვით, ხანმოკლე ბედნიერებით, სკანდალებით, უბედური შემთხვევებით. შენ კი ამ დროს თითქოს იქვე დადიხარ , აშშ–ს ამ ერთი უბედური, მივარდნილი ქალაქის ქუჩებში და აბეზარი პაპარაცივით ისრუტავ მათი ცხოვრების ყველა წვრილმანს, ყველა დეტალს და ვერც კი ხვდები , როგორ ხდები დამოკიდებული ამ უთავბოლო, თავისუფლებასმოწყურებულ ადამიანებზე და თანდათან როგორ გევსება სისხლი იმ დიდი ოჯახით, რომელსაც ამერიკა ქვია.

მომეჩვენა, რომ თვით ბაჭია, იგივე ჰარი ენგსტრომია ამერიკა. ქვეყანა, სადაც ყველგან ძაღლების განავალია, სადაც ძაღლებიც კი თავისუფლები არიან და უფლება აქვთ ყველგან მოქაქონ. ეს ის ქვეყანაა, სადაც მათი თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სუფთა პარკი ან ტროტუარი. ნურავის ექნება იმედი, რომ შეერთებული შტატების თავისუფლების ზღვაში შეძლებს წესრიგის კუნძულების შექმნას, რომ შეძლებს დააბალანსოს გარე სამყაროს მოთხოვნა ამერიკელის შინაგანი სამყაროს მოთხოვნებთან. ეს არ არის იდეალური ქვეყანა, მაგრამ ესაა ის მიწის ნაგლეჯი, სადაც მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი თავის–უფალია. 

ეს არ არის ქვეყანა, სადაც მქადაგებლები რუპორებში გაჰყვირიან ლოცვებს , სადაც ყოველი მეორე ადამიანი მორწმუნეა,მაგრამ ეს მაინც რჩება ქვეყანად, სადაც ყველა სავსეა თავისუფლების უსაზღვრო შეგრძნებით. ეს თვით ღმერთისგან დალოცვილი ქვეყანაა. აქ მცხოვრებთათვის რელიგია იმ ძველი მეგობარივითაა, რომელსაც იმდენი ხანია იცნობ, რომ არც კი გახსოვს რა მოგწონს მასში. (ღმერთო, პარალელები გამავლებინე ერთ უბედურ, ფანატიკოსებით სავსე ქვეყანასთან).

god-save-americaამ ყველაფრის შემდეგ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მაშინ როცა ჩვენ, მე, ჩემი მეგობრები, ჩემი მეგობრების მეგობრები და კიდევ სხვები გატაცებული ვართ სამეცნიერო ფანტასტიკით, ფენტეზით, სხვა სამყაროებით, აურებით, ელფებით, გნომებით და მსგავსი არსებებით, რომლებიც ოდესღაც ჩვენს თავში , ჩვენი უსაზღვრო თვალსაწიერიდან იშვა, ამასობაში ის ცხოვრება, რომელიც ნამდვილია, რომელიც სავსეა ადამიანებით, უფრო მეტიც – საოცარი ადამიანებით, რომელიც სავსეა გრძნობებით,რომელიც სავსეა ემოციებით, რომელიც იმდენად სიღრმისეულია და იმდენად ამაღელვებელი, რომ ლამისაა ხელით შეეხო , ყურადღების მიღმა გვრჩება და არც კი ვაფასებთ. არადა, ესაა სიცოცხლე, ის ერთადერთი, რომელსაც საჩუქარად ვიღებთ და რომელიც ყველაზე ძვირფასია. ამერიკამ და აპდაიკმა ამაზე მეტი რა უნდა გვასწავლოს.

მას შემდეგ,  რაც „გამოცემლობა პალიტრა L“–მა  ქართველი მწერლების რჩეული ნაწარმოებების გამოცემა შეწყვიტა, მისი ახალი სერიის „ჩემი რჩეული მსოფლიო“–ს ფარგლებში გამოცემული მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებების ყიდვა არ გამიგრძელებია. ძირითადად იმიტომ, რომ გაბრაზებული ვიყავი, ამდენი ხნის ლოდინის მიუხედავად, გრიგოლ რობაქიძის და ოთარ ჭილაძის ნაწარმოებები რომ ვერ მოხვდა სერიაში „ჩემი რჩეული“, მაშინ როცა, ჩემი სუბიექტური აზრით, ბევრი ისეთი მწერლის ნაწარმობები გამოიცა თავიდან ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც თავისი „მნიშვნელობით“ ბევრად ჩამორჩებოდა აღნიშნულ ქართველ მწერლებს. მაგრამ საბოლოოდ ჩავთვალე, რომ ეს ვიღაცეების ფინანსურ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და ამაზე გაგულისებულს , ყიდვაზე რომ არაფერი ვთქვათ, არც კი გამიხედია ახალი სერიისკენ.

მაგრამ ეს ის შემთხვევა, რომ „ ჯერ სად ხარ და რა იცი, რა გელის“ 🙂 ძალიან ადრე, უხსოვარ დროში ვნახე ასეთი კომენტარი, აპდაიკის ბაჭიას ქალები ვერ გაუგებენ, მათთვის მძიმე აღსაქმელი იქნებაო. მაგის მერე მოსვენებას არ მაძლევდა ამაზე ფიქრი. ცნობისმოყვარეობა კი მას შემდეგ უფრო გამიცხოველდა, რაც „ისთვიქელი ალქაჯები“ წავიკითხე.

და აი, გამოიცა კიდეც ჩემი ასე ნანატრი ბაჭიაზე დაწერილი ტეტრალოგია , სწორედ ამ ახალი სერიის ფარგლებში – „ჩემი რჩეული მსოფლიო“ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჰიუგოს და ცვაიგის ათასტომეულის შემდეგ 🙂 ესენია : „ბაჭია, გაიქეცი“ ; „ბაჭია დაბრუნდა“; „ბაჭია გამდიდრდა“ და „ბაჭია ისვენებს“. მოხდა ისე, რომ გაქცეული მაგაც მოაბრუნეს, გაამდიდრეს ამ არაჩვეულებრივი ნაწარმოებებისგან მიღებული შთაბეჭდილებებით და ახლა დასვენებულ–აღფრთოვანებულმა მინდა გადმოვცე ის ემოციები (თუ უკვე გადმოვეცი?), რომლითაც ასე უხვად დამაჯილოდოვა ამ ხუთტომეულმა.

ამბავი იმაზე, თუ როგორ გარბის ბაჭია. რა არის გასაკვირი იმაში, თუ 26 წლის მამაკაცს, ჯანსაღ, სიცოცხლეს მოწყურებულ ყოფილ კალათბურთელს ყელში ამოუვა ქარაფშუტა ცოლის დაუდევრობა, ბინაში გამაფებული უწესრიგობა, ცარიელი მაცივარი, სამზარეულში დახროვებული გაურეცხავი ჭურჭელი, გაცრეცილი სავარძელი, ტელევიზორშიც მუდამ იდიოტური შოუების ყურება და პატარა ნელსონ ენგსტრომის განუწყვეტლივი ღნავილი. ამ დროს თავი ხელში უნდა აიყვანო, ყოველგვარი პანიკის გარეშე მანქანის გასაღებს უნდა დაავლო ხელი და უნდა გაიქცე რაც შეიძლება შორს. თან , თუ ღვთისგან დალოცვილ ამერიკაში ცხოვრობ, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო.

ამბავი იმაზე, თუ როგორ ბრუნდება ბაჭია. და თან პირდაპირ სტამბაში. ანუ „შვებულება“ დასრულდა, დადგა დრო ბაჭია სამაგალითო მეოჯახე გახდეს და თავისი დანაშაული გამოისყიდოს. მაგრამ ეს იმაზე რთული და პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე მოსალოდნელია. დაოჯახება არც გოლფის თამაშია და არც კალათბურთის, რომ როცა გინდა მაშინ გახვიდე თამაშიდან, სათადარიგო სკამზე ჩამოჯდე, გაიხსენო რაც გასწავლეს და მხოლოდ ამის შემდეგ გახვიდე მოედანზე. შეიძლება ისევ დაუდევარ, ლოთ ჯენისთან და პატარა ნელსონთან დაბრუნებაც ერთგვარი თამაშია, მაგრამ ეს არც ისე სახალისოა, როგორც შეიძლება თავიდან ეგონოს ბაჭიას.

ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაბრაზდნენ მდედრობითი სქესის მკითხველები, მაშინ როცა, სწორედ ეს თითქოს დაჩაგრული და ერთ დროს ქმრისგან მიტოვებული ჯენისი, ახლა უკვე თავად გარბის თავის საყვარელთან ერთად . მოკლედ, არ მინდა ბევრი ვიჭორაო. ვინ როდის , როგორ , რატომ გარბის და ვინ როდის, როგორ და რატომ ბრუნდება , მაგას თავად გაარკვევთ, როცა წაიკითხავთ.

1_midi

კადრი ფილმიდან Rabbit, Run” (1970)

ამბავი იმაზე, თუ როგორ მდიდრდება ბაჭია. როცა მდიდარი სიმამრი გყავს, დიდი შანსია შენი ცოლიც გამდიდრდეს. და თუ ცოლი გამდიდრდა, მაშინ უფრო დიდი შანსია თავადაც გამდიდრდე. როგორც აღმოჩნდა, ბაჭია და ჯენისის თანაცხოვრება არც ისე უინტერესოა.

ბაჭია მდიდრდება. თავისუფლების დაკარგვის ფასად.

ამბავი იმაზე, თუ როგორ ისვენებს ბაჭია. ჩვილის დაღუპვა; სამოცდაათიანების სირთულეები – ჯენისის სახლიდან წასვლა; ჯილთან და სკიტერთან ერთად ცხოვრება; ახირებული, გიჟური გადაწყვეტილება, როცა ნელსონი კენტის უნივერსიტეტის მასზე ერთი წლით უფროს მდივანზე ქორწინდება, თანაც კათოლიკეზე ; მშობლების დანაშაულის კომპლექსის გამო გატუტუცებული და განებივრებული ვაჟიშვილი, რომელიც საკუთარ ოჯახს არც თუ ისე დაუმსახურებლად მასხრად იგდებს და თავს ნებას აძლევს ილუზიებში იცხოვროს; მასზე გადაკიდებული ნარკომანები და ამფსონები…. ეს ყველაფერი წარსულში რჩება. ახლა ჰარისთვის მხოლოდ კალათს დამიზნებული გაცრეცილი ბურთი და ქაფისგან გაჭაღარავებული ოკეანე არსებობს.

ბაჭიას თვალები ეწვის და უცნაური შეგრძნება ეუფლება, თითქოს თავბრუ ეხვევა, თითქოს მიწას მოსწყვიტეს, რათა კაცობრიობის ისტორიისთვის თვალის გადავლება შეძლოს. ეს ყველაზე დალოცვილი და ბედნიერი ქვეყანაა, რაც კი ოდესმე არსებულა მსოფლიოში.

ბაჭია ისვენებს.

„ღმერთმა დალოცოს ამერიკა… თავისი თეთრი ქაფით დაფარული ოკეანეებით“…

Advertisements

3 responses to “ღმერთმა დალოცოს ამერიკა ….

  1. არ წამიკითხავს, თუმცა შენი პოსტის შემდწგ, რა თქმა უნდა, დავინტერესდი.
    და საერთოდ – რა მაგრად წერ ?!!!

    • 5 ტომია და როცა დრო გექნება, შეგიძლია შეეჭიდო. ბევრმა მეგობარმა მითხრა,თავიდან არ მომეჩვენა საინტერესოდო, მაგრამ მაინც “ვაიძულე” ზოგიერთი. მგონი, არ ინანებენ 😉

  2. Pingback: ისთვიქელი ალქაჯები | la maga rayuela·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s